№330210015741028
საქმე №ას-38-38-2018 08 ივნისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე
სხდომის მდივანი – ლელა სანიკიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენით
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს-ია“ (მოპასუხე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე – მ- მ-ი, პ. დ-ი, ბ. ა-ი, ლ. გ-ა (მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – ხელშეკრულებიდან გასვლა და ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2011 წლის 23 მარტს სს „ს -იასა“ (შემდეგში: გამყიდველი ან მოპასუხე ან აპელანტი ან კასატორი) და მ- მ-ს (შემდეგში: მყიდველი ან მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება P- Hi B--ის მიერ მიწოდებული ხარისხობრივი მაჩვენებლების დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე სიმინდის სათესლე მასალაზე. მყიდველმა შეისყიდა: 168 ტომარა PR38R92 სახეობის სათესლე მასალა 16000 მარცვლიანი შეფუთვით (70 ლარი) და 131 ტომარა PR35F38 სახეობის სათესლე მასალა 65000 მარცვლიანი შეფუთვით (240 ლარი). საქონლის ფასი განისაზღვრა 43 200 ლარით. ნასყიდობის საფასურის ანაზღაურება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უგვიანეს 7 თვის განმავლობაში (ტ.1. ს.ფ. 18).
2. 2011 წლის 28 მარტს გამყიდველს და პ. დ-ს (შემდეგში: მეორე მოსარჩელე ან მეორე მყიდველი) შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება P- Hi B--ის მიერ მიწოდებული ხარისხობრივი მაჩვენებლების დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე სიმინდის სათესლე მასალაზე. მყიდველმა შეისყიდა: 75 ტომარა PR35P12 სახეობის სათესლე მასალა 65000 მარცვლიანი შეფუთვით (240 ლარი) საქონლის ფასი განისაზღვრა 18 000 ლარის ოდენობით. ნასყიდობის საფასურის ანაზღაურება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უგვიანეს 7 თვის განმავლობაში.
3. 2011 წლის 8 აპრილს გამყიდველსა და ბ. ა-ს (შემდეგში: მესამე მოსარჩელე ან მესამე მყიდველი) შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება P- Hi B--ის მიერ მიწოდებული ხარისხობრივი მაჩვენებლების დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე სიმინდის სათესლე მასალაზე. მყიდველმა შეისყიდა: 70 ტომარა PR35F38 სახეობის სათესლე მასალა 65000 მარცვლიანი შეფუთვით (240 ლარი). საქონლის ფასი განისაზღვრა 16800 ლარის ოდენობით. ნასყიდობის საფასურის ანაზღაურება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უგვიანეს 7 თვის განმავლობაში.
4. 2011 წლის 6 აპრილს გამყიდველსა და ლ. გ-ას (შემდეგში: მეოთხე მოსარჩელე ან მეოთხე მყიდველი) შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება P- Hi B--ის მიერ მიწოდებული ხარისხობრივი მაჩვენებლების დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე სიმინდის სათესლე მასალაზე. მყიდველმა შეისყიდა: 36 ტომარა PR35F12 სახეობის სათესლე მასალა 65000 მარცვლიანი შეფუთვით (240 ლარი). საქონლის ფასი განისაზღვრა 8 640 ლარის ოდენობით. ნასყიდობის საფასურის ანაზღაურება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უგვიანეს 7 თვის განმავლობაში.
5. მყიდველებმა მიიღეს საქონელი.
6. მყიდველებმა ნასყიდობის საფასურის გადახდის ვალდებულების შესრულება უზრუნველყვეს სს „ჯ. ჰ-ის“ (შემდეგში: გარანტორი) მიერ გაცემული საბანკო გარანტიებით. გარანტორმა საგარანტიო თანხა გადაუხადა გამყიდველს 2013 წლის 25 ნოემბრის მოთხოვნის შესაბამისად.
7. თავის მხრივ, მყიდველებმა აუნაზღაურეს გარანტორს გადახდილი საგარანტიო თანხა.
8. მოსარჩელეებმა სარჩელი აღძრეს გამყიდველის წინააღმდეგ ხელშეკრულებიდან გასულად აღიარების და გამყიდველის მიერ უსაფუძვლოდ მიღებული თანხის დაბრუნების მოთხოვნით, საიდანაც პირველი მყიდვილისთვის გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს 43 200 ლარს, მეორე მყიდველისთვის - 18 000 ლარს, მესამე მყიდველისთვის - 16 800 ლარს და მეოთხე მყიდველისთვის - 8 640 ლარს [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 405-ე და 352-ე მუხლები].
9. გარდა ამისა, მოსარჩელეთა მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის სახით დამდგარი ზიანის ანაზღაურებაში მდგომარეობდა, საიდანაც პირველი მყიდველისათვის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა შეადგენს 7000 ლარს, მეორე მყიდველისათვის - 12000 ლარს, მესამე მყიდველისათვის - 1200 ლარს, მეოთხე მყიდველისათვის - 25 000 ლარს [სსკ-ის 394-ე და 411-ე მუხლები].
10. ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძვლად მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ მყიდველის მიერ მიწოდებული პროდუქცია გამოდგა უხარისხო და შეუსაბამო სიმინდის თესლის მოსავლიანობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან. ამ საფუძვლით მყიდველებმა უარი განაცხადეს ნასყიდობის საფასურის გადახდაზე. გამყიდველმა კი, მოთხოვნა გარანტორის მეშვეობით დაიკმაყოფილა.
11. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხავი და განხორციელების შემაფერხებელი (ხანდაზმულობა) შედავება, რაც ხელშეკრულებიდან გასვლის წინაპირობების არარსებობაში, კერძოდ, ნასყიდობის საგანის უხარისხობის დაუდასტურებლობასა და თავის მხრივ, მყიდველთა მხრიდან თესვის შემდგომ ეტაპზე რეკომენდაციების დაუცვებლობაში მდგომარეობდა.
12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოთხოვნა ნასყიდობის ხელშეკრულებდან გასულად აღიარებისა და გამყიდველისათვის პირველი მყიდველის სასარგებლოდ ნასყიდობის ხელშეკრულების საფასურის ანგარიშში 43 200 ლარის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდა, ხოლო მოთხოვნა ზიანის - 7000 ლარის დაკისრების ნაწილში, უარყოფილი იქნა.
13. მეორე მყიდველის მოთხოვნა ნასყიდობის ხელშეკრულებდან გასულად აღიარებისა და გამყიდველისათვის მეორე მყიდველის სასარგებლოდ ნასყიდობის ხელშეკრულების საფასურის ანგარიშში 18 000 ლარის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდა, ხოლო მოთხოვნა ზიანის - 12 000 ლარის დაკისრების ნაწილში, უარყოფილი იქნა.
14. მესამე მყიდველის მოთხოვნა ნასყიდობის ხელშეკრულებდან გასულად აღიარებისა და გამყიდველისათვის მეორე მყიდველის სასარგებლოდ ნასყიდობის ხელშეკრულების საფასურის ანგარიშში 16 800 ლარის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდა, ხოლო მოთხოვნა ზიანის - 1200 ლარის დაკისრების ნაწილში, უარყოფილი იქნა.
15. მეოთხე მყიდველის მოთხოვნა ნასყიდობის ხელშეკრულებდან გასულად აღიარებისა და გამყიდველისათვის მეოთხე მყიდველის სასარგებლოდ ნასყიდობის ხელშეკრულების საფასურის ანგარიშში 8640 ლარის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდა, ხოლო მოთხოვნა ზიანის - 25 000 ლარის დაკისრების ნაწილში, უარყოფილი იქნა.
16. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ამ განჩინების პპ: 1-7-ში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
17. მოსარჩელეთა პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მათთვის გადაცემული ნასყიდობის საგანი - სიმინდის სათესლე მასალა, არ იყო შეთანხმებული თვისებების და მოსარჩელეების შემთხვევაში 1ჰა მიწის ნაკვეთზე მოვიდა საშუალოდ მხოლოდ 1 ტონა სიმინდი, საქალაქო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
18. ნასყიდობის ხელშეკრულება ითვალისწინებდა ისეთ არსებით პირობებზე შეთანხმებას, როგორიც იყო სიმინდის მაღალი მოსავლიანობა (მოსავლიანობის საშუალო მაჩვენებელი იყო ჰექტარზე 10-12 ტონა. PR38R92 სახეობის სათესლე მასალის მოსავლიანობის საშუალო მაჩვენებლი - 8-10 ტონა ჰექტარზე), გამძლეობა ჩაწოლაზე, გვალვაგამძლეობა და დაავადებებისადმი მდგრადობა. თესვის რეკომენდირებული ნორმა იყო 60 000 - 65 000 მარცვალი ერთ ჰექტარზე, სათესლე მასალის ღირებულება 65 000 მარცვალი - 240 ლარი (1 ჰექტარზე სამყოფი სათესლე მასალა), 16 000 მარცვალი - 70 ლარი (0,25 ჰექტარზე სამყოფი სათესლე მასალა). დაცული უნდა ყოფილიყო მწკრივთაშორისი და რიგთაშორისი შესაბამისი მანძილები, მაღალი მოსავლის მისაღებად აუცილებელი იყო აგრო კალენდრის მიხედვით განსაზღვრული სასუქების შეტანა და დათესილი ფართობის მორწყვა (მტკიცებულებები: სარეკლამო - საინფორმაციო მასალა).
19. გამყიდველი სიმინდის თესლის რეალიზაციას ახორციელებდა სიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენდა ს-ის მ-ის სამინისტროს ინიციატივას და მისი მიზანი იყო სიმინდის მოსავლიანობის დონისა და ხარისხის ზრდა. მოპასუხე საჯაროდ სთავაზობდა (საინფორმაციო ბროშურებში) დაინტერესებულ პირებს სათესლე მასალის შესყიდვას და აცნობდა პირობებს, შესაბამისად მოსარჩელეებსა და მოპასუხეს შორის სწორედ ზემოაღნიშნული თვისებების მქონე სათესლე მასალა იყო შეთანხმების საგანი.
20. შპს „მ-მა“ 2013 წლის 15 თებერვალს ჩაატარა სათესლე სიმინდის „პ-ის“ PR35F38-ჰიბრიდის ნიმუშზე კვლევა. დასკვნის მიხედვით, თესლის გაღვივების ენერგია შეადგენს 22-25%-ს, ხოლო გაღვივების უნარი 23-25%-ს და არ შეესაბამება სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ლაბორატორიულ პირობებში წარმოდგენილი თესლის გარკვეული ნაწილი ჩაითესა სავეგეტაციო ქოთნებში მომზადებულ ნიადაგში. ამ შემთხვევაში, ნიადაგში ჩათესილი მარცვლის 8% აღმოცენდა.
21. სასამართლომ მიიჩნია, რომ მართალია არ დგინდებოდა შემოწმებულ სიმინდსა და უშუალოდ მოსარჩელეების სასაქონლო პარტიას მიკუთვნებულ სიმინდს შორის უშუალო კავშირი, მაგრამ კვლევა ერთმნიშვნელოვნად ჩაუტარდა გამყიდველის სიმინდს, რომლის რეალიზაციასაც გამყიდველი ახორციელებდა სიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში.
22. შპს „მ-ის“ 2014 წლის 2 მაისის წერილში მითითებულია, რომ მას მონაწილეობა არ მიუღია სიმინდის სინჯის აღების პროცედურაში, აღნიშნული სინჯის რომელიმე სასაქონლო პარტიასთან იდენტობის დადგენის მიზნით, შპს „მ-ს“ არ დაუდგენია საკვლევად წარდგენილი სიმინდის სინჯი მიეკუთვნებოდა თუ არა გამყიდველის მიერ რეალიზებულ პროდუქტს - კომპანია „პ-ის“ ჰიბრიდს.
23. ზემოაღნიშნულის მიუხედავად, სასამართლომ აღიშნა, რომ მოპასუხის მიერ პროექტის ფარგლებში რეალიზებულ სიმინდსა და გამოკვლეულ სათესლე მასალას შორის კავშირის დადგენა შესაძლებელი იქნა საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებითაც, კერძოდ, მხედველობაში იქნა მიღებული, რომ შპს „მ-ს“ სიმინდის თესლი შესამოწმებლად გადასცა არასამეწარმეო იურდიული პირის - სიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროგრამით დაზარალებულთა კავშირმა. კვლევა ჩაუტარდა სწორედ საქართველოში შემოტანილ თესლის ნიმუშს.
24. მართალია, მოპასუხის მიერ წარმოდგენილ იქნა რუმინეთის ს-ის მ-ის, მეტყევეობის და ს-ის განვითრების სამინისტროს და სათესი და სარგავი მასალის ხარისხის ცენტრალური ლაბორატორიის მიერ გაცემული სერტიფიკატები სათეს მასალაზე, მაგრამ აღნიშნული სერტიფიკატები გაიცა რუმინეთის რესპუბლიკაში არსებულ მასალაზე და მათი კავშირი უშუალოდ საქართველოში შემოსულ და უშუალოდ მოსარჩელეებზე რეალიზებულ სათესლე მასალის პარტიაზე უტყუარად არ დასტურდებოდა.
25. სასამართლოს მითითებით, არ დადასტურდა ისიც, თუ შპს „მ-ის“ მიერ შემოწმებული სათესლე მასალა 2013 წლის მდგომარეობით რა პირობებში ინახებოდა, მაგრამ არც შპს „მ-ის“ კვლევა და არც საქმეში წარმოდგენილი სხვა რაიმე მტკიცებულება არ ადასტურებდა საპირისპიროს, კერძოდ, იმას რომ, სათესლე მასალა უვარგისი გახდა სწორედ გამყიდველის მიერ მისი რეალიზაციის შემდგომ პერიოდში შენახვის პირობების დაუცველობის შედეგად.
26. გარდა ზემოაღნიშნულისა, მოსარჩელეების ინიციატივით დაკითხულმა მოწმეებმა: ნ- ტ-მა, ი- ჩ-ემ, ი- კ-ემ, ა- მ-მა, რომლებიც ზედამხედველობას ახოციელებდნენ მოსარჩელეებისათვის გადაცემული სიმინდის დათესვა და მოვლის პროცესზე საქართველოს სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში, დაადასტურეს რომ სათესლე მასალას არ აღმოაჩნდა გაღვივების და აღმოცენების სათანადო უნარი.
27. სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია, მოპასუხის ინიციატივით დაიკითხა მოწმე ზ- კ-აძე, რომელსაც ასევე ჰქონდა შეძენილი სიმინდის მარცვალი და პრეტენზია არ გააჩნდა სათესლე მასალასთან დაკავშირებით, მაგრამ აღნიშნული წარმოადგენდა ერთეულ შემთხვევას და უფრო ხშირ შემთხვევებში, საქართველოს სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში სათესლე მასალის გამოყენებამ დათქმული თვისებები არ გამოავლინა. გარდა ამისა, მოსარჩელეებმა დაახლოებით ერთსა და იმავე პერიოდში შეიძინეს სიმინდის სათესლე მასალა და მაღალი ალბათობით მასალა ერთსა და იმავე სასაქონლო პარტიას მიკუთვნებული იქნებოდა განსხვავებით მოწმე ზ- კ-აძის მიერ შეძენილი მასალისა. სათესლე მასალის უხარისხობა გარდა მხარეთა ახსნა-განმარტების, მოწმეთა ჩვენების და სპეციალისტის დასკვნისა, დგინდებოდა ასევე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით სხვადასხვა დროს გავრცელებული მასალებით, რომლითაც დასტურდებოდა მომხმარებლების პრეტენზია შეძენილ სათესლე მასალასთან მიმართებაში,
28. ასევე, ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2016 წლის 23 მარტს მიღებული განჩინებით დადასტურდა სათესლე მასალის უხარისხობა, აღნიშნულ დავაში პირველი და მეორე მოსარჩელე მონაწილეობდნენ მესამე პირებად დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე.
29. სასამართლომ უარყო მოპასუხის განმარტება, რომ შესაძლებელი იყო მოსარჩელეებს დაცული არ ჰქონოდათ სიმინდის მოყვანისათვის საჭირო ყველა აგროპროცესი, მათ შორის: აგრო კალენდრის მიხედვით განსაზღვრული სასუქების შეტანასა და დათესილი ფართობის მორწყვასთან მიმართებაში საჭირო წესი. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხის ამგვარი მტკიცება ეყრდნობა მხოლოდ ზეპირ მოსაზრებას, რასაც თავის მხრივ, უარყოფდნენ მოსარჩელეები, ასევე მოწმეები, რომელთა მტკიცებით ისინი უშუალოდ მონაწილეობდნენ ყველა აგროპროცესის სწორად წარმართვაში. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მითითება რომ საქმეში წარმოდგენილი 2011 წლის 15 ნოემბრის ხელშეკრულება კ-იის საკუთრებაში არსებულ შესანახ ცენტრებში სიმინდის გაშრობა - შენახვის მომსახურების შესახებ და მიღება-ჩაბარების აქტები აბათილებდა მოსარჩელეების არგუმენტს მოსავლის მიუღებლობასთან დაკავშირებით და რომ აღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ პირველმა მოსარჩელემ მიიღო მოსავალი და იგი შესანახ პუნქტებში მიაბარა მოპასუხეს.
30. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტების უმრავლესობა შედგენილი იყო არა სიმინდის გაშრობა-შენახვის მომსახურების შესახებ 2011 წლის 15 ნოემბრის ხელშეკრულების საფუძველზე, არამედ საფუძვლად მითითებული იყო სხვა ხელშეკრულებები (2011 წლის 21 დეკემბრის და 2011 წლის 18 დეკემბრის, 2011 წლის 19 ნოემბრის) და არც მიღება-ჩაბარების აქტებით არ ირკვეოდა თუ კონკრეტულად რომელი მარცვლოვანი კულტურა ჩაბარდა შესანახად. საქმეში წარმოდგენილი იყო მხოლოდ 6 მიღება-ჩაბარების აქტი, შედგენილი 2011 წლის 15 ნოემბრის ხელშეკრულების საფუძველზე, მიღება-ჩაბარება განხორციელდა 2011 წლის 15 ნოემბერს საერთო ჯამში, 65 400 (65 ტონა) კილოგრამ სიმინდის მარცვლეულზე. ამასთან, მითითებული არ იყო თუ კონკრეტულად რომელი ჯიშის სიმინდის მარცვალი იქნა მიბარებული. იმავდროულად, აღნიშნული არ აბათილებდა მოსარჩელის არგუმენტს, რომ ჰექტარზე დაპირებული 10 ტონის ნაცვლად მოვიდა მხოლოდ 1 ტონა.
31. საქმის მასალებით არ დადასტურდა, რომ მოსარჩელეებმა მოპასუხესთან ხელშეკრულება დადეს როგორც მეწარმე სუბიექტებმა. ხელშეკრულება არ შეიცავდა მითითებას მოსარჩელეების როგორც მეწარმე სუბიექტების შესახებ.
32. სასამართლომ მხოლოდ მოსარჩელეების ახსნა-განმარტებასა და მოწმეთა ჩვნებებზე დაყრდნობით არ ჩათვალა დადასტურებულად, თუ კონკრეტულად რომელ მოსარჩელეს რა კონკრეტულ ფართობზე ჰქონდა დათესილი მოპასუხისაგან შეძენილი სიმინდის მარცვალი და რომ მათ შესაბამისად შემოსავლის სახით უნდა მიეღოთ: პირველ მოსარჩელეს 7000 ლარის, მეორე მოსარჩელეს 12000 ლარის, მესამე მოსარჩელეს 12 000 ლარის, მეოთხე მოსარჩელეს - 25000 ლარის სიმინდი. მეორე მოსარჩელემ განმარტა, რომ მას დათესილი ჰქონდა რამდენიმე სახეობის სიმინდი და ასევე სხვა მარცვლოვანი კულტურა. ამდენად, მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტება და მოწმის ჩვენება ვერ გახდა საკმარისი მტკიცებულება აღნიშნული სადავო გარემოების დასადგენად.
33. საქალაქო სასამართლომ დავა მოაწესრიგა სსკ-ის 991-ე, 491-ე, 352-ე, 405-ე, 488-ე, 412-ე, 129-ე 130-ე მუხლებით.
34. განჩინების გაუქმების მოთხოვნით წარდგენილი გამყიდველის სააპელაციო საჩივარი უარყოფი- გასაჩივრებული განჩინებით.
35. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები (იხ., ამ განჩინების პპ-1-7). იმავდროულად, უარყო აპელანტის პოზიცია სსკ-ის 495-ე მუხლის წინაპირობების დაუცველობასთან დაკავშირებით [ნორმის პირველი ნაწილის დისპოზიცია: თუ მყიდველი მეწარმეა, ის ვალდებულია დაუყოვნებლივ შეამოწმოს ნივთი; თუკი იგი ნაკლის აღმოჩენიდან შესაბამის ვადაში ან იმ ვადაში, რომლის განმავლობაშიც ცნობილი უნდა ყოფილიყო მისთვის ნაკლის არსებობა, არ წარუდგენს გამყიდველს პრეტენზიას, მას ერთმევა ნივთის ნაკლის გამო მოთხოვნის უფლება].
36. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ნორმის დანაწესი მყიდველს არ ავალდებულებდა ნივთის ყიდვისას დაუყოვნებლივ შეემოწმებინა ნივთის ხარისხი. ამ მხრივ, გამონაკლისი იყო დაწესებული იმ მყიდველისთვის, რომელიც ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას. კანონმდებლობა მეწარმეს ავალდებულებს ნივთის ყიდვისას დაუყოვნებლივ შეამოწმოს იგი. მეწარმე ვალდებულია ან თვითონ შეამოწმოს ნივთი, ან უზრუნველყოს მისი შემოწმება სიტუაციის შესაბამისად მაქსიმალურად მოკლე დროში. თუ მყიდველი ნაკლს აღმოაჩენს შესაბამის ვადაში ან იმ ვადაში, რომლის განმავლობაშიც ცნობილი უნდა ყოფილიყო მისთვის ნაკლის არსებობა, არ წარუდგენს გამყიდველს პრეტენზიას (რეკლამაციას) მას ერთმევა ნივთის ნაკლის გამო, მოთხოვნის უფლება. ნაკლთან მიმართებით შემოწმების ვალდებულება მხოლოდ იმ ვითარებაში უნდა მოხდეს, როდესაც სახელშეკრულებო ურთიერთობის მონაწილე მეწარმე სუბიექტია ან/და ნასყიდობის საგანი მისი სამეწარმეო საქმიანობის სფეროს უკავშირდება და შესაბამისად, მისი კომპეტენცია, გამოცდილება ამ სფეროში სხვა რიგითი ფიზიკური პირისაგან განსხვავებულია.
37. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ მოსარჩელეები არ მიიჩნია მეწარმე სუბიექტებად მიუხედავად იმისა, რომ ისინი რეგისტრირებულნი არიან და წარმოადგენენ ინდივიდუალურ მეწარმეებს.
38. საქმეში წარმოდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულებებისა და მიღება-ჩაბარების აქტებით დადგენილი იქნა, რომ ოთხივე მოსარჩელე მოცემულ სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილეობდნენ როგორც ფიზიკური პირები და არც ხელშეკრულებებში და არც სხვა დოკუმენტაციაში არ ფიქსირდებოდა მათი მეწარმის სტატუსი. არ დასტურდებოდა არც მათი სამეწარმეო საქმიანობის შემხებლობა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საგნის მიმართ და შესაბამისად, მოსარჩელეების მიმართ ვერ გავრცელდებოდა სსკ-ის 495-ე მუხლის მოთხოვნა. ამასთან, იმის გათვალისწინებითაც, რომ სიმინდის თესლი განეკუთვნებოდა ისეთი კატეგორიის ნივთს, რომლის ნაკლის აღმოსაჩენადაც საჭიროა მისი გარდაქმნა მცენარედ.
39. უარყოფილი იქნა შედავება მოთხოვნის მუდმივად შემაფერხებელ (ხანდაზმულობა) შედავებასთან მიმართებითაც, იმ საფუძვლით, რომ სსკ-ის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. სსკ-ის 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. მოთხოვნები გამომდინარეობდა უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებიდან, შესაბამისად, მათზე ვრცელდებოდა საერთო ხანდაზმულობის 10 წლიანი ვადა, ხოლო მოთხოვნის უფლებები წარმოშობილი იყო იმ დროს, როდესაც გამყიდველმა გარანტორისაგან გაითხოვა საგარანტიო თანხა (იხ., ამ განჩინების პ -6), საიდანაც არ იყო გასული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა.
40. სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით აპელანტმა წარმოადგინა საკასაციო საჩივარი, რომლიც ეფუძნება შემდეგ მოსაზრებებს და დასკვნებს:
41. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ ყოველგვარი მსჯელობის და მტკიცებულებების გარეშე მიიჩნია, რომ 100%-იანი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებდა სახელწიფო პროგრამას, კერძოდ, ახორციელებდა სახელწიფო ბიუჯეტით შესყიდული სიმინდის თესლის რეალიზაციას, გამდიდრდა უსაფუძვლოდ.
42. გადაწყვეტილება არ შეიცავს დასაბუთებას იმის თაობაზე თუ რაში გამოიხატა მოპასუხის გამდიდრება. იმავდროულად, სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნას და მიიჩნია, რომ სახელმწიფო კომპანია გამდიდრდა უსაფუძვლოდ, მაშინ როდესაც მოსარჩელეები არ მოითხოვდნენ უსაფუძვლო გამდიდრების შედეგად მიღებული სარგებლის დაბრუნებას.
43. კასატორის მოსაზრებით, უზნაესმა სასამართლომ უნდა იმსჯელოს თუ როგორ შეიძლება სახელმწიფო კომპანია გამდიდრდეს უსაფუძვლოდ სახელმწიფო პროგრამის განხორციელების დროს, სახელმწიფო სახსრებით შესყიდული ნივთის რეალიზაციით.
44. ამასთან, მნიშვნელოვანია, იმ საფუძვლების გამოკვლევაც, რაც გახდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ ამგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, რადგან გადაწყვეტილებაში თბილისის სააპელაციო სასამართლო შემოიფარგლა მხოლოდ სამართლებრივ ნორმათა ინტერპრეტაციით, საქმეში არსებული მტკიცებულებების საპირისპიროდ.
45. კასატორისთვის გაუგებარია, რის საფუძველზე დაადგინა სასამართლომ ის ფაქტი, რომ მოწინააღმდეგე მხარეებს არ ჰქონდათ მოვალეობა გადაეხადათ ნასყიდობის საფასურის თანხა, ან რატომ არ უნდა გამოეთხოვა კასატორს გარანტორისგან აღნიშნული თანხა.
46. კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელეების მიერ საქმის განხილვისას არ იქნა წარმოდგენილი არც ერთი ნასყიდობის ან მსგავსი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მათ შეისყიდეს ათეულობით ჰექტარზე დარგული სიმინდისთვის საჭირო სას-ო-სამეურნეო საშუალებები (ჰერბიციდები და სხვ) ან/და სხვადასხვა მომსახურებები.
47. კასატორი არ უარყოფს მეოთხე მოსარჩელის მიერ საგარანტიო თანხის გარანტისთვის გადახდის ფაქტს, თუმცა მიიჩნევს, რომ დანარჩენი მოსარჩელეების მიერ გარანტორისათვის თანხის გადახდის ფაქტი არ არის დადასტურებული. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ მესამე მოსარჩელესთან დაკავშირებით გაცემული ცნობის თანახმად, ამ უკანასკნელს აქვს გაცილებით ნაკლები თანხა გადახდილი ვიდრე შეთანხმებული იყო.
48. კასატორი აღნიშნავს, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ წინამდებარე საკასაციო საჩივარზე მსჯელობით უნდა განიმარტოს სსკ-ის 880-ე მუხლის პირველი ნაწილი, კერძოდ, თუ რის საფუძველზე ეკრძალება კრედიტორს საგარანტიო თანხის მიღება გარანტორი კომპანიისაგან და შესაძლებელია თუ არა გარანტორის მიერ გაცემული ცნობა, რომელიც შეუსაბამობაში მოდის დასახელებულ ფაქტებთან, ჩაითვალოს პრინციპალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებად.
49. კასატორი აღნიშნავს, რომ სიმინდის სათესლე მასალა არ განეკუთვნება იმ კატეგორიის პროდუქციას, რომლის ნაკლის აღმოსაჩენად საჭიროა მისი გარდაქმნა ან გადამუშავება. წინამდებარე გარემოებას ასევე ადასტურებს მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი ლაბორატორიის დასკვნა და ამავე ლაბორატორიის წერილი, სადაც ფიქსირდება რომ დაკვეთა განხორციელდა 29 იანვარს, ხოლო დასკვნა დაიწერა 15 თებერვალს. კასატორის მოსაზრებით, იმ ფაქტს, რომ ნივთი დათქმული ხარისხის იყო ადასტურებს მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებები, რითაც მხარეები შეთანხმდნენ ნივთის მახასიათებლებზე. კასატორი აქვე აღნიშნავს, რომ მოგვიანებით შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტებით მოხდა ამ ნივთის გადაცემა მოწინააღმდეგე მხარეებისათვის. სასამართლოს გადაწყვეტილების 2.2 პუნქტის თანახმად, მოსარჩელეებმა მიიღეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი, კასატორის მოსაზრებით კი, ეს გარემოება ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სსკ-ის 488-ე მუხლის შესაბამისად ნასყიდობის საგანი იყო ნივთობრივად უნაკლო.
50. კასატორი არ ეთანხმება დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმასთან დაკავშირებით, რომ მყიდველებს გადაეცათ შეუთანხმებელი თვისებების მქონე პროდუქცია და მათ 1ჰა-ზე მიიღეს საშუალოდ 1 ტონა სიმინდი. პირიქით, კასატორი აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოწინააღმდეგე მხარეებს გადაეცათ შეთანხმებული თვისებების მქონე ნივთი, ხოლო ის, რომ მყიდველებმა ვერ მიიღეს მოსავალი დასტურდება მხოლოდ მათი ახსნა-განმარტებების საფუძველზე. რაც შეეხება მოწმეთა ჩვენებებს, კასატორი განმარტავს, რომ მოწმეთა მიერ არ დადასტურებულა კონკრეტული გარემოება. პირიქით, მათ არ ახსოვდათ წელი თუ როდის დაითესა სიმინდი, რამდენ ჰექტარზე იყო დათესილი სიმინდი, მათ არ დაუსახელებიათ ის აგროპროცესები, რომელიც განხორციელდა მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ და სხვა. კასატორი აღნიშნავს, რომ მოწმე ზ- კ-აძის ჩვენება სასამართლომ არ გაითვალისწინა უსაფუძვლოდ, ვინაიდან ამ უკანასკნელმა იმავე პერიოდში მიიღო კასატორისგან იგივე სახეობის სიმინდი, განახორციელა ყველა აგროპროცესი და შედეგად მიიღო მოსავალი.
51. კასატორი სადავოდ ხის მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის გადანაწილებასაც და აღნიშნავს, რომ მოპასუხეს დაევალა იმ გარემოებების დამტკიცება, რომ მოსარჩელეებმა ვერ მიიღეს მოსავალი და არ განახორციელეს სათანადო აგროპროცესები. სწორედ მოსარჩელეებს უნდა წარმოედგინათ სარჩელის აღძვრის ეტაპზე მტკიცებულებები, რომელთა მეშვეობითაც დადასტურდებოდა, რომ მათ ვერ მიიღეს მოსავალი, თუმცა განახორციელეს ყველა დადგენილი აგროპროცესი.
52. რაც შეეხება სიმინდის თესლის ხარისხის დოკუმენტაციას, კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ იხელმძღვანელა ერთ-ერთი ლაბორატორიის მიერ გარკვეული სიმინდის თესლზე ჩატარებული ლაბორატორიული ანალიზებით და დაადგინა, რომ ალბათობის მეტი ხარისხით ის წარმოადგენდა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული თესლის ვარგვისიანობის თაობაზე მიღებულ პასუხს.
53. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ხარისხის სერთიფიკატები და ვერ დაადგინა კავშირი შემოსულ თესლთან. ზემოაღნიშნულთან მიმართებით კასატორი განმარტავს, რომ საქართველოს მცენარეთა და ცხოველთა ახალი ჯიშების შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, ხარისხის სერთიფიკატები წარმოადგენდა აუცილებელ დოკუმენტაციას, იმისათვის, რომ სიმინდი საქართველოს ტერიტორიაზე შემოსულიყო. ამგვარი დოკუმენტაციის გარეშე კი სიმინდის თესლი საქართველოს საზღვარს ვერ გადმოკვეთდა.
54. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არ გამოიკვლია ის დეტალები, რაც არსებითი იყო მტკიცებულებათა შესაფასებლად. კერძოდ მესამე პირის მიერ მეოთხე პირთან (ლაბორატორიაში) წარდგენილ იქნა სიმინდის თესლი, რომელიც საიდან იქნა მოპოვებული, რა პირობებში და რა ვადით ინახებოდა არ დგინდება. ასევე, სასამართლომ არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ თუკი მესამე პირმა აღნიშნული სიმინდის თესლი მიიღო კასატორისგან, მაშინ მისი შენახვიდან გასული 2 წლის განმავლობაში რა პირობებში ინახებოდა ეს უკანასკნელი და კონკრეტულად რა სიმინდი იქნა გადაცემული ლაბორატორიისთვის მესამე პირის მიერ.
55. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას მყიდველების მეწარმე სუბიქტებად მიჩნევის უარყოფის ნაწილში და აღნიშნავს, რომ მყიდველები რეგისტრირებულნი არიან სამეწარმეო რეესტრში როგორც ინდ. მეწარმეები. მათი განმარტებით ხელშეკრულების გაფორმებამდე და ადრეც ამ სფეროში ეწეოდნენ სამეწარმეო საქმიანობას. მართალია, მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონი სას-ო-სამეურნეო საქმიანობას არ მიიჩნევს სამეწარმეო საქმიანობად, თუმცა კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, რეალურად სახეზეა ის ხუთი არსებითი კომპონენტი, რაც სამეწარმეო საქმიანობას ახასიათებს. ასევე სახეზეა მოსარჩელეების მიერ შეძენილი იმ რაოდენობის სიმინდი, რომელიც არ შეიძლება მიჩნეულ იქნას მხოლოდ სას-ო-სამეურნეო საქმიანობის განსახორციელებლად შეძენილად. კასატორი აღნიშნავს, რომ მართალია მოსარჩელეებმა ხელშეკრულება გააფორმეს როგორც ფიზიკურმა პირებმა, თუმცა, ისინი მოქმედებდნენ სამეწარმეო მიზნებისათვის, კერძოდ როდესაც მხარე ასეულობით ჰექტარზე სას-ო-სამეურნეო პროცესების შედეგად ელოდება კოლოსალურ თანხებს, ის აუცილებლად წარმოადგენს მეწარმე სუბიექტს.
სამოტივაციო ნაწილი :
56. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. მოგვიანებით, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განსახილველად დაინიშნა ზეპირი მოსმენა 2018 წლის 23 მარტს მხარეთა დასწრებით, რომელ სხდომაზეც საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი. საქმეზე 2018 წლის 18 მაისს საქმის არსებითი განხილვის მიზნით ჩატარდა ზეპირი მოსმენა.
57. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთება, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
58. საკასაციო საჩივრით მოთხოვნი- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინების კანონიერების შემოწმება, რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ოთხივე მოსარჩელის ნაწილში ხელშეკრულებიდან გასვლისა და ნასყიდობის საფასურის უკან დაბრუნების დაკმაყოფილების შესახებ.
59. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან, სასარჩელო მოთხოვნები მიუღებელი შემოსავლის სახით დამდგარი ზიანის [სსკ-ის 394-ე და 411-ე მუხლები] ანაზღაურების ნაწილში უარყოფი- და გასაჩივრებული არ ყოფილა, გადაწყვეტილების ეს ნაწილი შესულია კანონოერ ძალაში და ამდენად, მასზე მსჯელობა საკასაციო პალატას არ ექნება.
60. ამდენად, განსახილევლ შემთხვევაში, საკასაციო პალატის კვლევისა და მსჯელობის საგანია ოთხივე მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების გამოყენების მართლზომიერება [სსკ-ის 405-ე და 352-ე მუხლები], ხოლო ვინაიდან ხელშეკრულებიდან გასვლა გამსვლელ მხარეს იმავდროულად, წარმოუშობს გარკვეულ უფლებებსაც (ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი თანხის უკან დაბრუნების და ა.შ), საკასაციო პალატის მსჯელობა აღნიშნულ საკითხსაც დაეთმობა.
61. აღსანიშნავია, რომ განსახილველი დავა წარმოშობი- ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობიდან, რომლის ფარგლებშიც მყიდველებს გამყიდველმა მიაწოდა დადგენილი ოდენობით პროდუქცია (ნასყიდობის საგანი), რომელსაც მყიდველების მოსაზრებით, გააჩნდა იმგვარი ნაკლი/წუნი, რაც მათ წარმოუშობდა ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებას, კონკრტულად კი, ნასყიდობის საგანს (მიწოდებულ პროდუქციას) არ აღმოაჩნდა ის თვისებები, რაც ხელშეკრულების დადების მიზნებისთვის იყო განმსაზღვრელი მყიდველებისათვის.
62. კასატორს კი, პირიქით, მიაჩნია, რომ ჯერ ერთი, დაუდასტურებელია მყიდველების მიერ მითითებული გარემოებები ნასყიდობის საგნის პირობებთან შეუსაბამობის თვალსაზრისით და მეორეც, მყიდველების მიზნის მიუღწევლობა განაპირობა არა პროდუქციის (ნასყიდობის საგანი) შეთანხმებულისაგან განსხვავებულმა ხარისხმა, არამედ მყიდველების მხრიდან ნასყიდობის საგნის გამოყენებისთვის აუცილებელი წესების დაუცველობამ.
63. საკასაციო საჩივრის საფუძვლების (კასაციის მიზეზების) შემოწმების მიზნით, საკასაციო პალატა მიუთითებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც საკასაციო საჩივრით შედავებული არ ყოფილა და ამდენად, ამ გარემოებებს საკასაციო საჩივრის განხილვისას აქვთ სავალდებულო ძალა (სსსკ-ის 407.2 მუხლი):
64. დადგენილია, რომ 2011 წლის 23 გამყიდველსა და პირველ მყიდველს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება P- Hi B--ის მიერ მიწოდებული ხარისხობრივი მაჩვენებლების დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე სიმინდის სათესლე მასალაზე. პირველმა მყიდველმა შეისყიდა: 168 ტომარა PR38R92 სახეობის სათესლე მასალა 16000 მარცვლიანი შეფუთვით (70 ლარი) და 131 ტომარა PR35F38 სახეობის სათესლე მასალა 65000 მარცვლიანი შეფუთვით (240 ლარი). საქონლის ფასი განისაზღვრა 43 200 ლარით. ნასყიდობის საფასურის ანაზღაურება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უგვიანეს 7 თვის განმავლობაში (ტ. 1. ს.ფ. 18).
65. 2011 წლის 28 მარტს გამყიდველს და მეორე მყიდველს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება P- Hi B--ის მიერ მიწოდებული ხარისხობრივი მაჩვენებლების დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე სიმინდის სათესლე მასალაზე. მყიდველმა შეისყიდა: 75 ტომარა PR35P12 სახეობის სათესლე მასალა 65000 მარცვლიანი შეფუთვით (240 ლარი) საქონლის ფასი განისაზღვრა 18 000 ლარის ოდენობით. ნასყიდობის საფასურის ანაზღაურება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უგვიანეს 7 თვის განმავლობაში.
66. 2011 წლის 8 აპრილს გამყიდველსა და მესამე მყიდველს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება P- Hi B--ის მიერ მიწოდებული ხარისხობრივი მაჩვენებლების დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე სიმინდის სათესლე მასალაზე. მყიდველმა შეისყიდა: 70 ტომარა PR35F38 სახეობის სათესლე მასალა 65000 მარცვლიანი შეფუთვით (240 ლარი). საქონლის ფასი განისაზღვრა 16800 ლარის ოდენობით. ნასყიდობის საფასურის ანაზღაურება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უგვიანეს 7 თვის განმავლობაში.
67. 2011 წლის 6 აპრილს გამყიდველსა და მეოთხე მყიდველს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება P- Hi B--ის მიერ მიწოდებული ხარისხობრივი მაჩვენებლების დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე სიმინდის სათესლე მასალაზე. მყიდველმა შეისყიდა: 36 ტომარა PR35F12 სახეობის სათესლე მასალა 65000 მარცვლიანი შეფუთვით (240 ლარი). საქონლის ფასი განისაზღვრა 8 640 ლარის ოდენობით. ნასყიდობის საფასურის ანაზღაურება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უგვიანეს 7 თვის განმავლობაში.
68. მყიდველებმა მიიღეს საქონელი (ნასყიდობის საგნი) და საფასურის გადახდის ვალდებულების შესრულება უზრუნველყვეს საბანკო გარანტიებით. გარანტორმა საგარანტიო თანხა გადაუხადა გამყიდველს 2013 წლის 25 ნოემბრის მოთხოვნის შესაბამისად.
69. მოსარჩელეებმა მოთხოვნა ხელშეკრულებიდან გასულად აღიარების და გამყიდველის მიერ უსაფუძვლოდ მიღებული თანხის დაბრუნების თაობაზე დააფუძნეს მიწოდებული პროდუქციის უხარისხობას, აგრეთვე, შეუსაბამობაზე სიმინდის თესლის მოსავლიანობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
70. მყიდველთა ზემოაღნიშნული პრეტენზიის საფუძვლიანობის შესასწავლად, თავდაპირველად, ყურადღება უნდა მიექცეს ნასყიდობის ხელშეკრულების იმ დებულებებს, რომლებიც ხელშეკრულების დადების განმაპირობებელ არსებით ფაქტორს წარმოადგენდა.
71. დადგენი-, რომ გამყიდველის მიერ მყიდველისათვის შეთავაზებული პროდუქციის უპრატესობად დასახელებული იყო სიმინდის მაღალი მოსავლიანობა (მოსავლიანობის საშუალო მაჩვენებელი იყო ჰექტარზე 10-12 ტონა. PR38R92 სახეობის სათესლე მასალის მოსავლიანობის საშუალო მაჩვენებლი - 8-10 ტონა ჰექტარზე), გამძლეობა ჩაწოლაზე, გვალვაგამძლეობა და დაავადებებისადმი მდგრადობა. თესვის რეკომენდირებული ნორმა იყო 60 000 - 65 000 მარცვალი ერთ ჰექტარზე, სათესლე მასალის ღირებულება 65 000 მარცვალი - 240 ლარი (1 ჰექტარზე სამყოფი სათესლე მასალა), 16 000 მარცვალი - 70 ლარი (0,25 ჰექტარზე სამყოფი სათესლე მასალა). დაცული უნდა ყოფილიყო მწკრივთაშორისი და რიგთაშორისი შესაბამისი მანძილები, მაღალი მოსავლის მისაღებად აუცილებელი იყო აგრო კალენდრის მიხედვით განსაზღვრული სასუქების შეტანა და დათესილი ფართობის მორწყვა.
72. საგულისხმოა, რომ მოპასუხე საჯაროდ სთავაზობდა (საინფორმაციო ბროშურებში) დაინტერესებულ პირებს სათესლე მასალის შესყიდვას და აცნობდა ზემოთდასახელებულ პირობებს.
73. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელეებსა და მოპასუხეს შორის სწორედ ზემოაღნიშნული თვისებების მქონე სათესლე მასალა იყო შეთანხმების საგანი [სსკ-ის 327-ე მუხლი]. ხოლო იმ გარემოების დასადატურებლად, რომ მიწოდებული პროდუქცია შეთანხმებულისაგან განსხვავებული იყო, საქმეში წარმოდგენილი იქნა შპს „მ-ის“ 2013 წლის 15 თებერვლის კვლევის შედეგები სათესლე სიმინდის „პ-ის“ PR35F38-ჰიბრიდის ნიმუშზე (შემდეგში: დასკვნა).
74. დასკვნის მიხედვით, თესლის გაღვივების ენერგია შეადგენს 22-25%-ს, ხოლო გაღვივების უნარი 23-25%-ს და არ შეესაბამება სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ლაბორატორიულ პირობებში წარმოდგენილი თესლის გარკვეული ნაწილი ჩაითესა სავეგეტაციო ქოთნებში მომზადებულ ნიადაგში. ამ შემთხვევაში, ნიადაგში ჩათესილი მარცვლის 8% აღმოცენდა.
75. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 105-ე მუხლის მიხედვით არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინაწარ დადგენილი ძალა. ყველა მტკიცებულება, საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში უნდა შეფასდეს მათი დასაშვებობის, განკუთვნადობის, იურიდიული ძალისა და შინაარსის მიხედვით. მტკიცებულებათა შეფასების მიზნებისათვის, როდესაც საკითხი შეეხება საექსპერტო დასკვნას, აუდიტის დასკვნას, თუ სპეციალისტის კვლევის შედეგებს, მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს სწორედ იმ გარემოებას, თუ რა ნიმუშები წარედგინა უფლებამოსილ პირს გამოსაკვლევად, იყო თუ არა გამოსაკვლევად წარდგენილი ნიმუშები სწორად შერჩეული და აღბული, საკმარისი რაოდენობის და ა.შ. გარდა ამისა, კვლევის რომელი მეთოდი იქნა გამოყენებული და სხვა.
76. განსახილველ შემთხვევაში, დასკვნის იურიდიული ძალა ერთდროულად შედავებულია რამდენიმე საფუძვლით. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არ გამოიკვლია ის დეტალები, რაც არსებითი იყო მტკიცებულებათა შესაფასებლად. კერძოდ, ლაბორატორიაში წარდგენილი იქნა სიმინდის თესლი, რომელიც საიდან იქნა მოპოვებული, რა პირობებში და რა ვადით ინახებოდა არ დგინდება (კასაციის საფუძვლები პ - 54).
77. კასაციის ზემოთდასახელებულ საფუძველს საკასაციო პალატა არ იზიარებს და განმარტავს, რომ სათესლე სიმინდის „პ-ის“ PR35F38-ჰიბრიდის ნიმუშზე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების უარსაყოფად კასატორს დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.
78. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას ლაბორატორიაში გაგზავნილ საკვლევ მასალასთან და ნიმუშის აღების წესთან დაკავშირებით, მართალია შპს „მ-ის“ 2014 წლის 2 მაისის წერილში მითითებულია, რომ ლაბორატორიას მონაწილეობა არ მიუღია სიმინდის სინჯის აღების პროცედურაში და სინჯის რომელიმე სასაქონლო პარტიასთან იდენტობის დადგენის მიზნით არ დაუდგენია საკვლევად წარდგენილი სიმინდის სინჯი მიეკუთვნებოდა თუ არა გამყიდველის მიერ რეალიზებულ პროდუქტს - კომპანია „პ-ის“ ჰიბრიდს, თუმცა აღსანიშნავია, რომ სიმინდის მოსავლიანობის გაზრდის პროექტის ფარგლებში რეალიზებულ სიმინდსა და გამოკვლეულ სათესლე მასალას შორის კავშირის დადგენა შესაძლებელი იქნა საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებითაც, კერძოდ, მხედველობაში იქნა მიღებული, რომ შპს „მ-ს“ სიმინდის თესლი შესამოწმებლად გადასცა არასამეწარმეო იურდიული პირის - სიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროგრამით დაზარალებულთა კავშირმა. კვლევა ჩაუტარდა სწორედ საქართველოში შემოტანილ თესლის ნიმუშს. სხვა მტკიცებულება კი, რომელიც გააქარწყლებდა გამოსაკვლევი მასალისა (PR35F38) და ლაბორატორიაში შემოწმებული ნიმუშის ავთენტურობას, კასატორს არ წარმოუდგენია.
79. ამასთან, კასატორი მართალია სადავოდ ხდის იმასაც, თუ რა პირობებში ინახებოდა შპს „მ-ის“ მიერ შემოწმებული სათესლე მასალა 2013 წლის მდგომარეობით, მაგრამ არც შპს „მ-ის“ კვლევა და არც საქმეში წარმოდგენილი სხვა რაიმე მტკიცებულება არ ადასტურებს საპირისპიროს, კერძოდ, იმას რომ, სათესლე მასალა უვარგისი გახდა სწორედ გამყიდველის მიერ მისი რეალიზაციის შემდგომ პერიოდში შენახვის პირობების დაუცველობის შედეგად. ამდენად, არც ამ კუთხითაა კასატორის შედავება გასაზიარებელი.
80. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სათესლე სიმინდის „პ-ის“ PR35F38-ჰიბრიდის ნიმუშზე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების უარსაყოფად კასატორს დამაჯერებელი შედავება არ წარმოუდგენია, თუმცა, საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ გასაზიარებელია მტკიცებულებათა განკუთვნადობის კუთხით [სსსკ-ის 393.2 მუხლი].
81. ამ თვალსაზრისით, საკასაციო პალატას მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ განსახილველ საქმეში მიწოდებული პროდუქციის უხარისხობასა და ხელშეკრულებისაგან განსხვავებულობის დასადასტურებლად მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი ლაბორატორიული დასკვნა შეეხება მხოლოდ სათესლე სიმინდის „პ-ის“ PR35F38-ჰიბრიდის ნიმუშზე ჩატარებულ კვლევას. საქმის მასალებით კი, დადგენი-, რომ სათესლე სიმინდის „პ-ის“ PR35F38-ჰიბრიდის შესყიდვა განხორციელებულია მხოლოდ მესამე მოსარჩელის (მესამე მყიდველი) მიერ სრულად (ამ განჩინების პ-1) და პირველი მოსარჩელის (პირველი მყიდველი) მიერ ნაწილობრივ -131 ტომრის ოდენობით (ამ განჩინების პ - 3). გასაჩივრებული განჩინებით კი, რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, ხელშეკრულებიდან გასვლის წინაპირობები განხორცილებულად იქნა მიჩნეული ერთდროულად ოთხივე მოსარჩელის ნაწილში [სსკ-ის 394-ე, 405-ე, 352-ე მუხლები], მაშინ როდესაც ამ ნაწილში, სიმინდის თესლის უხარისხობის დასადასტურებლად მეორე და მეოთხე მოსარჩელეების მხრიდან სათანადო მტკიცებულებები წარმოდგენილი არ ყოფილა.
82. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასვლის უფლება წარმოშობი- მხოლოდ სათესლე სიმინდის „პ-ის“ PR35F38-ჰიბრიდზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში. ამ ფარგლებში კი ხელშეკრულების მხარეს მხოლოდ პირველი და მესამე მყიდველი წარმოადგენს. საკასაციო პალატა ხელშეკრულებიდან ნაწილობრივ გასვლის დაუშვებლობაზე მიუთითებს სუსგ-ზე Nას-793-742-2017. პ-14.5.
83. ამდენად, სათესლე სიმინდის „პ-ის“ ჰიბრიდის PR38R92 და PR35P12 გაფორმებული ხელშეკრულებების ნაწილში კასატორმა წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება).
84. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იურიდიულად ნაწილობრივ დაუსაბუთებელია გასაჩივრებული განჩინება (სსკ-ის 393-ე მუხლი). აღნიშნული გარემოება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად კი, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
85. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
86. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსი-, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.
87. საქმეზე დადგენი-, რომ ლაბორატორიამ შეამოწმა სიმინდის მხოლოდ ერთი კონკრეტული ჯიში (PR35F38), ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე კი, მიწოდებული იქნა სიმინდის სხვა ჯიშებიც, როგორიცაა PR38R92; PR35P12; PR35F12, რომლებზედაც ლაბორატორიულ კვლევებში არაფერია აღნიშნული, აგრეთვე, არც სხვა დასაშვები და საკმარისი მტკიცებულებებია წარმოდგენილი მოსარჩელეების მიერ სიმინდის დანარჩენი ჯიშების ნაკლის დასადასტურებლად.
88. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან მიწოდებული პროდუქციის უხარისხობასა და ხელშეკრულებისაგან განსხვავებულობის დასადასტურებლად მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი დასკვნა შეეხება მხოლოდ სათესლე სიმინდის „პ-ის“ PR35F38-ჰიბრიდის ნიმუშზე ჩატარებულ კვლევას, მხოლოდ ამ ხელშეკრულების ნაწილშია გამყიდველთა პრეტენზია მიწოდებული პროდუქციის ნაკლზე სამართლებრივად ვარგისი და არგუმენტირებული.
89. რაც შეეხება კასატორის შედავებას მტკიცებულებათა შეფასების ნაწილში, რომელიც შეეხება საქმეზე მოწმის სახით დაკითხულ პირთა ახსნა-განმარტებებს, რომლითაც გამყარდა არგუმენტი სიმინდის სათესლე მასალის დაპირებული გაღვივების უნარის, მდგრადობისა და მოსავლიანობის შესახებ. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან სიმინდის დანარჩენი ჯიშების უხარისხობასთან მიმართებით სხვა რაიმე მტკიცებულება, როგორიც იქნებოდა ლაბორატორიული კვლევა ან სხვა დაკვირვება, წარმოდგენილი არ ყოფილა, მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები ამ გარემოების დასადასტურებლად საკმარისი არ არის. ამდენად, ამ ნაწილშიც საკასაციო პრეტენზია ნაწილობრივ გასაზიარებელია.
90. ამდენად, დადგენი-, რომ სათესლე სიმინდი „პ-ის“ PR35F38-ჰიბრიდის 70 ტომარა 65000 მარცვლიანი შეფუთვით (240 ლარი) მიეწოდა მესამე მყიდველს და საქონლის ფასი განისაზღვრა 16800 ლარით, ხოლო 131 ტომარა სათესლე მასალა 65000 მარცვლიანი შეფუთვით (240 ლარი) მიეწოდა პირველ მყიდველს და მიწოდებული სიმინდის ჯიშის ნაწილში საქონლის ფასი განისაზღვრა 31440 ლარით. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სწორედ ამ ნაწილში წარმოეშობა ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება პირველ მოსარჩელეს ნაწილობრივ, ხოლო მესამე მოსარჩელეს - სრულად.
91. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველმა და მესამე მოსარჩელეებმა შეძლეს მიწოდებული ნასყიდობის საგნის ნაწილში სახელშეკრულებო ინტერესის განუხორციელებლობის დადასტურება. ამ დასკვნის საფუძველს იძლევა დადგენილი გარემოებები იმის შესახებ, რომ გამყიდველის მიერ მყიდველისათვის შეთავაზებული პროდუქციის (ნასყიდობის საგანი) უპრატესობად დასახელებული იყო სიმინდის მაღალი მოსავლიანობა (მოსავლიანობის საშუალო მაჩვენებელი იყო ჰექტარზე 10-12 ტონა. გამძლეობა ჩაწოლაზე, გვალვაგამძლეობა და დაავადებებისადმი მდგრადობა. მყიდველების დაინტერესება და მიწოდებულ პროდუქციაზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება სწორედ სიმინიდის დასახელებული - შეთავაზებული თვისებებით იყო განპირობებული. თუმცა, დადასტურებულია, რომ პროდუქციის ერთ ნაწილს (PR35F38 სახეობის სათესლე მასალა) გააჩნდა იმგვარი ნაკლი/წუნი, რაც პროდუქციის ამ ნაწილში, მყიდველებს წარმოუშობდა ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებას. უფრო კონკრტულად, კი, ნასყიდობის საგანს (მიწოდებულ პროდუქციას) არ აღმოაჩნდა ის თვისებები (ნივთობრივი ნაკლი), რაც ხელშეკრულების დადების მიზნებისთვის იყო განმსაზღვრელი მყიდველისათვის.
92. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების დადების მომენტიდან მხარეები ვალდებულნი არიან შეუდგნენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. მათ არ შეუძლიათ ცალმხრივად თქვან უარი ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. მაგრამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ხელშეკრულების მხარეს უფლება აქვს გავიდეს ხელშეკრულებიდან და უარი თქვას ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. ხელშეკრულების ერთ-ერთი მონაწილის შესაძლებლობას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში უარი თქვას ხელშეკრულების გაგრძელებაზე, ხელშეკრულებიდან გასვლა ეწოდება. იგი საქართველოს სამოქალაქო კოდექსში გერმანიის სამოქალაქო კოდექსიდანაა გადმოღებული და ბევრად ეხმაურება ევროგაერთიანების სამართალს. ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება აღმჭურველი უფლებაა და განსხვავებით მოთხოვნის უფლებისაგან, მასზე არ ვრცელდება ხანდაზმულობა. სამოქალაქო კოდექსი და სხვა კერძოსამართლებრივი კანონმდებლობა შეიცავს აგრეთვე ისეთ ნორმებს, რომლებიც გამოიყენება მოთხოვნის საფუძვლით გათვალისწინებული წინაპირობების შემოწმებისას და ამდენად, ასრულებს დამხმარე ფუნქციას. დამხმარე ხასიათის ნორმებს განეკუთვნება ასევე უშუალოდ სამართლებრივი შედეგის დამფუძნებელი უფლების მომწესრიგებელი ნორმები, ისინი პირს სამართლებრივი შედეგის მოდიფიცირების უფლებას ანიჭებს ხელშეკრულების მეორე მხარის თანხმობის არსებობის მიუხედავად. დამფუძნებელია უშუალო სამართლებრივი შედეგის წარმომშობი უფლება, რომელიც პირს ანიჭებს უფლებამოსილებას, ცალმხრივი ნების გამოვლენით წარმოშვას, შეცვალოს ან გააუქმოს სამართლებრივი შედეგი. დამფუძნებელი უფლების მარეგულირებელი ნორმების ძირითადი თავისებურება ისაა, რომ უფლებამოსილი პირის მიერ უფლება ხორციელდება ნამდვილი, მიღებასავალდებულო ნების გამოვლენით. ასეთ დამფუძნებელ უფლებათა რიცხვს მიეკუთვნება ხელშეკრულებიდან გასვლა, რომელიც სკ-ის 355-ე მუხლის თანახმად, ხდება ხელშეკრულების მეორე მხარისათვის შეტყობინებით. დამფუძნებელი უფლება განხორციელებულია ანუ შესაბამისი ნების გამოვლენა ნამდვი- იმ მომენტიდან, როდესაც იგი ხელშეკრულების მეორე მხარეს მიუვა, კერძოდ, მოხვდება მიმღების ძალაუფლების სფეროში და ამ უკანასკნელს ექნება მისი შინაარსის რეალურად განხორციელების შესაძლებლობა. ამ უფლებათა განსხვავებული სტატუსი, ცხადია, არ გამორიცხავს მათ განხორციელებას სასამართლოსათვის მიმართვის გზით.
93. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მოთხოვნა მხარეების მხრიდან პირველადი მოთხოვნის ხასიათს ატარებს, რომლის შეუსრულებლობაც იწვევს მეორადი მოთხოვნის უფლების წარმოშობას. ამ უკანასკნელს კი მიეკუთვნება ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნა. ხელშეკრულებიდან გასვლა გამოიყენება მხოლოდ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. ამიტომ კანონი ამომწურავად განსაზღვრავს ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძვლებსა და წესს, კერძოდ, იმას, თუ როდის შეუძლია ხელშეკრულების მხარეს მოითხოვოს ხელშეკრულებიდან გასვლა (სსკ-ის 405-ე, 352-359-ე მუხლები). თუმცა, ეს არ გამორიცხავს, რომ მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულებიდან გასვლის დამატებით პირობებზე. თუ მხარეები ამ უფლებით არ ისარგებლებენ, გამოიყენება კანონის დისპოზიციური ნორმები. ხელშეკრულებიდან გასვლის, როგორც მეორადი მოთხოვნის უფლების საფუძვლები შეიძლება დაიყოს მატერიალურ და ფორმალურ ნაწილებად. მატერიალურში შეიძლება ვიგულისხმოთ სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობა, ხოლო ფორმალურში – დამატებითი ვადის დაწესება და ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინება.
94. ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის კანონისმიერი წინაპირობებია: ა) ხელშეკრულების ნამდვილობა (უნდა აკმაყოფილებდეს გარიგების ნამდვილობის ზოგად პირობებს); ბ) ზოგადი წესის მიხედვით, მოვალის მხრიდან ხელშეკრულების მნიშვნელოვანი (არსებითი) დარღვევა (დარღვევა არსებითი ხასიათისაა, თუ მოვალის მხრიდან ძირითადი ვალდებულების დარღვევის გამო, ფაქტობრივი შესრულების დანიშნულებისამებრ გამოყენება შეუძლებელი ხდება ან იკარგება მომავალში მისი შესრულების იმედი ანდა კრედიტორს ეკარგება შესრულებისადმი ინტერესი; გ) ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ განცხადების გაკეთებით მონაწილე მთლიანად გადის ხელშეკრულებიდან, რადგანაც კანონით დაუშვებელია ხელშეკრულებიდან ნაწილობრივი გასვლა; დ) მიუხედავად ვალდებულების მნიშვნელოვანი დარღვევისა, მოვალეს არ შეუძლია კრედიტორს მოსთხოვოს ხელშეკრულების ძალაში დატოვება; ე) ვალდებულების დარღვევისათვის კრედიტორი მთლიანად ან უმთავრესად არ არის პასუხისმგებელი; ვ) მოთხოვნას არ უპირისპირდება შესაგებელი, რომელიც უკვე წარმოდგენი- ან წარდგენილი იქნება დაუყოვნებლივ მოვალის მიერ, თუკი კრედიტორი უარს იტყვის ხელშეკრულებაზე (მაგალითად, შესაგებელი ვალდებულების გაქვითვაზე); ზ) სახეზეა კრედიტორის მიერ შესაგებელი იურიდიული მოქმედება – ხელშეკრულებიდან გასვლისათვის მოცემული გონივრული ვადა, თუ ხელშეკრულებით ასეთი ვადა არ ყოფილა დადგენილი – ანდა, თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა – გაფრთხილება.
95. სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობა თავისთავად არ აფუძნებს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებას. შეუსრულებლობა გარკვეული ობიექტური მასშტაბით უნდა გაიზომოს. ზოგადად, ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება წარმოიშობა, მიუხედავად იმისა, თუ რა ტიპის ვალდებულება დაირღვა . ვალდებულება, რომლის დარღვევაც ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველს წარმოადგენს, უნდა იყოს ნამდვილი, ვადამოსული და უპრეტენზიო. თუ ვალდებულებები ჯერ კიდევ არ არის შესასრულებელი, მხარე ვერ გავა ხელშეკრულებიდან, რადგან მას არ ექნება ამის საფუძველი. თუმცა, სკ-ის 405-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მხარეს შეუძლია შესრულების ვადის დადგომამდე განაცხადოს უარი ხელშეკრულებაზე. ხელშეკრულებიდან გასვლის პირობა ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულებაა. თუ მოვალემ ვალდებულება შეასრულა ან კრედიტორმა შეთანხმებულის ნაცვლად სხვა შესრულება მიიღო (datio pro solutio), კრედიტორი ხელშეკრულებიდან ვერ გავა. კრედიტორს ასევე ეზღუდება ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება, თუ მოვალემ წარადგინა ან დაუყოვნებლივ წარმოადგენს პრეტენზიას (შესაგებელს). ანალოგიური წესი გამოიყენება მაშინაც, როდესაც მოვალეს შეუძლია ვალდებულების გაქვითვა და იგი ამ უფლებას კრედიტორის მხრიდან ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის დაყენებისთანავე გამოიყენებს (dolo agit, qui petit, quod statim redditurus est). ხელშეკრულებიდან გასვლა წარმოშობს მონაწილეთა შორის ახალ ვალდებულებას: მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებმა ერთმანეთს უნდა დაუბრუნონ.
96. სსკ-ის 405-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები განამტკიცებენ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის უფლებას უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ მეორე მხარე არღვევს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში კრედიტორს შეუძლია მოვალეს დაუწესოს დამატებითი ვადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესასრულებლად. რაც განამტკიცებს ფაქტს, რომ მისთვის მთავარია ვალდებულების შესრულება და არა პასუხისმგებლობა შეუსრულებლობისათვის. ხელშეკრულებიდან გასვლა, რომელიც იწვევს ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის ანულირებას, არ შეიძლება განხორციელდეს მოვალისათვის ვალებულების შესასრულებლად ხელმეორე შესაძლებლობის მიცემის გარეშე, რათა ამით თავიდან იქნეს აცილებული ხელშეკრულების ანულირება. სწორედ ამიტომ, კანონი ითვალისწინებს შემთხვევებს, როდესაც ვალდებულების შესასრულებლად მოვალეს მიეცემა დამატებითი ვადა, ამ დროს კრედიტორი სარგებლობს შეზღუდული უფლებით გავიდეს ხელშეკრულებიდან, ხოლო მოვალის ინტერესები კი გარკვეულწილად დაცულია (ანალოგიურადაა საკითხი გადაწყვეტილი გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 323-ე პარაგრაფით). ვალდებულების ხასიათიდან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ დამატებითი ვადის განსაზღვრას გაუთანაბრდეს გაფრთხილება, რომლითაც კრედიტორი ავალდებულებს მოვალეს შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. გაფრთხილება ერთგვარი შეხსენებაა ვადამოსული ვალდებულების შესასრულებლად. სსკ-ის 405-ე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს გამონაკლის შემთხვევებს, როდესაც არ არის საჭირო ვალდებული პირისათვის არც დამატებითი ვადის დაწესება და არც გაფრთხილება. სახელშეკრულებო ურთიერთობებში ხელშეკრულებიდან გასვლის ფორმის განსაზღვრა მნიშვნელოვანია მხარეთა შემდგომი სამართლებრივი ურთიერთობებისათვის და განსაზღვრავს ამ უფლების განხორციელების სამართლებრივ მართებულებას. სსკ-ის მიხედვით, ხელშეკრულებიდან გასვლა ხორციელდება მეორე მხარისათვის შეტყობინების გზით. ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ შეტყობინება ძალაშია მას შემდეგ, რაც განსაზღვული წინაპირობები იქნება დაკმაყოფილებული. სსკ-ის 405-ე მუხლი დეტალურად აწესრიგებს ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის უფლების წარმოშობის წინაპირობებსა და გამონაკლისებს, ისევე, როგორც აღნიშნული უფლების წარმოშობის დამაბრკოლებელ გარემოებებს (ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძვლებზე საკასაციო პალატის ზემოაღნიშნული მსჯელობა მოცემულია საქმეში №ას-1003-924-2017, 01 დეკემბერი, 2017 წელი).
97. ძირითადი სახელშეკრულებო მიზნის განუხორციელებლობისა და ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების გამოყენების მიზნებისათვის იხილეთ აგრეთევე, სუსგ №ას-459-438-2015, 07 ოქტომბერი, 2015 წელი.
98. რაც შეეხება მოპასუხის შედავებას ხანდაზმულობის საკითხსა და აგრეთვე, იმ საკითხთან მიმართებით, რომ მყიდველები წარმოადგენდნენ მეწარმე სუბიექტებს (ამ განჩინების პ-11, 55), საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ ნაწილში, კასატორმა ვერ წარმოადგინა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, შდრ: სუსგ-ები №ას-1189-1119-2015, 23 მარტი, 2016 წელი; №ას-146-142-2016, 23 მარტი, 2016 წელი.
99. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იძლეოდა მხოლოდ PR35F38-ჰიბრიდის ნიმუშზე წარმოშობილი ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებას, ხოლო დანარჩენი ჰიბრიდის ნიმუშებზე, ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება წარმოშობილად არ მიიჩნევა სათანადო მტკიცებულებების არარსებობის გამო.
100. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოთხოვნა სწორად დაკმაყოფილდა ნასყიდობის ხელშეკრულებდან გასვლისა და გამყიდველისათვის პირველი მყიდველის სასარგებლოდ ნასყიდობის ხელშეკრულების საფასურის ანგარიშში გადასახდელი 31440 ლარის, ხოლო მესამე მყიდველისათვის 16 800 ლარის ანაზღაურების ნაწილში. ამდენად, ამ ნაწილში, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები არ არსებობს, ხოლო ვინაიდან საკასაციო პალატის მოსაზრებით, ჰიბრიდის დანარჩენ ნიმუშებზე: PR38R92 და PR35P12 არ იყო წარმოშობილი ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება, ამიტომ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინება, რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გასვლისა და გამყიდველისათვის პირველი მყიდველის სასარგებლოდ ნასყიდობის ხელშეკრულების საფასურის ანგარიშში 11 760 ლარის ანაზღაურების, ასევე, დასახელებული საფუძვლით მეორე მყიდველის სასარგებლოდ 18 000 ლარის ანაზღაურებისა და მეოთხე მყიდველის სასარგებლოდ 8 640 ლარის ანაზღაურების ნაწილში.
101. სსსკ-ის 53-ე მუხლის საფუძველზე კი, სასამართლო ხარჯები მხარეთა შორის შემდეგნაიარად უნდა განაწილდეს: კასატორს უნდა აუნაზღაურდეს სარჩელის უარყოფილი ნაწილის პროპორციულად პ. დ-ის მიერ 1620 ლარი და ლ. გ-ას მიერ 777 ლარი. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ მ- მ-ის სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ამ ნაწილში, მის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა გამოაკლდეს სარჩელის უარყოფის ნაწილში კასატორის მიერ გაღებულ ხარჯებს და საბოლოოდ, მის მიერ კასატორისათვის გადასახდელი თანხა უნდა განისაზღვროს 115 ლარით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გადაწყვიტა:
1. სს „ს-ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 06 ივნისის განჩინება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. მ- მ-ის სარჩელი ხელშეკრულებიდან გასვლისა და სს „ს-ის“ 31440 ლარის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს, ხოლო სარჩელი ხელშეკრულებიდან გასვლისა და სს „საქართველოს ს-ის მ-ის კ-იისათვის“ 11 760 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
4. ბ. ა-ის სარჩელი ხელშეკრულებიდან გასვლისა და სს „ს-ის“ 16 800 ლარის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს;
5. პ. დ-ის სარჩელი ხელშეკრულებიდან გასვლისა და სს „ს-ის“ 18 000 ლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
6. ლ. გ-ას სარჩელი ხელშეკრულებიდან გასვლისა და სს „ს-ის“ 8640 ლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
7. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 06 ივნისის განჩინება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2, მე-4, მე-6, მე-8 და მე-11 პუნქტების ძალაში დატოვების შესახებ;
8. მ- მ-ს სს „ს-ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 115 ლარის ოდენობით;
9. პ. დ-ს ,,ს-ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 1620 ლარის ოდენობით;
10. ლ. გ-ას სს „ს-ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 777 ლარის ოდენობით;
11. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ბ. ალავიძე