Facebook Twitter

№330210016001289057

საქმე №ას-577-577-2018 22 ივნისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – დ. ი.-ი (მოპასუხე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე - ი. ი.-ი (მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 07 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – გარიგების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2016 წლის 22 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ი. ი.-მა (შემდეგში: მოსარჩელე) დ. ი.-ის (შემდეგში: მოპასუხე) მიმართ, რომლითაც მოითხოვა 2015 წლის 14 მარტს ვ. ი.-სა და მოპასუხეს შორის ქ. თ.-ში, მ.-ის გამზირზე, N. სახლის, N. კორპუსში მდებარე N.. ბინაზე (საკადასტრო კოდი №.) (შემდეგში: სადავო ბინა) დადებული ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა და აღნიშნული ბინის 1/2 ნაწილზე მესკუთრედ ცნობა.

2. სარჩელი ემყარება შემდეგ გარემოებებს:

3. სადავო ბინა 1993 წელს თბილისის დ. სახ.ს.-ო საწარმო გაერთიანებისგან გადაეცა მოსარჩელის მამას - ვ. ი.-ს (შემდეგში: გამჩუქებელი). ამავე საწარმოს საცხოვრებელი პირობების შესამოწმებელი ცნობის თანახმად, აღნიშნულ ბინაში ცხოვრობდნენ და ჩაწერილი იყვნენ გამჩუქებელი და მისი ქალიშვილი - მოსარჩელე.

4. 1993 წელს სადავო ბინის პრივატიზება განხორციელდა გამჩუქებლის სახელზე.

5. 2015 წლის თებერვალში ვ. ი.-მა უძრავი ქონება დაირეგისტრირა თავის სახელზე.

6. 2015 წლის 14 მარტს გამჩუქებელმა ჩუქების გარიგების საფუძველზე სადავო ბინა აჩუქა მის შვილიშვილს - მოპასუხეს, რომელმაც აღნიშნული ბინა საკუთრების უფლებით დაირეგისტრირა საჯარო რეესტრში.

7. 2015 წლის 25 სექტემბერს გარდაიცვალა გამჩუქებელი.

8. 2017 წლის 14 ივნისს 12:00 სთ-ზე სარჩელის განსახილველად დაინიშნა მოსამზადებელი სხდომა, რის შესახებაც, მოპასუხეს ეცნობა კანონით გათვალისწინებული წესით. სასამართლო უწყება მოპასუხეს ჩაბარდა 2017 წლის 19 აპრილს, მაგრამ სასამართლოს სხდომაზე მოპასუხე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის.

9. სხდომაზე გამოცხადებულმა მოსარჩელის წარმომადგენელმა, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი 2015 წლის 14 მარტს გამჩუქებელსა და მოპასუხეს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება სადავო უძრავ ქონებაზე და ამ ბინის 1/2 წილზე მესაკუთრედ ცნობილ იქნა მოსარჩელე.

11. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ის) 230-ე მუხლით და მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე მოპასუხის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, სახეზე იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები.

12. იმავდროულად, სარჩელში მითითებული და მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა მოთხოვნას. სახელდობრ, საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახაბ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის N107 დადგენილების (შემდეგში: 107-ე დადგენილება) პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაცია წარმოადგენს მოქალაქეთათვის სახელწიფო და საზოგადოებრივ საბინაო ფონდში, მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი სახლის (ბინის) ნებაყოფლობითი შეღავათიანი პირობებით საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემას. №107 დადგენილებით, საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთა ბინის კონსტიტუციური უფლების რეალიზაციის დაჩქარების მიზნით დადგინდა მოქალაქეთათვის სახელმწიფო და საზოგადოებრივ საბინაო ფონდში, მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი სახლის (ბინის) ნებაყოფლობითი შეღავათიანი პირობებით საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის - პრივატიზაციის წესი. აღნიშნული დადგენილების მე-5 პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადაეცემათ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამ საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები არიან. ამდენად, საცხოვრებელი სახლის (ბინის) პრივატიზების დროს თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ ის პირები, ვინც წარმოადგენდნენ ამ სახლის (ბინის) დამქირავებლებს ან მათი ოჯახის წევრებს.

13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ასევე ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისთვის საჭიროა ნებართვა.

14. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით საჩივარი წარადგინა მოპასუხის წარმომადგენელმა - ვ. მ.-ემ, რომელშიც განმარტა, რომ 2017 წლის 14 ივნისს 12:00 სთ-ზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე გამოცხადება ვერ შეძლო ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, რასაც ადასტურებდა საჩივარზე დართული მტკიცებულებები.

15. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ივლისის განჩინებით საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

16. საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გამოწვეული იყო გულის არეში მოჭერითი ტკივილით და მაღალი წნევით, რის გამოც, არ შეეძლო ფეხზე დგომა, გადაადგილება. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ წარმოდგენილ საჩივარში მხარე უთითებდა მხოლოდ მოპასუხის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე, თუმცა, არაფერი იყო ნახსენები იმ გარემოებების შესახებ, რის გამოც, თავად მოპასუხემ ვერ შეძლო 2017 წლის 14 ივნისს დანიშნულ სხდომაზე გამოცხადება.

17. სასამართლომ აღნიშნა, რომ სსსკ-ის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წარმომადგენლის უფლებამოსილება უნდა ჩამოყალიბდეს კანონის შესაბამისად გაცემულ და გაფორმებულ მინდობილობაში. მოქალაქეთა მიერ გაცემული მინდობილობები უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით. მოპასუხის შესაგებელს თან ერთვოდა სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა, რომლის მიხედვითაც, მოპასუხე სასამართლოში საქმის წარმოების უფლებამოსილებას ანიჭებდა ვ. მ.-ეს და ე. ჩ.-ას. აღნიშნული რწმუნებულება გაიცა 2016 წლის 14 ივნისს - ექვსი თვის მოქმედების ვადით. სასამართლო სხდომა დაინიშნა 2017 წლის 14 ივნისს. ვინაიდან, ამ დროისათვის წარმომადგენლებს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შეწყვეტილი ჰქონდათ, სასამართლოს მხრიდან სხდომის თარიღი ეცნობა პირადად მოპასუხეს. 2017 წლის 14 ივნისის სხდომაზე მოპასუხე არ გამოცხადებულა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე უცნობებია სასამართლოსთვის.

18. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საჩივარზე დართულ რწმუნებულებაზეც. აღნიშნული რწმუნებულება ვ. მ.-ეზე გაიცა 2017 წლის 22 ივნისს. ამდენად, ვ. მ.-ე 2017 წლის 14 ივნისის სხდომაზე ვერ შეძლებდა მოპასუხის ინტერესების წარმოდგენას.

19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ივლისის განჩინებით საჩივარი უარყოფილი იქნა და უცვლელად დარჩა ამავე კოლეგიის 2017 წლის 14 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

20. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე კოლეგიის 2017 წლის 26 ივლისის განჩინება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა მოპასუხის მიერ.

21. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 07 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

22. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ამ განჩინების პპ: 1-18-ში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, ასევე, ის ფაქტი, რომ სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით (სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი).

23. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვდა იმ საფუძვლით, რომ მისი წარმომადგენელი ვ. მ.-ე 2017 წლის 14 ივნისის სხდომაზე ვერ გამოცხადდა ავადმყოფობის გამო. საჩივრის ამ პრეტენზიის უარსაყოფად, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გამოიყენა სსსკ-ის 96-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, წარმომადგენლის უფლებამოსილება უნდა ჩამოყალიბდეს კანონის შესაბამისად გაცემულ და გაფორმებულ მინდობილობაში. მოქალაქეთა მიერ გაცემული მინდობილობები უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.

24. დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 2016 წლის 16 ივნისს მოპასუხის მიერ სასამართლოში წარდგენილ შესაგებელს თან ერთვოდა სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა, რომლის მიხედვითაც, მოპასუხე სასამართლოში საქმის წარმოების უფლებამოსილებას ანიჭებდა ვ. მ.-ეს და ე. ჩ.-ას. აღნიშნული რწმუნებულება გაცემული იყო 2016 წლის 14 ივნისს - ექვსი თვის მოქმედების ვადით. სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა მოცემულ საქმეზე დაინიშნა 2017 წლის 14 ივნისს. ვინაიდან, ამ დროისათვის წარმომადგენლებს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შეწყვეტილი ჰქონდათ, სასამართლომ სხდომის თარიღი აცნობა პირადად მოპასუხეს, ჯერ კიდევ, 2017 წლის 19 აპრილს. 2017 წლის 14 ივნისის მოპასუხე სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადებულა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე უცნობებია სასამართლოსთვის. ამასთან, ამ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა არც მისი მეორე წარმომადგენელი ე. ჩ.-ა, რომლის, თუნდაც ვადაგასული წარმომადგენელობითი უფლებამოსილების ფარგლებში, სასამართლო სხდომაზე გამოცხადება დაარწმუნებდა სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობის არარსებობაში.

25. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით წარდგენილ საჩივარზე დართულ რწმუნებულებაზე, რომელიც მოპასუხის მიერ ვ. მ.-ეზე გაიცა 2017 წლის 22 ივნისს, რითაც დასტურდებოდა ის გარემოება, რომ 2017 წლის 14 ივნისს ვ. მ.-ე არ იყო უფლებამოსილი წარმოედგინა მოპასუხის ინტერესები. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ დასაბუთებულად არ გაიზიარა საჩივარში საპატიო მიზეზად მითითებული გარემოებები, რომლებიც ეხებოდა მხოლოდ ვ. მ.-ის (არაუფლებამოსილი პირის) სხდომაზე გამოუცხადებლობას.

26. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული „საპატიო მიზეზის“ მტკიცების ტვირთი, ამავე კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ეკისრება საჩივრის ავტორს. ამასთან, როდესაც საპატიო მიზეზად აპელანტი უთითებს ავადმყოფობაზე, მან ეს გარემოება უნდა დაადასტუროს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. საჩივრის ავტორს მსგავსი დოკუმენტი სასამართლოსთვის არ წარუდგენია.

27. იმავდროულად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახეზე იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობებიც სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემობების იურდიული მართებულობის საფუძვლითაც (ამ განჩინების პ-11) [N107 დადგენილება, სსკ-ის 173-ე, 54-ე, 59-ე მუხლები].

28. სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების მოთხოვნით საკასაციო საჩივარი წარადგინა აპელანტმა (მოპასუხე). კასატორის ძირითადი არგუმენტი იმ გარემოებას ემყარება, რომ სასამართლომ არ აცნობა მოპასუხეს რწმუნებულების ვადის გასვლის შესახებ. აღნიშნული ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში კი, ეს ხარვეზი გამოსწორდებოდა. ამასთან, სასამართლოსთვის ცნობილი იყო, რომ მოპასუხე არ ცნობდა სარჩელს, რადგან მას სარჩელზე შესაგებელი ჰქონდა წარდგენილი, რომლითაც უარყოფდა მოთხოვნას. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ იგი აპირებდა სასამართლოს ინფორმირებას გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ, თუმცა, სასამართლოს სატელეფონო ხაზი დაზიანებული იყო, რის გამოც, ვერ დაუკავშირდა თანაშემწეს.

29. კასატორი შუამდგომლობს ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ, რადგან მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა დაიძაბა და მისი დარეგულირება მხოლოდ სასამართლო სხდომაზეა შესაძლებელი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

30. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

31. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

32. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის შედავებას დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დამაბრკოლებელი გარემოების არსებობის შესახებ და მიიჩნევს, რომ ვარგის სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ ვინაიდან მოპასუხეს პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელზე შესაგებელი ჰქონდა წარდგენილი, სასამართლოს არ უნდა გამოტანა მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

33. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 230-ე მუხლი ითვალისწინებს იმგვარ შემთხვევას, როდესაც სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუკი მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, შუამდგომლობა დაკმაყოფილდება. ასეთ შემთხვევაში, უნდა შემოწმდეს სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გააწყვეტილების დაბრკოლებელი გარემოებების არსებობის საკითხი. რაიმე მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხის მიერ შესაგებლის წარდგენა და სარჩელის უარყოფა აბრკოლებდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას სასამართლო სხდომაზე სსსკ-ი არ შეიცავს.

34. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განმარტება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოების შესახებ, რომელიც შეეხება სააპელაციო ინსტანციის სასამართლში ვერბალური კომუნიკაციის (საქმის მომზადება) ეტაპზე შესაგებლის წარუდგენლობის გამო [სსსკ-ის 2321 მუხლი] დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიზანშეწონილობის პრობლემას (იხ., საქმე №ას-121-117-2016,17 მარტი, 2016 წელი). აღნიშნულ განჩინებაში დიდმა პალტამ განმარტა, რომ: „შესაგებლის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ვალდებულება, განსხვავდება სასამართლოში საქმის ზეპირ განხილვაზე - სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისაგან, რა დროსაც, სასამართლო ხელმძღვანელობს მოსარჩელის მითითებებით და მოპასუხის გამოუცხადებლობის პირველ შემთხვევაში, მხოლოდ მოსარჩელის შუამდგომლობის არსებობისას გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სსსკ-ის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია). ასეთ შემთხვევაში, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული წესით საქმის განხილვის დროს მტკიცებულებათა გამოკვლევა არ ხდება, არამედ, კანონის ძალით სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევა და თუ მათი ერთობლიობა, ქმნის იმ სამართლებრივი შედეგის დადგომის შესაძლებლობას, რომლის მიღებაც მოსამართლეს სურს, საქმის განმხილველი მოსამართლე გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას“.

35. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველი შემთხვევა განსხვადება დიდი პალატის მიერ განხილული საქმისაგან, რამდენადაც მოცეულ შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილება არც სააპელაციო ინსტანციის მიერ ყოფილა მიღებული და არც შესაგებლის წარუდგენლობით იყო განპირობებული. შესაბამისად, კასატორის პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან მან პირველი ინსტანციის სასამართლოში წარადგინა შესაგებელი, რაც დავის მიმართ მოპასუხის იურიდიული ინტერესის არსებობაზე მიუთითებდა, გაზიარებული ვერ იქნება.

36. კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ სასამართლომ მას არ აცნობა წარმომადგენლის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შესახებ, ვერ იქნება გაზიარებული, გამომდინარე იქიდან, რომ სსსკ-ის 96-ე მუხლის მიხედვით ფიზიკური პირები უფლებამოსილნი არიან სასამართლოში საქმის წარმოება მიანდონ ერთ ან რამდენიმე პირს. აღნიშნული მხარის დიპოზიციური ნების გამოვლენაა (სსსკ-ის მე-3 მუხლი) და მისი შინაარსის (გარიგების მოქმედების ვადა) კონტროლიც მხარის საპროცესო მოვალეობაა.

37. ვერ იქნება გაზიარებული კასატრის შუამდგომლოობა საქმეზე ზეპირი მოსმენის გამართვის აუცილებლობის შესახებაც.

38. საკასაციო პალატა მიუთითებს ერთ-ერთ პრეცედენტულ გადაწყვეტილებაზე, რომელშიც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განიხილა განმცხადებლის პრეტენზია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმითა (საკუთრების უფლება) და კონვენციის მე-6 მუხლით მინიჭებული (სამართლიანი სასამართლოს უფლება) უფლებათა დარღვევასთან მიმართებაში (იხ., Fredin v. Sweden, 18.02.1991წ. განაცხადის N12033/86). განმცხადებლის პრეტენზია იმ არგუმენტს ეფუძნებოდა, რომ იგი მოკლებულ იქნა საქმის განხილვაში მონაწილეობის საპროცესო სამართლებრივ შესაძლებლობას, ხოლო სამოქალაქო უფლებათა სრულყოფილად რეალიზებისათვის ყველასათვის ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო ზეპირი მოხსენების გაკეთების შესაძლებლობა და შესაბამისად, საქმის მხარეთა დასწრებით განხილვა. მოცემულ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უპირველესად, დადგინა, რომ ვინაიდან მატერიალური თვალსაზრისით განმცხადებლის მოთხოვნა შეეხებოდა საკუთრების უფლებას, რომელიც სამართლებრივი ბუნებით „სამოქალაქო“ ხასითისა იყო, ამიტომ კონვენციის მე-6 მუხლით მინიჭებული უფლების დარღვევის საკითხიც სამოქალაქო ჭრილში უნდა განხილულიყო. ეს ყოველივე კი, ნათელს ჰფენდა იმას, რომ „წრფელი და ღრმააზროვანი“ კამათი (შეჯიბრი) მხარეთა შორის და საქმის განმხილველი სასამართლოს წინაშე, გადამწყვეტი იყო თითოეულის უფლებათა დასადგენად. თუმცა საკვანძო საკითხი, მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის, სასამართლოს მოსაზრებით, სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ „წრფელ და ღრმააზროვან“ ზეპირ განხილვაზე სავალდებულო მოთხოვნა არ ვრცელდებოდა ზემდგომ და საბოლოო ინსტანციის სასამართლოზე. მოცემულ შემთხვევაში, იხილება დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი, რომელზედაც ნამსჯელი აქვს როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს საჩივრის ფარგლებში ზეპირი მოსმენით, ისე სააპელაციო სასამართლოს მხარეთა დასწრებით. ამდენად, მხარეთა კონსტიტუციური უფლება მათივე მონაწილეობით საქმის განხილვაზე დაცულია, მხარეებს სრულად აქვთ რელიზებული საშეჯიბრო ეტაპზე მონაწილეობის უფლება და სკასაციო ინსტანციის სასამართლოში ზეპირი მოსმენის გამართვის აუცილებლობა არ იკვეთება.

39. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

40. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. სსსკ-ის 230-ე მუხლის საპროცესო სამართლებრივ საკითხებზე არსებობს სასამართლო პრაქტიკა. იხ., სუსგ №ას-1431-1351-2017, 12 იანვარი, 2018 წელი; №ას-1109-1029-2017, 18 ოქტომბერი, 2017 წელი.

41. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც, საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

42. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან კანონის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. ი.-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე