Facebook Twitter

№ას-893-2018 26 ივლისი, 2018 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: მზია თოდუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები - ტ.მ–ძე, მ.მ–ძე, ნ.მ–ძე, ნ.მ–ძე, ნ.ე–ი

მოწინააღმდეგე მხარე - მ.ჭ.

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 აპრილის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ.ჭ–ს სარჩელი, რომლითაც ის მოითხოვდა მ.მ–ძის, ნ.მ–ძის, მ.მ–ძის, ნ.მ–ძის ტ.მ–ძისა და მ.ე–ის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის, რომელიც მდებარეობს, ქ. თბილისში, ............... (ს/კ .....), უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვასა და მესაკუთრისათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემას, დაკმაყოფილდა.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ., ტ., მ., ნ.მ–ძეებმა და ნ.ე–მა და მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 13 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

4. აღნიშნული გადაწყვეტილება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს აპელანტებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ივნისის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორებს დაუდგინდათ ხარვეზი კერძო საჩივარზე, კერძოდ, დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ დასაბუთებული კერძო საჩივარი გასაჩივრების საფუძვლების მითითებით, კერძო საჩივრის ავტორების სრული და კონკრეტული ჩამონათვალი, მ.რ–ის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების დამადასტურებელი მტკიცებულება სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით და წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი თითოეული კერძო საჩივრის ავტორის მიმართ ან ფლებამოსილი პირების მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი, 25 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი. ამავე განჩინებით კერძო საჩივრის ავტორებს განემარტათ, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, კერძო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა. აღნიშნული განჩინების ასლი კერძო საჩივრის ავტორებს 2018 წლის 10 ივლისს ჩაჰბარდათ.

6. 2018 წლის 13 ივლისს ნ.მ–ძემ, ტ.მ–ძემ და ნ.ე–მა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინეს დაზუსტებული კერძო საჩივარი. მას თან დაურთეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ნ.ე–ის დაბადების მოწმობის ასლი, რომლითაც დასტურდება, რომ ეს უკანასკნელი არის მცირეწლოვანი. ამასთან, განმარტეს, რომ ნ.მ–ძე იმყოფება აშშ-ში და მასთან დაკავშირება დღემდე ვერ მოხერხდა. აღსანიშნავია ასევე, რომ მ.მ–ძე, რომელიც კერძო საჩივრის ავტორად არის დასახელებული, ხელს არ აწერს კერძო საჩივარს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

მ.მ–ძისა და ნ.მ–ძის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ხოლო ნ.მ–ძის, ტ.მ–ძისა და ნ.ე–ის კერძო საჩივარი წარმოებაში უნდა იქნეს მიღებული შემდეგ გარემოებათა გამო:

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამდენად, კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას გამოყენებულ უნდა იქნეს საპროცესო ნორმები საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ. ამავე კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს, ხოლო სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

8. სსსკ-ის 396-ე მუხლის მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

9. სსსკ-ის 81-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მცირეწლოვნის უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს სასამართლოში იცავს მისი კანონიერი წარმომადგენელი - მშობელი, მშვილებელი, მეურვე. სასამართლო უფლებამოსილია კანონიერი წარმომადგენლის შუამდგომლობით საქმეში მცირეწლოვანიც ჩააბას.

10. განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე ითქვა, კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი საკასაციო საჩივარზე (იხ. წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტი).

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კერძო საჩივრის ავტორებისათვის ხარვეზის შევსების 3 - დღიანი ვადის დენა დაიწყო 2018 წლის 11 ივლისს და ამოიწურა ამავე წლის 13 ივლისს. 2018 წლის 13 ივლისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს დაზუსტებული კერძო საჩივრით მომართეს ნ.მ–ძემ, ტ.მ–ძემ და ნ.ე–მა. (იხ. წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტი). აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ.მ–ძის, ტ.მ–ძისა და ნ.ე–ის ნაწილში კერძო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 414-416-ე მუხლების მოთხოვნებს, რის გამოც იგი დასაშვებია და მიღებულ უნდა იქნეს განსახილველად.

12. რაც შეეხება ნიკა და მ.მ–ძეების კერძო საჩივარს, ამ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორები ვალდებულნი იყვნენ ხარვეზი შეევსოთ 2018 წლის 13 ივლისის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში ნიკა და მ.მ–ძეებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსთვის.

13. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნიკა და მ.მ–ძეების კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორებმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 399-ე, 372-ე, 420-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე, 63-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.მ–ძისა და მ.მ–ძის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. ნ.მ–ძის, ტ.მ–ძისა და ნ.მ–ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნეს განსახილველად;

3. სამოქალაქო საქმეთა პალატის კოლეგიური შემადგენლობა საქმეს განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე : მზია თოდუა