Facebook Twitter

საქმე №ა-2323-შ-58-2018 13 ივლისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ნ. ჭ.-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ზ. მ.-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნიურნბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნიურნბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ჭ.-ესა და ზ. მ.-ს შორის .. წლის .. ივნისს ქ.თბილისის საბურთალოს რაიონის მმაჩის ბიუროს მიერ რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეესტრის №..) შეწყდა.

ნ. ჭ.-ემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნიურნბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (განხილულია ზეპირი მოსმენით), დასტურდება, რომ ზემომითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2013 წლის 26 ივლისს. შუამდგომლობაზე დართული პასპორტის ასლით დასტურდება, რომ ნ. ჭ.-ე საქართველოს მოქალაქეა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 7 ივნისის განჩინებით ნ. ჭ.-ის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნიურნბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ნ. ჭ.-ის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნიურნბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნიურნბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ჭ.-ესა და ზ. მ.-ს შორის .. წლის .. ივნისს ქ.თბილისის საბურთალოს რაიონის მმაჩის ბიუროს მიერ რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეესტრის №..) შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2013 წლის 26 ივლისს. შუამდგომლობაზე დართული პასპორტის ასლით დასტურდება, რომ ნ. ჭ.-ე საქართველოს მოქალაქეა.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით კი დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო, ხოლო ნორმის მე-2 პუნქტით კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შუამდგომლობაში მითითებული გადაწყვეტილება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეს უარი ეთქმევა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით ასევე დადგენილია გარკვეული შეზღუდვები, თუმცა საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნიურნბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ნ. ჭ.-ესა და ზ. მ.-ს შორის .. წლის .. ივნისს ქ.თბილისის საბურთალოს რაიონის მმაჩის ბიუროს მიერ რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეესტრის №..) შეწყდა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

რაც შეეხება ამავე გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევას, ამ საკითხს არეგულირებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლი, რომლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. განსახილველ შემთხვევაში, შუამდგომლობის ავტორი გადაწყვეტილების აღსრულებას ასაბუთებს განქორწინების მოწმობის აღების სურვილით, რაც საკასაციო სასამართლოს მხრიდან ვერ იქნება მიჩნეული ნამდვილ იურიდიულ ინტერესად (სსსკ-ის 180-ე მუხლი), რადგანაც ზემოხსენებული კანონის 69-ე მუხლით მოწესრიგებულია ქორწინების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი და ნორმის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა. მოცემულ შემთხვევაში, რადგანაც განქორწინების თაობაზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნიურნბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობით მიიღწევა ის იურიდიული შედეგი, რომლის დადგომაც სურს მხარეს, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის მოთხოვნის მიმართ მხარეს არ გააჩნია ნამდვილი იურიდიული ინტერესი, რაც ამ ნაწილში შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ჭ.-ის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნიურნბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნიურნბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ჭ.-ესა და ზ. მ.-ს შორის .. წლის ..ივნისს ქ.თბილისის საბურთალოს რაიონის მმაჩის ბიუროს მიერ რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეესტრის №..) შეწყდა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე