საქმე №ა-1848-შ-44-2018 3 მაისი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ჯ. ქ.-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – თურქეთის რესპუბლიკის მაგისტრატი სასამართლოს 2015 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – მემკვიდრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თურქეთის რესპუბლიკის მაგისტრატი სასამართლოს 2015 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით 2015 წლის 11 ივნისს გარდაცვლილი მამკვიდრებლის (მოანდერძის) – ა. რ. ქ.-ის (დაბ. .. პ/ნ ..., დედის სახელი – .., მამის სახელი – ..; რეგისტრირებული : ს.-ა, ქ.-ის რ-ნი, ტომის №.., კომლის №.., რიგის №..) მემკვიდრეობა 16 წილად გაიყო, აქედან: 4 წილი – ჰ. ქ.-ს (დაბ. ..., პ/ნ ..., მამის სახელი – ..., დედის სახელი – ...); 3 წილი – ჯ. ქ.-ს (დაბ. ..., პ/ნ ..., მამის სახელი – ა. რ., დედის სახელი – ჰ.); 3 წილი – ს. ქ.-ს (დაბ. ..., პ/ნ ..., მამის სახელი – ა. რ., დედის სახელი – ჰ.); 3 წილი – ო. ქ.-ს (დაბ. ..., პ/ნ ..., მამის სახელი – ა. რ., დედის სახელი – ჰ.); 3 წილი ს. დ.-ის (დაბ. ..., პ/ნ ..., მამის სახელი – ა. რ., დედის სახელი – ჰ.);
ჯ. ქ.-ის წარმომადგენელმა პ. ბ.-ძემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თურქეთის რესპუბლიკის მაგისტრატი სასამართლოს 2015 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ჯ. ქ.-ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის მაგისტრატი სასამართლოს 2015 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგი გარემოებების გამო:
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საპროცესო საკითხები განიხილება სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
განსახილველ შემთხვევაში შუამდგომლოობის ავტორი ითხოვს თურქეთის რესპუბლიკის მაგისტრატი სასამართლოს 2015 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას, რომლითაც გარდაცვლილი მამკვიდრებლის (მოანდერძის) – ა. რ. ქ.-ის ქონება გაიყო 16 წილად.
საკასაციო სასამართლო განუმარტავს შუამდგომლობის ავტორს, რომ შუამდგომლობის დასაშვებობისათვის აუცილებელია გადაწყვეტილება ექვემდებარებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას. მოცემულ შემთხვევაში თურქეთის რესპუბლიკის მაგისტრატი სასამართლოს 2015 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებიდან და შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ როგორც მოანდერძე, ასევე მისი მემკვიდრეები არიან თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამოქალაქო საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. ამ კანონის საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების ობიექტად მოიაზრება არა კანონიერ ძალაში შესული ნებისმიერი გადაწყვეტილება, არამედ - მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე ცნობაუნარიანი და აღსრულებადი გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენლის მოსაზრებას, რომ მამკვიდრებელს საქართველოში გააჩნია ქონება, ვინაიდან შუამდგომლობაზე დართული მტკიცებულებებით არ დასტურდება აღნიშნული. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, სარჩელებზე, რომლებიც ეხება უძრავ ქონებას, თუ ეს ქონება საქართველოშია, საქართველოს სასამართლოებს განსაკუთრებული საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.მითითენული დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის, (შუამდგომლობის ავტორი) იურიდიული ინტერესი.
მოცემულ შემთხვევაში შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელი ვერ ასაბუთებს, თუ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების რა იურიდიული ინტერესი გააჩნია მხარეს. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68.5 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცეოს კოდექსის 180-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჯ. ქ.-ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის მაგისტრატი სასამართლოს 2015 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიატორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი