საქმე №ა-767-შ-19-2018 8 ივნისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზ. ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ფ. ჭ.-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ზ. ს.-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – საბერძნეთის თესალონიკის პირველი ინსტანციის მრავალწევრიანი სასამართლოს 2012 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საბერძნეთის თესალონიკის პირველი ინსტანციის მრავალწევრიანი სასამართლოს 2012 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით შეწყდა ფ. ჭ.-ესა და ზ. ს.-ს შორის 2000 წლის 15 აპრილს თბილისის მმაჩის ბიუროს მიერ რეგისტრირებული ქორწინება და მეურვეობის უფლება არასრულწლოვან შვილზე – 2001 წლის 25 მარტს დაბადებულ ი. ზ.ის ძე ს.-ზე მიენიჭა მხოლოდ დედას.
ფ. ჭ.-ემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საბერძნეთის თესალონიკის პირველი ინსტანციის მრავალწევრიანი სასამართლოს 2012 წლის 28 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა განქორწინების ნაწილში.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (განხილულია ზეპირი მოსმენით), დასტურდება, რომ ზემომითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2012 წლის 28 მაისს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია საბერძნეთის ტერიტორიაზე. შუამდგომლობაზე დართული რწმუნებულებით დასტურდება, რომ ფ. ჭ.-ე საქართველოს მოქალაქეა.
საკასაციო სასამართლოს 2018 წლის 27 თებერვლის განჩინებით ფ. ჭ.-ის შუამდგომლობა საბერძნეთის თესალონიკის პირველი ინსტანციის მრავალწევრიანი სასამართლოს 2012 წლის 28 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ განქორწინების ნაწილში მიღებულ იქნა განსახილველად, ხოლო ფ. ჭ.-ის შუამდგომლობა, საკასაციო სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის განჩინებისა და შუამდგომლობაზე დართული მასალების ასლები ზ. ს.-ს ორჯერ გაეგზავნა შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებულ მისამართზე მაგრამ ფოსტიდან მობრუნებული შეტყობინებიდან ირკვევა, რომ მისამართი არასწორია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ფ. ჭ.-ის შუამდგომლობა საბერძნეთის თესალონიკის პირველი ინსტანციის მრავალწევრიანი სასამართლოს 2012 წლის 28 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ განქორწინების ნაწილში განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მის წარმოებაში არსებულ სამოქალაქო საქმეებს განიხილავს სწორედ ეროვნული საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული წესების შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 თებერვლის განჩინებით ფ. ჭ.-ის შუამდგომლობა საბერძნეთის თესალონიკის პირველი ინსტანციის მრავალწევრიანი სასამართლოს 2012 წლის 28 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ განქორწინების ნაწილში მიღებულ იქნა განსახილველად, ხოლო ფ. ჭ.-ის შუამდგომლობა, საკასაციო სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის განჩინებისა და შუამდგომლობაზე დართული მასალების ასლები ზ. ს.-ს ორჯერ გაეგზავნა შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებულ მისამართზე მაგრამ ფოსტიდან მობრუნებული შეტყობინებიდან ირკვევა, რომ მისამართი არასწორია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლი კი ადგენს, რომ საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო საქმის განხილვის ამა თუ იმ ეტაპზე უფლებამოსილია იხელმძღვანელოს ქვემდგომი ინსტანციის წესით საქმის განხილვის მარეგულირებელი ყველა იმ ნორმით, რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან ზემდგომი წესით საქმის განხილვის მარეგულირებელ წესებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ მოსარჩელის მიერ მითითებული თავისი ან მოპასუხის მისამართი არასწორი აღმოჩნდა, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. ანალოგიურ დანაწესს შეიცავს ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ფ. ჭ.-ის შუამდგომლობა საბერძნეთის თესალონიკის პირველი ინსტანციის მრავალწევრიანი სასამართლოს 2012 წლის 28 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ განქორწინების ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ფ. ჭ.-ის შუამდგომლობა საბერძნეთის თესალონიკის პირველი ინსტანციის მრავალწევრიანი სასამართლოს 2012 წლის 28 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ განქორწინების ნაწილში დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე