საქმე №ას-645-645-2018 18 ივნისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ე. ა.-ე, შპს „ა.-ი“
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ.-“
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 აპრილის განჩინება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შპს „მ.--მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების – ე. ა.-ისა და შპს „ა.-ის“ მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „მ.--ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. აღკვეთილ იქნა მოპასუხეების მხრიდან შპს „მ.--ის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ხელყოფა და მოპასუხეებს – ე. ა.-ისა და შპს „ა.-ის“ უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ქ.ბ.-ში, მ.-ას ქ. №..-ში მდებარე შპს „მ.--ის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, 33,18კვ.მ, ს/კ №... და ამავე მისამართზე მდებარე 34,12კვ.მ სხვენი, ს/კ №.... აღნიშნული ფართები თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა მოსარჩელე შპს „მ.--ს.“
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ე. ა.-ემ, შპს „ა.-მა“ და მოითხოვეს მისი გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 აპრილის განჩინებით ე. ა.-ისა და შპს „ა.-ის“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ე. ა.-ემ, შპს „ა.-მა“ და მოითხოვეს მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მაისის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორებს დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
2018 წლის 13 ივნისს ე. ა.-ისა და შპს „ა.-ის“ წარმომადგენელმა პ. ბ.-ემ წარმოადგინა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის დამადასტურებელი ქვითარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ა.-ისა და შპს „ა.-ის“ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ საკასაციო სასამართლოს 2018 წლის 28 მაისის განჩინების ასლი კერძო საჩივრის ავტორების წარმომადგენელ პ. ბ.-ეს მის მიერ მითითებულ მისამართზე გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და პირადად ჩაბარდა 2018 წლის 5 ივნისს (იხ. ს.ფ.143). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ნიშნავს მხარისათვის ჩაბარებას, რაც საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია. ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2018 წლის 6 ივნისს და ამოიწურა ამავე წლის 8 ივნისს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში არც კერძო საჩივრის ავტორებს და არც მათ წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.
განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორების წარმომადგენელმა პ. ბ.-ემ განცხადება და გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის დამადასტურებელი ქვითარი ფოსტას ჩააბარა 2018 წლის 11 ივნისს (ს.ფ.144-146), ე.ი. სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, ვინაიდან სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს და კერძო საჩივრის ავტორებს დაუბრუნდეთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 284-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. ა.-ისა და შპს „ა.-ის“ კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. კერძო საჩივრის ავტორებს – ე. ა.-ესა (პ/ნ ...) და შპს „ა.-ს“ (ს/კ ...) დაუბრუნდეთ პ. ბ.-ის მიერ 2018 წლის 11 ივნისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი