Facebook Twitter

საქმე №ა-310-შ-6-2018 16 აპრილი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ნ. ნ.-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ს. ი.-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის პენზენსკის ოლქის კამეშკირსკის რაიონის სასამართლოს 2017 წლის 16 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება

დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რუსეთის ფედერაციის პენზენსკის ოლქის კამეშკირსკის რაიონის სასამართლოს 2017 წლის 16 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნ. ნ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ს. ს.-ის ძე ი.-ს ნ. ნ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა შვილების – .. წლის ..აპრილს დაბადებული ს.- ი.-ისა და .. წლის .. აპრილს დაბადებული ლ. ი.-ის სარჩენად ალიმენტის – ხელფასის ან სხვა სახის შემოსავლის 1/3-ის გადახდა 2017 წლის 4 აპრილიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე.

ნ. ნ.-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა რუსეთის ფედერაციის პენზენსკის ოლქის კამეშკირსკის რაიონის სასამართლოს 2017 წლის 16 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 თებერვლის განჩინებით ნ. ნ.-ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში დაევალა რუსეთის ფედერაციის პენზენსკის ოლქის კამეშკირსკის რაიონის სასამართლოს 2017 წლის 16 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თაობაზე ცნობის წარმოდგენა.

აღნიშნული განჩინების ასლი შუამდგომლობის ავტორს, კანონით დადგენილი წესით, ჩაბარდა 2018 წლის 9 მარტს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში შუამდგომლობის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ნ. ნ.-ის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის პენზენსკის ოლქის კამეშკირსკის რაიონის სასამართლოს 2017 წლის 16 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორს ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2018 წლის 2 თებერვლის განჩინების ასლი, კანონით დადგენილი წესით, ჩაბარდა 2018 წლის 9 მარტს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი 15-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2018 წლის 10 მარტს და ამოიწურა ამავე წლის 26 მარტს, ვინაიდან 24, 25 მარტი იყო დასვენების დღეები – შაბათი-კვირა. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში შუამდგომლობის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობის მოუმართავთ სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. კანონის დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული, განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობის ავტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ. ნ.-ის შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ნ.-ის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის პენზენსკის ოლქის კამეშკირსკის რაიონის სასამართლოს 2017 წლის 16 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი