№ას-914-2018 26 ივლისი, 2018 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მზია თოდუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები - დ.ც., ლ.ც., მ.ც., თ.ც.
მოწინააღმდეგე მხარე - ლ.დ–ძე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 აპრილის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ.დ–ძის სარჩელი, რომლითაც ის მოითხოვდა დ., თ., მ. და ლ.ც–ების უკანონო მფლობელობიდან ლ.დ–ძის საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, ...... მდებარე უძრავი ნივთის (ს/კ ....) გამოთხოვასა და თავისუფალ მდგომარეობაში მესაკუთრისათვის გადაცემას, დაკმაყოფილდა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ივნისის განჩინებით კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი საკასაციო საჩივარზე, კერძოდ, დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში 150 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის უზენაეს სასამართლოში წარმოდგენა. ამავე განჩინებით ლ.ც–ს დაევალა მის მიერ გ.ჟ–ის სახელზე გაცემული მინდობილობის ან უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა. ამასთან, კასატორებს განემარტათ, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა. აღნიშნული განჩინების ასლი კასატორებს 2018 წლის 10 ივლისს ჩაჰბარდათ.
6. 2018 წლის 16 ივლისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა დ., თ. და მ.ც–ების წარმომადგენელმა გ. ჟ–მა, რომელმაც წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი და ამასთან იშუამდგომლა ლ.ც–ის ნაწილში ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადის გაგრძელების თობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
ლ.ც–ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ხოლო დ., თ. და მ.ც–ების საკასაციო საჩივარი წარმოებაში უნდა იქნეს მიღებული შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წარმომადგენლის მიერ შეტანილ საკასაციო საჩივარს უნდა დაერთოს მინდობილობა, რომელიც ადასტურებს წარმომადგენლის უფლებამოსილებას საკასაციო საჩივრის შეტანაზე, თუ ასეთი უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი არ არის საქმეში. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
8. განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე ითქვა, კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი საკასაციო საჩივარზე (იხ. წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტი).
9. მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორებისათვის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2018 წლის 11 ივლისს და ამოიწურა ამავე წლის 16 ივლისს. 2018 წლის 16 ივლისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა გ. ჟ–მა (იხ. წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტი). აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დ., თ. და მ.ც–ების ნაწილში საკასაციო საჩივარი წარმოებაში უნდა იქნეს მიღებული 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად, ვინაიდან საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე და 397-ე მუხლების მოთხოვნებს.
10. რაც შეეხება ლ.ც–ის საკასაციო საჩივარს, ამ შემთხვევაში კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2018 წლის 16 ივლისის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში ლ.ც–ს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის. მოცემულ შემთხვევაში, გ.ჟ–ის მომართვა ლ.ც–ის საკასაციო საჩივრის ნაწილში ხარვეზის გაგრძელების თაობაზე ვერ ჩაითვლება, ვადაში შემოტანილ შუამდგომლობად, რადგან, გ.ჟ. არ წარმოადგენს ლ.ც–ის უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს.
11. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ.ც–ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე, 63-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ.ც–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. წარმოებაში იქნეს მიღებული დ.ც–ის, მ.ც–ისა და თ.ც–ის საკასაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად;
3. მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნოს საკასაციო საჩივრისა და თანდართული მასალების ასლები და განემარტოს, რომ მას უფლება აქვს ამ განჩინების გადაცემიდან 5 დღის ვადაში წარმოადგინოს წერილობითი პასუხი საკასაციო საჩივარზე;
4. სამოქალაქო საქმეთა პალატის კოლეგიური შემადგენლობა, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე;
5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე : მზია თოდუა