3გ-ად-86-კს-02 13 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: საოლქო სასამართლოს განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. ქუთაისის გამგეობის 1992წ. 27 აგვისტოს ¹14.60.928 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ.დ.-ის თხოვნა და მის რვა სულიან ოჯახს ქ. ქუთაისში, ... ¹6-ში მდებარე სახლში მე-5 სართულზე გამოეყო ოთხოთახიანი და ერთოთახიანი ბინები, ხოლო მე-9 სართულზე ერთი ერთოთახიანი ბინა, სულ 97 კვ.მ ფართით.
1992წ. 28 დეკემბერს ქუთაისის გამგეობამ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა მ.დ.-ის ოჯახის წევრებთან ერთად გამოსახლება ... ¹19-ში მდებარე ბინიდან და მისი შესახლება ... ¹6 სახლის ბინაში.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1993წ. 9 მარტის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა გამგეობის სარჩელი მ.დ.-ის ... ¹19 ბინიდან გამოსახლების შესახებ, რაც გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1994წ. 10 თებერვალის განჩინებით და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს. საქმის უკან დაბრუნების შემდეგ, 1994წ. 9 აგვისტოს ქუთაისის ადგილობრივი მმართველობის ¹10 საბინაო განყოფილებასა და მ.დ.-ის მეუღლეს – ვ.გ.-ს შორის გაფორმდა პრივატიზების ხელშეკრულება, რომლითაც ამ უკანასკნელს, საკუთრებაში გადაეცა ... ¹19-ში მდებარე სადავო ბინა, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ¹107 დადგენილების საფუძველზე. საქმის ხელმეორედ განხილვისას, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1994წ. 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ქუთაისის გამგეობის სარჩელი და მ.დ.-ე ოჯახთან ერთად გამოსახლებული იქნა ... ¹19-ში მდებარე ბინიდან, ... ¹6 ბინაში შესახლების პირობით, რაც ძალაში დარჩა უზენაესი სასამართლოს 1995წ. 5 იანვრის განჩინებით.
1995წ. 24 ივლისს ქუთაისის მერიამ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის ¹... საბინაო-საექსპლოატაციო უბანსა და ვ.გ.-ს შორის 1994წ. 9 აგვისტოს დადებული ბინის პრივატიზების ხელშეკრულების გაუქმება იმ მოტივით, რომ ხელშეკრულების დადების მომენტისათვის სადავო ბინაზე სასამართლოში მიმდინარეობდა დავა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1995წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ქუთაისის მერიის სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი ბინის პრივატიზების ზემოაღნიშნული ხელშეკრულება.
2000წ. 17 ნოემბერს ქუთაისის საოლქო სასამართლოში სააპელაციო საჩივარი შეიტანა ვ.გ.-მ, რომელმაც ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ საქალაქო სასამართლოს 1995წ. 25 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა იმ მოტივით, რომ დავა ეხებოდა რა მის ბინაზე პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმებას, სასამართლო ვალდებული იყო მოეწვია იგი და მიეცა პროცესზე მონაწილეობის შესაძლებლობა. მისი განმარტებით, 1995წ. 25 აგვისტოს გადაწყვეტილების შესახებ მისთვის ცნობილი გახდა 2000წ. 14 ნოემბერს და ამდენად, მის მიერ დარღვეული არ იყო გადაწყვეტილების გასაჩივრების ერთთვიანი ვადა.
სააპელაციო საჩივარი არაერთგზის იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციის სასამართლო ორგანოების მიერ. საბოლოოდ, უზენაესი სასამართლოს 2001წ. 7 მაისის განჩინების საფუძველზე იგი განსახილველად დაექვემდებარა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს. უზენაესმა სასამართლომ მიუთითა, რომ ვ.გ.-ს სააპელაციო საჩივარი თავისი შინაარსით არის განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ვ.გ.-მ შეიტანა განცხადება, რომლითაც კვლავ მოითხოვა 1995წ. 25 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება, გაშვებული ხანდაზმულობის ვადის აღდგენა და საქმის წარმოების განახლება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 9 ოქტომბრის განჩინებებით დაკმაყოფილდა ვ.გ.-ს მოთხოვნა, გაუქმდა ამავე სასამართლოს 1995წ. 25 აგვისტოს გადაწყვეტილება სადავო ბინაზე პრივატიზების ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ; ვ.გ.-ს აღუდგა სსკ-ს 426-ე მუხლით გათვალისწინებული გასაჩივრების 5 წლიანი ვადა და განახლდა საქმის წარმოება.
სასამართლოში საქმის განხილვისას, 2001წ. 12 ნოემბერს ქუთაისის მერიამ გამოსცა ¹677 განკარგულება. მერია დაეყრდნო რა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 27 აპრილის, 2000წ. 18 დეკემბრის გადაწყვეტილებებს, მათ საფუძველზე ... ¹19-ში მდებარე ბინებზე ორდერები გამოეწერა ს.ს.-ეს, ო.მ.-სა და ქ.კ.-ს, რომლებიც საქმეში ჩაბმული იქნენ მესამე პირებად.
2001წ. 31 ივლისს მ.დ.-ემ აღიარებითი სარჩელი შეიტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა ... ¹19 ბინის მესაკუთრედ ცნობა. მოსარჩელე დაეყრდნო ქუთაისის საკრებულოს 2001წ. 30 მაისის ¹130 დადგენილებას. მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩაბმული იქნა ასევე ვ.გ.-. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 14 ნოემბრის განჩინებით მერიისა და მ.დ.-ის სარჩელები გაერთიანდა ერთ წარმოებად.
2002წ. 7 თებერვალს ქუთაისის მერიამ დამატებითი სარჩელი შეიტანა სასამართლოში და კვლავ 1994წ. ბინის პრივატიზების ბათილობა მოითხოვა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 30 აპრილის განჩინებით ქუთაისის მერიის სარჩელი 1994წ. 9 აგვისტოს პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე დარჩა განუხილველი იმ მოტივით, რომ ქუთაისის ვიცე-მერს სათანადო აქტით არ ჰქონდა მინიჭებული სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლებამოსილება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 9 ოქტომბრისა და 2002წ. 30 აპრილის განჩინებები კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ქუთაისის მერიამ და ო.მ.-ის, ქ.კ.-ის, რ.ს.-ის წარმომადგენელმა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 17 ოქტომბრის განჩინებით დაკმაყოფილდა ქუთაისის მერიისა და მესამე პირთა კერძო საჩივრები; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 9 ოქტომბრის განჩინება, სსკ-ს 426-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული 5 _ წლიანი გასაჩივრების ვადის აღდგენის შესახებ; გაუქმდა 2002წ. 9 ოქტომბრის განჩინება, 1995წ. 25 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 5 აპრილისა და 30 აპრილის განჩინებები მერიის სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. მხარეებს აქვე განემარტათ, რომ განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება. საოლქო სასამართლო დაეყრდნო შემდეგ გარემოებებს:
1. სასამართლომ არ გაიზიარა ვ. გ.-ს განმარტება, რომ 1995წ. 25 აგვისტოს გადაწყვეტილების შესახებ მისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ 2000წ. 14 ნოემბერს, ხოლო სააპელაციო საჩივარი შეიტანა 3 დღის შემდეგ, ე.ი. კანონით გათვალისწინებულ ერთ თვიან ვადაში. სასამართლოს მითითებით, საქმეში არსებობს მ. დ.-ის 1997წ. 3 ივლისის წერილი უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმისადმი, საიდანაც ირკვევა, რომ მან ამ პერიოდისათვის უკვე იცოდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1995წ. 25 აგვისტოს გადაწყვეტილების არსებობის შესახებ. სსკ-ს 426-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოში განცხადების შეტანის ვადა იწყება იმ დღიდან, როცა მხარის ან მისი წარმომადგენლისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების შესახებ. ძველი სსკ-ს (1964წ.) 348-ე მუხლის თანახმად, ეს ვადა შეადგენდა 3 თვეს, ხოლო ახალი საპროცესო კოდექსით (1997წ.) იგი შეადგენს 1 თვეს. აღნიშნულიდან გამომდინარე მოდავე მხარე ვალდებული იყო 1997წ. 3 ივლისიდან სამ თვეში მიემართა სასამართლოსადმი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით, რაც მას არ განუხორციელებია;
2. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სსკ-ს 426-ე მუხლის მე-3-4 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ. კანონის ეს მოთხოვნა იმპერატიულია და ამ ვადის გასვლის შემდეგ არა თუ ვადის აღდგენა და საქმის წარმოების განახლება, არამედ თვით განცხადების შეტანაც დაუშვებელია. სააპელაციო სასამართლოს აზრით, სადავო გადაწყვეტილება მიღებული იქნა 1995წ. 25 აგვისტოს, მისი აღდგენის მოთხოვნით ვ.გ.-მ სასამართლოს მიმართა 2000წ. 17 ნემბერს, ე.ი. გასული იყო 5-წლიანი ვადა და სასამართლოს აღარ ჰქონდა საქმის წარმოების განახლების უფლება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საოლქო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2002წ. 9 ოქტომბრის განჩინება საქმის წარმოების განახლების შესახებ, ასევე საქმის წარმოების განახლების შემდეგ მიღებული ნებისმიერი განჩინება, მათ შორის 2002წ. 30 აპრილის განჩინება მერიის სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ უკანონოა და უნდა გაუქმდეს, ვინაიდან უკანონოა თვითონ საქმის წარმოების განახლება;
3. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ქუთაისის მერიის სარჩელის განუხილველად დატოვებით სასამართლომ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება. საქმის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება არის სასამართლოს აქტი, რომელიც მხარეს უფლებას აძლევს გაასაჩივროს მისი წინმსწრები განჩინებები, რომლებზეც ცალკე კერძო საჩივრები არ დაიშვება, ხოლო სასამართლოს უფლება აქვს იმსჯელოს ამ წინმსწრემ განჩინებებზე, მიუხედავად იმისა, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა, თანახმად სსკ-ს 377-ე მუხლისა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 17 ოქტომბრის განჩინებას კერძო საჩივრით ასაჩივრებს ვ.გ.-ს წარმომადგენელი მ.დ.-ე, რომელიც შემდეგი საფუძვლით ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას:
1. კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ ქუთაისის მერიის სახელით კერძო საჩივარი შეტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ. მერიის მიერ ა.ჩ.-სა და მ.ს.-ზე გაცემული მინდობილობები ბათილია, ვინაიდან მათზე არ არის აღნიშნული წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მოქმედების ვადა; მინდობილობები გაცემულია სამოქალაქო და არა ადმინისტრაციულ საქმეზე მონაწილეობის მისაღებად. ქალაქის მერის ნაცვლად მინდობილობაზე ხელს აწერს ვიცე-მერი, რომელსაც ამის უფლებამოსილება არ ქონდა. ასევე დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი ნ.ალფაიძის მიერ ს.ს.-ის, ო.მ.-ისა და ქ.კ.-ის სახელით შეტანილი კერძო საჩივარი, ვინაიდან მათ თავის დროზე სასამართლოსადმი სარჩელით არ მიუმართავთ და ამიტომ არ გააჩნიათ გასაჩივრების უფლება;
2. სააპელაციო სასამართლო გასცდა მისთვის კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებს, ვინაიდან მისი მსჯელობის საგანი უნდა ყოფილიყო მხოლოდ მერიის სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ 2002წ. 30 აპრილის განჩინება და არა ამ განჩინების წინმსწრები სხვა განჩინებები;
3. კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სასამართლოს, თითქოს ვ.გ.-მ გაუშვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული 5-წლიანი ვადა, რომლის აღდგენაც დაუშვებელია. აღნიშნული ვადის აღდგენის შეუძლებლობას კანონი არ ითვალისწინებს. ამასთან, გასაჩივრების 5-წლიანი ვადა გათვალისწინებულია მხოლოდ ახალი სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, ხოლო ძველი სსკ-ს 346-351 მუხლები განცხადების შეტანის საერთო ვადას არ ზღუდავდა. ახალი კოდექსი კი არ შეიძლება გამოყენებული იქნას იმ ურთიერთობათა მიმართ, რომელსაც ადგილი ქონდა სასამართლოში ამ კოდექსის ამოქმედებამდე;
4. ის გარემოება, რომ ვ.გ.-სათვის 1995წ. 25 აგვისტოს გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი გახდა 1997წ. 3 ივლისს, არ შეიძლება გახდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინებათა გაუქმების მიზეზი, ვინაიდან არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ვ.გ.-ს 1995წ. 25 აგვისტოს გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალურად ეცნობა და განემარტა გასაჩივრების წესი. აქედან გამომდინარე, ძველი სსკ-ით გათვალისწინებული გასაჩივრების 3-თვიანი ვადა არ შეიძლება ჩაითვალოს გასულად. ამასთან, სასამართლომ იმითაც დაარღვია ვ.გ.-ს უფლებები, რომ არ გამოიძახა და არ მისცა პროცესზე მონაწილეობის შესაძლებლობა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 29 ოქტომბრის განჩინებით, დაუშვებლობის მოტივით, არ დაკმაყოფილდა ვ.გ.-ს კერძო საჩივარი და იგი საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, თანახმად სსკ-ს 417-ე მუხლისა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, ვ.გ.-ს კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ.გ.-ს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, დაუშვებლობის მოტივით და უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 17 და 29 ოქტომბრის განჩინებები შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებაზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ხოლო სხვა შემთხვევაში შეტანილი კერძო საჩივარი დაუშვებელია. ვ.გ.-მ განსახილველი კერძო საჩივარი შეიტანა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 17 ოქტომბრის განჩინებაზე, რომელიც ზემოაღნიშნული კოდექსის 417-ე, 419-ე მუხლების შესაბამისად, თავის მხრივ გამოტანილია ქ.ქუთაისის მერიისა და მესამე პირების – თ.მ.-ის, ქ.კ.-ის, ს.ს.-ის კერძო საჩივრებთან დაკავშირებით. აღნიშნული კერძო საჩივრების ავტორები, სსკ-ს 276-ე მუხლის საფუძველზე, ასაჩივრებდნენ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 30 აპრილის განჩინებას ქ.ქუთაისის მერიის მიერ ქუთაისის ძელქვიანის მუნიციპალიტეტის სამსახურის მიმართ აღძრული სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. საქალაქო სასამართლოს 30 აპრილის განჩინებით ქ.ქუთაისის მერიის სარჩელი ბინის პრივატიზების ხელშეკრულების ბათილობის შესახებ განუხილველად იქნა დატოვებული სსკ-ს 275-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» პუნქტის საფუძველზე, დაინტერესებული პირის (ქ.ქუთაისის მერიის) სახელით არაუფლებამოსილი პირის (ქ.ქუთაისის ვიცე-მერის) მიერ სარჩელის აღძვრის გამო. სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებაზე, ამავე კოდექსის 276-ე მუხლის თანახმად, დასაშვებია კერძო საჩივრის შეტანა და როგორც აღინიშნა, ქუთაისის მერიის სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 30 აპრილის განჩინებაზე კერძო საჩივრები შეიტანეს ქუთაისის მერიამ და მესამე პირებმა – ო.მ.-მა, ქ.კ.-ემ და ს.ს.-მ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 17 ოქტომბრის განჩინებით დაკმაყოფილდა ქუთაისის მერიისა და მესამე პირების კერძო საჩივრები, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 30 აპრილის განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. სააპელაციო პალატის ამავე განჩინებით გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 9 ოქტომბრის განჩინება საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ, ასევე 1995წ. 25 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ. ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 17 ოქტომბრის განჩინება ქ.ქუთაისის მერიისა და მესამე პირთა კერძო საჩივრების თაობაზე, გამოტანილია სსკ-ს 419-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, როგორც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ზემდგომი სასამართლოს განჩინება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილი იმპერატიულად მიუთითებს, რომ ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ საჩივრდება. ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 17 ოქტომბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტშიც შესაბამისად მიეთითა, რომ აღნიშნული განჩინება არ საჩივრდება. მიუხედავად მითითებისა ვ.გ.-მ კერძო საჩივარი შეიტანა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 17 ოქტომბრის განჩინებაზე.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 29 ოქტომბრის განჩინებით, სსკ-ს 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დაუშვებლად იქნა ცნობილი ვ. გ.-ს კერძო საჩივარი და 417-ე მუხლის შესაბამისად, განსახილველად გადმოეგზავნა უზენაეს სასამართლოს. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქუთაისის საოლქო სასამართლოს განჩინებას ვ. გ.-ს კერძო საჩივრის დაუშვებლობის შესახებ, რადგან კერძო საჩივრით გასაჩივრებული ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 17 ოქტომბრის განჩინება თავად წარმოადგენს სსკ-ს 419-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ზემდგომი სასამართლოს განჩინებას ქუთაისის მერიისა და მესამე პირების – ო. მ.-ის, ქ. კ.-ისა და ს. ს.-ის კერძო საჩივრის თაობაზე. ვინაიდან სსკ-ს 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ საჩივრდება, ხოლო 414-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კერძო საჩივრის შეტანა დასაშვებია მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ამიტომ ვ. გ.-ს კერძო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 17 ოქტომბრის განჩინებაზე დაუშვებლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ამავე სასამართლოს 2002წ. 29 ოქტომბრის განჩინება ვ. გ.-ს კერძო საჩივრის დაუშვებლობის შესახებ.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 417-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ. გ.-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს, დაუშვებლობის მოტივით;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 17 და 29 ოქტომბრის განჩინებები;
3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.