საქმე №ას-1498-1418-2017 8 ივნისი, 2018 წელი
№ას-1498-1418-2017 ბანკი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენით
კასატორი – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ლ--ის რაიონული განყოფილება
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს--ი“
თავდაპირველი მოპასუხეები: გ- ჟ--ი, ბ-- ბ-ე, თ-- ჟ--ი, თ-ჟ---ი, ლ-- ჟ-ი, რ- ჟ-ი
თავდაპირველი მოპასუხე - არასრულწლოვანი ლ- ჟ-ი (საპროცესო წარმომადგენელი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ლ--ის რაიონული განყოფილება)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების და სხვა ქონების რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2014 წლის 02 ივნისს, სს ,,ს --სა’’ (შემდეგში: ბანკი) და გ- ჟ--ს (შემდეგში: მოვალე ან პირველი მოპასუხე) შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება 16500 ლარის სესხებაზე. ბანკის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა ლ---ის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღ-–ეში მდებარე, უძრავი ქონება (ს.კ. 27.16.48.092), 2900 კვ.მ მიწის ფართობი მასზე არსებული შენობა-ნაგებობით (შემდეგში: იპოთეკის საგანი) (№1725830-02 ხელშეკრულება).
2. ბანკის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, ბანკსა და ბ-- ბ-ეს (შემდეგში: თავდები) შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება (№1725830-01).
3. მოვალემ არაერთხელ დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულებით (№1725830) ნაკისრი ვალდებულება.
4. მოვალის დავალიანებამ შეადგინა 16219,76 ლარი.
5. იპოთეკის საგანი წარმოადგენს მოვალის, თ-- ჟ-ის, თ--- ჟ--ის, ლ--- ჟ-ის, ლ-- ჟ-ის და რ- ჟ---ის თანასაკუთრებას. ამასთან, ლ-- ჟ--ი (შემდეგში: არასრულწლოვანი) არასრულწლოვანია.
6. ბანკმა სარჩელი აღძრა მოპასუხეების: მოვალის, თავდების, თ- ჟ--ის, თ-- ჟ--ის, ლ-- ჟ-ის, რ- ჟ--ის, არასრულწლოვანის მიმართ, რომლითაც მოითხოვა:
7. ა) მოვალეს და თავდებს სოლიდარულად დაეკისროთ ბანკის სასარგებლოდ საბანკო კრედიტის №2016257 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 19147.08 ლარის გადახდა.
8. ბ) მოვალეს და თავდებს სოლიდარულად დაეკისროთ ბანკის სასარგებლოდ საბანკო კრედიტის №2165467 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 11652.51 ლარის გადახდა.
9. გ) მოვალეს და თავდებს სოლიდარულად დაეკისროთ ბანკის სასარგებლოდ საბანკო კრედიტის №2016258 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 130.87 დოლარის გადახდა.
10. დ) გადაწყვეტილების აღსრულება საბანკო კრედიტის №2016257 და საბანკო კრედიტის №2016258 სოლიდარული ვალდებულების ნაწილში პირველ რიგში განხორციელდეს მოვალის, თ--ჟ--ის, თ--ჟ--ის, ლ-- ჟ--ის, არასრულწლოვანის და რ- ჟ--ის თანასაკუთრებაში არსებული იპოთეკის საგნის რეალიზაციით. მოვალეს ბანკის სასარგებლოდ დაეკისროს საკრედიტო ბარათი ამერიკან ექსპრეს გრინის ნაწილში არსებული დავალიანება - 648,61 ლარის და სს „პ--ან“ მიღებული საკრედიტო ბარათის ნაწილში დავალიანების 2973,21 ლარის გადახდა.
11. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 04 ოქტომბრის გადაწყვეტილებით: სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოვალეს და თავდებს, ბანკის სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ საბანკო კრედიტის №2016257 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 16219.76 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 13702.99 ლარი, პროცენტი - 1784.97 ლარი, ჯარიმა - 731.80 ლარი. მოვალეს და თავდებს მოსარჩელის სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ საბანკო კრედიტის №2165467 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 9271.1 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 7703.89 ლარი, პროცენტი - 891.86 ლარი, ჯარიმა - 595.35 ლარი და საკომისიო 80 ლარი. მოვალეს და თავდებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ, საბანკო კრედიტის №2016258 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 81.88 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 59.30 აშშ დოლარი, პროცენტი - 10.38 აშშ დოლარი, ჯარიმა - 12.2 აშშ დოლარი. მოვალეს მოსარჩელის სასარგებლოდ, საკრედიტო ბარათი ამერიკან ექსპრეს გრინის ნაწილში დაეკისრა 499.89 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 392.52 ლარი, პროცენტი - 70.19 ლარი, ჯარიმა - 37.18 ლარი. პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, სს „პ--ან“ მიღებული საკრედიტო ბარათის ნაწილში დაეკისრა 2540.68 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 1837.09 ლარი, პროცენტი - 595.46 ლარი, ჯარიმა - 108.13 ლარი.
12. იპოთეკის საგნის რეალიზაციის ნაწილში, ბანკის მოთხოვნის უარყოფისას პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა „ბავშვის უფლებათა შესახებ’’ კონვენციაზე (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან), რომლითაც რეგულირდება ბავშვის მიმართ მზრუნველობის საკითხები, კერძოდ, კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ ბავშვის უფლებას, დაცული იყოს ეკონომიკური ექსპლუატაციისაგან. სასამართლოს მოსაზრებით, ეკონომიკურ ექსპლუატაციაში იგულისხმება ბავშვის შრომითი რესურსის ბოროტად გამოყენება, ასევე, მისი ქონებით არამიზნობრივად, ბავშვის ინტერესების საზიანოდ სარგებლობა, ბავშვის ქონების ბავშვის ინტერესების საწინააღმდეგოდ განკარგვა. ბავშვის ქონებით არამიზნობრივი სარგებლობა სახეზეა, როდესაც სარგებლობას ბავშვის ქონების შემცირება ან მისი სრული მოსპობა სდევს თან და, ამასთან, ამგვარი სარგებლობის მიზანს ბავშვის ინტერესი არ ამართლებს. ოჯახის ქონებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება, რაღა თქმა უნდა, არაპირდაპირ, თუმცა, მაინც, ბავშვის ინტერესებშია, თუმცა, ოჯახის ქონებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ბავშვის ქონებაზე რისკის გაწევა, მით უფრო, თუ რისკი გაუთვლელი და დაუზღვეველია, ბავშვის ინტერესების საზიანო შედეგის მომტანია. შესაბამისად, ბავშვის ქონება უნდა განიკარგოს მხოლოდ ბავშვის ინტერესებში.
13. ამ ნაწილში, სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილით, სსკ-ის 115-ე და სსკ-ის 54-ე მუხლებით, აგრეთვე, სსკ-ის 1198-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილებით და აღნიშნა, რომ ნორმის დანაწესი ავალდებულებს მშობლებს, დაიცვან თავიანთი არასრულწლოვანი შვილების უფლებები და ინტერესები, რაც მოიცავს შვილების ქონების მართვასა და გამოყენებას. აღნიშნული მუხლით განსაზღვრულია მშობლის მოვალეობა შვილის მიმართ, ბავშვის ქონების მართვისა და გამოყენების დროს იმოქმედოს მხოლოდ მისივე ინტერესების შესაბამისად. გარიგების დადების მიზანს უნდა წარმოადგენს შვილის ინტერესების უკეთ უზრუნველყოფა. არასრულწლოვნის კეთილდღეობასა და მომავალზე ზრუნვა უნდა იყოს უპირატესი გარიგების დადების დროს და განპირობებული ბავშვის მატერიალური და არამატერიალური მოთხოვნილების დაკმაყოფილების აუცილებლობით.
14. მოცემულ შემთხვევაში, მოვალეს ჰყავს არასრულწლოვანი შვილი დაბ. 10.11.2003წ.-ს, რომელიც არის იპოთეკის საგნის თანამესაკუთრე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი მშობლებს ბავშვების ქონებასთან მიმართებით შეზღუდულ უფლებას უწესებს და მხოლოდ აღნიშნული ქონების მართვისა და გამოყენების უფლებას ანიჭებს, რაც განკარგვის უფლებამოსილებას არ გულისხმობს.
15. სასამართლომ აღნიშნა, რომ მშობლები არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლები არიან და განსაკუთრებულ რწმუნებულებათა გარეშე, მათი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად გამოდიან. შესაბამისად, მშობელს ბავშვის სახელით მხოლოდ ისეთ გარიგებების დადება შეუძლია, რომლებიც ბავშვის ნებას შეესაბამება და აღნიშნული გარიგება ბავშვის ინტერესებშია. მოცემულ შემთხვევაში, ბავშვის კუთვნილი ქონების იპოთეკით დატვირთვა, მშობლის მიერ აღებული სესხის უზრუნველსაყოფად, არ შეიძლება მიჩნეული ყოფილიყო არასრულწლოვანის ნების შესაბამისად. სასამართლომ არც ბავშვის ნამდვილი ინტერესის არსებობა მიიჩნია სახეზე, რადგან ბიზნესის დასაწყებად სესხის აღება, თუნდაც, ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ბავშვის ნამდვილ ეკონომიკურ ინტერესს არ შეესატყვისებოდა, ვინაიდან სესხად აღებული თანხებით ბიზნესის წარმოება, შესაბამისი ბიზნეს გეგმისა და დაუზღვეველი რისკის პირობებში, სერიოზული საფრთხის შემცველი იყო. ბავშვის ქონების დაკარგვის საფრთხის არსებობა კი, იმთავითვე ბავშვის ინტერესების საზიანოდ უნდა შეფასებულიყო.
16. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მშობლის მიერ აღებული სესხის უზრუნველსაყოფად არასრულწლოვანი ბავშვის (თანამესაკუთრის) ქონების იპოთეკით დატვირთვა ბავშვის ინტერესის საწინააღმდეგო გარიგებად შეფასდა. მართალია, ფორმალურად დაცული იყო კანონის მოთხოვნები, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში, სესხის უზრუნველსაყოფად უძრავი ქონების იპოთეკით რეალიზაცია ეწინააღმდეგებოდა, როგორც ეროვნულ, ასევე, საერთაშორისო სამართლის ნორმებს და ამ ნაწილში, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა.
17. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა ბანკის მიერ. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, გადაწყვეტილებით, მოპასუხეთათვის დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით, იპოთეკის საგნის რეალიზაციის დადგენა. დავალიანების სრულად დაფარვის მიზნით, იპოთეკის საგნის რეალიზაციით ამონაგები თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში, სოლიდარულ მოვალეთა, პირველი მოპასუხის და თავდების საკუთრებაში არსებული ყველა სხვა ქონების რეალიზაციის დადგენა.
18. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით: 1. სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. 2. გაუქმდა, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 04 ოქტომბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა, იპოთეკით დატვირთული ქონებისა და სოლიდარულ მოვალეთა სხვა ქონებების რეალიზაციის თაობაზე. 3. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 04 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ბანკის სასარგებლოდ, მოვალისა და თავდებისათვის დაკისრებული 16219,76 ლარის გადახდევინება განხორციელდეს, იპოთეკის საგნის რეალიზაციის გზით. 4. იპოთეკის საგნის რეალიზაციით ამონაგები თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში, დავალიანების სრულად დაფარვის მიზნით, განხორციელდეს მოვალისა და სოლიდარული მოვალის, საკუთრებაში არსებული ყველა სხვა ქონების რეალიზაცია.
19. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 სექტემბრის დამატებითი გადაწყვეტილებით: 2. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 04 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ბანკის სასარგებლოდ მოვალისა და თავდებისათვის N2016258 ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული თანხის 81.88 აშშ დოლარის გადახდევინება განხორციელდეს, იპოთეკის საგნის რეალიზაციის გზით. 3. იპოთეკის საგნის რეალიზაციით ამონაგები თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში, დავალიანების სრულად დაფარვის მიზნით, განხორციელდეს მოვალისა და სოლიდარული მოვალის, საკუთრებაში არსებული ყველა სხვა ქონების რეალიზაცია.
20. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ამ განჩინების პპ: 1-35-ით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
21. იპოთეკის ხელშეკრულების დამატებითი პირობების №1 დანართით და მხარეთა განმარტებებით სააპელაციო სასამართლომ დამატებით დადგენილად მიიჩნია, რომ იპოთეკის საგანში (უძრავი ქონება) არასრულწლოვანის კუთვნილი 1/6 წილის იპოთეკით დატვირთვაზე წერილობითი ფორმით განაცხადეს თანხმობა მისმა კანონიერმა წარმომადგენლებმა: მშობლებმა, მოვალემ და თ--- ჟ--მა.
22. სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე, მოვალემ (არასრულწლოვანის მამა) განაცხადა, რომ იპოთეკური სესხის აღების დროისათვის, იგი მუშაობდა პოლიციის სამმართველოს უფროსად, მისი ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენდა 2000 ლარს. სესხის აღების მიზანი იყო ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ბიზნეს საქმიანობის განხორციელება. იპოთეკის №1725830-02 ხელშეკრულების 8.4 მუხლის თანახმად, მოვალე და ბანკი შემდეგზე: „თუ იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი (ბანკის საკუთრებაში გადასული, იპოთეკის საგანი ან იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა) სრულად არ დაფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს და მოვალესთან გაფორმებული ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ბანკი უფლებამოსილია მოთხოვნის სრული დაკმაყოფილების მიზნით, გადახდევინება მიაქციოს მოვალის ნებისმიერ ქონებაზე ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად“.
23. დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ თავდებთან გაფორმებული, სოლიდარული თავდებობის №1725830-01 ხელშეკრულების 2.3. მუხლით, თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული თანხა განისაზღვრა 32900 ლარით. ამავე, ხელშეკრულების 4.3.3 მუხლში დაფიქსირდა, რომ ბანკი უფლებამოსილია, მოვალის ვალდებულების დაფარვის მიზნით, გადახდევინება მიაქციოს თავდების ნებისმიერი ქონების ან აქტივის ხარჯზე.
24. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ არსებობდა ინტერესთა კონფლიქტი ბავშვსა და მშობლებს შორის.
25. ამასთან, არასრულწლოვანის უფლებების დასაცავად კანონიერ წარმომადგენლებს - მშობლებს, პირველი ინსტანციის სასამართლოში კვალიფიციური შედავება არ განუხორციელებიათ, ხოლო სააპელაციო სასამართლოში შვილის უფლების დასაცავად შესაბამისი საპროცესო მოქმედება (შესაგებელის წარდგენა) არ განუხორციელებიათ.
26. ზემოაღნიშნული გარემოებების საფუძველზე, ბავშვის უფლებების საერთაშორისო კონვენციის მესამე მუხლიდან გამომდინარე, 2017 წლის 19 აპრილის განჩინებით, არასრულწლოვანის კანონიერ წარმომადგენლებს, მშობლებს, მამას - მოვალეს და დედას- თ----- ჟ------ს, შეეზღუდათ მოცემულ დავაზე არასრულწლოვანის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება და კანონიერი წარმომადგენლების ნაცვლად, არასრულწლოვანს დაენიშნა სპეციალური წარმომადგენელი ამ საქმის წარმოების მიზნებისათვის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სახით.
27. არასრულწლოვანის სპეციალურმა საპროცესო წარმომადგენელმა სააპელაციო სასამართლოში წარმოადგინა შესაგებელი. იმავდროულად, ცნო პირველი ინსტანციის სასამართლოში პროცესის წარმართვის მართლზომიერება და არასრულწლოვანის უფლებების დაცვისა და დამატებით საპროცესო მოქმედებების განხორციელების მიზნით, საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნება არ მოუთხოვია.
28. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, აპელანტის პრეტენზია მიმართული იყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ მსჯელობის წინააღმდეგ, რომლითაც მიჩნეული იქნა, რომ მშობლის მიერ აღებული სესხის უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დატვირთული, არასრულწლოვანის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეალიზაცია, ბავშვის ინტერესის საწინააღმდეგო გარიგებაა, რაც გამორიცხავდა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას. გარდა ამისა, პრეტენზია წარდგენილია გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომლითაც უარი ეთქვა მოთხოვნას, იპოთეკის საგნის რეალიზაციით ამონაგები თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში, დავალიანების სრულად დაფარვის მიზნით, მოვალისა და სოლიდარული თავდების, საკუთრებაში არსებული ყველა სხვა ქონების რეალიზაციაზე.
29. არასრულწლოვანის ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებით, აპელანტის პრეტენზიის მართებულობის და გასაჩივრებულ ნაწილში, გადაწყვეტილების დასაბუთებულობის შემოწმების მიზნით, სააპელაციო სასამართლომ უდავო გარემოებად მიიჩნია, რომ იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის დაცული იყო მისი დადების წესი, თუმცა, მოპასუხეთა მიერ მიჩნეული იქნა, რომ ისეთი გარიგება, რომლითაც განიკარგა არასრულწლოვანის წილი უძრავ ქონებაში, წარმოადგენდა საჯარო წესრიგისა და ზნეობის საწინააღმდეგოს (შდრ: Nას-15-15-2016, 1 მარტი 2016 წელი).
30. სააპელაციო სასამართლოს, იმისათვის, რომ დაედგინა არასრულწლოვანის თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებისას, კეთილსინდისიერად მოქმედებდა თუ არა გამსესხებელი, იყო თუ არა გათვალისწინებული ბავშვის საუკეთესო ინტერესები, მნიშვნელოვნად მიიჩნია გაერკვია კრედიტის გაცემისას, რამდენად კრედიტუნარიანი იყო მსესხებელი და არსებობდა თუ არა სესხის გაცემის წინაპირობები.
31. დადგენილად იქნა მიიჩნეული, რომ კრედიტის აღების მიზანს ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენდა.
32. სესხის აღების დროს, მსესხებელი - მოვალე დასაქმებული იყო საჯარო სამსახურში-პოლიციის უფროსის თანამდებობაზე, გააჩნდა დამოუკიდებელი შემოსავალი ხელფასის სახით, თვეში 2000 ლარამდე, რაც ადასტურებდა, რომ გამსესხებელი, მხოლოდ იპოთეკის საგნის იმედად არ იმყოფებოდა, მის (გამსესხებლის) მოქმედებას ყველა კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე ადამიანი, საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად არ შეაფასებდა, ვინაიდან, არ არსებობდა ვარაუდი სესხის დაუბრუნებლობისა და არასრულწლოვანის თანასაკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული ქონების გასხვისებისა.
33. ზემოთმოხმობილი მსჯელობის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 2014 წლის 02 ივნისის №1725830-02 იპოთეკის ხელშეკრულება არ წარმოადგენდა საჯარო წესრიგისა და ზნეობის საწინააღმდეგო გარიგებას და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
34. სსკ-ის 301.1 მუხლისა და 301.11 მუხლის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
35. განსახილველ საქმეზე დადგენილ გარემოებას წარმოადგენდა, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 04 ოქტომბრის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესული ნაწილით, მოპასუხეებს: მოვალეს და თავდებს ბანკის სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ საბანკო კრედიტის №2016257 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების თანხის - 16219.76 ლარის გადახდა.
36. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული თანხის ამოღების მიზნით, იპოთეკის საგნის რეალიზაციის, ასევე, იპოთეკის საგნის რეალიზაციით ამონაგები თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში, დავალიანების სრულად დაფარვის მიზნით, მოვალის, და სოლიდარული თავდების, საკუთრებაში არსებული ყველა სხვა ქონებების რეალიზაციის თაობაზე მოთხოვნა, გამომდინარეობდა სსკ-ის 301.1 და სსკ-ის 301.11 მუხლების დანაწესიდან და საფუძვლიანი იყო.
37. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა გასაჩივრებულ ნაწილში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც, იპოთეკით დატვირთული ქონებისა და სოლიდარულ მოვალეთა სხვა ქონებების რეალიზაციის თაობაზე ბანკის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმით, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 385-386-ე მუხლების თანახმად, ბანკის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების, გასაჩივრებულ ნაწილში, გადაწყვეტილების გაუქმების და ამ ნაწილში, სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობებს წარმოშობდა.
38. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ლ---ის რაიონული განყოფილებამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დამდგარი იურიდიული შედეგის ძალაში დატოვება.
39. საკასაციო საჩივრში აღნიშნულია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 აგვისტოს განჩინებით არ იქნა მხედეველობაში მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააპელაციო შესაგებლის საფუძვლები.
40. კასატორის განმარტებით, ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ სწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესაბამისად სწორად დაადგინა, რომ არ უნდა განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული, უძრავი ქონების რეალიზაცია, ვინაიდან სადავო უძრავი ქონების ერთ-ერთი თანამესაკუთრე არასრულწლოვანია.
41. კასატორი მიიჩნევს, რომ მართალია ძირითადმა მოვალემ და სოლიდარულმა თავდებმა დაარღვიეს ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები, მაგრამ ბანკის სასარჩელო მოთხოვნა, რომელიც შეეხება დავალიანების აღსრულების განხორციელებას იპოთეკით დატვირთული, თანასაკუთრებაში არსებული, უძრავი ქონების რეალიზაციის გზით, უსაფუძვლოა.
42. ,,ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციით და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის მიხედვით, ბავშვის ქონება უნდა განიკარგოს უშუალოდ ბავშვის ინტერესების შესაბამისად. ქონების ბავშვის ინტერესების საზიანოდ სარგებლობა და განკარგვა დაუშვებელია, უპირატესი უფლება კი ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ,,ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ ბავშვის უფლებას - დაცული იყოს ეკონომიკური ექსპლუატაციისგან. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ქონების გასხვისება სერიოზული საფრთხის შემცვლელია.
43. საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სასამართლოს განმარტებით, ეკონომიკურ ექსპლოატაციაში იგულისხმება ბავშვის შრომითი რესურსების ბოროტად გამოყენება, ასევე, მისი ქონების არამიზნობრივად, ბავშვის ინტერესების საზიანოდ სარგებლობა და განკარგვა. ბავშვის ქონებით არამიზნობრივად სარგებლობა კი სახეზეა, როდესაც აღნიშნულ ქმედებას ბავშვის ქონების შემცირება ან მისი სრული მოსპობა სდევს თან. ამასთან მნიშნვნელოვანია, რომ ამგვარი სარგებლობის მიზანს ბავშვის ინტერესები არ ამართლებს. კასატორი თვლის, რომ ოჯახის ქონებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება, რა თქმა უნდა, ბავშვის ინტერესებშია, თუმცა ბავშვის ქონებაზე რისკის გაწევა, ბავშვის ინტერესების საზიანო შედეგის მომტანია.
44. კასატორი განმარტავს, რომ განსახილველ შემთვევაში, მართალია ფორმალურად დაცულია კანონის მოთხოვნები და კანონიერი წარმომადგენელის თანხმობაც არსებობს ქონების იპოთეკით დატვირთვასთან დაკავშირებით, მაგრამ სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს. ეს უკანასკნელი კი სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული, მით უფრო, რომ იპოთეკით დატვირთული ქონება არის საცხოვრებელი სახლი და არასრულწლოვანს სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია. შესაბამისად ბავშვი ფაქტიურად დარჩება ქუჩაში, ღია ცის ქვეშ.
45. საბოლოოდ, საკასაციო საჩივარში მითითებულია, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად და სამართლებრივად სწორად არის დასაბუთებული, გამოყენებულია მოქმედი კანონომდებლობა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა მოქმედი საკანონმდებლო აქტები.
სამოტივაციო ნაწილი:
46. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 დეკემბერის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
47. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 08 იანვარის განჩინებით საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განსახილველად დაინიშნა საქმის ზეპირი მოსმენა 2018 წლის 26 იანვარს.
48. სასამართლო სხდომაზე მხარეებს განესაზღვრათ ვადა მორიგებისათვის. მოწინააღმდეგე მხარის არაერთი მცდელობის მიუხედავად, მხარეთა შორის მორიგება მიღწეული ვერ იქნა.
49. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.
50. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 02 მაისის განჩინებით მხარეთა პოზიციების შეჯერების მიზნით, კვლავ დაინიშნა არსებითად განსახილველად დაშვებულ საკასაციო საჩივარზე ზეპირი მოსმენა 2018 წლის 18 მაისს. სასამართლო სხდომაზე სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება გადაიდო 2018 წლის 08 ივნისს.
51. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
52. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით სადავოა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად არასრულწოვანის საკუთრებაში არსებული იპოთეკის საგნის რეალიზაციის მართლზომიერება.
53. კასატორის ძირითადი არგუმენტი ემყარება იმ მოსაზრებას, რომ მშობლის მიერ აღებული სესხის უზრუნველსაყოფად არასრულწლოვანი ბავშვის (თანამესაკუთრის) ქონების იპოთეკით დატვირთვა ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს. მით უფრო, რომ იპოთეკის საგანი არის საცხოვრებელი სახლი და არასრულწლოვანს სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია.
54. საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების მიზნით, საკასაციო პალატა, უპირველესად, მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებსაც სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულო ძალა გააჩნიათ, რამდენადაც მათ მიმართ საკასაციო პრეტენზია წარმოდგენილი არ არის:
55. - 2014 წლის 02 ივნისს, ბანკსა და მოვალეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება 16500 ლარის სესხებაზე. ბანკის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა ლ---ის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღ-–ეში მდებარე, უძრავი ქონება, 2900 კვ.მ მიწის ფართობი მასზე არსებული შენობა-ნაგებობით.
56. - უძრავი ქონების ერთ-ერთ თანამესაკუთრეს მოვალის არასრულწლოვანი შვილი 10.11.2003წ.-ს დაბადებული ლ-- ჟ--ი წარმოადგენს.
57. - იპოთეკის საგანს ჰყავს სხვა თანამესაკუთრეებიც.
58. - ბანკის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, ბანკსა და ბ- ბ-ეს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება.
59. - მოვალემ არაერთხელ დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.
60. - დავალიანებამ შეადგინა 16219,76 ლარი.
61. პირველი ინსტანციის სასამართლომ იპოთეკის საგნის რეალიზაციის ნაწილში, ბანკის მოთხოვნა უარყო, როგორც შიდა ეროვნულ კანონმდებლობაზე [სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი, სსკ-ის 115-ე მუხლი, სსკ-ის 54-ე მუხლი, სსკ-ის 1198-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილები], აგრეთვე, საერთაშორისო ნორმატიულ აქტზე „ბავშვის უფლებათა შესახებ’’ კონვენციაზე (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) დაყრდნობით. პირველი ინსტანციის სასამართლოს ძირითადი არგუმენტი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ბავშვის კანონიერ წარმომადგენელებს ეკრძალებოდათ ბავშვის ქონებით არამიზნობრივად, ბავშვის ინტერესების საზიანოდ სარგებლობა, ბავშვის ქონების ბავშვის ინტერესების საწინააღმდეგოდ განკარგვა.
62. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ბანკის მოთხოვნა იპოთეკის საგნის რეალიზაციის ნაწილში დაკმაყოფილდა. მართალია, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით გაზიარებულია არასრულწლოვანის კანონიერ წარმომადგენელთა მოვალეობის ნაწილში, პირველი ინსტანციის მსჯელობა, თუმცა, საგულისხმოა, რომ სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეზე დადგენილ სხვა გარემოებებზეც, სახელდობრ, მასზე, რომ კრედიტის აღების მიზანს ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენდა. ამასთან, სესხის აღების დროს, მსესხებელი - მოვალე დასაქმებული იყო საჯარო სამსახურში-პოლიციის უფროსის თანამდებობაზე, გააჩნდა დამოუკიდებელი შემოსავალი ხელფასის სახით, თვეში 2000 ლარამდე, რაც ადასტურებდა, რომ გამსესხებელი, მხოლოდ იპოთეკის საგნის იმედად არ იმყოფებოდა, მის (გამსესხებლის) მოქმედებას ყველა კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე ადამიანი, საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად არ შეაფასებდა, ვინაიდან, არ არსებობდა ვარაუდი სესხის დაუბრუნებლობისა და არასრულწლოვანის თანასაკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული ქონების გასხვისებისა. შესაბამისად, 2014 წლის 02 ივნისის იპოთეკის ხელშეკრულება არ წარმოადგენდა საჯარო წესრიგისა და ზნეობის საწინააღმდეგო გარიგებას.
63. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის ზემოთდასახელებულ არგუმენტს და მიაჩნია, რომ ამ არგუმენტის გასაქარწყლებლად კასატორმა ვერ წარმოადგინა დასაშვები (დასაბუთებული) საკასაციო პრეტენზია (შედავება).
64. იმავდროულად, საკასაციო პალატა ხაზს უსვამს ბავშვის საუკეთესო ინტერესებში არამარტო მშობელთა, არამედ სახელმწიფოს მოქმედების (პოზიტიური ვალდებულება) აუცილებლობასაც.
65. ერთ-ერთ საქმეში, რომელიც გამოტანილი იქნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ ნ.წ.-სა და სხვების N.71776/12 განაცხადის საფუძველზე (2 თებერვალი 2016 წელი), სასამართლომ ხაზი გაუსვა ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის აუცილებლობას და აღნიშნა, რომ „ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები. ეს ნიშნავს, რომ ბავშვის სახელით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაში მაქსიმალურად უნდა იქნეს გათვალისწინებული ბავშვის საუკეთესო ინტერესები. ბავშვის საუკეთესო ინტერესები არის იმ საპროცესო უფლების მსგავსი, რომელიც სახელმწიფოს ავალდებულებს, ქმედების პროცესში დანერგოს ისეთი ნაბიჯები, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება“ (პ-19).
66. თუმცა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეზე იმგვარი ფაქტობრივი გარემოებები იქნა დადგენილი, რომლებმაც არასრულწლოვანის წარმომადგენელთა მხრიდან ქონების განკარგვის შესახებ გარიგების ბათილობის წინაპირობები ვერ წარმოშვეს.
67. ამ თვალსაზრისით, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებაზე, რომელშიც შედავებული იყო ბანკსა და არასრულწლოვანთა კანონიერ წარმომადგენელებს (მშობლებს) შორის დადებული სესხის უზრუნველყოფის შესახებ გარიგება (იპოთეკის ხელშეკრულება), როგორც მართლსაწინააღმდეგო გარიგება [1198-ე მუხლის მეექვსე ნაწილი, 289-ე მუხლის პირველი ნაწილი, 3111-ე მუხლი, 54-ე მუხლი]. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში, საკასაციო პალატამ სადავო გარიგებათა მართლოზომიერების შემოწმების კრიტერიუმად კრედიტის გამცემის კეთილსინდისიერად მოქმედების აუცილებლობა მიიჩნია. კერძოდ, მხედველობაში მიიღო რა სესხის გაცემის წინაპირობების (მიკროკრედიტი არის მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადიანობის, დაბრუნებადობის, ფასიანობის და მიზნობრიობის პირობების შესაბამისად მსესხებელზე ან მსესხებელთა ჯგუფზე გაცემული თანხა. კანონი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ, მუხლი 5.1.) დაცულობის აუცილებლობა, აღნიშნა, რომ დასადგენ გარემოებათა წრეს (მტკიცების საგანი) სესხის მიღების დროს მსესხებლის დამოუკიდებელი შემოსავლების (ხელფასის ან სხვა შემოსავლების სახით) არსებობა წარმოადგენდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, იქმნებოდა ისეთი ვითარება, რომ გამსესხებელი მხოლოდ იპოთეკის საგნის იმედად რჩებოდა და, შესაბამისად, მის მოქმედებას ყველა კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე ადამიანი საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად შეაფასებდა (შდრ: სუსგ №ას-1221-1146-2015 , 20 მაისი, 2016 წელი. პ- 31). საგულისხმოა, რომ სასესხო (მათ შორის, კრედიტი სესხი ფორმით) ურთიერთობებში კრედიტორის მოქმედების გულისხმიერების აუცილებლობის თვალსაზრისით დადგენილია უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (იხ., სუსგ Nას-1338-1376-2014; 29.06.2015წ.).
68. იმავდროულად, მხედველობაშია მისაღები საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტება საჯარო წესრიგის დაცვის აუცილებლობის თავლსაზრისითაც (იხ., სუსგ Nას-15-15-2016, 1 მარტი 2016 წელი), რომლის მიხედვით „სამართლებრივ სახელმწიფოში მართლწესრიგის არსებობას უზრუნველყოფს, როგორც კანონი, ასევე, მორალური ქცევის სტანდარტი, შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში კერძო ავტონომიისა და თავისუფალი კონტრაჰირების პრინციპი მოქმედებს, გარიგება, რომელიც საზოგადოებაში „საყოველთაოდ მიღებულ ქცევის სტანდარტს“ ეწინააღმდეგება, ამორალურ გარიგებად მიიჩნევა და ბათილობის სამართლებრივ შედეგებს უკავშირდება. სსკ-ის 54-ე მუხლის საკანონმდებლო დანაწესის მიზანს სწორედ იმგვარი გარიგებების თავიდან აცილება წარმოადგენს, რომლებიც ფორმალურად კანონსაწინააღმდეგო არ არის, თუმცა, თავისი არსით, საზოგადოებრივ მართლწესრიგს არღვევს და სამოქალაქო ბრუნვის სუბიექტთა თანაცხოვრებას აუარესებს, რაც შედეგობრივად, სამოქალაქო ბრუნვას აფერხებს“.
69. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხოლოდ ყოველ კონკრეტულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზეა შესაძლებელი იმგვარი დასკვნის გაკეთება, წარმოშობს თუ არა გარიგება ბათილობის წინაპირობებს, მათ შორის, კეთისინდისიერების, გულისხმიერების, მართლზომიერების, კანონსაწინააღმდეგო თუ, ბავშვის ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედების საფუძვლებით.
70. განსახილველი საკასაციო პრეტენზია (შედავება) კი, არ შეიცავს დასაბუთებულ მითითებას ბანკის მოთხოვნის უარსაყოფად. მართალია კასატორი უთითებს სასამართლო პრაქტიკაზე, რომლებშიც ბავშვის საუკეთესო ინტერესებში მოქმდების აუცილებლობაზეა ყურადღება გამახვილებული და რომლის დაცვის აუცილებლობასაც, საკასაციო პალატა ადასტურებს, თუმცა, კასატორი ვერ ასაბუთებს, განსახილველ საქმეში, კონკრეტულად რაში გამოიხატა დარღვევა იპოთეკით უზრუნველყოფილი საბანკო კრედიტის გაცემისას.
71. პირიქით, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სესხის აღების დროს, მსესხებელი - მოვალე დასაქმებული იყო საჯარო სამსახურში-პოლიციის უფროსის თანამდებობაზე, გააჩნდა დამოუკიდებელი შემოსავალი ხელფასის სახით, თვეში 2000 ლარამდე. მანვე, (მოვალე, არასრულწლოვანის მამა) სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე განაცხადა, რომ სესხის აღების მიზანი იყო ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ბიზნეს საქმიანობის განხორციელება (იხ., ამ განჩინების პ - 22).
72. ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეაფასებას, რომ კრედიტის აღების მიზანს ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენდა. იპოთეკის საგანში (უძრავი ქონება) არასრულწლოვანის კუთვნილი 1/6 წილის იპოთეკით დატვირთვაზე წერილობითი ფორმით განაცხადეს თანხმობა მისმა კანონიერმა წარმომადგენლებმა: მშობლებმა, მოვალემ და თ- ჟ-მა (ფორმალური წინაპირობები).
73. იმავდროულად, გასაზიარებელია, რომ გამსესხებელი, მხოლოდ იპოთეკის საგნის იმედად არ იმყოფებოდა, მის (გამსესხებლის) მოქმედებას ყველა კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე ადამიანი, საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად არ შეაფასებდა, ვინაიდან, არ არსებობდა ვარაუდი სესხის დაუბრუნებლობისა და არასრულწლოვანის თანასაკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული ქონების გასხვისებისა.
74. ამდენად, 2014 წლის 02 ივნისის №1725830-02 იპოთეკის ხელშეკრულება არ წარმოადგენს საჯარო წესრიგისა და ზნეობის საწინააღმდეგო გარიგებას და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
75. დადგენილია, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 04 ოქტომბრის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესული ნაწილით, მოპასუხეებს: მოვალეს და თავდებს ბანკის სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ საბანკო კრედიტის №2016257 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების თანხის - 16219.76 ლარის გადახდა. აღნიშნული თანხის ამოღების მიზნით, იპოთეკის საგნის რეალიზაციის, ასევე, იპოთეკის საგნის რეალიზაციით ამონაგები თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში, დავალიანების სრულად დაფარვის მიზნით, მოვალის, და სოლიდარული თავდების, საკუთრებაში არსებული ყველა სხვა ქონებების რეალიზაციის თაობაზე მოთხოვნა, გამომდინარეობს სსკ-ის 301.1 და სსკ-ის 301.11 მუხლების დანაწესიდან, არ ეწინაარმდეგება კანონს, საჯარო წესრიგს და მისი დაკმაყოფილება მართლოზომიერია.
76. სსკ-ის 301.1 მუხლისა და 301.11 მუხლის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
77. შესაბამისად, რელევანტურია იპოთეკის საგანზე რეალიზაციის მიქცევა.
78. იმავდროულად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის განმხილველი სასამართლოსათვის სავალდებულოა სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები. სარჩელის საფუძველი არის იმ ფაქტების ერთობლიობა, რომლებიც ასაბუთებენ, ამართლებენ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.
79. აღსანიშნავია, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. განსახილველ შემთხვევაში, კასატორმა ვერ შეძლო იმის დამტკიცება, რომ 2014 წლის 02 ივნისის №1725830-02 იპოთეკის ხელშეკრულება წარმოადგენს საჯარო წესრიგისა და ზნეობის საწინააღმდეგო გარიგებას.
80. კონკრეტული გარემოებების გარეშე, კი ამგვარი დასკვნის გაკეთება ეწინააღმდეგება სამართლის განსაზღვრულობის პრინცპის დაცვის აუცილებლობასაც. ამ კუთხით საგულისხმოა, ბოლო წლებში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოკვეთილი შეხედულებები ეროვნული კანონმდებლობის განსაზღვრულობის პრინციპის დარღვევებთან მიმართებით. იხ., Tudor Tudor v. Romania [Application no. 21911/03) §27], რომელშიც ხაზი გაესვა პრეცედენტული სამართლის კონფლიქტს კანონის ნორმის ინტერპრეტაციის საკითხში განსხვავებული ინტერპრეტაციის პრობლემა დადგა სხვა საქმეშიც ALBU AND OTHERS v. ROMANIA (Applications no. 34796/09), §§: 34 (III, IV), რომელშიც აღნიშნა, რომ სასამართლოს დასკვნები უნდა დაეფუძნოს სამართლის განსაზღვრულობის პრინციპს, რომელიც ადგენს კანონისმიერი წესრიგის ერთ-ერთ ფუნდამენტურ ასპექტს. სხვა საქმეში აღნიშნა იმგვარი მექანიზმის შექმნის აუცილებლობა, რომელიც შექმნის რა სამართლებრივ განსაზღვრულობას (Nejdet Şahin and Perihan Şahin v. Turkey [GC] (Application no. 13279/05), §§59-96) ხელს შეუწყობს ერთგვაროვანი პრაქტიკის დადგენას კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებისათვის, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილებათა კონფლიქტი არაერთგვაროვნების კონტექსტში კი, პირიქით, შეამცირებს საზოგადოების ნდობას.
81. მართალია, ნორმის განსაზღვრულობის საკითხისადმი მიდგომა შედარებით მოქნილია სსკ-ის ნორმების მიმართ (შდრ: საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე №3/7/679. პ-29, 30), თუმცა, როდესაც საქმე არ შეეხება უზოგადეს ცნებას როგორიცაა „გარიგების წინააღმდეგობა საჯარო წესრიგთან ან კანონთან“, „აუცილებელი წინადახედულობისა და გულისხმიერად ქცვის ვალდებულების შეუსრულებლობა“ წარმოიშობა მწვავე ობიექტური საჭიროება იმისა, რომ მოსამართლეს არ გააჩნდეს უკონტროლო დისკრეციის უფლება. არ უნდა მიიჩქმალოს განსაზღვრულობის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება - კანონის ადრესატმა შეძლოს მისი სწორი აღქმა, შესაბამისი სამართლებრივი შედეგების განჭვრეტა და თავისი ქცევის განხორციელება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის №2/3/406,408 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-36).
82. ამიტომაც, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მხოლოდ კასატორის ზოგადი შედავებით, სადავო გარიგების ბათილობის საფუძვლები წარმოშობილად ვერ მიიჩნევა. აღნიშნული თავის მხრივ, წინააღმდეგობაში მოვა აგრეთვე გარიგების მონაწილე მეორე მხარის - კრედიტორის სახელშეკრულებო ინტერესის განხორცილებასთანაც. ვინაიდან, ვიცავთ რა გარიგების ერთი მხარის უფლებას, არ უნდა დავუშვათ მეორე მხარის ინტერესების დაუსაბუთებელი შელახვა. ამგვარი მიდგომა, პირიქით წაახალისებს გარიგების მონაწილეთა ქცევის არაკეთილსინდისიერებას.
83. საკასაციო პალატა გარიგების მონაწილეთა ქცევის კეთილსინდისიერების დაცვის აუცილებლობაზე გაამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ კეთილსინდისიერების პრინციპს სამი ფუნქცია ეკისრება: 1) ყველა ხელშეკრულება უნდა განიმარტოს კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე; 2) კეთილსინდისიერების პრინციპს აქვს ხარვეზის (სამართლის ნორმის ხარვეზის) შემავსებელი ფუნქცია, ასევე ხელშეკრულების პირობათა (რომლებიც მხარეთა მიერ ან/და კანონით არ იყო გათვალისწინებული) დამატების ფუნქცია; 3) გამაუქმებელი, შემზღუდავი და „მაკორექტირებელი“ ფუნქცია. კეთილსინდისიერების ზემოაღნიშნული ფუნქციებიდან გამომდინარობს, რომ ნებისმიერ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში, კრედიტორს არ შეუძლია უარი თქვას მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების მცირე ხელშეწყობაზე, როდესაც მოვალეს კრედიტორის მხრიდან ესაჭიროება ასეთი ხელშეწყობა მასზე ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულებისათვის. კეთილსინდისიერების პრინციპი უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს კონტრაჰენტის ინტერესების გათვალისწინებას, რომლის არარსებობის შემთხვევაში ადგილი აქვს უფლების ბოროტად გამოყენებას. იგი წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის შეფასებით კრიტერიუმს, რომლის შესაბამისადაც, სამართლიანისა და უსამართლოს გამიჯვნის გზით, პირი იღებს ობიექტური დამკვირვებლის შეფასებით ყველაზე სამართლიან გადაწყვეტილებას. კეთილსინდისიერების პრინციპი ქართულ სასამართლო პრაქტიკაში მიჩნეულია უშუალოდ მოქმედ სამართალდ და მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად, რომლის მიზანი სამართლიანი შედეგის დადგომა და უსამართლო შედეგის თავიდან აცილებაა.კეთილსინდისიერების პრინციპის გამოყენება აქტუალური ხდება მაშინ, როცა პირის მოთხოვნა ან ქმედება ფორმალურად შეესაბამება მოქმედ მატერიალურ კანონმდებლობას, მაგრამ მისი განხორციელება კონკრეტულ შემთხვევაში უსამართლოა. შესაბამისად, მისი ფუნქცია აშკარად უსამართლო შედეგების თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობასა და სიმყარეს. ევროპის სახელშეკრულებო სამართლის პრინციპების მიხედვით, თითოეული მხარე ვალდებულია მოქმედებდეს კეთილსინდისიერებისა და სამართლიანობის ფარგლებში, რაც არ შეიძლება შეიზღუდოს ან გამოირიცხოს ხელშეკრულებით. კეთილსინდისიერებისა და ნდობის პრინციპის პრინციპი მიჩნეულია ყოველისმომცველ პრინციპად, თუ არ არის დადგენილი კონკრეტული შემთხვევისთვის სპეციალური დანაწესი. მართალია, მისი შინაარსი საკმაოდ ზოგადი ხასიათისაა, თუმცა, კონკრეტიზაციას ცალკეულ მოთხოვნებში, კერძოდ ურთიერთგამომრიცხველი მოქმედებების აკრძალვაში, ასევე, ორმხრივ ინფორმირებულების ვალდებულებაში ჰპოვებს.
84. საკასაციო პალატის მოსაზრებით, კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა თანამშრომლობა, მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება, მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერების გამოჩენა საჭიროა ამ ურთიერთობის ნორმალურად განვითარებისათვის.
85. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 316-ე მუხლის მე-2 ნაწილი, ხელშეკრულების ყოველ მხარეს ვალდებულების შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ავალდებულებს გამოიჩინოს მეორე მხარის ქონებისა და უფლებებისადმი გულისხმიერება.
86. გულისხმიერების ვალდებულება მხარეებისათვის დამატებითი ვალდებულების დაკისრებას არ გულისხმობს, ყოველთვის ვალდებულების შინაარსშივე მოიაზრება და ერთგვარ მორალურ კატეგორიას განეკუთვნება. იგი შეიძლება გულისხმობდეს ასევე წინასახელშეკრულებო პერიოდში მხარის მიერ განხორცილებული ქმედებებისადმი პატივისცემას, აგრეთვე მისთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებასაც.
87. ევროპის სახელშეკრულებო სამართლის პრინცპიებში (მუხლი 1:202) გულისხმიერების ვალდებულება ნახსენებია როგორც Duty of Co-operate, რაც შეიძლება გაგებული იქნეს როგორც გულისხმიერებად, ასევე თანამშრომლობის ვალდებულებად. ამ პრინციპის დარღვევა წარმოადგენს სახელშკრულებო ვალდებულების დარღვევას და ამ დროს გამოიყენება ვალდებულების დარღვევის დროს გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, მოვალეს შეუძლია მიუთითოს ამ საფუძვლებზე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კრედიტორმა დაარღვია გულისხმიერების ვალდებულება. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნაწილში, გარიგების მართლოზმიერად მიჩნევისათვის განმსაზღვრელია სახელშეკრულებო ურთიერთობის მონაწილის კეთილსინდისიერებისა და მეორე მონაწილის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერების ვალდებულების დაცულობა.
88. ამასთან, საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს იმასაც, რომ როგორც კონკრეტულ საქმეშია დადგენილი იპოთეკის საგანის 5/6 წილი წარმოადგენს სრულწლოვანი პირების საკუთრებას და მხოლოდ მისი 1/6 ნაწილია არასრულწლოვანი ბავშვის საკუთრება.
89. მართლმსაჯულების სისტემის ეფექტურობა კი, სამართლებრივი წესრიგის განმტკიცებასა და სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფუნდამენტური წინაპირობაა. მართლმსაჯულების ეფექტურობა დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ, სამართლიან და დროულ სამართალწარმოებაში ჰპოვებს გამოხატულებას (იხ.,შმიტი შ., რიჰტერი ჰ., მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), 2013, 3). როგორი სწრაფიც არ უნდა იყოს მართლმსაჯულება, როგორი სამართლიანი და კანონიერიც არ უნდა იყოს სასამართლო გადაწყვეტილება, მართლმსაჯულების მიზნები და ამოცანები განუხორციელებელი რჩება, თუ არ მოხდება გადაწყვეტილების აღსრულება (Beck’sche Kurz-Kommentare Zivilprozessordnung mit Gerichtsverfassungsgesetz und anderen Nebengesetzen. Begründet von Dr. A. Baumbach, Professor Dr. W. Lauterbach, Dr. J. Albers, Dr. P. Hartmann, 75.Aufl, 2016. Vorb. $704, 2046). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და განმარტავს, რომ „სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება (იხ. „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადი №40765/02; Burdov v. Russia, no. 59498/00, §34, ECHR 2002-III; Hornsby v. Greece, judgment of 19 March 1997, Reports of Judgments and Decisions 1997-II, p. 510, §40 Hornsby; Mutishev and Others v. Bulgaria, 18967/03, §129, 3 December 2009; Antonetto v. Italy, no. 15918/89, §28, 20 July 2000).
90. საკასაციო პალატის ზემოთმითითებული მსჯელობის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება სწორია, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივ- სამართლებრივი საფუძველია.
91. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან კანონის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დაადგინა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ლ---ის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილება;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი