3გ-ად-85-კს-02 19 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ბ. კობერიძე
განიხილა შპს “კ.-ის" კერძო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 25 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 24 სექტემბერს სსიპ “ფ.-მ" ქუთაისის საოლქო სასამართლოს განცხადებით მიმართა და 2002წ. 3 აგვისტოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით შპს “კ.-ის" კუთვნილი ნავსადგურის სარეჟიმო ტერიტორიაზე განლაგებული სამი ნავთოპბროდუქტის ტუმბოსათვის ყადაღის დადება მოითხოვა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 25 სექტემბრის განჩინებით სსიპ “ფ.-ის" განცხადება დაკმაყოფილდა. ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 30 აგვისტოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო შპს “კ.-ის" კუთვნილი ნავსადგურის სარეჟიმო ტერიტორიაზე განლაგებულ ნავთობრდუქტების სამ ტუმბოს.
2002წ. 25 სექტემბრის განჩინებაზე შპს “კ.-მ" კერძო საჩივარი შეიტანა, რომელშიც მიუთითა, რომ აღნიშნული განჩინება უკანონოა და უნდა გაუქმდეს, რადგან განმცხადებლის მიერ არ იყო დასაბუთებული მოსაზრება, რომ შპს “კ.-ი" თავის ქონებას გაასხვისებდა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 22 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს შპს “კ.-ს" განჩინებაში მითითებული ხარვეზის (კერძო საჩივრის ავტორის მიერ არ იქნა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი და ასევე მის მიერ კერძო საჩივარი არ იქნა წარმოდგენილი მოწინააღმდეგე მხარისათვის გადასაცემად) შესავსებად მიმდინარეწ. 8 ნოემბრამდე ვადა მიეცა.
ქუთაისის საოლქო სასამართლის 2002წ. 19 ნოემბრის განჩინებით შპს “კ.-ის" კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადმოეგზავნა.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ უნდა დაკმაყოფილდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 19 ნოემბრის განჩინება შპს “კ.-ის" კერძო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის თაობაზე, წარმოდგენილი კერძო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დასაშვებად, ამასთან, შპს “კ.-ის" კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის მოტივით და უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 25 სექტემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ქუთაისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ შპს “კ.-ს" გაშვებული ჰქონდა 2002წ. 25 სექტემბრის განჩინების გასაჩივრების 5-დღიანი ვადა და განმარტავს: როგორც საქმის მასალებით ირკვევა, შპს “კ.-ს" გასაჩივრებული განჩინება 2002წ. 7 ოქტომბერს ჩაბარდა პირადად, რომელმაც იმავე წლის 15 ოქტომბერს წარადგინა კერძო საჩივარი ფოსტაში საოლქოს სასამართლოსათვის გადასაგზავნად. სსკ-ს 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ითვლება. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს “კ.-ის" კერძო საჩივარი დაშვებულ უნდა იქნეს განსახილველად, რადგან მას კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადა არ გაუშვია, აქვე ნიშანდობლივია, რომ განჩინების ჩაბარების დღიდან კერძო საჩივრის ფოსტაში ჩაბარებამდე უქმე და დასვენების დღეები დაემთხვა, რის გამოც კერძო საჩივარი ვადაში ჩაბარებულად იქნა მიჩნეული.
სსკ-ს 271-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების შესრულება, რომელიც არ არის გადაცემული დაუყოვნებლივ აღსასრულებლად სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით. სასამართლო უფლებამოსილია გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის კანონით დადგენილი ის სახე, რომელსაც განმცხადებელი მიზანშეწონილად მიიჩნევს და თან დაასაბუთებს იმ გარემოებების არსებობას, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, საოლქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია განმცხადებელ სსიპ “ფ.-ის" მიერ წარმოდგენილი გარემოებები გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლო შემაფერხებლად და მიუთითა, რომ შპს “კ.-ის" განზრახვა ფოთის ნავსადგურის ტერიტორიაზე არსებული მათი კუთვნილი ქონების გასხვისების თაობაზე, გააძნელებდა ან ხელს შეუშლიდა გადაწყვეტილების აღსრულებას, რის გამოც, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა სსიპ “ფ.-ის განცხადება და შპს “კ.-ის" საკუთრებაში არსებულ სამ ნავთობპროდუქტის ტუმბოს დაედო ყადაღა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის განჩინება კანონიერი და დასაბუთებულია, არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი და შესაბამისად, შპს “კ.-ის" კერძო საჩივარი, როგორც დაუსაბუთებელი, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და სსკ-ს 419-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გაუქმდეს ქ. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 19 ნოემბრის განჩინება და შპს “კ.-ის" კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დასაშვებად;
2. შპს “კ.-ის" კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 25 სექტემბრის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.