საქმე №ას-787-787-2018 14 ივნისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ. ფ.-ა
მოწინააღმდეგე მხარე – ინდივიდუალური ბინათმესაკუთრეთა ამახანაგობა „ბ.-“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 აპრილის განჩინება
დავის საგანი – ბინათმშენებლობის ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ინდივიდუალური ბინათმესაკუთრეთა ამახანაგობა „ბ.--მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების – შპს „თ.-ის,“ გ. ფ.-ას, ნ. დ.-ის, ზ. მ.-ის მიმართ ბინათმშენებლობის ხელშეკრულების შესრულებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით ინდივიდუალური ბინათმესაკუთრეთა ამახანაგობა „ბ.--ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეებს - შპს ,,თ.-ის“, ზ. მ.-ეს, ნ. დ.-ის და გ. ფ.-ას ინდივიდუალური ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ბ.-”-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ დაბა ბ.-ში, დ.-ის მიმდებარედ, მწვანე ველის ტერიტორიაზე №.. და №.. კორპუსებისათვის საპროექტო სამუშაოების დასრულებისათვის თანხის 285000 ლარის გადახდა. მოსარჩელე ინდივიდუალური ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ბ.-”-ს უარი ეთქვა სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული გადფაწყევტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ. ფ.-ამ, ზ. მ.-ემ, ნ. დ.-მა, შპს „თ.-იმ“ და მოითხოვეს მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 სექტემბრის დაუსწრებელი გაგადაწყვეტილებით შგ. ფ.-ას, ზ. მ.-ის, ნ. დ.-ის და შპს ,,თ.-ის” შუამდგომლობა მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე დაკმაყოფილდა. გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ბ.--ის“ სარჩელი მოპასუხეების –შპს ''თ.-ის'', ზ. მ.-ის, ნ. დ.-ის, გ. ფ.-ას, კ. ფ.-ისა და მ. ფ.-ის მიმართ ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების თაობაზე დარჩა განუხილველად. გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღოსნისძიება და ყადაღა მოეხსნა: ბ.-ში, დაბა ბ.-ში მდებარე მოპასუხე გ. ფ.-ას (პ/ნ N...) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას „დ.-ი“, საკადასტრო კოდი: ...; ფართობი - ... კვ.მ; ქ.თ.-ში, გ.-ის ქ. N..-ის გ.-ის მე-.. გასასვლელი N..-ში მე-.. სართულზე მოპასუხე ზ. მ.-ის (პ/ნ N...) საკუთრებაში მდებარე ბინა N... (მანსარდი), მე-.. კორპუსში, საკადასტრო კოდი N..., ფართობი - .. კვ.მ; მშენებარე ბინა.
დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ინდივიდუალური ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ბ.--მა“ და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 8 დეკემბრის განჩინებით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ბ.--ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 სექტემბრის დაუსწრებელი გაგადაწყვეტილებაზე 2017 წლის 5 მაისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი სახელმწიფო ბაჟის ნაწილში.
გ. ფ.-ამ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემა იმ საფუძვლით, რომ დედანი დაკარგულია და მოძიება ვერ ხერხდება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით გასწორდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 5 მაისს სამოქალაქო საქმეზე №... გაცემული სააღსრულებო ფურცელი იმგვარად, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების თარიღად 2016 წლის 11 ნოემბრის ნაცვლად მიეთითა 2016 წლის 26 სექტემბერი. გ. ფ.-ას განცხადება დაკმაყოფილდა. სამოქალაქო საქმეზე №... გაიცა სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გაგადაწყვეტილების საფუძველზე გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით.
2018 წლის 20 თებერვალს გ. ფ.-ამ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 სექტემბრის დაუსწრებელი გაგადაწყვეტილებაში უსწორობის გასწორება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 აპრილის განჩინებით გ. ფ.-ას განცხადება უსწორობის გასწორების თაოაბზე არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ფ.-ას წარმომადგენელმა შ. ქ.-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ფ.-ას კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან ათი დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, სხვა წინაპირობებთან ერთად არკვევს შეტანილია თუ არა კერძო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, განჩინების გასაჩივრებისათვის კანონი ადგენს 12-დღიან ვადას, რომლის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია და მხარეს უფლება ეძლევა კერძო საჩივარი შეიტანოს განჩინების კანონით დადგენილი წესის შესაბამისად ჩაბარების ან მისი გამოცხადების მომენტიდან. აღნიშნული ნორმა იმპერატიული ხასიათისაა და ამ ვადის შეცვლა არ დაიშვება.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 აპრილის განჩინება კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელ შ. ქ.-ეს მის მიერ მითითებულ მისამართზე გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით. სასამართლოში დაბრუნებული საფოსტო შეტყობინებიდან ირკვევა, რომ გზავნილი შ. ქ.-ეს პირადად ჩაბარდა 2018 წლის 17 მაისს. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, განჩინების გასაჩივრების 12-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2018 წლის 18 მაისს და ამოიწურა ამავე წლის 29 მაისს, ხოლო კერძო საჩივარი გ. ფ.-ას წარმომადგენელმა შ. ქ.-ემ ფოსტას ჩააბარა 2018 წლის 30 მაისს (ტ.4, ს.ფ.394-395), ე.ი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლით დადგენილი გასაჩივრების 12-დღიანი საპროცესო ვადის დარღვევით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ. ფ.-ას კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს საპროცესო ვადის გაშვების გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე, 420-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ფ.-ას კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი