Facebook Twitter

საქმე №ას-499-499-2018 08 ივნისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – მ- ც--ე (მოპასუხე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო (მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2016 წლის 30 ივნისს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს (შემდეგში: სააგენტო ან დამსაქმებელი ან მოპასუხე) უფროსის N8---კ ბრძანებით მ-ც--ე (შემდეგში: დასაქმებული ან მოსარჩელე ან აპელანტი ან კასატორი) 01.07.2016 წლიდან დაინიშნა სააგენტოს ს-ის სატყეო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით.

2. 2016 წლის 1 დეკემბრის N1-- ბრძანებით (შემდეგში: სადავო ბრძანება) დასაქმებულს 2016 წლის 1 დეკემბრიდან შეუწყდა შრომითი ურთიერთობა სამსახურებრივი მოვალეობების უხეში დარღევევის სამართლებრივი საფუძვლით [საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ-ის) 37-ე მუხლის პირველი ნაწილი „ზ“ პუნქტი].

3. აგრეთვე, სადავო ბრძანებას საფუძვლად დაედო სააგენტოს შიდა კონტროლის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 04 ნოემბრის მოხსენებითი ბარათი და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 04 ნოემბრის მოხსენებითი ბარათი.

4. დასაქმებულმა სარჩელი აღძრა დამსაქმებლის წინააღმდეგ სადავო ბრძანების ბათილად ცნობისა და გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნით [ამ განჩინების პ-1; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 54-ე მუხლი და სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი].

5. სარჩელით სადავოა ბრძანების გამოცემის მართლზომიერება (ამ განჩინების პ-2). სახელდობრ, დასაქმებული მიიჩნევს, რომ სააგენტოში მუშაობის პერიოდში იგი ჯეროვნად და კეთილსინდისიერად ასრულებდა მასზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობებს. ოქტომბრის თვეში კი, მან გააჩერა საშეშე ხის მერქნით დატვირთული ა/მანქანა. რადგან ა/მანქანის მძღოლს არ აღმოაჩნდა საკმარისი საბუთები დასაქმებულმა ა/მანქანა გადააყვანინა სატყეო სამსახურის ტერიტორიაზე. დასაქმებულის მოსაზრებით, აღნიშნული ფაქტი არ წარმოშობდა საკმარის საფუძველს სადავო ბრძანების გამოცემისათვის.

6. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველ შედავებაში დასაქმებულის მხრიდან სააგენტოს შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულებების უხეშ დარღვევაზე მიუთითა, რაც მისი მოსაზრებით, საკმარის საფუძველს წარმოშობდა სშკ-ის 37-ე მუხლის „ზ“ პუნქტის გამოყენებისათვის.

7. ა--იხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი უარყოფილი იქნა.

8. ა-იხის რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, როგორც ამ განჩინების პპ: 1-2-ში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. ასევე, დადგენილად ცნო, რომ 2014 წლის 31 დეკემბრის №3-- ბრძანებით დამტკიცდა სააგენტოს შინაგანაწესი (შემდეგში: შინაგანაწესი), რომლის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შინაგანაწესი შემუშავებულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და ვრცელდება სააგენტოში დასაქმებულ პირებზე.

9. შინაგანაწესის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დასაქმებული ვალდებულია ჯეროვნად შეასრულოს დაკისრებული მოვალეობანი (პ - „ა“) და სპეციალური მითითების გარეშე დაიცვას ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება (პ - „ბ“).

10. 2016 წლის 21 ოქტომბერს 11:34 საათზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცხელ ხაზზე შევიდა სატელეფონო შეტყობინება მოქალაქე გ- ა--ისაგან (შემდეგში: მოქალაქე), რომელმაც განაცხადა, რომ ა--ში გამოიწერა საშეშე მერქანი, მოიჭრა და ტრანსპორტირებისას გააჩერა ს---ის რეგიონალური სამმართველოს თანამშრომლებმა, ვინაიდან ყველა საბუთი წესრიგში ჰქონდა, გაუშვეს. ამის შემდეგ, მოქალაქე შეაჩერა მოსარჩელემ, რომელმაც ჩამოართვა შეშით დატვირთული სატვირთო ავტომანქანა და საბუთები. ავტომანქანა გადააყვანინა სატყეო სამმართველოს ეზოში.

11. 2016 წლის 21 ოქტომბერს 15:29 საათზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცხელ ხაზზე კვლავ შევიდა სატელეფონო შეტყობინება მოქალაქისაგან, რომელმაც განმარტა, რომ მას აიძულებდნენ ჩამორთმეული მანქანის სატყეო სამმართველოს ეზოდან გაყვანას. თუმცა, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტს უკვე გასული ქონდა ტრანსპორტირების ვადა და შესაძლებელი იყო იგი დაეკავებინათ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ადგილობრივ სამსახურს, რისთვისაც სამინისტროს მხრიდან ითხოვა დახმარება.

12. ავტომანქანის მძღოლის ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ თ-- რ-ის (შემდეგში: მეტყევე) მითითებულ ადგილზე დაამზადეს ხე-ტყე. მეტყევემ გამოწერა ხე-ტყის წარმოშობის ორი ცალი დოკუმენტი, ხე-ტყე დაიტვირთა ავტომანქანაზე და გაემართა ა---––იხის მიმართულებით. ხე-ტყით დაიტვირთული ავტომანქანა გზაზე შეაჩერა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ვინაიდან არავითარ დარღვევას არ ჰქონდა ადგილი ა/მანქანას მიეცა გადაადგილების საშუალება.

13. მოგვიანებით, ა/მანქანა შეაჩერა მოსარჩელემ, რომელსაც წარუდგინა ხე-ტყის წარმოშობის ორივე დოკუმენტი, ასევე, მართვის მოწმობა.

14. მოსარჩელემ იმ მოტივით, რომ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტში იყო შეცდომა მძღოლს ჩამოართვა დოკუმენტაცია და მოსთხოვა ავტომანქანა შემდგომი გადაწყვეტილების მიღებამდე გადაეყვანა ს--ის სატყეო სამსახურის ადმინისტრაციული შენობის ეზოში.

15. მეორე დღეს სააგენტოს თანამშრომელმა - გ. გ-მა (შემდეგში: ა--ის სატყეო უბნის უფროსს) ხე-ტყის წარმოშობის ორივე დოკუმენტი და მართვის მოწმობა დაუბრუნა მას და განუმარტა, რომ მანქანა წაეყვანათ. ამ დროისათვის, დოკუმენტებს მოქმედების ვადა ჰქონდა ამოწურული, რის გამოც, მოქალაქემ დახმარებისათვის დარეკა ცხელ ხაზზე.

16. 2016 წლის 20 ოქტომბერს მეტყევემ გამოწერა ხე-ტყის წარმოშობის ორი დოკუმენტი: N100008525 და N1000085256. მან მძღოლს განუმარტა, რომ ტრანსპორტირების ვადა იყო დაახლოებით დილის 7 საათამდე და დროულად მოესწრო დანიშნულების ადგილამდე ა-–იხემდე ტრანსპორტირება. იმავე დღეს, დაახლოებით 21 საათზე მეტყევეს დაუკავშირდა ა--ის სატყეო უბნის უფროსი და ჰკითხა თუ ვისზე გამოწერა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტები. მეტყევემ ჩამოუთვალა ყველა მოსარგებლის ვინაობა, მათ შორის, აცნობა ა-–იხეში ტრანსპორტირების ფაქტიც, რაზეც ა-ის სატყეო უბნის უფროსმა უთხრა, რომ მას არ უნდა გაეტანებინა ა--იდან ა–იხეში საშეშე მერქანი, ვინაიდან თათბირზე ხელმძღვანელის მიერ სიტყვიერად იყვნენ აღნიშნულზე გაფრთხილებულნი.

17. მოგვიანებით, ა--ის სატყეო უბნის უფროსი კვლავ დაუკავშირდა მეტყევეს და აცნობა, რომ დაუყოვნებლივ უნდა წასულიყვნენ ა--იხეში. გზაში სააგენტოს თანამშრომელს დაუკავშირდა მოსარჩელე და უთხრა, რომ მეტყევეს დაეწერა განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. 21.10.2016წ.-ს მოსარჩელესთან პირადად შეხვედრისას მან კვლავ მიუთითა, რომ დაეწერა განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე, იმ მიზეზით, რომ რაიონის გარეთ ტრანსპორტირებაზე არ უნდა გამოეწერა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი. ამავე დროს, მოსარჩელემ მეტყევეს გადასცა ხე-ტყის წარმოშობის ორი დოკუმენტი და მართვის მოწმობა მძღოლისათვის დასაბრუნებლად.

18. 2016 წლის 20 ოქტომბერს ა--ის სატყეო უბნის უფროსს დაუკავშირდა მოსარჩელე, რომელმაც განუმარტა, რომ ა–იხის შესასვლელთან შეაჩერა ავტომანქანა „უ–ი“, რომელზეც დატვირთული იყო საშეშე მერქანი და მოძრაობდა ა-ის სატყეო უბნიდან ქ. ა-იხის მიმართულებით და იკითხა, რატომ მოძრაობდა ავტომანქანა აღნიშნული მიმართულებით. თანამშრომლებს მოსარჩელისაგან ჰქონდათ სიტყვიერი მითითება, რომ აიდან ა-იხეში შეშა არ უნდა წამოსულიყო. ვინაიდან აღნიშნული მითითება დაარღვია მეტყევემ, მოსარჩელემ მოითხოვა განცხადება მეტყევის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. მოსარჩელემ ა--ის სატყეო უბნის უფროსს მიაწოდა ხე-ტყის წარმოშობის ორი ცალი დოკუმენტი, ასევე, მართვის მოწმობა და მიუთითა, რომ დოკუმენტები გადაეცა ავტომანქანის მძღოლისათვის, რაც ა-ის სატყეო უბნის უფროსმა შეასრულა, თუმცა, ავტომანქანის მძღოლმა უარი განაცხადა ავტომანქანის დაძვრაზე, ვინაიდან დოკუმენტებს გასული ჰქონდა ტრანსპორტირების ვადა.

19. ხე-ტყის წარმოშობის პირველ - N1000085255 დოკუმენტში დანიშნულების ადგილი მითითებულია - ქ. ა-–იხე, გ-–ის N37, ხე-ტყის გადამზიდავი პირი, დოკუმენტის შევსების დრო და თარიღი - 20.10.2016წ. 19:43 საათი, დოკუმენტის შევსებაზე პასუხისმგებელი პირი სახელი, ხე-ტყით მოსარგებლე. ხე-ტყის წარმოშობის მეორე - N1000085256 დოკუმენტში დანიშნულების ადგილი მითითებულია - ქ. ა-იხე, გ--ის N37, ხე-ტყის გადამზიდავი პირი, დოკუმენტის შევსების დრო და თარიღი - 20.10.2016წ. 19:50 საათი, დოკუმენტის შევსებაზე პასუხისმგებელი პირი, ხე-ტყით მოსარგებლე.

20. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ს-ის რეგიონალური სამმართველოს თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გადამოწმებული იქნა ავტომანქანა, რა დროსაც, გაირკვა, რომ ხე-ტყის მონაცემები შეესაბამებოდა დოკუმენტში მითითებულ მონაცემებს, ტრანსპორტირების ვადა არ იყო დარღვეული, ავტომანქანა მიდიოდა დანიშნულების ადგილის მიმართულებით და მოძრაობდა კანონით განსაზღვრული ტერიტორიის ფარგლებში. ვინაიდან ადგილი არ ჰქონდა დარღვევას, გადამოწმების შემდეგ ავტომანქანას მისცეს გადაადგილების საშუალება.

21. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ს-ის რეგიონალური სამმართველოს უფროსს ზ- ნ–ვილს (შემდეგში: სამმართველოს უფროსი) 2016 წლის 21 ოქტომბერს დაუკავშირდა მოსარჩელე და განუმარტა, რომ წინა ღამით შეაჩერა ხე-ტყით დატვირთული ავტომანქანა, რომელიც იყო გაჩერებული სატყეო სამსახურის ეზოში, ითხოვა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს გაეშვათ მანქანა, ვინაიდან ყველა დოკუმენტი წესრიგში იყო, თუმცა, ტრანსპორტირების ვადა იყო გასული. სამმართველოს უფროსმა განუცხადა, რომ თუ ავტომანქანა დაიწყებდა ტრანსპორტირებას იმოქმედებდა კანონის შესაბამისად.

22. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის 02.11.2016წ. N323 დასკვნის თანახმად, მოსარჩელემ დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის N46-ე დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის N25 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების - სატყეო სამსახურების ტიპიური დებულებისა და სააგენტოს შინაგანაწესით გათვალისწინებული მოთხოვნები.

23. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის N25 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების - სატყეო სამსახურების ტიპიური დებულების მე-3 მუხლის ,,უ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით სატყეო სამსახურის უფლებამოსილებაა: ,,კომპეტენციის ფარგლებში, ტყის ფონდის ტერიტორიაზე ჩადენილი საქართველოს სამართალდარღვევათა კოდექსის 48-ე, 49-ე, 51-ე, 512, 515, 53-ე, 532, 63-ე, 64-ე, 65-ე, 66-ე (გარდა ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის, სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის პირობების დარღვევისა), 661 და 67-ე მუხლებით, 68-ე მუხლის პირველი ნაწილით, 71-ე მუხლის პირველი ნაწილით, 721, 73-ე, 74-ე, 75-ე, 76-ე, 84-ე, 841 მუხლებით, 86-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-7, მე-8, მე-9 ნაწილებით და 1282 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას, კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენა და შემდგომი რეაგირების მიზნით, ასევე, სისხლის სამართლის დანაშულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, საქმის მასალების შესაბამის ორგანოებში გადაგზავნა.

24. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის N46-ე დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის მე-13 მუხლის მე-4 და მე-8 პუნქტების თანახმად, სოციალური ჭრის საფუძველზე მოპოვებული ხე-ტყით მოსარგებლე ან ხე-ტყის გადამზიდავი პირი ვალდებულია ხე-ტყის ტრანსპორტირებისას თან იქონიოს ხე-ტყის წარმოშობის შესაბამისი დოკუმენტის მეორე ეგზემპლარი. ამასთან, ხე-ტყე, რომელსაც ამ მუხლით დადგენილ შემთხვევებში, არ ახლავს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1282 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, სოციალური ჭრების შედეგად მოპოვებული ხე-ტყის საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული წესების დარღვევით ტრანსპორტირება იწვევს შესაბამის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას (ჯარიმა - 500 ლარის ოდენობით, ხე-ტყის კონფისკაციით ან უამისოდ).

25. 2016 წლის 20 ოქტომბერს მოსარჩელემ ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე (რომელიც არ მდებარეობს სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე) გადამოწმების მიზნით შეაჩერა საშეშე მერქნით დატვირთული ა/მანქანა უ----–ი. მოსარჩელე ავტომანქანის მძღოლის მიერ ინფორმირებული იქნა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ მისი გადამოწმების მიზნით შეჩერების თაობაზე.

26. პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებით, თუკი ადგილი ექნებოდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1282 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ დარღვევას, აღნიშნულის შესწავლის უფლებამოსილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის 56-ე პუნქტის შესაბამისად, გააჩნდა შინაგან საქმეთა ორგანოებს ან/და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შესაბამის ორგანოებს. ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სამართალდარღვევა გამოვლინდა სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიის გარეთ, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებიდან აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესწავლის უფლებამოსილება მიეკუთვნება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს.

27. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ გადაამეტა მისი უფლებამოსილებს ფარგლებს. გარდა ამისა, სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ ავტომანქანა შეაჩერა სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიის გარეთ, სადაც უფლებამოსილებას ახორციელებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ან/და შინაგან საქმეთა ორგანოები. მოსარჩელეს ზემოაღნიშნული ორგანოებისათვის არ მიუმართავს.

28. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება მასზედ, რომ ა/მანქანის მძღოლმა მას წარუდგინა ხე-ტის წარმოშობის მხოლოდ ერთი დოკუმენტი, ვინაიდან საქმეში არსებული მასალები ეწინააღმდეგებოდა აღნიშნულ განმარტებას.

29. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 248-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ნივთების გასინჯვა შეიძლება აწარმოონ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილმა თანამშრომლებმა, ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად ნივთების გასინჯვის შესახებ დგება ოქმი ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან ადმინისტრაციული დაკავების ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. ამავე კოდექსის 249-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების თანახმად, დაკავების, პირადი გასინჯვის ან ნივთების გასინჯვის დროს აღმოჩენილ ნივთებსა და დოკუმენტებს, რომლებიც წარმოადგენენ სამართალდარღვევის იარაღს ან უშუალო ობიექტს, ჩამოართმევენ ამ კოდექსის 246-ე და 248-ე მუხლებში აღნიშნული ორგანოების თანამდებობის პირები. ჩამორთმეულ ნივთებსა და დოკუმენტებს სამართალდარღვევის საქმის განხილვამდე ინახავენ იმ ორგანოების (თანამდებობის პირთა) მიერ განსაზღვრულ ადგილას, რომლებსაც ნივთების და დოკუმენტების ჩამორთმევის უფლება აქვთ. ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევისას შედგება ოქმი.

30. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გარეშე ტრანსპორტირების ფაქტის დადასტურების მიზნით, მათ შორის, შესაბამის საქმესთან დაკავშირებული პირების მონაწილეობით არ შეუდგენია რაიმე დოკუმენტი, როგორც ავტომანქანის ავტომაგისტრალზე გაჩერების, ასევე, მისი ს---ის სატყეო სამსახურის ადმინისტრაციული შენობის ეზოში გადაყვანისა და ავტომანქანა ,,უ-–ის’’ და შესაბამისი დოკუმენტების ჩამორთმევის შესახებ.

31. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს N242 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“ მე-14 მუხლის თანახმად, ხე-ტყის დამზადების ბილეთი არის სოციალური ჭრის ტყეკაფვაზე ხე-ტყის დამზადების დაწყების განმსაზღვრელი დოკუმენტი, რომელიც ტყითმოსარგებლეზე გაიცემა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის გათვალისწინებული შესაბამისი მოსაკრებლის გადახდისა და ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემისათვის შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდის და ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემისათვის შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე.

32. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის N46 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სოციალური ჭრის საფუძველზე მოპოვებული არამარკირებული ხე-ტყის დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირებისთვის, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მოქმედების ვადა განისაზღვრება მისი გაცემიდან (შევსებიდან) არაუმეტეს 12 საათისა. ამ ვადის გასვლის შემდეგ, ხე-ტყით მოსარგებლის მიერ არამარკირებული ხე-ტყის შემდგომში ტრანსპორტირება დაუშვებელია.

33. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი იქნა, რომ ავტომანქანის მძღოლის მიერ მოსარჩელისათვის გადაცემული ხე-ტყის წარმოშობის N1000085255 დოკუმენტის გაცემის თარიღია - 20.10.2016წ. 19:43 საათი, ხოლო ხე-ტყის წარმოშობის N1000085256 დოკუმენტის - 20.10.2016წ. 19:50 საათი. დადგენილი იქნა, რომ მოსარჩელემ ავტომანქანა გადამოწმების მიზნით შეაჩერა დაახლოებით 21:54 საათზე. მას მძღოლმა გადასცა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტები. მიუხედავად იმისა, რომ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტებს დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირებისათვის გათვალისწინებული 12 საათიანი ვადა იწურებოდა, მოსარჩელემ საკითხის განხილვა გადადო მეორე დღისათვის და დოკუმენტები დააბრუნა იმ დროისათვის, როდესაც ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტებს გასული ჰქონდათ დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირებისათვის გათვალისწინებული 12 საათიანი ვადა. დოკუმენტების ჩამორთმევამ გამოიწვია აღნიშნულ ავტომანქანაზე დატვირთული ხე-ტყის ტრანსპორტირების 12 საათიანი ვადის გასვლა და მოქალაქეთა უფლებების დარღვევა.

34. სააგენტოს უფროსის 2014 წლის 31 დეკემბრის N3---- ბრძანებით დამტკიცებული სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს შინაგანაწესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტების თანახმად, დასაქმებული ვალდებულია ჯეროვნად შეასრულოს დაკისრებული მოვალეობანი და სპეციალური მითითების გარეშე დაიცვას ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება.

35. დადგენილი იქნა, რომ მოსარჩელეს ჰქონდა შესაძლებლობა დაედგინა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტის არსებობა/არარსებობა, ამავე კოდექსის 1282 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შემთხვევაში, შემდგომი რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ მიეწოდებინა ინფორმაცია შესაბამისი კომპეტენტური ორგანოებისათვის, ხოლო დარღვევის არ არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაებრუნებინა ჩამორთმეული ნივთები მათი კანონიერი მფლობელებისათვის, რაც განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ არ განახორციელა.

36. ა---––იხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების და სარჩელის დაკმაყოფილების (ამ განჩინების პ-4) მოთხოვნით წარდგენილი სააპელაციო საჩივარიც უარყოფილი იქნა იმავე ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებზედაც მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლომ (იხ., ამ განჩინების პპ: 1-3; 8-35).

37. სააპელაციო პალატამ დამატებით აღნიშნა, რომ სადავო ბრძანების საფუძვლად მითითებული ფაქტების დასადასტურებლად მოპასუხემ სასამართლოს წარუდგინა არაერთი მტკიცებულება. შესაბამისად, საპირისპიროს მტკიცების ტვირთი სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, გადავიდა მოსარჩელეზე, რომელმაც სასამართლოს ვერ წარუდგინა ამ ფაქტების უარმყოფელი რაიმე მტკიცებულება და შემოიფარგლა მხოლოდ საკუთარი ახსნა-განმარტებით.

38. სააპელაციო პალატამ მიუთითა სსკ-ის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, 102-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, ასევე, სააგენტოს შინაგანაწესის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, რომელთა თანახმად, დასაქმებული ვალდებულია: ჯეროვნად შეასრულოს დაკისრებული მოვალეობანი და სპეციალური მითითების გარეშე დაიცვას ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

39. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სწორედ შინაგანაწესით დაკისრებული ამ ვალდებულებების უხეში დარღვევის გამო, მოხდა დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა. ამასთან, ფაქტი, რომ შრომითი ურთიერთობის პერიოდში მოსარჩელე გაცნობილი იყო შინაგანაწესს, მას ეკისრებოდა მისი შესრულების მოვალეობა, რაც არ იყო შედავებული დასაქმებულის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მომზადების ეტაპზე. შესაბამისად, ამ გარემოებაზე დაგვიანებით სააპელაციო საჩივარში მითითება სსსკ-ის 380-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, დაუშვებელ გარემოებად შეფასდა.

40. ამდენად, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ დასაქმებულმა კომპეტენციის ფარგლების გადაცილებით და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გადაწყვეტილებაში მოხმობილი ნორმების უხეში დარღვევით განხორციელა ლ. თ--ის და გ. ა-ის კუთვნილი, კანონიერად მოპოვებული ხე-ტყით დატვირთული თ. შ---ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის უკანონო შეჩერება, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტებისა და მართვის მოწმობის ჩამორთმევა, ავტომანქანის გადაყვანა სატყეო სამსახურის ეზოში, რა დროსაც, მას არ შეუდგენია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული არცერთი დოკუმენტი. ამ მოქმედებით. უხეშად დაირღვა დასახელებულ მოქალაქეთა უფლებები. ამასთან, შეილახა დამსაქმებელი სახელმწიფო უწყების რეპუტაცია. შესაბამისად, დამსაქმებლის ნება - შეეწყვიტა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა, მართლზომიერად შეაფასდა სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით.

41. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 თებერვლის განჩინების გაუქმების მოთხოვნით აპელანტმა წარმოადგინა საკასაციო საჩივარი.

42. კასატორი მიუთითებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 391–ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ბ" და „გ“ პუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობაზე.

43. იმავდროულად, საკასაციო საჩივარი წარმოდგენილია სსსკ-ის 394–ე მუხლის „ე“ და „ე1“ პუნქტებით გათვალიწინებულ დარღვევებზე მითითებით, სახელდობრ, კასატორი აღნიშნავს, რომ როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ ისე, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნა და მოპასუხის მიერ მითითებულ ყველა გარემოებას მიანიჭა წინასწარ დადგენილი ძალა, ისე რომ არ შეამოწმა და არ გამოიკვლია მათი მართებულობა. სააპელაციო სასამართლომ გამოკვლეულად ჩათვალა ყველა ის გარემოება რაც არ გამოუკვლევია პირველი ინსტანციის სასამართლოს და ამით მოპასუხის გარემოებებს მისცა არა მარტო წინასწარ დადგენილი ძალა, არამედ მიიჩნია პრეიუდიციულ ფაქტებად, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს სსსკ-ის 106–ე მუხლის უხეშ დარღვევას.

44. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოებს ჯეროვნად არ შეუფასებიათ „სამსახურებრივი მოვალეობების უხეში დარღვევის“ ცნება, ის თუ კონკრეტულად რაში გამოიხატა ამგვარი დარღვევა დასაქმებულის მხრიდან, რა ხარისხით იყო სამართალდარღვევა სახეზე და იყო თუ არა დასაქმებულის მიერ განხორციელებული ქმედება მის მიმართ უკიდურესი ზომის გამოყენების საფუძველი, რაც გამოიხატა მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნაში. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოებს არც ის გარემოება გამოუკვლევიათ, თუ რა სახის ზიანი მადგა მოქალაქეებს, რომელთა უფლების დარღვევასაც მოსარჩელეს ედავებოდნენ.

45. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ შინაგანაწესესის დებულებებთან შესაბამისობის გარეშე შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. იმავდროულად, დადგენილად მიიჩნია იმგვარი ფაქტობრივი გარემოებები, როგორიცაა სამსახურის უფროსის მიერ ავტომანქანის გაჩერების ფაქტი, აგრეთვე, ის თუ როგორ უნდა მოქცეულიყო შეუსაბამო საბუთების აღმოჩენის შემთხვევაში მოსარჩელე. როგორც პირველმა ისე მეორე სასამართლომ არ შეაფასა ზემოთ ხსენებულ აქტებთან, რა თვალსაზრისით გამომდინარეობდა „მოვალეობების უხეში დარღვევის ფაქტი", მაშინ როდესაც არამარტო ზიანის არსებობის ფაქტია ამოსავალი წერტილი, არამედ, შრომის სამართლის აღიარებული საერთაშორისო პრინციპებებთან შესაბამისობაა უმთავრესი მოცემულობა, რაც წინამდებარე საქმის თვალში საცემი ნაკლოვანებაა.

46. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს არ შეუფასებია, რა კავშირი აქვს დასაქმებულის „სამსახურებრივი მოვალეობების უხეშ დარღვევას" „ზიანთან". რაში მდგომარეობს უშუალოდ „ზიანი“, რაც მიადგა ხე-ტყის გადამტან პირს. კასატორი აღნიშნავს, რომ იურიდიულ დოქტრინაში „ზიანის" დადგენა არ ხდება მიზეზ-შედეგობრივი კავშირის გამოკვლევის გარეშე. შედეგის მიხედვით, შეუძლებელია დადგინდეს საქმეზე ობიექტური სინამდვილე. ზიანი შეიძლება იყოს, მიუღებელი სიკეთე, განაცდური შემოსავალი, განადგურებული საქონელი და ა.შ. ძირითადი მახასიათებელი ზიანისა, შეიძლება მივიჩნიოთ ფულადი სახის, მატერიალური სახით წარმოდგენილი ზიანი და დანაკლისი რომელიც მხარემ განიცადა სხვა პირის მეორე მხარის ზემოქმედების შედეგად. შესაბამისად, უსწორობას აქვს ადგილი როცა არც ერთი ინსტანცია არ მჯელობს და არ აფასებს საქმეს ამ მიმართულებით. ზიანის შეფასების გარეშე, შეუძლებელია დადგინდეს საქმეზე მოვალეობათა უხეში დარღვების ფაქტი, რადგან ეს ყველაფერი მიზეზ-შედეგობრივი კავშირია და შეუძლებელია შედეგის შეფასების გარეშე ვისაუბროთ „უხეში დარღვევა“ იყო თუ არა სახეზე.

47. კასატორი მიუთითებს სასამართლო პრაქტიკაზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლო, შრომითი კატეგორიის დავებში, ყველგან აღნიშნავს, რომ სშკ-ში 2013 წლის 12 ივნისს შესული ცვლილებები, განხორციელდა მხოლოდ დასაქმებულის ინტერესების დაცვის მიზნით. სწორედ დასაქმებულის ინტერესთა დაცვას ემსახურება, სშკ-ის 37–ე მუხლის „ზ" ქვეპუნქტის შინაარსი, რომელთა შესაბამისად დამსაქმებელს ენიჭება დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების უფლება, არა შრომითი ხელშეკრულების ყოველგვარი დარღვვის, არემედ ვალდებულების უხეში დარღვევის შემთხვევის დროს. ამრიგად, მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას, სამართლო ამოწმებს დამსაქმებლის უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს. რის საფუძველზეც, აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. ამასთან, მნიშვნელოვანია რომ, დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერების შეფასების მიზნით დადგინდეს დასაქმებულის მიერ მისთვის დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის ფაქტი, რაც შესაძლებელია მხოლოდ დასაქმებულის გათავისუფლების შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული საფუძვლის კვლევის შედეგად. საკასაციო სასამართლომ არა ერთხელ დაადგინა რომ, დამსაქმებლისათვის შრომითი უერთიერთობის შეწყვეტის კანონით მინიჭებული უფლება (ხელშეკრულებიდან გასვლა) უნდა განხორციელდეს მართლზომიერად [შდრ: სუსგ Nას–461-429–2017. 30 ივნისი, 2017წ.].

48. უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, მოწოდებულია მთლიანად, დაიცვას დასაქმებულის ინტერესი, შრომითი საქმიანობის შენარჩუნების მიზნით. საკასაციო პალატა არაერთ დავაში აღნიშნავს, რომ შრომით სამართლებრივი ურთიერთობის შენარჩუნებას აქვს პრიორიტეტი, მის რღვევასთან შედარებით [შდრ: სუსგ Nას–295–279–2017, 19 მაისი, 2017წ.]. შესაბამისად, მართალია შრომის კოდექსის 37–ე მუხლის „ზ" ქვეპუნქტის მიხედვით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი მუშაკის მიერ, მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით, ან კოლექტიური ხელშეკრულებით ანდა შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევაცაა. თუმცა, ნიშანდობლივია დასაქმებულთა შრომის უფლებების დაცვის კონსტიტუციური პრინციპი, რომლის შესაბამისად, დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა, შეფასებულ უნდა იქნეს მისი ჩადენის „სიხშირის, სიმძიმის და რაც მთავარია შედეგობრივი თვალსაზრისით", ეს სამივე კრიტერიუმი ამოსავალი წერტილია აღნიშნულ სამართლებრივ დავაში, რომელსაც ეხმიანება შრომის სამართალში აღიარებული "Ultima Ratio" პრინციპი, რომელიც ითხოვს, დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნამდე, მისი ქმედების შეფასების მიზეზ–შედეგობრივი თვალსაზრისით დარღვევასა და (გადაცდომას) და გათავისუფლებას შორის „ზომიერი ბალანსის დაცულობას".

49. სწორედ აღნიშნული საფუძვლითაა სადავო სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივი შეფასებები. გადაწყვეტილების დასაბუთების არც ერთ ნაწილში არ მომხდარა აღნიშნულ „ბალანსზე" თუ სხვა კრიტერიუმებზე მსჯელობა. მიუხედავად იმისა, რომ კასატორს არც ერთი დისციპლინური ხასიათის დარღვევა არ გააჩნდა, მაინც საქმე გადაწყდა მის საზიანოდ დასაბუთებული და მართლზომიერი სამართლებრივი შეფასების გარეშე.

50. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ის) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2018 წლის 18 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების საპროცესო სამართლებრივი საფუძვლით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

51. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთება, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

52. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება).

53. მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილადაა ცნობილი და საქმის მასალებით დასტურდება დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

54. 2016 წლის 30 ივნისს სააგენტოს უფროსის N8-კ ბრძანებით დასაქმებული 01.07.2016 წლიდან დაინიშნა სააგენტოს ს-ის სატყეო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით. სადავო ბრძანებით დასაქმებულს 2016 წლის 1 დეკემბრიდან შეუწყდა შრომითი ურთიერთობა სამსახურებრივი მოვალეობების უხეში დარღევევის სამართლებრივი საფუძვლით [სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილი „ზ“ პუნქტი].

55. კასატორი სადავოდ ხდის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა მიხედვით დასაქმებულის მხრიდან ადგილი ჰქონდა სამსახურებრივი მოვალეობების უხეშ დარღვევას და მიაჩნია, რომ დასაქმებულის ქმედების უხეშ დარღვევად კვალიფიკაცია ისე მოახდინეს ქვემდგომმა სასამართლოებმა, რომ ჯეროვნად არ გამოუკვლევიათ დასაქმებულის მოქმედების შესაბამისობა შინაგანაწესთან და სხვა დებულებებთან.

56. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ საქმეში დასაქმებულის ქმედება სამსახურეობრივი მოვალეობების დარღვევის კუთხით შეფასებულია საქმეში წარმოდგენილი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით, რომელსაც ეყრდნობა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთების ძირითადი ნაწილი და რომელშიც მოკვლეულია ცხელ ხაზზე 2016 წლის 21 ოქტომბერს მოქალაქის მიერ შესული ორი შეტყობინების ირგვლივ არსებული გარემოებები.

57. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 105-ე მუხლის მიხედვით არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინაწარ დადგენილი ძალა. ყველა მტკიცებულება, საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში უნდა შეფასდეს მათი დასაშვებობის, განკუთვნადობის, იურიდიული ძალისა და შინაარსის მიხედვით.

58. თუმცა, საგულისხმოა, რომ შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში (იხ., ამ განჩინების პ-56) მოკვლეული იქნა 2016 წლის 21 ოქტომბერს მომხდარი ინციდენტი ხე-ტყით დატვირთული ა/მანქანის ტრანსპორტირების შეჩერებისა და სააგენტოს ეზოში დაყოვნების შესახებ. მასში მოკვლეული გარემოებების შედავების კუთხით კი, მოსარჩელეს (აპელანტი, კასატორი) გარდა ახსნა-განმარტებისა რაიმე კონკრეტულ გარემოებებზე, რაც სხვაგვარად წარმოაჩენდა სასამართლოს წინაშე 2016 წლის 21 ოქტომბრის ინციდენტს და დასაქმებულის ქმედებას, არ წარმოუდგენია.

59. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკუთრივ შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში მოკვლეული გარემოებები გასაზიარებლია.

60. აღნიშნულ დასკვნაში მითითებულია, რომ 2016 წლის 21 ოქტომბერს 11:34 საათზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცხელ ხაზზე შევიდა სატელეფონო შეტყობინება, სადაც მოქალაქემ განაცხადა, რომ ა--ში გამოიწერა საშეშე მერქანი, მოჭრა და ტრანსპორტირებისას გააჩერეს ს--ის რეგიონალური სამმართველოს თანამშრომლებმა, ვინაიდან ყველა საბუთი წესრიგში ჰქონდა, გაუშვეს. ამის შემდეგ, მოქალაქე შეაჩერა მოსარჩელემ და ჩამოართვა შეშით დატვირთული სატვირთო ავტომანქანა და საბუთები. ავტომანქანა გადააყვანინა სატყეო სამმართველოს ეზოში. გარდა ამისა, იმავე დღეს 15:29 საათზე ცხელ ხაზზე კვლავ შევიდა სატელეფონო შეტყობინება იმავე მოქალაქისაგან, რომელმაც განმარტა, რომ მას აიძულებენ ჩამორთმეული მანქანის სატყეო სამმართველოს ეზოდან გაყვანას. თუმცა, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტს უკვე გასული ქონდა ტრანსპორტირების ვადა და შესაძლებელი იყო იგი დაეკავებინათ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ადგილობრივ სამსახურს, რისთვისაც სამინისტროს მხრიდან ითხოვა დახმარება. მოსარჩელის განმარტებით, მძღოლმა მას წარუდგინა მხოლოდ წიწვოვანი ჯიშის 5მ3 საშეშე მერქანზე გაცემული დოკუმენტი, რაც შეუსაბამო იყო ძარაზე დატვირთულ ხე-ტყის მოცულობასთან. მოსარჩელე შეეცადა დაკავშირებოდა სამართველოს უფროსს საკითხის გასარკვევად და კავშირის შეუძლებლობის გამო, საკითხის გარკვევამდე დროებით გადააყვანინა ა/მანქანა მძღოლს სატყეო სამსახურის ადმინისტრაციული შენობის ეზოში.

61. მოკვლვის მიხედვით ა/მანქანები შეაჩერეს ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე (სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიის გარეთ). შესაბამისად, მოსარჩელის ვერსიის გათვალისწინების შემთხვევაშიც კი, ადგილი უნდა ჰქონოდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1282 მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი სოციალური ჭრების შედეგად მოპოვებული ხე-ტყის საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული წესების დარღვევით ტრანსპორტირებას, ხოლო აღნიშნული სამართალდარღვევის შესწავლის უფლებამოსილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის 56-ე პუნქტის შესაბამისად გააჩნია შსს ორგანოებს ან/და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურებს. ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სამართალდარღვევა გამოვლინდა სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიის გარეთ, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებიდან აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესწავლის უფლებამოსილება მიეკუთვნება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს.

62. დასკვნის თანახმად, მოსარჩელემ დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის N46-ე დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის N25 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების - სატყეო სამსახურების ტიპიური დებულებისა და სააგენტოს შინაგანაწესით გათვალისწინებული მოთხოვნები, რომელთა ერთობლიობაში შეფასებით დასაქმებულის მხრიდან ადგილი ჰქონდა სამსახურებრივი მოვალეობების უხეშ დარღვევას (იხ., დასკვნა ტ. 1, ს.ფ. 103-113).

63. აღსანიშნავია, რომ გამოვლენილ დარღვევთან დაკავშირებით დეპარტამენტის შიდა აუდიტის სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ სააგენტოს განეხილა დასაქმებულის მიმართ დადგენილი წესით დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების საკითხი (იხ., ტ. 1, ს.ფ. 114). დასკვნაში მიცემული რეკომენდაციის შესასრულებლად კი, სააგენტოს შიდა კონტროლის დეპარტამენტის უფროსმა დაწერა მოხსენებითი ბარათი, რომლის მიხედვით მან მიიჩნია, რომ მომხდარი ფაქტის და დასაქმებულის მხრიდან სამსახურეობრივი მოვალეობების უხეში დარღვევის გამო, სახეზე იყო სშკ-ის 37-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის საფუძველი (ტ.1. სფ. 115).

64. დასაქმებულის სარჩელის საფუძველზე სადავო ბრძანების მართლზომიერების შემოწმებისას სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დასაქმებულის მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობების დარღვევა ძირითადად იმაში გამოვლინდა მოსარჩელეს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გარეშე ტრანსპორტირების ფაქტის დადასტურების მიზნით, მათ შორის, შესაბამის საქმესთან დაკავშირებული პირების მონაწილეობით არ შეუდგენია რაიმე დოკუმენტი, როგორც ავტომანქანის ავტომაგისტრალზე გაჩერების, ასევე, მისი ს---ის სატყეო სამსახურის ადმინისტრაციული შენობის ეზოში გადაყვანისა და ავტომანქანა ,,უ----–ის’’ და შესაბამისი დოკუმენტების ჩამორთმევის შესახებ, რაც სამსახურეობრივი მოვალეობების უხეშ დარღვევაზე მიუთითებდა.

65. იმავდროულად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ა/მანაქანის დაკავების დროისათვის ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტებს დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირებისათვის გათვალისწინებული 12 საათიანი ვადა იწურებოდა და მოსარჩელემ საკითხის განხილვა გადადო მეორე დღისათვის და დოკუმენტები დააბრუნა იმ დროისათვის, როდესაც ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტებს გასული ჰქონდათ დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირებისათვის გათვალისწინებული 12 საათიანი ვადა.

66. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას დასაქმებულის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების დარღვევის შესახებ, თუმცა მიაჩნია, რომ კასატორის შემდეგი შედავება, რომელიც შეეხება მის მიერ განხორციელებულ დარღვევაზე რეგირების მიზნით სშკ-ის 37-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის გამოყენების მართლზომიერებას, გასაზიარებელია.

67. საკასაციო პალატის ამგვარი მიდგომის საფუძველია ნორმა-პრინციპი, რომლის შესაბამისადაც, შრომით სამართლებრივი ურთიერთობის შენარჩუნებას აქვს პრიორიტეტი მის რღვევასთან შედარებით. შესაბამისად, მართალია, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით (მოსარჩელის გათავისუფლების დროისათვის მოქმედი რედაქციით), შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი მუშაკის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ანდა შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევაცაა, თუმცა, ნიშანდობლივია, დასაქმებულთა შრომის უფლებების დაცვის ხსენებული პრინციპი, რომლის შესაბამისად, დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა შეფასებულ უნდა იქნეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმის და რაც მთავარია, შედეგობრივი თვალსაზრისით. შესაბამისად, შრომის სამართალში “Ultima Ratio“ - ს პრინციპი ითხოვს დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნამდე მისი ქმედების შეფასებას მიზეზ-შედეგობრივი თვალსაზრისით, დარღვევასა (გადაცდომას) და გათავისუფლებას, შორის ზომიერი ბალანსის დაცულობა. ნიშანდობლივია, რომ ამავე პრინციპის შესაბამისად, დამსაქმებლის მიერ დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი ზომები, რომელიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს. შესაბამისად, მიზანშეწონილობის კუთხით, გადაცდომის დროს არჩეულ უნდა იქნეს პროპორციული დასჯის მექანიზმი, რაც, შედეგობრივად, გარდა იმისა, რომ დამრღვევს დასჯის, მას და სხვა დასაქმებულებს უფრო ეფექტური შრომის მოტივაციას შეუქმნის. ამდენად, იმისათვის, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება დამსაქმებლის მხრიდან ადეკვატურ, საჭირო და პროპორციულ ღონისძიებად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია, სახეზე იყოს ისეთი მძიმე დარღვევა, რომელიც სხვა უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენებას არამიზანშეწონილს ხდის.

68. დასახელებული პრინციპი განმარტებულია საკასაციო პალატის გადაწყვეტილებებში. ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში (იხ., სუსგ №ას-1276-1216-2014, 18 მარტი, 2015 წელი) საკასაციო პალატა ერთმნიშვნელოვნად უსვამს ხაზს ზომიერი ბალანსის დაცულობის აუცილებლობას დისციპლინური ღონისძიების გამოყენებასა და მუშაკის მიერ განხორციელებულ დარღვევას შორის. მოხმობილ გადაწყვეტილებაში საკასაციო პალატამ უმართებულოდ მიიჩნია დასაქმებულის მიმართ სახდელის სახით პირდაპირ უმკაცრესი ზომა - „დათხოვნა“ ყოფილიყო გამოყენებული. მით უფრო, რომ დამსაქმებელი ორგანიზაციის შინაგანაწესი ითვალისწინებდა სხვა სახის დისციპლინური ღონისძიებების გამოყენების შესაძლებლობასაც როგორიცაა, „შენიშვნა“/„სიტყვიერი გაფრთხილება“; „წერილობითი გაფრთხილება“; „საყვედურის გამოცხადება“; „სასტიკი საყვედურის გამოცხადება“; „თანამდებობიდან დაქვეითება“ და სხვ. მართალია აღნიშნული შინაგანაწესის მიხედვით კომპანია შეუზღუდავი იყო არათანმიმდევრული პრინციპით გამოეყენებინა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები და თვითონ გადაეწყვიტა რა ვითარებაში, რომელ კონკრეტულ ზომას მიმართავდა, თუმცა, მიუხედავად კანონმდებლობით მინიჭებული მართვასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილებისა, კომპანიის ხელმძღვანელი შეუზღუდავი არ არის და არ სარგებლობს აბსოლუტური ავტონომიით, რაც საკმარისი საფუძველი იქნებოდა დასაქმებულის სამსახურიდან გასათავისუფლებლად, ვინაიდან საკითხი შეეხება დასაქმებულის კონსტიტუციურ უფლებას - „შრომის უფლება“ (კონსტიტუციის 30-ე მუხ.), ხოლო დამსაქმებლის მხრიდან ამ უფლების შეზღუდვა მართლზომიერი უნდა იყოს და ნაკარნახევი ობიექტური აუცილებლობით, რაც დამსაქმებლის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებებით კეთილსინდისიერად სარგებლობაში ვლინდება.

69. განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც საკასაციო პალატის განხილვის საგანია მუშაკის მიერ განხორციელებულ დარღვევასა და დასაქმებულის მხრიდან რეაგირების მიზნით დისციპლინური ღონიძიების გამოყენებას შორის ზომიერი ბალანსის დაცულობის პრობლემა, საკასაციო პალატის შეფასების საგანია იძლეოდა თუ არა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იმგვარი სამართლებრივი დასკვნის საფუძველს, რომ დასაქმებულის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო ყველაზე უმკაცრესი ღონისძიება, რაც სამსახურიდან მოსარჩელის დათხოვნაში გამოიხატა.

70. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ დასაქმებული სააგენტოში მუშაობის პერიოდში ჯეროვნად და კეთილსინდისიერად ასრულებდა მასზე დაკისრებულ სამსახურეობრივ მოვალეობებს. იმავდროულად, დადგენილია, რომ მის მიერ სამსახურეობრივი მოვალეობების დარღვევას მანამდე არასოდეს ჰქონია ადგილი. კონკრეტულ შემთხვევაში კი, მოსარჩელის მხრიდან დარღვევა გამოიხატა ხე-ტყით დატვირთული ა/მანაქნის შეჩერებისას პროცედურული წესების დაუცველობაში.

71. ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ დასაქმებულის მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობების უხეში დარღვევის კვალიფიკაციას საფუძვლად დაედო შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა, რომელშიც გამოვლენილ დარღვევასთან დაკავშირებით მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული სააგენტოს განეხილა დასაქმებულის მიმართ დადგენილი წესით დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების საკითხი (იხ., ტ. 1, ს.ფ. 114).

72. ამდენად, დასაქმებულის მხრიდან განხორციელებულ დარღვევაზე რეაგირების მოხდენა სააგენტოს კომპეტენციას წარმოადგენდა, რა დროსაც, სააგენტოს უნდა დაეცვა ზომიერი ბალანსი დასაქმებულის მიერ განხორციელებულ დარღვევასა და გამოყენებულ დისციპლინარულ ღონისძიებას შორის.

73. საკასაციო პალატის ამგვარი მიდგომის საფუძველია ის მოსაზრება, რომ დამსაქმებელი ზღუდავდა რა დასაქმებულის შრომით უფლებას, რომელი უფლების იმპლემენტაცია განხორციელებულია საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლში, რეაგირება დარღვევაზე იმგვარად უნდა მოეხდინა, რომ დასაქმებულის მიმართ გამოყენებულიყო კონსტიტუციური უფლების ნაკლებად მზღუდავი საშუალება - სააგენტოს შინაგანაწესით გათვალისწინებული სხვა რომელიმე დისციპლინური ღონისძიება.

74. ამ მიდგომის საპირისპიროდ კი, საქმის მასალებით დადგენილია, რომ დეპარტამენტის შიდა აუდიტის დასკვნაში მიცემული რეკომენდაციის შესასრულებლად სააგენტოს შიდა კონტროლის დეპარტამენტის უფროსმა დაწერა მოხსენებითი ბართი, რომლის მიხედვით მან მიიჩნია, რომ მომხდარი ფაქტის და დასაქმებულის მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობების უხეში დარღვევის გამო სახეზე იყო სშკ-ის 37-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის საფუძველი (ტ.1. სფ. 115).

75. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს შრომით სამართლებრივ დავაში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესზე, რომელსაც თავად გამოსაყენებელი მატერიალური ნორმა აწესებს. მოცემულ შემთხვევაში, სადავოა რა სამსახურიდან გათავისუფლების (შრომითი ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა) მართლზომიერება, რომელიც უნდა შემოწმდეს შრომის სამართალში მოქმედი ნორმებით, უნდა ვიხელმძღვანელოთ მტკიცების ტვირთის განაწილების სწორედ იმ სტანდარტით, რომელსაც შრომის სამართალი აწესებს და რომლის თანახმად, სწორედ დამსაქმებელია ვალდებული ადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების (შრომითი ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის) კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა (იხ., სუსგ №ას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016 წელი). საკასაციო პალატის ამგვარი დასკვნის საფუძველია ასევე პრინციპი, რომლის მიხედვითაც დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა თანამშრომელმა არაჯეროვნად შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობები, ან რომ მას არ გააჩნია საკმარისი კვალიფიკაცია ან არ ფლობს შესაბამის უნარ-ჩვევებს, რაც კონკრეტულ ქმედებებში გამოიხატა, ვიდრე დასაქმებული, რომელიც ობიექტურად ვერ შეძლებს მტკიცებულებების წარდგენას მასზედ, რომ იგი ვალდებულებას ჯეროვნად ასრულებდა ან რომელ უნარ-ჩვევებს არ ფლობს, მით უფრო, რომ ამა თუ იმ საქმიანობისათვის საჭირო უნარ-ჩვევების ფლობის საკითხი შეფასებით კატეგორიას განეკუთვნება. დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების საკმარისი საფუძვლის არსებობის მტკიცების ტვირთი დამსაქმებელს ეკისრება.

76. განსახილველი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას, თუ როგორ მივიდა დამსაქმებელი დასკვნამდე, რომლის თანახმადაც არსებობდა მისი მხრიდან შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში ყველაზე მკაცრი დისციპლინური სახდელის - „სამსახურიდან გათავისუფლების წინაპირობის გამოყენების საფუძველი და რატომ არ იქნა გამოყენებული დასაქმებულის მიმართ შრომითი უფლების ნაკლებად მზღუდავი საშუალება დამსაქმებლის მხრიდან არ წარმოდგენილა.

77. როგორც აღინიშნა, დამსაქმებელი დაეყრდნო შიდა აუდიტის დასკვნას დასაქმებულის მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობების უხეში დარღვევის შეფასების შესახებ, თუმცა, საკასაციო პალატას საგულისხმოდ მიაჩნია, რომ ამ დასკვნით დამსაქმებელს რეკომენდაცია მიეცა გამოვლენილ დარღვევასთან დაკავშირებით განეხილა დასაქმებულის მიმართ დადგენილი წესით დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების საკითხი (იხ., ტ. 1, ს.ფ. 114), რაც არ უნდა იქნეს გაგებული დასაქმებულის მიმართ პირდაპირ უმკაცრესი დისციპლინური ზომის - სამსახურიდან დათხოვნის გამოყენების უპირობო საფუძვლად.

78. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ სააგენტოს შინაგანაწესის მიხედვით, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებია: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) არაუმეტეეს 10 სამუშაო დღის ხელფასის დაკავება; დ) სამსახურებრივი მოვალეობებისაგან ჩამოშორება ხელფასის გაცემის შეჩერებით არაუმეტეეს 10 სამუშაო დღისა; ე) სამსახურიდან გათავისუფლება. შინაგანაწესის მე-7 მუხლის მიხედვით სამსახურეობრივ მოვალეობათა დარღვევისათვის დასაქმებული შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშეც, თუ იგი უხეშად არღვევს სამსახურებრივ მოვალეობებს (იხ., ტ.1. ს.ფ. 181).

79. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ბრძანების გამოცემისთვის საკმარისი საფუძვლის არარსებობის ნაწილში, კასატორმა წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება).

80. შესაბამისად, იურიდიულად დაუსაბუთებელია გასაჩივრებული განჩინება (სსკ-ის 393-ე მუხლი). აღნიშნული გარემოება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

81. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

82. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.

83. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება უკანონოა, შესაბამისად, სადავო ბრძანება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი (სშკ-ის 1.2 მუხლი, სკ-ის 54-ე მუხლი). სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად კი, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.

84. აღსანიშნავია, რომ სააგენტოს შესაგებელსა და საკასაციო შესაგებელში არ მიუთითებია იმ გარემოებაზე, რომ დავის განხილვის დროისათვის მოსარჩელის მიერ დაკავებულ თანამდებობას იკავებს სხვა პირი კონკურსის წესით.

85. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ბრძანების ბათილად ცნობის თანმდევ სამართლებრივ შედეგად უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მეორე მოთხოვნაც, რომელიც გათავისუფლებამდე არსებულ თანამდებობაზე აღდგენაში მდგომარეობს.

86. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

87. მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებელს დასაქმებულის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე, სააპელაციო და საკასაციო საჩივარებზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით, 550 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

88. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ტ ა:

1. მ- ც-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 თებერვლის განჩინება;

3. მ- ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

4. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის 2016 წლის 1 დეკემბრის N1-- ბრძანება და მ- ც-ე აღდგენილ იქნეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ს-ის სატყეო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე.

5. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს დაეკისროს მ-ც-ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 550 ლარი.

6. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ბ. ალავიძე