3გ-ად-87კს-02 17 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ბ. კობერიძე
დავის საგანი: 1. სარჩელის წარმოებაში მიღება; 2. სარჩელის უზრუნველყოფა.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 28 ნოემბერს საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტიამ სარჩელით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს ცსკოს მიმართ და მოითხოვა ცსკოს 2002წ. 1 ნოემბრის ¹160/2002 განკარგულებისა და ამ განკარგულებით დამტკიცებული “2002წ. 2 ივნისის ქ. თბილისის საარჩევნო ოლქში პროპორციული სისტემით ასარჩევი თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის” მესამე კარის იმ ნაწილის ბათილად ცნობა, რომელიც კერძო საჩივრის ავტორებს – ზ. ბ.-ს, ა. ტ.-სა და ჯ. შ.-ს ეხებოდათ. მოსარჩელის მითითებით, ცსკოს მიერ თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგების შეჯამებამდე საქართველოს ლეიბორტისტული (შრომის) პარტიის პარტიული სიით წარდგენილი კანდიდატების სამართლებრივი მდგომარეობა (პარტიული კუთვნილება) შეიცვალა. კერძოდ, პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა ა. ტ.-მ და პარტიის პოლიტიკური კომიტეტის წევრმა ჯ. შ.-მ დატოვეს საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტიის რიგები და “საქართველოს მშრომელთა უფლებების დაცვის პარტია” ჩამოაყალიბეს, ხოლო საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტიის ორგანიზაციული მდივანი ზ. ბ.-ი გარიცხულ იქნა პარტიის რიგებიდან. მოსარჩელემ სსკ-ს 191-ე, 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” პუნქტის შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ასევე მოითხოვა დავის გადაწყვეტამდე ქ. თბილისის საკრებულოსათვის ა. ტ.-ს, ჯ. შ.-სა და ზ. ბ.-ის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხის განხილვის აკრძალვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 2 დეკემბრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტიის სარჩელი ცსკოს მიმართ, რადგან სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ სარჩელი აკმაყოფილებდა სსკ-ს 178-ე, 179-ე მუხლის მოთხოვნებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნაწილობრივ შეჩერებულად ჩაითვალა ცსკოს სადავო ¹160/2002 განკარგულებით დამტკიცებული თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის მესამე კარი, რომელიც ზ. ბ.-ს, ა. ტ.-სა და ჯ. შ.-ს ეხებოდათ, რადგან კოლეგიამ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “დ” პუნქტის თანახმად მიიჩნია, რომ ცსკოს სადავო ¹160/2002 განკარგულებით დამტკიცებული “2002წ. 2 ივნისის ადგილობრივ წარმომადგენლობითი ორგანოს – ქ. თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი” არის ადმინისტრაციული აქტი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც მოჰყვება სამართლებრივი შედეგი. ამასთან, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩართულ ქ. თბილისის საკრებულოს სასამართლოს განჩინებით აეკრძალა საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ზ. ბ.-ის, ა. ტ.-სა და ჯ. შ.-ს საკრებულოს წევრის უფლებამოსილებათა ცნობა, სსკ-ს მე-7 მუხლისა და 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” პუნქტის საფუძველზე. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 2 დეკემბრის განჩინების საფუძველზე იმავე დღეს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 2 დეკემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს მესამე პირებმა ა. ტ.-მ, ზ. ბ.-მ და ჯ. შ.-მ, რომლებმაც განჩინებისა და სააღსრულებო ფურცლის გაუქმება მოითხოვეს შემდეგი მოტივებით:
1. კერძო საჩივრის ავტორები სადავოდ ხდიან საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტიის სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხს და საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მიაჩნიათ, რომ ცსკოს ¹160/2002 განკარგულებით დამტკიცებული “2002წ. 2 ივნისის ქ. თბილისის საარჩევნო ოლქში პროპორციული სისტემით ასარჩევი თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი” არ ექვემდებარება სასამართლო უწყების განხილვას, რადგან იგი პირდაპირ არ წარმოშობს სამართლებრივ შედეგს, არამედ შემაჯამებელი ოქმი წარმოადგენს ¹160/2002 განკარგულების იურიდიულ საფუძველსა და მის განუყოფელ ნაწილს;
2. კერძო საჩივრის ავტორთა აზრით, საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტიის სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ განჩინება უნდა გაუქმდეს, რადგან ცსკოს 2002წ. 1 ნოემბრის ¹160/2002 განკარგულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ სარჩელი სასამართლოში შეტანილია საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალიწინებული სამდღიანი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დარღვევით. ამასთან, კენჭისყრის შემდეგ მოსარჩელის _ საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტიის მიერ თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ სარჩელის წარდგენა ეწინააღმდეგება საქართველოს საარჩევნო კოდექსის 120-ე მუხლის მე-3 და 121-ე მუხლის პირველ პუნქტებს;
3. კერძო საჩივრის ავტორებს მიაჩნიათ, რადგან უკანონოა საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტიის სარჩელის წარმოებაში მიღება, ასევე უმართებულოა თბილისის საოლქო სასამართლოს 2002 წ. 2 დეკემბრის განჩინების მე-7 ნაწილში მითითებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სსკ-ს მე-7 მუხლისა და 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” პუნქტის შესაბამისად, ქ. თბილისის საკრებულოს აეკრძალა მათი (ზ. ბ.-ის, ა. ტ.-სა და ჯ. შ.-ს) საკრებულოს წევრად უფლებამოსილების ცნობის საკითხის განხილვა, საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. კერძო საჩივრის ავტორთა აზრით, სსკ-ს 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” პუნქტის მიხედვით, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, შეიძლება მხოლოდ მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა და ანალოგიით მესამე პირისათვის _ ქ. თბილისის საკრებულოსათვის რაიმე მოქმედების შესრულების აკრძალვა პროცესუალურად დაუშვებელია.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 10 დეკემბრის განჩინებით ა. ტ.-ს, ჯ. შ.-სა და ზ. ბ.-ის კერძო საჩივარი, დაუშვებლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ დაკმაყოფილდა და სსკ-ს 417-ე მუხლის თანახმად, განსახილველად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
მოპასუხე საქართველოს ცსკოს წარმომადგენელმა კერძო საჩივარი ცნო საქართელოს ლეიბორისტული (შრომის) პარტიის სარჩელის წარმოებაში მიღების ნაწილში და მიუთითა, რადგან სარჩელი შეტანილი იყო საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული 3-დღიანი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დარღვევით, სარჩელის წარმოებაში მიღების ნაწილში კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და, შესაბამისად, ნაწილობრივ გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 2 დეკემბრის განჩინება.
მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელე) – საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტიისა და მესამე პირის – ქ. თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებმა კერძო საჩივარი არ ცნეს, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და თბილისის საოლქო სასამართლოს განჩინების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ტ.-ს, ზ. ბ.-ისა და ჯ. შ.-ს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 2 და 10 დეკემბრის განჩინებები შემდეგ გარემოებათა გამო:
1. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 2 დეკემბრის გასაჩივრებული განჩინების პირველი ნაწილით სასამართლომ წარმოებაში მიიღო საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტიის სარჩელი მოპასუხე ცსკოს მიმართ, რასაც არ ეთანხმებიან კერძო საჩივრის ავტორები და სარჩელის წარმოებაში მიღების ნაწილში განჩინების გაუქმებას ითხოვენ სარჩელის დაუშვებლობის მოტივით, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ სარჩელი შეტანილია სასარჩელო ხანდაზმულობის სამდღიანი ვადის დარღვევით და ამასთან, თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება. საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტიის სარჩელის წარმოებაში მიღების ნაწილში საკასაციო პალატა კერძო საჩივარს დაუშვებლობის მოტივით ვერ გაიზიარებს, ვინაიდან:
ა) ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: “თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ს დებულებანი". ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი არ ადგენს ადმინისტრაციულ დავებზე სარჩელის წარმოებაში მიღების განსხვავებულ წესს, სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხის გადაწყვეტისას თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიამ იხელმძღვანელა სსკ-ით;
ბ) სასამართლო კოლეგიამ წარდგენილი სარჩელის სსკ-ს 178-ე, 179-ე მუხლებთან შესაბამისობის შემოწმების შედეგად მიიჩნია, რომ არ არსებობდა კოდექსის 186-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის მიღებაზე უარის თქმის რაიმე საფუძველი და სარჩელი წარმოებაში მიიღო. სსკ-ს 414-ე მუხლის პირველი ნაწილით იმპერატიულად დადგენილია: “კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში". ვინაიდან სსკ-ს 185-ე მუხლი ითვალისწინებს კერძო საჩივრის შეტანას მხოლოდ სარჩელის უმოძრაოდ დატოვების შესახებ განჩინებაზე, 414-ე მუხლიდან გამომდინარე, სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ განჩინება კერძო საჩივრით არ საჩივრდება და ამიტომ ამ ნაწილში კერძო საჩივარი დაუშვებელია. საკასაციო პალატა პროცესუალურად არაუფლებამოსილია ამ ეტაპზე იმსჯელოს სარჩელის წარმოებაში მიღების კანონიერებაზე და კერძო საჩივარს სარჩელის მიღების შესახებ განჩინების გაუქმებაზე უარი უნდა ეთქვას;
გ). საკასაციო პალატა კერძო საჩივრის ავტორებს განუმარტავს, რომ სსკ-ს 404-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: “საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამრთლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა". ამდენად, სარჩელის დასაშვებობის მართლზომიერების საკითხი კერძო საჩივრის ავტორებს შეუძლიათ სადავოდ გახადონ მხოლოდ თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრების სტადიაზე და ამ ეტაპზე, როგორც აღვნიშნეთ, სარჩელის წარმოებაში მიღების ნაწილში კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს დაუშვებლობის მოტივით.
2. კერძო საჩივრის ავტორები ასაჩივრებენ თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 2 დეკემრის განჩინების მე-7 ნაწილს, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, სსკ-ს მე-7 მუხლისა და 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” პუნქტის შესაბამისად, საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, ქ. თბილისის საკრებულოს აეკრძალა მათი (ზ. ბ.-ის, ა. ტ.-ს, ჯ. შ.-ს) საკრებულოს წევრად უფლებამოსილების ცნობის საკითხის განხილვა. კერძო საჩივრის ავტორთა აზრით, სასამართლოს მიერ მითითებული ნორმა ითვალისწინებს მხოლოდ მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვას და ანალოგიის გამოყენებით მესამე პირისათვის – ქ. თბილისის საკრებულოსათვის რაიმე მოქმედების შესრულების აკრძალვა დაუშვებელია.
სსკ-ს 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” პუნქტის მიხედვით, მართალია, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს მარტოოდენ მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა, მაგრამ გასაჩივრებული განჩინების მე-2 ნაწილით შეჩერებულად ჩაითვალა ცსკოს სადავო ¹160/2002 განკარგულებით დამტკიცებული “2002წ. 2 ივნისის ქ.თბილისის საარჩევნო ოლქში პროპორციული სისტემით ასარჩევი თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის” მესამე კარიც იმ ნაწილში, რომელიც ზ. ბ.-ს, ა. ტ.-სა და ჯ. შ.-ს ეხებოდათ, რადგან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: “სარჩელის წარდგენა სასამართლოში აჩერებს გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის მოქმედებას” და სარჩელის უზრუნველყოფის სახით სადავო აქტის მოქმედების შეჩერება არ არის დამოკიდებული სასამართლოს ნებაზე, რაც კერძო საჩივრის ავტორებს სადავოდ არ გაუხდიათ და არც საოლქო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინების მე-2 ნაწილი გაუსაჩივრებიათ.
საკასაციო პალატა ნაწილობრივ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრებას ანალოგიით სსკ-ს 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” პუნქტის არასწორად გამოყენების თაობაზე, ვინაიდან აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს მხოლოდ მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვას, მაგრამ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ასევე სარჩელის უზრუნველყოფის სახით, “სასამართლო უფლებამოსილია მხარის მოთხოვნით გამოიტანოს განჩინება დროებითი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელების ან რაიმე მოქმედებისგან თავის შეკავების შესახებ”. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის აღნიშნული ნორმა სსკ-ს 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” პუნქტისაგან განსხვავებით არ მიუთითებს, რომ რაიმე მოქმედების შესრულება მხოლოდ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს შეიძლება აეკრძალოს. ამიტომ, საკასაციო პალატის აზრით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით დასაშვებია საქმეში მესამე პირად ჩაბმული ადმინისტრაციული ორგანოსათვის დროებითი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის, რაიმე მოქმედების განხორციელების დავალდებულება ან რაიმე მოქმედების შესრულების აკრძალვა. ამასთან, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ეს ღონისძიება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ საქმეში მესამე პირად ჩაბმული ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, ხოლო კერძო სამართლის ფიზიკური ან იურიდიული პირების მიმართ, თუ ისინი საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას არ ახორციელებენ, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენება დაუშვებელია.
საკასაციო პალატა, მართალია, იზიარებს კერძო საჩივარს ანალოგიით სსკ-ს 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” პუნქტის არასწორად გამოყენების შესახებ, მაგრამ რადგან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით დასაშვებია საქმეში მესამე პირად ჩაბმული ადმინისტრაციული ორგანოსათვის რაიმე მოქმედების შესრულების აკრძალვა და არსებითად სარჩელის უზრუნველყოფის აღნიშნული ღონისძიება _ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, ქ. თბილისის საკრებულოსათვის კერძო საჩივრის ავტორთა საკრებულოს წევრად უფლებამოსილების ცნობის საკითხის განხილვის აკრძალვა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის იმპერატიული მოთხოვნის _ სადავო ადმინისტრაციული აქტის (ცსკოს ¹160/2002 განკარგულებისა და ამ განკარგულებით დამტკიცებული არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის) მოქმედების შეჩერების ლოგიკური შედეგია, ამიტომ სასამართლო კოლეგიის მიერ განჩინებაში სარჩელის უზრუნველყოფაზე დამატებით მითითება კანონის უხეშ დარღვევას არ წარმოადგენს და კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ამდენად, საკასაციო პალატა დაუშვებლობის მოტივით ვერ გაიზიარებს კერძო საჩივარს საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტიის სარჩელის წარმოებაში მიღების ნაწილში, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის - გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, ქ. თბილისის საკრებულოსათვის კერძო საჩივრის ავტორთა საკრებულოს წევრად უფლებამოსილების ცნობის საკითხის განხილვის აკრძალვის გაუქმებას ვერ დაეთანხმება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე და 31-ე მუხლების პირველი ნაწილიდან გამომდინარე. ამიტომ, საკასაციო პალატის აზრით, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 2 და 10 დეკემბრის განჩინებები. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს თბილისის საოლქო სასამართლოს, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საარჩევნო დავები და, შესაბამისად, ცსკოს გადაწყვეტილებების კანონიერების შესახებ სარჩელები სასამართლოში განხილული უნდა იქნეს 3 დღის ვადაში.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. ტ.-ს, ზ. ბ.-ისა და ჯ. შ.-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 2 და 10 დეკემბრის განჩინებები;
3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.