Facebook Twitter

საქმე №ა-2533-ა-5-2018 11 ივნისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

განცხადების ავტორი – ნ. ჯ.-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ა(ა)იპ საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია

გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მარტის განჩინება

განცხდების ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ნ. ჯ.-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ა(ა)იპ საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 აგვისტოს განჩინებით ნ. ჯ.-ს უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ჯ.-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ნოემბრის განჩინებით ნ. ჯ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჯ.-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მარტის განჩინებით ნ. ჯ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

2018 წლის 31 მაისს ნ. ჯ.-მა განცხადებით მომართა საკასაციო სამართლოს და მოითხოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნტის საფუძველზე, საკასაციო პალატის 2018 წლის 1 მარტის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ჯ.-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მარტის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განცხადების დასაშვებობის საკითხი თავის თავში მოიცავს მის არა მხოლოდ კანონის ფორმალურ მოთხოვნებთან (სსსკ-ის 427.1 მუხლი) შესაბამისობის შემოწმებას, არამედ, განსჯადობის საკითხის სასამართლოს მიერ დადგენასა და ზოგადად იმ საკითხის განსაზღვრას, კანონი დასაშვებად მიიჩნევს თუ არა, მხარის მიერ სადავოდ მიჩნეული საპროცესო დოკუმენტის გაუქმებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლი ადგენს განცხადების განსჯად სასამართლოში წარდგენის ვალდებულებს, განსჯადობის საკითხს კი, უკავშირებს შემდეგს: განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება. თუ განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ეხება ერთსა და იმავე საქმეზე რამდენიმე სასამართლო ინსტანციის გადაწყვეტილებას (განჩინებას), მაშინ იგი შეტანილ უნდა იქნეს მათ შორის ყველაზე ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებით ნ. ჯ.-ს უარი ეთქვა სარჩელის განსახილველად მიღებაზე და ეს განჩინება უცვლელად იქნა დატოვებული ზემდგომი სასამართლოს მიერ. მართალია, სააპელაციო პალატის განჩინებაზე მოსარჩელემ წარმოადგინა საკასაციო საჩვარი, თუმცა, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება გასაჩვრებას აღარ ექვემდებარებოდა, ნ.ჯ.-ის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩვარი განუხილველად იქნა დატოვებული. ამ გარემოებათა გათვალისწინებით კი, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვაზე, ფორმალურ-პროცესუალური თვალსაზრისით, თავად არ წარმოადგენს განსჯად სასამართლოს.

საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ საქმის წარმოების განახლების ობიექტი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის LII თავის მიზნებიდან გამომდინარე, შეიძლება იყოს სასამართლოს ის განჩინებები და გადაწყვეტილებები, რომლებითაც დავის მატერიალურ-სამართლებრივი შედეგი განისაზღვრა. სარჩელის მიღეაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მიმართ მოსარჩელეს არ შეიძლება გააჩნდეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“ (საქმე ამ სასამართლოს განსჯადი არ არის), „ზ“ (დაინტერესებული პირის სახელით სარჩელი შეიტანა პირმა, რომელსაც არა აქვს უფლებამოსილება საქმის წარმოებაზე) და „თ“ (სარჩელი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე მუხლში (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) მითითებული პირობების დარღვევით ან/და არ არსებობს მოსარჩელის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების, მისი გადახდის გადავადების ან მისი ოდენობის შემცირების საფუძველი) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით მოსამართლის მიერ სარჩელის მიღებაზე უარის თქმა, ხელს არ უშლის პირს, განმეორებით მიმართოს სასამართლოს იმავე სარჩელით, თუ აცილებული იქნება დაშვებული დარღვევა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ. ჯ.-ის განცხადება დაუშვებელია და არ არსებობს მისი განსახილველად მიღების წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 429-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ჯ.-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მარტის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე მიჩნეულ იქნას დაუშვებლად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი