Facebook Twitter

საქმე №ას-441-441-2018 24 აპრილი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს.-ი“

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „თ.-ა“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 7 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს „თ.-ამ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე – სს „ს.-ის“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით შპს „თ.-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. სს „ს.-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2013 წლის მაისიდან 2013 წლის აგვისტოს ჩათვლით სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში დაზღვეულ პირთათვის მოსარჩელის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდა 5636 ლარის ოდენობით; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2013 წლის მაისიდან 2013 წლის აგვისტოს ჩათვლით კორპორატიული პროგრამის ფარგლებში დაზღვეულ პირთათვის მოსარჩელის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდა 837 ლარის ოდენობით; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2013 წლის მაისში მოსარჩელის მიერ სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლო ყოველდღიურად: 3742 ლარის 0,1 % – 02.07.2013 წლიდან 2014 წლის 5 მარტამდე, 824 ლარის 0,1% – 2014 წლის 5 მარტიდან აღსრულებამდე; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2013 წლის მაისში მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის კორპორატიული დაზღვევის ფარგლებში გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლო 10.07.2013 წლიდან აღსრულებამდე ყოველდღიურად 241,8 ლარის 0,1%; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2013 წლის ივნისში სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურებისათვის ანაზღაურების ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლო ყოველდღიურად: 4696 ლარის 0,1% – 01.08.2013 წლიდან 2014 წლის 5 მარტამდე; 1420 ლარის 0,1% – 2014 წლის 5 მარტიდან აღსრულებამდე; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2013 წლის ივნისში კორპორატიული მომსახურების ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურების ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლო 09.08.2013 წლიდან აღსრულებამდე ყოველდღიურად: 234,36 ლარის 0,1 %; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2013 წლის ივლისში სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში მოსარჩელის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლო ყოველდღიურად: 3216 ლარის 0,1% – 31.08.2013 წლიდან 2014 წლის 5 მარტამდე; 1952 ლარის 0,1% – 2014 წლის 5 მარტიდან აღსრულებამდე; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2013 წლის აგვისტოში სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში მოსარჩელის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლო ყოველდღიურად: 3347 ლარის 0,1% – 03.10.2013 წლიდან 2014 წლის 5 მარტამდე; 1440 ლარის 0,1% – 2014 წლის 5 მარტიდან აღსრულებამდე; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2013 წლის აგვისტოში კორპორატიული მომსახურების ფარგლებში მოსარჩელის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლო 11.10.2013 წლიდან აღსრულებამდე ყოველდღიურად 360,84 ლარის 0,1%. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სამედიცინო მომსახურებიდან გამომდინარე წარმოშობილი დავის განხილვისათვის სსიპ სამედიცინო მედიაციის სამსახურში გადახდილი 5000 ლარის ანაზღაურება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „ს.-მა“ და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 7 დეკემბრის განჩინებით სს „ს.-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ს.-მა“ და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 აპრილის განჩინებით კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 875 ლარის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სს „ს.-ის“ წარმომადგენელ ლ. მ.-ას ჩაბარდა 2018 წლის 12 აპრილს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორს და არც მის წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ს.-ის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სასამართლო შეტყობინება მხარეს ჩააბაროს აგრეთვე ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ტიპის შეტყობინების ნამდვილობისათვის კანონმდებელი მოითხოვს, რომ საქმეში წარმოდგენილი იყოს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე (სსკ-ის 73.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს ადრესატს შეტყობინება რა ფორმით ჩააბაროს.

ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ კასატორის წარმომადგენელ ლ. მ.-ას ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2018 წლის 12 აპრილს, საქმეში მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი, ტ.4, ს.ფ.171). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ნიშნავს მხარისათვის ჩაბარებას, რაც საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია. ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2018 წლის 13 აპრილს და ამოიწურა ამავე წლის 17 აპრილს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორს და არც მის წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ს.-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი