Facebook Twitter

საქმე Nას-589-589-2018 6 ივლისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

პირველი კასატორი – მ- ვ--ე (მოსარჩელე, აპელანტი)

მეორე კასატორი - ინდ. მეწარმე რ- რ-ე (მოპასუხე, აპელანტი)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის განჩინება

პირველი კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და თავდაპირველი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

მეორე კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოში

დავის საგანი – ხელშეკრულების შეწყვეტა, ზიანის ანაზღაურება, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ- ვ--ემ (შემდეგში: მოსარჩელე ან შეგებებული სარჩელით მოპასუხე ან შემკვეთი ან პირველი კასატორი) სარჩელი აღძრა ი.მ რ--რ--ის მიმართ (შემდეგში: მოპასუხე ან შეგებებული სარჩელით მოსარჩელე ან მეორე კასატორი ან მენარდე), რომლითაც მოითხოვა 2013 წლის 28 აპრილის მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარება და მოპასუხისათვის ზიანის - 12 000 აშშ დოლარის, ბოცების გასაბერი დანადგარის ნაწილების შეძენაში გადახდილი - 2500 ლარის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2500 ლარის, რესივერის - 600 ლარის, დანადგარების ჩამოტანის და დამონტაჟების - 470 ლარისა და 700 ლარის დაკისრება;

2. სარჩელი დაეფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

3. 2013 წლის 28 აპრილს მხარეთა შორის გაფორმდა მომსახურეობის გაწევის ხელშეკრულება.

4. ხელშეკრულების მიხედვით შემსრულებელი ვალდებული იყო დაემზადებინა ოცლიტრიანი ბოცის გასაბერი დანადგარის სრული კომპლექტი. კომპლექტი შედგებოდა: 1. ჰიდრავლიკის სისტემის ოც ლიტრიანი ბოცის დანადგარისაგან. 2. ახალი 25 ატ.ჰაერის წნევის კომპრესორისაგან. 3. 20 ლიტრიანი ბოცის ყალიბისაგან. 4. ,,ფეჩისგან" და 5. 1000 ლიტრიანი რესივერისგან.

5. ვალდებულების შესრულების ვადად განისაზღვრა 50 დღე.

6. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ დაარღვია ვალდებულების შესრულების ვადა.

7. იმავდროულად, შესრულებული მომსახურება იყო უხარისხო, რითაც დაირღვა ხელშეკრულების ის პირობა, რომლის მიხედვით მომსახურება შესრულებული უნდა ყოფილიყო ხარისხიანად, კერძოდ, 1000 ცალ ბოცაზე დაზიანება უნდა ყოფილიყო 0.001% (ხელშეკრულების 2.1.1. პუნქტი).

8. ხელშეკრულების ფასი განისაზღვრა 12000 აშშ დოლარით და 500 ლარით. თანხის გადახდა უნდა მომხდარიყო ეტაპობრივად 10000 აშშ დოლარი მოსარჩელეს უნდა გადაეხადა წინასწარ სამუშაოს შესრულებამდე, 500 ლარი უნდა გადაეხადა 2013 წლის სექტემბრის თვეში და 2000 აშშ დოლარი 2014 წლის ნოემბრის თვეში.

9. მოსარჩელემ თავისი ვალდებულება შეასრულა და თანხა სრულად გადაუხადა მოპასუხეს 12.000 აშშ დოლარი და 500 ლარი.

10. მოსარჩელის მოსაზრებით, მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და დაამზადა ისეთი დაზგა, რომელიც დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად უვარგისია.

11. აღნიშნული პლასტმასის ბოცის გასაბერი და დასამზადებელი დაზგის შეძენა და დამზდება მოსარჩელეს სჭირდებოდა შემოსავლის (მოგების) მისაღებად.

12. მოპასუხის მიერ დამზადებული დანადგარის მიერ გაკეთებული პროდუქტის 63% არის უვარგისი.

13. მოპასუხემ მოსარჩელეს რამდენჯერმე შეასყიდვინა დანადგარის ნაწილები, რომელთა საერთო ღირებულება შეადგენს 2000 ლარს.

14. ხელშეკრულების მიხედვით, მოპასუხეს უნდა დაემონტაჟებინა და შეეძინა ჰაერის 1000 ლიტრიანი რესივერი, მაგრამ აღნიშნული მოსარჩელემ პირადად შეიძინა.

15. მოსარჩელ აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების ზემოთმითითებული ნაკლიანი შესრულებით მან განიცადა ზარალი, რის გამოც, უარს აცხადებდა ხელშეკრულებაზე და მოითხოვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

16. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველ შედავებაში უარყო ნაკეთობის დამზადებისათვის ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საზღაურის სრულად მიღების ფაქტობრივი გარემოება და აღნიშნა, რომ გადახდის ვალდებულების შესრულების შემთხვევაში, მოსარჩელეს უნდა ჰქონოდა სავალო საბუთი [საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ--ის) 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი]. ავანსის სახით 6000 აშშ დოლარის და 700 ლარის მიღების ფაქტი კი, დაადასტურა.

17. ამასთან, მოპასუხემ აღნიშნა, რომ არ დაურღვევია ხელშეკრულება, რაც ართმევდა მოსარჩელეს სსკ-ის 405-ე მუხლის სამართლებრივი საფუძვლით ხელშეკრულებიდან ცალმხრივად გასვლის უფლებას. გადაცემის დროისათვის ნაკეთობა იმყოფებოდა ვარგის მდგომარეობაში და მისი დაზიანება სავარაუდოდ გამოიწვია მოსარჩელის მიერ ჩატარებულმა არაპროფესიონალურმა სამუშაოებმა და არასწორმა ექსპლოატაციამ.

18. იმავდროულად, მოპასუხემ მოთხოვნის განხორციელების მუდმივად შემაფერხებელ შედავებაზე (ხანდაზმულობა) დაამყარა თავისი შესაგებელი და განმარტა, რომ მოსარჩელეს გაშვებული ჰქონდა ხანდაზმულობის ერთწლიანი ვადა [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემედგში: სსკ-ის) 655-ე მუხლი], რამდენადაც მოსარჩელეს ნაკეთობა გადაეცა 2013 წლის 21 აგვისტოს. ამ დროიდან დაიწყო შესრულების ნაკლის გამო, სასარჩელო ხანდაზმულობის კანონით დადგენილი ვადის ათვლა.

19. ამასთან, მოპასუხემ სარჩელთან ერთად განსახილველად წარადგინა შეგებებული სარჩელი, რომლითაც მოითხოვა მოსარჩელისათვის ნაკეთობის (დანადგარის) დამზადებისათვის გათვალისწინებული საზღაურის გადაუხდელი ნაწილის - 5500 აშშ დოლარის (შეგებებული სარჩელის აღძვრის დროისათვის მოქმედი ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად უცხოურ ვალუტასთან აშშ დოლართან მიმართებაში) დაკისრება.

20. შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის შემწყვეტ შედავებაში შეგებებული სარჩელით მოპასუხემ მიუთითა, რომ 2013 წლის 28 აპრილის ხელშეკრულების საფუძველზე მას ჰქონდა უფლება ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით გადაეხადა თანხა. ვალდებულება შეასრულა და თანხის გადახდის ფაქტის დასადასტურებლად მიუთითა ინვოისებსა და მოწმეთა ჩვენებებზე.

21. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 02 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თავდაპირველი სარჩელი ხელშეკრულების შეწყვეტის და თანხის დაკისრების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: შეწყდა მხარეთა შორის დადებული 2013 წლის 28 აპრილის ხელშეკრულება მომსახურების გაწევის თაობაზე; დაეკისრა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 10.700.00 ლარის გადახდა; დაეკისრა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება 514.00 ლარის ოდენობით. შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

22. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

23. მხარეებს შორის 2013 წლის 28 აპრილს დაიდო მომსახურების გაწევაზე ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, მოსარჩელემ მოპასუხეს ავანსის სახით გადაუხადა 6000 აშშ დოლარი და 700 ლარი (იხ., მოპასუხის შედავება).

24. 2014 წლის 27 აგვისტოს მოპასუხემ მოსარჩელეს გადასცა 10 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ელ. სასაქონლო ზედნადები - 0132074487.

25. 2013 წლის 15 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით ი.მ. ,,ბ. კ-სა’’ და ი.მ. ,,მ- ვ-ეს’’ შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა 19 ლიტრიანი ბოცის ჰიდრავლიკური გასაბერი დანადგარი ღუმელი, ყალიბი 19 ლიტრიანის, კომპრესორი 20-30 ატმოსფერომდე. ნასყიდობის საგნის ფასი განისაზღვრა 10 000 ლარით. ნასყიდობის ფასის გადახდა უნდა მომხდარიყო 2013 წლის 15 ოქტომბრიდან 2017 წლის 30 დეკემბრამდე და გადახდა უნდა დადასტურებულიყო დოკუმენტალურად.

26. 2013 წლის 28 აპრილის ხელშეკრულების მიხედვით შემსრულებელი ვალდებული იყო გაეწია შემდეგი მომსახურება: დაემზადებონა 20-ლიტრიანი ბოცის გასაბერი სრული კომპლექტი, რომელიც შედგება 1. ჰიდრავლიკის სისტემის 20 ლიტრიანი ბოცის გასაბერი დანადგარი; 2. კომპრესორი 25 ატ. ჰაერის წნევით ახალი; 3. ყალიბი 20 ლიტრის; 4. ფეჩი; 5. რესივერი 1000 ლიტრა.

27. შემკვეთი ვალდებული იყო აენაზღაურებინა მომსახურება.

28. სამუშაოს შესრულების მაქსიმალური ვადა განისაზღვრა 50 დღით.

29. ხელშეკრულების მიხედვით ნაკეთობა უნდა ყოფილიყო ხარისხიანი, კერძოდ, 1000 ცალ ბოცაზე შეიძლებოდა მხოლოდ 1 ბოცის დაზიანება (0.001%).

30. გასამრჯელო 10000 დოლარი უნდა გადახდილიყო წინასწარ სამუშაოს შესრულებამდე, 500 ლარი უნდა გადახდილიყო 2013 წლის სექტემბერში, 2000 დოლარი - 2014 წლის ნოემბერში.

31. შემკვეთის მიერ შემსრულებლისთვის ხელშეკრულების ფასი უნდა გადახდილიყო ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით ეროვნულ ვალუტაში არსებული კურსის შესაბამისად.

32. მომსახურების შესრულების ვადის დარღვევისათვის, შემსრულებელი ვალდებული იყო გადაეხადა შემკვეთისათვის პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილეული დღისთვის ხელშეკრულების ფასის 0,01%.

33. 28/04/2013 წელს დოლარი ლართან მიმართებაში წარმოადგენდა 1.6497 ლარს.

34. სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 11 სექტემბრის დასკვნის მიხედვით, წყალტუბოს რაიონის სოფელ პატრიკეთში ექსპერტიზაზე წარდგენილი იქნა პ-ური 20-ლიტრიანი ბოთლები (ბოცები). სულ 579 ცალი 20-ლიტრიანი ბოცა. ყველა მათგანი აღმოჩნდა დაზიანებული. მათ აღენიშნებოდათ: დეფორმირება, არაგამჭვირვალე სეგმენტები ზედაპირზე, ხრახნული ნაწილების დაზიანება, ჰორიზონტალური ხაზების არათანხვედრა, არასრული-დაუსრულებელი ფორმები. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, წყალტუბოს რაიონის სოფელ პატრიკეთში რ---- ვ-ის (შემდეგში: მოწმე) მიერ ექსპერტიზაზე წარდგენილი 579 ცალი 20-ლიტრიანი ბოთლი (ბოცა) წარმოადგენდა წუნდებულ პროდუქციას.

35. სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N004632314 ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით 20 ლიტრიანი ბოთლის (ბოცის) გასაბერი დანადგარი არ არის გამართულ მდგომარეობაში შემდეგი მიზეზების გამო: ა) პრეფორმების დასადები მოძრავი დისკები არამყარად ფიქსირდება კონვეიერის ღერძებზე, რის გამოც, ხშირია პრეფორმების სეგმენტური გადახურებები, რაც არის ერთ-ერთი მიზეზი წუნდებული პროდუქციისა; ბ) აუცილებელია პრეფორმების დასადები მოძრავი დისკების ამოღება ექსპლოატაციის პერიოდში მათი გახურების თავიდან ასაცილებლად, ვინაიდან დანადგარს არ აქვს პრეფორმის თავაკების გაცივების მექანიზმი; გ) დაზიანებულია პრესფორმის შიგა ზედაპირი და პრესფორმის ნახევრების შეერთების დროს არ ემთხვევა ერთმანეთს რადიალური ხაზები; დ) პრესფორმის დახურვა გაღებისათვის არ არის გამოყენებული უფრო მიზანშეწონილი პიდრავლიკური სისტემა; ე) ჩამკეტ მექანიზმს მოძრაობის დროს აქვს დიდი ლუფტი, რაც ამცირებს პრესფორმის მჭიდრო დახურვის ალბათობას. დამამზადებლის მიერ დამონტაჟებული ჰაერის კომპრესორი არ არის დანადგარისათვის შესაფერისი, ვინაიდან ის იძლევა დაწნეხილ ჰაერს 1,2 მგპ (12კგძ/სმ2) წნევით, ნაცვლად 3 მგპ (30კგძ/სმ2) წნევისა, რაც არის აუცილებელი ამ ტიპის დანადგარისათვის. 20 ლიტრიანი ბოცის აღნიშნული პრესფორმა (ყალიბი) არის სრულიად ნორმალური, 19 ლიტრიანი ბოცისათვის გათვალისწინებული, ვინაიდან სტანდარტით 20 ლიტრიანი ბოცა არ არსებობს. პრესფორმის (ყალიბის) გაცივების არსებული სისტემა არის სრულიად არასაკმარისი და შესაბამისად არაეფექტური. დანადგარის მუშაობაზე შემოწმების დროს, დამზადებული იქნა 100 ცალი 19 ლიტრიანი ბოთლი, რომლიდანაც 63 ცალი აღმოჩნდა წუნდებული. შესაბამისად, ხარისხიანი პროდუქცია საშუალოდ შეადგენს 37%.

36. სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 18 მაისის ხელწერის ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ტექსტობრივი და ციფრობრივი ჩანაწერები, განლაგებული: მომსახურების გაწევის ხელშეკრულებაზე, 28.05.2013 წლის თარიღით შესრულებულია მოსარჩელის მიერ. ტექსტობრივი და ციფრობრივი ჩანაწერები, განლაგებული: ა) განცხადებაზე, 22.12.2014 წლის თარიღით და ბ) მცირე ტექსტობრივი და ციფრობრივი ჩანაწერი: ,,ჩავიბარე რ---- ვ---ე... 16.12.2015“, განლაგებული: გზავნილზე (სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გადაცემაზე), 16.12.2015 წლის თარიღით, შესრულებულია ერთი და იგივე პირის მიერ და არა მოსარჩელის, არამედ შესრულებულია რ---- ვ-ის მიერ.

37. საქმეზე დართული ბუღალტრული გაანგარიშებით, 1 ცალი 20 ლიტრიანი ბოთლის (ბოცის) დამზადების ღირებულება (თვითღირებულება) შეადგენს 2 (ორ) ლარსა და 40 თეთრს. ექსპერტიზის დასკვნის შედეგად (2014 წლის 11.09. N004889814 სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა) დაზიანებული (წუნდებულია და უხარისხოა) 579 ცალი 20 ლიტრიანი ბოთლი (ბოცა). შესაბამისად, მათი საერთო დამზადების თვითღირებულება შეადგენს 1389 ლარსა და 60 თეთრს).

38. დადგენილია, რომ 2013 წლის 21 აგვისტოს მოპასუხემ მოსარჩელეს მიაწოდა 10 000 ლარის პროდუქცია (20 ლიტიანი ბოცის გასაბერი კომპლექტი) მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებით ელ-0086950689 – დადგენილია, რომ გამყიდველმა - მოპასუხემ, მყიდველს - მოსარჩელეს მიაწოდა 10.000 ლარის პროდუქცია. მიწოდებული საქონლის ჩაბარების საკითხი - 21.08.2013.

39. 2013 წლის 26 ნოემბერს შპს ,,ბ - ი--მა’’ მოსარჩელეს მიაწოდა 56.5 ლარის პროდუქცია (პლასმასის ფიტინგი შPE 6; ფიტინგი შPჩ 6-01; ჰაერის გამანაწილებელი MOV-02; ჰაერის გამანაწილებელი MV-09; პნევმატური მილი APU-0604-ბლუე (200 M); ფიტინგი შPჩ 6-M5 (შNშ)) მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებით ელ-0091182135, დადგენილია, რომ გამყიდველმა შპს ,,ბ- ი---მა, მყიდველს - მოსარჩელეს მიაწოდა 56.5 ლარის პროდუქცია. მიწოდებული საქონლის ჩაბარების საკითხი - 29.11.2013.

40. დადგენილია, რომ 2013 წლის 26 ნოემბერს შპს ,,ბ- ი--მა’’ მოსარჩელეს მიაწოდა 600 ლარის პროდუქცია (კომპრესორის რესივერი 500 ლტ) მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებით ელ-0091776633, დადგენილია, რომ გამყიდველმა ა- ყ--ემ, მყიდველს - მოსარჩელეს მიაწოდა 600 ლარის პროდუქცია. მიწოდებული საქონლის ჩაბარების საკითხი - 27.12.2013.

41. 2013 წლის 19 ნოემბრის შპს ,,ბ- ი--მა’’ მოსარჩელეს მიაწოდა 53.3 ლარის პროდუქცია (არმატურა MOV-03; ფიტინგი შPჩ 12-03 (შNშ); ფიტინგი შPჩ 12-02 (შMშ); ფიტინგი შPჩ 6-01 (შNშ); ფიტინგი შPE 6; ფიტინგი ღP020 6 1_8) მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებით ელ-0090161789, დადგენილია, რომ გამყიდველმა შპს ,,ბ- ი-მა’’, მყიდველს -მოსარჩელეს მიაწოდა 53.8 ლარის პროდუქცია. მიწოდებული საქონლის ჩაბარების საკითხი - 29.11.2013.

42. 2014 წლის 27 აგვისტოს მოპასუხემ მოსარჩელეს მიაწოდა 6800 ლარის პროდუქცია (20 ლიტიანი ბოცის გასაბერი კომპლექტი) მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებით ელ-013207447 დადგენილია, რომ გამყიდველმა მოპასუხემ მოსარჩელეს მიაწოდა 6800 ლარის პროდუქცია. მიწოდებული საქონლის ჩაბარების საკითხი - 27.08.2014.

43. მოსარჩელემ ენერგოკომპანიას განცხადებით მიმართა 2013 წლის 25 აპრილს და მოითხოვა: 1. აბონენტის სახელის ცვლილება - აბონენტ ა- ვ--ის (აბ.№1310241202) ნაცვლად შესაბამის მისამართზე აბონენტად მ- ვ-ე დაფიქსირება; 2.ძაბვის საფეხურის ცვლილება 220ვ-დან 280ვ-ზე, რაც გულისხმობს ცალფაზიანი მრიცხველის ნაცვლად სამფაზიანი მრიცხველის მონტაჟს. მოთხოვნილი სიმძლავრე დარჩა იგივე, რაც იყო აღნიშნულ მისამართზე - 10კვ. განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ვინაიდან მის მიერ შესრულდა ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების’’ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება და წარმოდგენილი იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია. განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ ცვლილებებთან დაკავშირებული ტექნიკური სამუშაოები დასრულდა 2013 წლის 28 მაისს.

44. 2013 წლის 28 მაისის აქტის მიხედვით, სამუშაოები შესრულებულია ტექნიკური ექსპლუატაციის ნორმების დაცვით. დოკუმენტაცია წარმოდგენილია სრულყოფილად, გაცემულია ტექნიკური პირობები №1139/32-13. სოფელ პატრიკეთში მდებარე მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი შეიძლება ჩართული იქნას სამფაზა ელ. მომარაგების ქსელში. ჩართვის დროს საოჯახო სამფაზა ელ. მოხმარების დადგმული სიმძლავრე არ აღემატება 10კვტ-ს.

45. 2009 წლის 03 ნოემბრის კონტრაქტის მიხედვით, ხელშეკრულების საგნად განისაზღვრა პრეფორმის ჩამოსასხმელი ყალიბი, ხელშეკრულების ფასი 3000 აშშ დოლარი. შესრულების ვადა: 50 დღე. ანგარიშსწორება: მყიდველი წინასწარ იხდის კონტრაქტის ღირებულების 100%; (3000 აშშ დოლარი) ტვირთის ჩამოსვლისთანავე თბილისის საბაჟოზე, მყიდველი რიცხავს კონტრაქტის ღირებულების 18%-ს. ანგარიშსწორება ხორციელდება ეროვნულ ვალუტაში; არსებული კურსის შესაბამისად. მყიდველის მიერ კონტრაქტის პირობების დარღვევის შემთხვევაში, ეკისრება საურავი თანხის 0.01% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

46. 2013 წლის 12 აგვისტოს შპს ,,პ- ტ--მა’’ მოსარჩელეს მიაწოდა 6640 ლარის პროდუქცია (პრეფორმის ყალბი 350 გრ (პრეფორმ მოულდგრ) წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებით ელ-0075721863, დადგენილია, რომ გამყიდველმა შპს ,,პ- ტ-მა’’ მოსარჩელეს მიაწოდა 6640 ლარის პროდუქცია. მიწოდებული საქონლის ჩაბარების საკითხი - 12.08.2013.

47. 2016 წლის 11 ნოემბერს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ზ- გ-იანმა განმარტა (იხ.სხდომის ოქმი. 17.47.52 წთ), რომ დანადგარს (დაზგა) არ აქვს გაგრილების სისტემა. პრეფორმების დასადები მოძრავი დისკები მყარად არ არის დამაგრებული. აპარატის ჩართვის შემდეგ გადახურდა პრეფორმები, რაც მოქმედებს წარმადობაზე. თავაკი არ ცივდება. ექსპერტის განმარტებით, დანადგარის (დაზგა) ექსპლუატაცია სწორად მიმდინარეობადა და მომუშავე პირის ბრალით არ შეიძლება იყოს გამოწვეული დაზგის გაუმართაობა, იგი გამომდინარეობს დაზგის უხარისხო დამზადებით. მისივე განმარტებით, 750 გრამიან პრეფორმას მოცემული დანადგარის წნევა არ ეყოფა. კვლევა ჩაატარა 350 გრ. პრეფორმის მიმართ, გამოდიოდა წუნდებული პროდუქცია (იხ.სხდომის ოქმი. 18.27.56 წთ). დანადგარი არის გაუმართავი, არათანაბრად აცხელებს პრეფორმას . გაუმართაობის გამო, დაზგა ვერ გამოუშვებს ხარისხიან პროდუქციას (იხ.სხდომის ოქმი. 18.29.11 წთ).

48. 2017 წლის 18 იანვარს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა რ- ვ-ემ განმარტა, რომ საქმეში განთავსებული (ნარდობის) ხელშეკრულება მომსახურების გაწევაზე, დაიდო ზ-- ძ-ის სახლში. მოპასუხეს 10.000 აშშ დოლარი და 500 ლარი გადაეცა ამავე სახლში. შემდეგ უნდა გადასცემოდა 2000 აშშ დოლარი (იხ.სხდომის ოქმი. 13.04.12. წთ). მოწმის განმარტებით, მოპასუხის შვილის სახელზე გააგზავნეს 700 ლარი და მოპასუხემ გადასცა 10.000 ლარის ინვოისი (იხ.სხდომის ოქმი. 13.05.41 წთ). მოწმის განმარტებით, ზ- ძ---ის სახლში მოხდა მოპასუხეზე 2000 აშშ დოლარის გადაცემა; მოწმემ განმარტა, რომ მოპასუხე 10 დღე ცხოვრობდა მოსარჩელის სახლში და ცდილობდა დაზგის შეკეთებას, რა დროსაც, 3000 ბოცა გაუფუჭდა (იხ.სხდომის ოქმი. 13.09.55 წთ). მოწმის განმარტებით, მოპასუხე შეპირდა დაზიანებული ბოცების თბილისში ჩაბარებას. ჩაიტანა თბილისში 2000 ბოცა, მაგრამ მოპასუხე არ დახვდა და დაზიანებული ბოცები გადაყარეს თბილისის ზღვის მიმდებარედ; მისივე განმარტებით, დაზგის რესივერი შეიძინა მოსარჩელემ. ასევე, 700 ლარად შეიძინეს ჰაერის ფილტრი, მაგრამ დაზგა არ გაკეთდა. მანვე განმარტა, რომ დაზგაზე მუშაობდა თვითონ მოსარჩელის დავალებით, მაგრამ არ გამოდიოდა ხარისხიანი პროდუქცია. მოპასუხემ ასწავლა დაზგასთან მუშაობა (იხ.სხდომის ოქმი. 14.00.46 წთ). შემდეგ, მოსარჩელემ დაურეკა მოპასუხეს და მოსთხოვა აპარატის (დაზგის) წაღება, რადგან არ მუშაობდა; მოწმის განმარტებით, საქმეში განთავსებული ხელშეკრულების ტექსტი შეადგინა ზ- ძ-ემ, წაიკითხა და ხელი მოაწერა მოპასუხემ (იხ.სხდომის ოქმი. 13.56.03 წთ). ხელშეკრულების შინაარსი არ იცის და ხელშეკრულებაში არანაირი ჩანაწერი არ გაუკეთებია (იხ.სხდომის ოქმი. 13.58.11 წთ);

49. 2017 წლის 06 თებერვალს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ----ი ხ-ემ განმარტა, რომ მოსარჩელეს შეუთანხმდა დაზიანებული ბოცების თბილისში ჩატანის შესახებ. ჩაიტანა თბილისში ბოცები, მაგრამ შემდეგ გადაყარეს თბილისის ზღვის მიმდებარე ნაგავსაყრელზე, რადგან ვერ ჩააბარეს. დაზიანებული პლასტმასის ბალონები (ბოცები) დაპრესილი სახით პარკებში იყო ჩაწყობილი. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მოსარჩელის დავალებით თბილისიდან წამოიღო ლითონის ბალონი.

50. 2017 წლის 06 თებერვალს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ---- ძ--ემ განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულება გამოხატავს მხარეთა ნებას და მხარეებმა შეთანხმებისამებრ მოაწერეს ხელი. ხელშეკრულების ყველა პარამეტრი ჩაიწერა მოპასუხის ინიციატივით, რადგან ის უფრო ერკვეოდა (იხ.სხ.ოქმი-15.39.08); ნივთის ღირებულება განისაზღვრა 12. 000 აშშ დოლარით (იხ.სხ.ოქმი -15.41.38); მოპასუხეს გადაეცა 10.000 აშშ დოლარი და 500 ლარი (იხ.სხ.ოქმი -15.42.27); მოწმის განმარტებით, მისი სახლის ეზოში მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა 2000 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხის გადაცემას არ ესწრებოდა რ-ი ვ-ე (იხ.სხ.ოქმი -15 42.58).

51. 2017 წლის 25 სექტემბერს მოწმედ დაკითხულმა გ--შ-ვილმა განმარტა, რომ არის შპს ,,პ- - ტ---ი“-ს დირექტორი. მისთვის ცნობილია სადავო დაზგის შესახებ. აღნიშნულ დაზგის ყალიბი ჩამოდის ჩინეთიდან. მისთვის ცნობილია, რომ ყალიბი რომელიც შეუკვეთა მოპასუხემ უნდა ჩამოსულიყო ფოთში მაგრამ შეცდომით აღმოჩნდა ოდესაში. მოწმის განმარტებით, პრეფორმა არ იყო დანადგარის შემადგენელი ნაწილი. იგი არის პროცესის შემადგენელი ნაწილი. მისივე განმარტებით პრეფორმა მოსარჩელეს არ შეუძენია.

52. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირველი ინსტანციის სასამართლომ მოაწესრიგა სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი იყო ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობა.

53. სასამართლოს შეფასებით, სარჩელით მოთხოვნილი ზიანის ანაზღაურებაც გამომდინარეობდა ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე მენარდის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებიდან.

54. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხისე განმარტება, მითითებულ ხელშეკრულებაში, ხელით შესრულებული ჩანაწერის ბათილობის შესახებ, რომ ჩანაწერი შესრულებულია მოპასუხის ხელმოწერის შემდეგ და იგი არ გამოხატავს მხარეთა შორის შეთანხმებას, რადგან საქმეზე ჩატარებული ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 18 მაისის ხელწერის ექსპერტიზის დასკვნით დასტურდებოდა, რომ ტექსტობრივი და ციფრობრივი ჩანაწერები, განლაგებული: მომსახურების გაწევის ხელშეკრულებაზე, 28.05.2013 წლის თარიღით შესრულებული იყო მოსარჩელის მიერ.

55. გარდა ამისა, 2017 წლის 06 თებერვალს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ- ძ--ემ განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულება გამოხატავდა მხარეთა ნებას და მხარეებმა შეთანხმებისამებრ მოაწერეს ხელშეკრულების ყველა პარამეტრი ჩაიწერა მოპასუხის ინიციატივით, რადგან იგი უფრო ერკვეოდა (იხ.სხ.ოქმი -15.39.08). მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი 2013 წლის 28 აპრილის ხელშეკრულება მომსახურების გაწევაზე, წარმოადგენდა მხარეთა შორის მიღწეულ შეთანხმებას, რაც ორივე მხარეს შემხვედრ ვალდებულებებს წარმოუშობდა. სასამართლომ აღნიშნა, რომ ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნეოდა, თუ იგი შეესაბამებოდა შეთანხმებულ პირობებს; ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ იყო მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნეოდა თუკი იგი ვარგისი იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის [სსკ-ის 641.1 მუხლი].

56. საქმის მასალებით დადგენილი იყო, რომ მხარეთა შორის 2013 წლის 28 აპრილს დადებული იქნა წერილობითი შეთანხმება 20 ლიტრიანი ბოცის გასაბერი დანადგარის დამზადების შესახებ. ხელშეკრულების 1.2. პუნქტით - შემსრულებელი ვალდებულია გასწიოს შემდეგი მომსახურება: ოცლიტრიანი ბოცის გასაბერი სრული კომპლექტი, რომელიც შედგება 1. ჰიდრავლიკის სისტემის 20 ლიტრიანი ბოცის დანადგარი; 2. კომპრესორი 25 ატ. ჰაერის წნევით ახალი; 3. ყალიბი 20 ლიტრის; 4. ფეჩი; 5. რესივერი 1000 ლიტრა. სამუშაოს შესრულების მაქსიმალური ვადა განისაზღვრა 50 დღით. აღნიშნული ხელშეკრულების 2.1. პუნქტით - შემსრულებელი ვალდებულია, შეასრულოს მომსახურება სათანადო ხარისხით - 1000 ცალ ბოცაზე 1 ბოცის დაზიანება 0.001%.

57. სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული აღნიშნული ჩანაწერი წარმოადგენდა კონკრეტული სტანდარტის გამოყენების თაობაზე მხარეთა შეთანხმებას. სსკ-ის 641-ე მუხლის მეორე ფაკულტატურ მოთხოვნას წარმოადგენდა ის, რომ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნეოდა, თუკი იგი ვარგისი იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის.

58. სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 02 სექტემბრის ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის გამაბათილებელი, საპირწონე მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია.

59. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის განმარტება იმის თაობაზე, რომ მის მიერ დამზადებული დანადგარის არასწორი ექსპლუატაციის შედეგია წუნდებული პროდუქციის მიღება, რადგან მოწმე რ- ვ-ის ჩვენებით დადგენილი იყო, რომ მოპასუხე 10 დღე ცხოვრობდა მოსარჩელის სახლში და ცდილობდა დაზგის შეკეთებას, რა დროსაც, 3000 ბოცა გაუფუჭდა. მანვე განმარტა, რომ დაზგასთან მუშაობა მოპასუხემ ასწავლა (იხ.სხდომის ოქმი. 13.09.55 წთ).

60. სასამართლომ მიიჩნია, რომ თუ სსკ-ის 644-ე მუხლის თანახმად, ნაკეთობა ნაკლის მქონეა, ნაკლის გამო, შემკვეთს შეუძლია სსკ-ის 405-ე მუხლის მიხედვით უარი თქვას ხელშეკრულებაზე. ამ შემთხვევაში მენარდე ვალდებულია აუნაზღაუროს შემკვეთს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ხარჯები.

61. სასამართლომ მიიჩნია, რომ მენარდემ ვერ დაამზადა მხარეთა შორის 2013 წლის 28 აპრილის ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობებით ნივთი, რაც სსკ-ის 405-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულებაზე უარის და ნივთის შესაძენად გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნის საფუძველს წარმოუშობდა კრედიტორს (მოსარჩელე).

62. ვინაიდან დადგინდა მოპასუხის მიერ დამზადებული ნივთის, ხელშეკრულებით შეთანხმებულ პირობებთან შეუსაბამობა, (ნივთობრივი ნაკლი), დასადგენი იყო მოსარჩელის მიერ იმავე ნივთის დამზადებისათვის გადახდილი თანხის ოდენობა.

63. მოპასუხე შესაგებელში ადასტურებდა მოსარჩელის მხრიდან მის მიერ დამზადებული დანადგარის ღირებულების ნაწილის - 6000 აშშ დოლარის და 700 ლარის მიღების ფაქტს. თუმცა, მოსარჩელე თანხის სრულად გადახდაზე ამყარებდა მოთხოვნას.

64. მოსარჩელის განმარტებით, მას სრულად ჰქონდა გადახდილი მოპასუხისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნივთის ღირებულება 12 000 აშშ დოლარი, ასევე 700 ლარი.

65. მოსარჩელის წარმომადგენელი თანხის გადახდის დამადასტურებელ მტკიცებულებად უთითებდა მის მიერ წარმოდგენილ ,,ინვოისებზე“, სასაქონლო ზედნადებებსა და მოწმეთა ჩვენებებზე.

66. სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება და ამ თვალსაზრისით, მიუთითა სსკ-ის 429-ე მუხლზე, რომლიც ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს და განსაზღვრავს, რომ კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.

67. სასამართლომ მოიხმო საკასაციო სასამართლომ მსგავსი კატეგორიის საქმეებზე სსკ-ის 429-ე მუხლის განმარტება, რომლის მიხედვით: „კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს მეტად ცალსახა დამოკიდებულება – იგი ავალდებულებს მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ასეთი დოკუმენტი, თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ. მას შეუძლია, არ გამოითხოვოს ასეთი საბუთი კრედიტორისაგან. ბუნებრივია, კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით. ნორმაში მითითებული დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან მან მხოლოდ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე. მას არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი თვალსაზრისით. კანონი მოვალეს აღჭურავს მთელი რიგი უფლებებით, რათა შესძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი, წარმოადგენს მის რისკს და შეუძლებელს ხდის ზემოთ მითითებული გარემოების დადასტურებას. ამდენად, თანხის გადახდის დამადასტურებელი გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოვალეს, ხოლო სსკ-ის 429-ე მუხლის საფუძველზე შესაბამისი მტკიცებულება შეიძლება იყოს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი“ (იხ.სუსგ. №ას-1198-1158-2016). ამავე საფუძვლით, სასამართლომ არ გაიზაირა მოსარჩელის წარმომადგენელის მითითება მოწმეების ჩვენებაზე, რომლებიც ადასტურებდნენ მოპასუხეზე 10000 აშშ დოლარის და 500 ლარის, ასევე 2000 აშშ დოლარის გადაცემას და აღნიშნა, რომ ამ ნაწილში იყო წარმოდგენილი სსკ-ის 429-ე მუხლის შესაბამისად გაცემული დოკუმენტი. სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველი მუხლით მოწესრიგებულია არა მარტო სასესხო ურთიერთობები, არამედ ზოგადად დადგენილია ფულადი ვალდებულების შესრულების (თანხის გადახდა) წესი. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის წარმომადგენელის განმარტება იმის შესახებ, რომ მოპასუხეზე თანხის დაკისრება უნდა მოხდეს მის მიერ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებების მიხედვით, რადგან წარმოდგენილი არ იყო სასაქონლო ზედნადებში მითითებული ნივთის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

68. სასამართლომ აღნიშნა, რომ სასაქონლო ზედნადები წარმოადგენს საქონლის მიწოდების დამადასტურებელ მტკიცებულებას და მოსარჩელეს მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 24-ე მუხლის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის მიწოდებისას გამოყენებული უნდა იქნეს სასაქონლო ზედნადები, გარდა სპეციალური ანგარიშ-ფაქტურების (№III-06 დანართი) და ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების (№III-09 დანართი) მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა. ამავე ინსტრუქციის 251-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით კი, ზედნადები ივსება ელექტრონულად, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის გადაზიდვის დაწყებისთანავე.

69. სასამართლომ, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 251 მუხლის მე-4 პუნქტის „ი“, „კ“, „მ“ და „პ“ ქვეპუნქტებზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ ზედნადების მე-5-მე-7 სვეტებში იწერება საქონლის რაოდენობა, ერთეულის ფასი და საქონლის ფასი; ზედნადების მე-15 სტრიქონში იწერება მყიდველის (მიმღების) ან საქონლის მიღებაზე უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი, ხოლო მე-17 სტრიქონში – მყიდველის (მიმღების) ან საქონლის მიღებაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა.

70. ამდენად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სასაქონლო ზედნადები არის საქონლის ტრანსპორტირებისათვის აუცილებელი და მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ასახავს მიწოდებული საქონლის ოდენობას და მის ფასს. ხოლო სსკ-ის 429-ე მუხლი ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს. ზემოაღნიშნული მუხლის პირველი ნაწილით კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. განსახილველ შემთხვევაში, კი მოსარჩელეს არ წარმოუდგენია ნივთის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება, რაც გამორიცხავდა ამ ნაწილში, საჩელის სრულად დაკმაყოფილების შესაძლებლობას;

71. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხემ მოსარჩელისგან მიიღო 6000 აშშ დოლარი (რაც თანხის გადახდის დროისთვის შეადგენდა 9898.00 ლარს) და 700 ლარი, მითითებული თანხის მოპასუხის მიერ მიღება დადასტურებულია როგორც მოპასუხის აღიარებით, ასევე საქმეში წარმოდგენილი 2014 წლის 27 აგვისტოს სასაქონლო ზედნადებით, სადაც პირდაპირ იყო მითითებული, რომ 2013 წელს დამზადებულ დანადგარზე გადახდილი იქნა 10.000 (ათი ათასი) ლარი, ხელშეკრულების თანახმად შემდეგი გადახდა შეადგენს 6800 ლარს (ტ.1.ს/ფ 39); ასევე მოპასუხის მიერ მოსარჩელისგან 700 ლარის მიღება დადასტურებულია 2014 წლის 27 აგვისტოს სალაროს შემოსავლის ორდერით (ტ.1.ს/ფ. 62).

72. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა დაზიანებული ბოცების ღირებულების ანაზღაურების ნაწილში, ნაწილობრივ საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო ნაწილობრივ.

73. ამდენად, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოპასუხის მიერ დამზადებული ნივთი ნაკლიანი იყო. იგი არ იყო მხარეთა შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამოყენებისათვის ვარგისი ნივთი. საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით იგი ტექნიკურად გაუმართავი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოცების გასაბერი დანადგარი ექსპლუატაციისათვის (ჩვეულებრივი გამოყენებისათვის) უვარგის მდგომარეობაში იყო [სსკ-ის 641-ე მუხლის პირველი ნაწილი].

74. გარდა ამისა, ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 11 სექტემბრის სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი იყო, რომ, წყალტუბოს რაიონის სოფელ პატრიკეთში რ---- ვ-------ის მიერ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 579 ცალი ოც ლიტრიანი ბოთლი (ბოცა) წარმოადგენს წუნდებულ უხარისხო პროდუქციას, ხოლო საქმეზე დართული ბუღალტრული გაანგარიშებით, 1 ცალი 20 ლიტრიანი ბოთლის (ბოცის) დამზადების ღირებულება (თვითღირებულება) შეადგენს 2 (ორ) ლარსა და 40 თეთრს. ექსპერტიზის დასკვნი დაზიანებული (წუნდებულია და უხარისხოა) 579 ცალი 20 ლიტრიანი ბოთლი (ბოცა). შესაბამისად მათი საერთო დამზადების თვითღირებულება შეადგენდა 1389 ლარსა და 60 თეთრს (ტ.1. ს.ფ. 64).

75. ზემოთმითითებული მტკიცებულებების სამართლებრივი ანალიზით სასამართლომ მიიჩნია, რომ ზიანის გაანგარიშება უნდა მოხდეს ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 02 სექტემბრის ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი 20 ლიტრიანი ბოცის გასაბერი დაზგის ხარისხიანი პროდუქცის წარმადობის მიხედვით, რაც შეადგენს 37%. შესაბამისად ზიანი შეადგენს 514 ლარს (1389.60 X 37:100 =514).

76. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას დაზიანებული 2000 (ორი ათასი) ცალი ბოცის ზიანის ანაზღაურების ნაწილში, ამ ნაწილში, სასამართლომ სარჩელი უსაფუძვლოდ მიიჩნია, რადგან ამ ნაწილში, მოსარჩელის მიერ არ იყო წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულება, მხოლოდ მოსარჩელის შვილის და მძღოლის ახსნა-განმარტება ვერ დაედებოდა საფუძვლად სარჩელის დაკმაყოფილებას, რადგან მოსარჩელის შვილი, რ- ვ-ე პირდაპირ იყო დაინტერესებული საქმის შედეგით, ხოლო მძღოლი წარმოადგენს მის მიერ დაქირავებულ პირს.

77. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ სწორედ მოპასუხის მოქმედების გამო, ნივთობრივი ნაკლის მქონე დანადგარის ექსპლუატაციის შედეგად მიადგა ზიანი მოსარჩელეს, რაც ნაწილობრივ ანაზღაურებას ექვემდებარებოდა.

78. უარყოფილი იქნა ხანდაზმულობასთან დაკავშირებით წარდგენილი შედავებაც. ამ თვალსაზრისით, სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 655-ე მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს ნარდობისას ხანდაზმულობის ვადას. კერძოდ, მოხმობილი მუხლით ხანდაზმულობის ვადა მოძრავი ნივთის მიმართ დადგენილია ერთი წელი, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნა შესრულების ნაკლის გამო შემკვეთმა შეიძლება წარადგინოს ერთი წლის მანძილზე. სსკ-ის 649-ე მუხლის მიხედვით, თუ ხელშეკრულების თანახმად ან შესრულებული სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, საჭიროა მისი გადაცემა, მაშინ შემკვეთი მოვალეა მიიღოს შესრულებული სამუშაო. მიღებისთანავე შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს საზღაური. ამავე კოდექსის 642-ე მუხლის პირველი ნაწილით - თუ ნაკეთობა ნაკლის მქონეა, შემკვეთს შეუძლია მოითხოვოს დამატებითი შესრულება. მენარდეს შეუძლია თავისი არჩევანით ან აღმოფხვრას ნაკლი, ან დაამზადოს ახალი ნაკეთობა.

79. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი იყო, რომ მოპასუხე ცდილობდა რა, შეეკეთებინა მის მიერ დამზადებული 20 ლიტრიანი ბოცის გასაბერი დანადგარი (დაზგა), 10 დღის განმავლობაში ცხოვრობდა მოსარჩელესთან, თუმცა უშედეგოდ. ამდენად სარჩელი სამოქალაქო კოდექსის 655-ე მუხლის მიზნებისათვის ხანდაზმული არ იყო.

80. შეგებებულ სარჩელის უარყოფის ნაწილში 5500 აშშ დოლარის (დღეს მოქმედი ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად უცხოურ ვალუტასთან აშშ დოლართან მიმართებაში) გადასახდელად დაკისრება), სასამართლომ მიუთითა რომ მოცემულ შემთხვევაში, ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 02 სექტემბრის ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის გამაბათილებელი მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის განმარტება იმის თაობაზე, რომ მის მიერ დამზადებული დანადგარის არასწორი ექსპლუატაციის შედეგი იყო წუნდებული პროდუქციის მიღება, რადგან მოწმე რ---- ვ-------ის ჩვენებით დადგენილი იყო, რომ მოპასუხე ცდილობდა დაზგის შეკეთებას რა დროსაც, 3000 ბოცა გაუფუჭდა. ვინაიდან, დასტურდებოდა, რომ მენარდემ ვერ დაამზადა ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობებით ნივთი, რაც ხელშეკრულებაზე უარის თქმისა და ნივთის შესაძენად გადახდილი თანხის უკუმოთხოვნის საფუძველს წარმოუშობდა შემკვეთს, თავისთავად უსაფუძვლო იყო მენარდის მოთხოვნა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნარჩენი თანხის 5500 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ.

81. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრით.

82. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის განჩინებით არცერთი სააპელაცოი საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 02 ოქტომბრის გადაწყვეტილება თავდაპირველი სარჩელის ნაწილობრივი დაკმაყოფილებისა და შეგებებული სარჩელის უარყოფის შესახებ.

83. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დამატებით მიუთითა იმ საკითხზე, რომელიც სააპელაციო სასამართლოს მხრიდან გამოკვლევასა და შეფასებას საჭიროებდა. ამ თვალსაზრისით, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დავის გადასაწყვეტად უნდა გარკვეულიყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შესრულებული ჰქონდა თუ არა მოპასუხეს და რა ღირებულების იყო შესრულება; ჰქონდა თუ არა გადახდილი მოსარჩელეს შესრულებულ ნაწილში სამუშაოს ღირებულება.

84. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება შესრულებული ნაკეთობის ნაკლოვანებასთან დაკავშირებიოთ. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ შემკვეთისათვის გადაცემული ნივთი არ შეესაბამებოდა შეთანხმებულ ხარისხს. ამ თვალსაზრისით, მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილ იქნა სარწმუნო მტკიცებულებები - ექსპერტის დასკვნები, მოწმეთა ჩვენებები, რომლის გაქარწყლება მოპასუხემ ვერ შეძლო.

85. სააპელაციო სასამართლომ უარყო მოპასუხის განმარტება 28.04.2013 წლის ხელშეკრულებაში, ხელით შესრულებული ჩანაწერის ბათილობის შესახებ და დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხემ, როგორც ხელშეკრულების მხარემ ხელი მოაწერა მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულების ისეთ ფორმას, სადაც იმთავითვე იყო გათვალისწინებული ხელით ჩასაწერი გრაფა და აღნიშნული გრაფა შეეხებოდა სწორედ ხელშეკრულების არსებით პირობებს - თუ როგორი შემადგენლობის უნდა ყოფილიყო ოც ლიტრიანი ბოცის გასაბერი სრული კომპლექტი. ხელშეკრულების მხარეებმა ასეთი სახის ხელშეკრულების დადებით თვითონვე გასწიეს რისკი ამ გრაფებში დაფიქსირებული ნების ნამდვილობასთან დაკავშირებით, ხოლო ამ რისკის პრევენციის თვალსაზრისით ხელშეკრულების მოდავე მხარეს შეეძლო თავისთვის დაეტოვებინა შეთანხმებული ხელშეკრულების ასლი, რომლის შეფასება უფრო სარწმუნოს გახდიდა მის პოზიციას.

86. იმავდროულად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა მოსარჩელის მიერ თანხის გადახდის დასადასტურებლად წარმოდგენილ მტკიცებულებებს - სასაქონლო ზედნადებებს. სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებებით არ დასტურდებოდა მიწოდებული საქონლის ღირებულების (ფასის) გადახდა. ამ თვალსაზრისით, მოსარჩელის მითითება სასაქონლო ზედნადების მე-13 გრაფაზე, სადაც მოცემული იყო მხოლოდ ,,მიწოდებული საქონლის მთლიანი თანხა ციფრობრივად და სიტყვიერად’’, ამ თანხის გადახდის სადავოობისას ვერ გამოდგებოდა თანხის გადახდის დამადასტურებელ მტკიცებულებად. საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე დაყრდნობით სააპელაციო პალატამ გაამყარა თავისი შეხედულება იმის თაობაზე, რომ თანხის გადახდის დამადასტურებელი გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოვალეს, ხოლო სსკ-ის 429-ე მუხლის საფუძველზე შესაბამისი მტკიცებულება შეიძლება იყოს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი...“ (იხ. სუსგ № ას-1198-1158-2016).

87. სააპელაციო პალატამ მიინია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სწორად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მხოლოდ 579 დაზიანებული ბოცების ღირებულების ანაზღაურების ნაწილში. ამ თვალსაზრისით, შეფასდა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და საქმეზე დართული ბუღალტრული გაანგარიშები, რომლის მიხედვით, 1 ცალი 20 ლიტრიანი ბოცის დამზადების თვითღირებულებად სწორად იქნა მიჩნეული 2 ლარი და 40 თეთრი, საერთო ჯამში კი, 579 ცალი წუნდებული უხარისხო პროდუქციის თვითღირებულების ჯამი შეადგენდა 1389.60 ლარს. პალატამ აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ სწორად მოხდა ზიანის გაანგარიშება სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 02 სექტემბრის ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, საიდანაც ირკვეოდა, რომ უხარისხო ბოცების დამზადებისათვის მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენდა 514 ლარს (1389.60 X 37:100 = 514). პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა დაზიანებული 2000 ცალი ბოცის ზიანის ანაზღაურების ნაწილში, არ იყო დასაბუთებული და სარწმუნო მტკიცებულებ(ებ)ით გამყარებული.

88. მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ დამატებით მიუთითა, რომ მოსარჩელემ უხარისხო დანადგარის წარმოებასთან დაკავშირებით პრეტენზია იმთავითვე (ნივთის გადაცემიდან რამოდენიმე დღეში) განაცხადა, ასევე, მოსარჩელეს ჰქონდა მცდელობა მოპასუხის მიერ ნაკლის აღმოსაფხვრელად, რომელსაც შედეგი არ მოჰყოლია.

89. სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია შეგებებული სარჩელი და აღნიშნა, რომ მენარდის მიერ ხელშეკრულების არსებითი პირობების დარღვევის ფაქტი, კერძოდ, მის მიერ ხელშეკრულების საგნის - ოც ლიტრიანი ბოცის გასაბერი დანადგარის - უხარისხოდ დამზადების ფაქტი, რომლის ექსპლუატაცია ზიანის მომტანი იყო შემკვეთისათვის, მთლიანად გამორიცხავდა მოთხოვნას 5500 აშშ დოლარის მიღების თაობაზე.

90. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

91. კასატორების მოთხოვნები და საკასაციო საჩივრების საფუძვლები:

92. პირველი კასატორს მოთხოვნას გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება წარმოადგენს. პირველი კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ შეისწავლა 2013 წლის 28 აპრილს დადებული მომახურეობის ხელშეკრულების შინაარსი, კერძოდ, ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხე მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუდგებოდა დაზგის გაკეთებას, როდესაც შემკვეთი გადაუხდიდა წინასწარ სამუშაოს შესრულებამდე 10 000 დოლარის ექვივალენტ ლარს (იხ. ხელშეკრულების 3.1.1 მუხლი), რაც გადაუხადა და ამის შემდეგ დაამზადა მენარდემ დაზგა.

93. შესრულებული სამუშაოს თანხა ნაწილობრივ გადახდილია ლარებში, რასაც ადასტურებს საქართველოს ბანკის მიერ 2015 წლის 22.12 გაცემული ცნობა №44/768, სადაც ერთი დოლარის ღირებულება შეადგენს 1.6497.

94. 2013 წლის 21 აგვისტოს მოპასუხემ მოსარჩელეს გადასცა 10 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ელ.სასაქონლო ზედნადები №0132074487, რომელიც გამოიწერა დაზგის ტრანსპორტირების მიზნით. სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წლის 27 აგვისტოს მოპასუხემ მოსარჩელეს მიაწოდა 6800 ლარის პროდუქცია (20 ლიტრიანი ბოცის გასაბერი კომპლექტი), რომელიც ჩაბარდა 2014 წლის 27 აგვისტოს, რაც არასწორად არის დადგენილი, რადგან მოპასუხეს არანაირი პროდუქტი მოსარჩელისთვის არ მოუწოდებია. ამ დღეს ტრანსპორტირება არ მომხდარა. მოპასუხემ სასაქონლო ზედნადები გამოაგზავნა 6800 ლარის მიღების დამადასტურებელ დოკუმენტად, მას შემდეგ, რაც 700 ლარი იქნა გადარიცხული მისთვის ამ სასაქონლო ზედნადების გადმოგზავნამდე მის მიერ მითითებულ ანგარიშზე.

95. ხელშეკრულების 1.2 მუხლის თანახმად, მენარდეს უნდა დაემზადებინა ჰიდრავლიკური სისტემის 20 ლიტრიანი ბოცის დანადგარი და დაამზადა პლევმატური. აღნიშნული დადასტურებული სსიპ ლ---- სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 02.09.№0046632314 ტექნიკური დექსპერტიზის დასკვნით და ექსპერტის დაკითხვით.

96. ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა 12 000 აშშ დოლარი და 500 ლარი გადახდილია სრულად.

97. რაც შეეხება ზიანს, სასამართლოს უნდა აენაზღაურებინა დაზგის თბილისიდან წყალტუბოს რაიონი სოფელ პარტიკეთში ტრანსპორტირების ხარჯი 470 ლარი. რესივერის თანხა 600 ლარი, რომელიც ხელშეკრულების თანახმად უნდა ეყიდა მოპასუხეს. დაზგის მიერ გაფუჭებული 579 ცალი ბოცის თვითღირებულება. ერთის ღირებულება არის 2.40 ლარი, სულ 139.89.60 ლარი. ჯამში მოთხოვნილი იყო 3389 ლარი. აქედან დანარჩენი თანხა არის იმ ბოცის ღირებულება, რომელიც გადაიყარა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელსაც ადასტურებს მოწმე ლ- ხ--ე. ნაწილების ღირებულება 2700 ლარია ჰაერის ფილტრის ჩათვლით, რომლის ღირებულება შეადგენს 700 ლარს. 1000 ლარი დაზიანებული კომპრესორის აღდგენის, რასაც მოპასუხე არ უარყოფს და გადახდას ადასტურებს მოწმე რ---- ვ-ე, რომელმაც დაკითხვისას აღნიშნა, რომ თავად მოპასუხემ ასწავლა სად უნდა გაეკეთებინა და რა თანხა დაჯდებოდა კომპრესორის გაკეთება.

98. მეორე კასატორის მოთხოვნას გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად უკან დაბრუნება წარმოადგენს. იმავდროულად, მეორე კასატორი პრეტენზიას ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ მისი შუამდგომლობა გაყალბებული საპროცესო დოკუმენტაციისა და მისი სიყალბის დამადასტურებელი მტკიცებულებების საგამოძიებო ორგანოებისათვის გადაცემასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა.

99. მეორე კასატორი სადავოდ ხდის სარჩელის ხანდაზმულობას და მიაჩნია, რომ სასამართლომ აღნიშნული საკითხი გადაწყვიტა მოწმე რ---- ვ-------ის ჩვენებაზე დაყრდნობით, რომლის მიხედვით მიიჩნია, რომ მოპასუხე მოსარჩელის სახლში ცხოვრობდა 10 დღის განმავლობაში და ცდილობდა დანადგარის შეკეთებას. მეორე კასატორი მიიჩნევს რომ მოწმის ჩვენებას არ უნდა მინიჭებოდა იურიდიული ძალა, რამდენადაც მოწმე არის მოსარჩელის შვილი და იგი პირდაპირ დაინტერესებულია საქმის განხილვის შედეგით. ამასთან, მოწმე ინფორმირებული იყო საქმის განხილვის დეტალების შესახებ. საქმეში წარმოდგენილი კალიგრაფიული ექსპერტიზით დასტურება, რომ დასახელებულმა მოწმემ შექმნა ყალბი საპროცესო დოკუმენტი - განცხადება, მოსარჩელის სახელითა და მისივე სახელით ხელი მოაწერა მას. მანვე, ყალბი ხელმოწერით ჩაიბარა სხვადასხვა საპროცესო დოკუმენტაცია, მათ შორის, მოპასუხის შესაგებელი და შეგებებული სარჩელი, რაც უდავოდ მეტყველებს იმაზე, რომ მოწმისათვის ცნობილი იყო საქმის ყველა წვრილმანი.

100. გარდა ამისა, მოწმის ჩვენება ბუნდოვანი და წინააღმდეგობრივი იყო მოწმე ზ---- ძ--ის ჩვენებასთან. კერძოდ, მოწმე მიუთითებდა, რომ იგი ესწრებოდა მოპასუხისათვის 2000 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტს, რაც განხორციელდა მოწმე ზ-- ძ--ის სახლში, მაშინ როცა მოწმე ზ---- ძ---–--ემ განმარტა, რომ მართალია 2000 აშშ დოლარის გადაცემა მოხდა მის სახლში, მაგრამ ამ ფაქტს არ ესწრებოდა მოწმე რ-- ვ--ე.

101. მეორე კასატორი აღნიშნავს, რომ თუ მენარდემ დაამზადა შეკვეთილისაგან განსხვავებული ნაკეთობა, შესაბამისად ნაკლის გამოსწორების მოთხოვნასაც (1 წლის ვადაში ნივთის მიღებიდან) უნდა წარმოადგენდეს ან ამ ნაკეთობის გადაკეთება და შეკვეთილთან შესაბამისობაში მოყვანა, ანდა ახალი ნაკეთობის დამზადება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ნაკლის გამოსწორების მოთხოვნით მიმართვის დამადასტურებელ ერთადერთ მტკიცებულებას წარმოადგენს რ- ვ-ის ჩვენება, რომლის იურიდიულ ძალასთან დაკავშირებით წარმოდგენილია საკასაციო პრეტენზია, გამოდის, რომ შემკვეთს არასდროს მიუმართავს მოპასუხისათვის შესრულების ნაკლის გამო, კანონითა და ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში. შესაბამისად, სარჩელი ხანდაზმულია.

102. ფაქტობრივი გარემოების დასადგენად სასამართლო დაეყრნდო 2013 წლის 28 აპრილის ხელშეკრულებასა და მხარეთა ახსნა - განმარტებებს, მოგვიანებით კი, პოზიცია დაასაბუთა კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნითა და მოწმე ზ- ძ--ის ჩვენებით.

103. ექსპერტის დასკვნა მიუთითებს მხოლოდ იმას, რომ 2013 წლის 28 აპრილის ხელშეკრულება შევსებულია მოსარჩელის მიერ, რაც ბუნებრივია არ წარმოადგენს უტყუარ მტკიცებულებას იმ ფაქტის დასადგენად, რომ მხარეთა ხელმოწერის მომენტში ის შეიცავადა, როგორც ნაბეჭდ, ისე ხელნაწერ ჩანაწერებს. რაც შეეხება მოწმე ზ---- ძ---–--ის ჩვენებას, მან გარდა სასამართლოს მიერ მითითებული განცხადებისა, განმარტა, რომ არ დაუნახავს, თუ ვინ შეასრულა ხელშეკრულებაში ხელნაწერი ტექსტი, თუმცა, ხელშეკრულების ბეჭვდითი ნაწილი სწორედ მან მოამზადებინა იურისტს და მხარეებსაც სწორედ მან წარუდგინა ხელმოსაწერად და ამასთან, უშუალოდ ესწრებოდა სრულ პროცესს (მომზადება და ხელმოწერა). მეორე კასატორი მიუთითებს სსკ-ის 327-ე და 328-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ჩავთვლით, რომ მხარეები თავად შეთანხმდნენ ხელშეკრულების წერილობით ფორმაზე, მივიღებთ წერილობით ხელშეკრულებას, რომელიც იურიდიული ძალის არმქონეა, ვინაიდან ის წარმოადგენს ნაბეჭდი და ხელნაწერი ტექსტის ერთობლიობას, რომელთან მიმართებაშიც ვერ დგინდება, თუ როდის იქნა შევსებული ხელნაწერი ნაწილი (რაც ჩვენი შედავების ერთ-ერთ საგანს წარმოადგენს). 2013 წლის 28 აპრილის წერილობითი ხელშეკრულების როგორც ბეჭვდითი, ისე ხელნაწერი ტექსტის ერთობლივად, შეთანხმების პირობებად და უტყუარ მტკიცებულებად მიჩნევა საფუძველს მოკლებულია, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ მხარეთა შორის სადავოა სწორედ ხელნაწერი ტექსტით განსაზღვრული ვალდებულებების აღება და მათი შესრულება.

104. მეორე კასატორი სადავოდ ხდის აგრეთვე ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც ეხება სადავო დანადგარის ფუნქციონალურ ნაწილს და აღნიშნავს, რომ ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მომზადებულია ექსპერტის - ზ-- გ--იანის მიერ და ამავე ზ-გ-იანის ექსპერტის სახით დაკითხვის შედეგად მიღებული ინფორმაცია არსებითად გამორიცხავს ერთმანეთს, კერძოდ: 1)ექსპერტის მიერ სადავო დანადგარის კვლევა ჩატარებულია 710-770 გრ. პერფორმასთან მიმართებაში, მაშინ როცა დანადგარი მოსარჩელის მითითებით დამზადებულია 350 გრ. პერფორმაზე, რასაც ადასტურებს მისივე წარმოდგენილი პერფორმის ნიმუში და ამ ნიმუშის დამამზადებელი ასევე მის მიერ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ჩამოტანილი პერფორმის ყალიბი. 2)ექსპერტის მიერ გამოყენებულ ლიტერატურაში მითითებულია მოსკოვის სახ. უნივერსიტეტის სტუდენტის საკურსო ნაშრომი და არა რომელიმე აღიარებული სამეცნიერო კვლევის შედეგი. 3)ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია არასწორი ფაქტობრივი მონაცემები, კერძოდ, აღნიშნულია, რომ დანადგარის გაგრილების სისტემა (კვადრატული მილები დისკების გასწვრივ, რომლებშიც მუდმივად უნდა გაედინებოდეს მაციებელი სითხე, ჩვენს შემთხვევაში, ცივი წყალი) ვერ უზრუნველყოფს ყალიბის გაციებას მაშინ, როცა ექსპერტმა გამოკითხვისას დაადასტურა, რომ მას დეტალური კვლევა არ ჩაუტარებია, გაგრილების სისტემაში წყალი (გამაგრილებელი) არ გაუშვია და არც კი შეუმოწმებია დაერთებული იყო თუ არა ის წყლის მიწოდების დგარზე, რაც ბუნებრივია იმას ნიშნავს, რომ გაგრილების სისტემა ცხადია ჩართვის გარეშე არ იმუშავებდა, ვერ გააგრილებდა ყალიბს და შესაბამისად, პროდუქციაც წუნდებული გამოვიდოდა (რაც გამორიცხავს მოპასუხის ბრალს). 4)ექსპერტის მიერ არ არის შემოწმებული პერფორმის ხარისხი, ანუ არ არის ჯეროვნად შესწავლილი თუ რა იწევდა წუნდებული პროდუქციის გამოშვებას - დანადგარი, თუ პერფორმა. 5)ექსპერტი მიუთითებს, რომ დანადგარის დამზადებისას გამოყენებული უნდა ყოფილიყო ყალიბის ჩაკეტვის ჰიდრავლიკური სისტემა, მაშინ როცა დაკითხვისას დაადასტურა, რომ ასევე ეფექტურად მუშაობდა პნევმატიკურიც და ეს პროდუქციის გამოშვების ხარისხზე ზეგავლენას არ ახდენს. 6)დასკვნაში ასევე მითითებულია, რომ დანადგარი ბოცას უნდა ბერავდეს 30 ატმოსფერული წნევით, თუმცა, ექსპერტმა გამოკითხვისას დაადასტურა, რომ 350 გრამიანი პერფორმისაგან ბოცის გაბერვა შესაძლებელია იმ ატმოსფერული წნევითაც, რომელსაც გამოიმუშავებს სადავო დანადგარი.

105. განსახილველ შემთხვევაში, ექსპერტიზა ჩატარდა არა 350 გრამიანი პერფორმის (დანადგარი განკუთვნილია სწორედ ამ წონის (350 გრ.) პერფორმის გასაბერად, არამედ 750 გრამიანი პერფორმის მიმართ. კვლევის ჩატარებისას დანადგარის ექსპლოატაცია არ განხორციელებულა სრულყოფილად, ვინაიდან არ მომხდარა გაგრილების სისტემის ჩართვა ანუ, დაერთება წყალთან და ობიექტურად დადგენა საკმარისი იყო თუ არა გაგრილების სისტემა დანადგარის გამართულად ფუნქციონირებისათვის და ბოლოს, დასკვნა არ შეესაბამება ექსპერტ ზ- გ--იანის გამოკითხვისას მიღებულ ინფორმაციას, ვინაიდან დასმულ შეკითხვებზე ჩვეულებრივი გამოყენებისათვის ვარგისი იყო თუ არა დანადგარის ჩაკეტვის პნევმატკური სისტემა და 350 გრამიან პერფორმას გაბერავდა თუ არა წნევა, რომელსაც გამოიმუშავებდა დანადგარი, მიღებულ იქნა პასუხი - დიახ. მითითებული ფაქტების ერთობლიობა გამორიცხავს ექსპერტიზის დასკვნის ობიექტურობასა და დასაბუთებულობას, რის გამოც, მისი უტყუარ მტკიცებულებად და მის საფუძველზე საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების დადგენა დაუშვებელია.

106. 27/08/2014 წლის Nელ - 0132074487 სასაქონლო ზედნადების თაობაზე მეორე კასატორი აღნიშნავს, რომ ზედნადების თანახმად, დგინდება, თითქოს მოპასუხემ 27/08/2014 წელს გადასცა მოსარჩელეს 20 ლიტრიანი ბოცის გასაბერი კომპლექტი, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან ამავე ზედნადების მე-19 გრაფაში მითითებული ჩანაწერით და მხარეთა განმარტებით სასამართლომ მიიღო ინფორმაცია, რომ ამ ზედნადებით მხოლოდ შეივსო 21/08/2013 წლის სასაქონლო ზედნადებში Nელ - 0076950689 დაფიქსირებული ინფორმაცია დანადგარის საფასურის ნაწილში და ის არ გულისხმობდა სხვა დანადგარის გადაცემას.

107. მეორე კასატორი მიიჩნევს, რომ თუ მოწმე რ---- ვ-------ის ჩვენება ჩაითვლება დასაშვებ მტკიცებულებად, მისი გაზიარება მაინც შეუძლებელი იქნება, ვინაიდან მის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია ბუნდოვანი და წინააღმდეგიბრივია მოწმე ზ---- ძ---–--ის ჩვენებასთან მიმართებაში. ასე მაგალითად, მოწმე რ. ვ-------ე მიუთითებს, რომ იგი ესწრებოდა მოპასუხისათვის 2000 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტს, რაც განხორციელდა მოწმე ზ-- ძ--ის სახლში, მაშინ როცა მოწმე ზ- ძ-ემ აჩვენა საწინააღმდეგო და განმარტა, რომ მართალია 2000 აშშ დოლარის გადაცემა მოხდა მის სახლში, მაგრამ ამ ფაქტს არ ესწრებოდა მოწმე რ--- ვ--ე. გარდა ამისა, მოწმე რ- ვ--ემ განმარტა, რომ მოპასუხე მოსარჩელის სახლში ცხოვრობდა 10 დღის განმავლობაში და ცდილობდა დანადგარის შეკეთებას. მოპასუხის შეკითხვაზე - მთელი ამ დროის განმავლობაში დაინახა თუ არა მოპასუხე მისმა რომელიმე მეზობელმა ან სტუმარმა და შეეძლო თუ არა თუნდაც ერთი ასეთი ადამიანის დასახელება, ან რაიმე სხვა სახით ამ ფაქტის დადასტურება, პასუხად მიღებულ იქნა - არა. და ბოლოს, მოწმე რ.ვ-ემ აჩვენა, რომ სადავო ხელშეკრულების ტექსტი შეადგინა მოწმე ზ- ძ-ემ (იგულისხმება როგორც ნაბეჭდი, ისე ხელნაწერი ვერსია), რაც უარყო ზ- ძ--ემ, ხოლო კალიგრაფიული ექსპერტიზით დადგენილია, რომ ხელნაწერი ტექსტი შესრულებულია მოსარჩელე მ. ვის მიერ (თუმცა, ვერ დგინდება მხარეთა მიერ ხელშეკრულების ხელმოწერამდე, თუ ხელმოწერის შემდგომ).

108. იმავდროულად, მეორე კასატორი მიიჩნევს, რომ მოწმე ზ-- ძ-ის ჩვენება ბუნდოვანი და წინააღმდეგობრივია, როგორც მისივე ჩვენების სხვადასხვა ნაწილებთან, ისე მოწმე რ-- ვ--ის ჩვენებასთან მიმართებაში და შესაბამისად ვერ ჩაითვლება უტყუარ მტიცებულებად, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ასე მაგალითად, მოწმე ზ- ძ-ემ აჩვენა, რომ სადავო ხელშეკრულება (სრული ტექსტი, როგორც ბეჭდვითი, ისე ხელნაწერი) გამოხატავს მხარეთა ნებას და მისი ყველა პირობა მასში ჩაიწერა მოპასუხის ინიციატივით. ამასთან, თავადვე განმარტავს, რომ არ დაუნახავს, თუ ვინ შეასრულა ხელშეკრულებაში ხელნაწერი ტექსტი, თუმცა, ხელშეკრულების ბეჭვდითი ნაწილი სწორედ მან მოამზადებინა იურისტს, მხარეებსაც სწორედ მან წარუდგინა ხელმოსაწერად და უშუალოდ ესწრებოდა მთლიან პროცესს (მომზადება და ხელმოწერა). თავის მხრივ, მოწმე რ. ვ-ემ განმარტა რომ სადავო ხელშეკრულების ტექსტი შეადგინა მოწმე ზ- ძ-ემ, რაც გარდა ზ- ძ-ის ჩვენებისა, წინააღმდეგობაში მოდის კალიგრაფიული ექსპერტიზით დადგენილ ფაქტთან, რომ ხელნაწერი ტექსტი შესრულებულია მოსარჩელე მ. ვ--ის მიერ (თუმცა, ვერ დგინდება მხარეთა მიერ ხელშეკრულების ხელმოწერამდე, თუ ხელმოწერის შემდგომ).

109. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების 3.2.20. ფაქტობრივი გარემოება, ვინაიდან ის არ ემყარება მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად გამოტანილ დასკვნას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

110. მეორე კასატორი აღნიშნავს, რომ მოწმე გ- შ–ვილს არ განუმარტავს, რომ მოსარჩელეს არ შეუძენია პრესფორმა. მან განმარტა, რომ იგი უშუალოდ ესწრებდა მოლაპარაკებას რ- ვ-ესა (რომელიც მისივე (რ.ვ--ის) განმარტებით წარმოადგენდა მოსარჩელეს) და მოპასუხეს შორის. დაადასტურა, რომ ისინი არ შეთანხმებულან ხელშეკრულების იმ პირობებზე რაც მითითებულია სადავო ხელშეკრულების ხელნაწერ ტექსტში, არამედ მხარები შეთანხმდნენ იმ პირობებზე, რაც მითითებულია ამავე ხელშეკრულების ბეჭვდით ნაწილში. მანვე დაადასტურა, რომ პრესფორმის საქართველოში ჩამოსვლამდე თავად ნახა, რომ დანადგარი დასრულებლი იყო და მის წაღებას/მიღებას აჭიანურებდა რ.ვ-ე (მოსარჩელის წარმომდგენელი). მანვე განმარტა, რომ 12/08/2013 წლის Nელ - 0075721863 ზედნადებში (პრესფორმის გადაცემა) მოსარჩელე, როგორც მყიდველი და საქონლის მიმღები მიუთითა მისივე (მოსარჩელის) წარმომადგენლის რ.ვ-ის მითითებით და მიწოდებული ინფორმაციით, თუმცა, თავად მოსარჩელეს ფიზიკურად არ იცნობს და არ უნახავს.

111. მეორე კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს დასკვნას შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილშიც. მეორე კასატორი აღნიშნავს, რომ ვინაიდან ყველა სხვა "მტკიცებულება", გარდა სავალო დოკუმენტისა, რომლითაც ცდილობს მოსარჩელე დაადასტუროს ვალდებულების შესრულება, სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დაუშვებელ მტკიცებულებას წარმოადგენს, ხოლო მოსარჩელეს სავალო დოკუმენტი დანადგარის საფასურის სრულად გადახდასთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია და ვერც წარმოადგენდა, ვინაიდან გადახდის ფაქტს ადგილი არ ქონია, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეს მიერ დანადგარის დამზადების შესახებ ვალდებულება შესრულებულია სრულად და ჯეროვნად, შეგებებული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

112. იმავდროულად, მეორე კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამრთლომ არ იმსჯელა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს საოქმო განჩინების გაუქმებასთან დაკავშირებით, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა გაყალბებული საპროცესო დოკუმენტაციისა და მისი სიყალბის დამადასტურებელი მტკიცებულებების საგამოძიებო ორგანოებისათვის გადაცემასთან დაკავშირებით, რითაც დაარღვია სსსკ-ის 337-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 390-ე მხულის მე-4 ნაწილის დანაწესები. განსახილველ შემთხვევაში, ჩატარებული კალიგრაფული ექსპერტიზით დასტურება, რომ მოწმემ შექმნა ყალბი საპროცესო დოკუმენტი - განცხადება, მოსარჩელის სახელით და მისივე სახელით ხელი მოაწერა მას. ამასთან, მანვე, ყალბი ხელმოწერით ჩაიბარა სხვა და სხვა საპროცესო დოკუმენტაცია. აღნიშნულიდან გამომდნარე, სასამართლო ვალდებული იყო გამოეტანა განჩინება და გაყალბებული საპროცესო დოკუმენტაცია მისი სიყალბის დამადასტურებელი მტკიცებულებებით გადაეცა საგამოძიებო ორგანოებისათვის, ხოლო დისკრედიტირებული მოწმის ჩვენება ამოერიცხა მტკიცებულებათა სიიდან და არ გაეთვალისწინებინა გადაწყვეტილების მიღებისას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

113. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

114. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, ორივე საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

115. განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილია ორი საკასაციო საჩივარი. პირველი კასატორის პრეტენზია სარჩელის სრულად დაკმაყოფილებასა და მენარდისათვის ზიანის სრულ დაკისრებაში მდგომარეობს, ხოლო მეორე კასატორი საქმის განსახილველად უკან დაბრუნებას მოითხოვს.

116. საკასაციო პალატა მიუთითებს ამ განჩინების პპ: 23-32-ით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და მათი გათვალისწინებით მიაჩნია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება, თავისი არსით, წარმოადგენდა ნარდობის ხელშეკრულებას (სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილი), რომელიც ორმხრივი და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. ორივე ხელშემკვრელმა მხარემ სსკ-ის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ნაკისრი ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

117. მოცემულ შემთხვევაში, პირველი კასატორის (მოსარჩელის/შემკვეთის) პრეტენზია ზიანის სრულ ანაზღაურებაში მდგომარეობს, რაც მისი მოსაზრებით, განპირობებულია მენარდის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით/არაჯეროვანი შესრულებით. შემკვეთის პრეტენზიას მენარდე არ იზიარებს და თავის შედავებას ხელშეკრულების ჯეროვან შესრულებასა და აქედან გამომდინარე, მენარდის მხრიდან ნაკეთობის დამზადების ნაწილში, ვალდებულების შესრულებით შეწყვეტაზე მიუთითებს.

118. მენარდის პრეტენზიას საკასაციო პალატა არ იზიარებს და განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

119. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის 6-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

120. მტკიცების ტვირთზე მითითებას აკეთებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). განსახილველ შემთხვევაში, მეორე კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ დასკვნას ხელშეკრულების არაჯეროვან შესრულებასთან მიმართებით, თუმცა, საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს - ექსპერტიზის დასკვნებს, რომელთა სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში დადგენილი იქნა შესრულების ნაკლი, ვერ აქარწყლებს წონადი მტკიცებულებით. მეორე კასატორი აქცენტირებს მხოლოდ პირველი კასატორის სასარგებლოდ შეფასებული მტკიცებულებების - ექსპერტიზის დასკვნა და მოწმის ჩვენება - ნეგატიური შეფასებით.

121. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები სააპელაციო სასამართლომ სწორად შეაფასა. ამ თვალსაზრისით, საკასაციო პალატა ყუარადღებას ამახვილებს სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 11 სექტემბრის დასკვნაზე, რომლის მიხედვით, წყალტუბოს რაიონის სოფელ პატრიკეთში ექსპერტიზაზე წარდგენილი იქნა პ-–------ური 20-ლიტრიანი ბოთლები (ბოცები). სულ 579 ცალი 20-ლიტრიანი ბოცა. ყველა მათგანი აღმოჩნდა დაზიანებული. მათ აღენიშნებოდათ: დეფორმირება, არაგამჭვირვალე სეგმენტები ზედაპირზე, ხრახნული ნაწილების დაზიანება, ჰორიზონტალური ხაზების არათანხვედრა, არასრული-დაუსრულებელი ფორმები. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, წყალტუბოს რაიონის სოფელ პატრიკეთში რ---- ვ-------ის (შემდეგში: მოწმე) მიერ ექსპერტიზაზე წარდგენილი 579 ცალი 20-ლიტრიანი ბოთლი (ბოცა) წარმოადგენდა წუნდებულ პროდუქციას.

122. სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N004632314 ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით 20 ლიტრიანი ბოთლის (ბოცის) გასაბერი დანადგარი არ არის გამართულ მდგომარეობაში შემდეგი მიზეზების გამო: ა) პრეფორმების დასადები მოძრავი დისკები არამყარად ფიქსირდება კონვეიერის ღერძებზე, რის გამოც, ხშირია პრეფორმების სეგმენტური გადახურებები, რაც არის ერთ-ერთი მიზეზი წუნდებული პროდუქციისა; ბ) აუცილებელია პრეფორმების დასადები მოძრავი დისკების ამოღება ექსპლოატაციის პერიოდში მათი გახურების თავიდან ასაცილებლად, ვინაიდან დანადგარს არ აქვს პრეფორმის თავაკების გაცივების მექანიზმი; გ) დაზიანებულია პრესფორმის შიგა ზედაპირი და პრესფორმის ნახევრების შეერთების დროს არ ემთხვევა ერთმანეთს რადიალური ხაზები; დ) პრესფორმის დახურვა გაღებისათვის არ არის გამოყენებული უფრო მიზანშეწონილი პიდრავლიკური სისტემა; ე) ჩამკეტ მექანიზმს მოძრაობის დროს აქვს დიდი ლუფტი, რაც ამცირებს პრესფორმის მჭიდრო დახურვის ალბათობას. დამამზადებლის მიერ დამონტაჟებული ჰაერის კომპრესორი არ არის დანადგარისათვის შესაფერისი, ვინაიდან ის იძლევა დაწნეხილ ჰაერს 1,2 მგპ (12კგძ/სმ2) წნევით, ნაცვლად 3 მგპ (30კგძ/სმ2) წნევისა, რაც არის აუცილებელი ამ ტიპის დანადგარისათვის. 20 ლიტრიანი ბოცის აღნიშნული პრესფორმა (ყალიბი) არის სრულიად ნორმალური, 19 ლიტრიანი ბოცისათვის გათვალისწინებული, ვინაიდან სტანდარტით 20 ლიტრიანი ბოცა არ არსებობს. პრესფორმის (ყალიბის) გაცივების არსებული სისტემა არის სრულიად არასაკმარისი და შესაბამისად არაეფექტური. დანადგარის მუშაობაზე შემოწმების დროს, დამზადებული იქნა 100 ცალი 19 ლიტრიანი ბოთლი, რომლიდანაც 63 ცალი აღმოჩნდა წუნდებული. შესაბამისად, ხარისხიანი პროდუქცია საშუალოდ შეადგენს 37%.

123. ექსპერტმა ზ-- გ-იანმა განმარტა (იხ.სხდომის ოქმი. 17.47.52 წთ), რომ დანადგარს (დაზგა) არ აქვს გაგრილების სისტემა. პრეფორმების დასადები მოძრავი დისკები მყარად არ არის დამაგრებული. აპარატის ჩართვის შემდეგ გადახურდა პრეფორმები, რაც მოქმედებს წარმადობაზე. თავაკი არ ცივდება. ექსპერტის განმარტებით, დანადგარის (დაზგა) ექსპლუატაცია სწორად მიმდინარეობადა და მომუშავე პირის ბრალით არ შეიძლება იყოს გამოწვეული დაზგის გაუმართაობა, იგი გამომდინარეობს დაზგის უხარისხო დამზადებით. მისივე განმარტებით, 750 გრამიან პრეფორმას მოცემული დანადგარის წნევა არ ეყოფა. კვლევა ჩაატარა 350 გრ. პრეფორმის მიმართ, გამოდიოდა წუნდებული პროდუქცია (იხ.სხდომის ოქმი. 18.27.56 წთ). დანადგარი არის გაუმართავი, არათანაბრად აცხელებს პრეფორმას . გაუმართაობის გამო, დაზგა ვერ გამოუშვებს ხარისხიან პროდუქციას (იხ. სხდომის ოქმი. 18.29.11 წთ.).

124. სსკ-ის 641-ე მუხლის მოთხოვნას წარმოადგენდა ის, რომ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი, იგი ვარგისი იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის.

125. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა პირველი კასატორის მოთხოვნას (ხელშეკრულების საგნის) ნაკეთობის ნაკლიანი დამზადების ნაწილში.

126. ამასთან, ვინაიდან დადგენილია, რომ შესრულება იყო ნაკლიანი ხელშეკრულებიდან ცალმხრივად გასვლის ნაწილში, ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილების მიზნებისათვის სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სსკ-ის 352-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც ბლანკეტური შინაარსისაა და შეიცავს დათქმას ამავე კოდექსის 405-ე მუხლით გათვალისწინებულ პირობებზე და აწესებს ქცევის იმგვარ წესს, რომლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება) (იხ., სუსგ №ას-730-698-2014, 19 მარტი, 2015 წელი).

127. იმავდროულად, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ მოპასუხე 10 დღე ცხოვრობდა მოსარჩელის სახლში და ცდილობდა დაზგის შეკეთებას, რა დროსაც, 3000 ბოცა გაუფუჭდა (ამ განჩინების პპ: 43, 59). ამდენად, მიჩნეული უნდა იქნეს, რომ შემკვეთის მიერ დაწესებულ დამატებით ვადაშიც მენარდემ ნაკლი ვერ გამოასწორა, რაც დასაბუთებულს ხდიდა შემკვეთის მოთხოვნას ხელშეკრულებიდან ცალმხრივად გასვლის ნაწილში (ნაკლიანი შესრულების საფუძვლით ხელშეკრულებიდან გასვლის სამართლებრივ საკითხებზე აგრეთვე იხ., სუსგ №ას-38-38-2018, 08 ივნისი, 2018 წელი).

128. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თავდაპირველი სარჩელი ხელშეკრულების შეწყვეტის და თანხის ნაწილობრივ დაკისრების შესახებ (10.700.00 ლარის ნაწილში) სწორად დაკმაყოფილდა. მართალია ამ ნაწილში, პირველ კასატორს ხელშეკრულების სრული ღირებულების გადახდასა და შესაბამისად, ამავე თანხის უკუმოთხონაზე გააჩნია პრეტენზია, თუმცა, საგულისხმოა, რომ საქმის მასალებით დადგენილად იქნა მიჩნეული მხოლოდ ხელშეკრულების ღირებულების ნაწილობრივი გადახდა. სახელდობრ, დადგენილია, რომ მოპასუხემ მოსარჩელისგან მიიღო 6000 აშშ დოლარი (რაც თანხის გადახდის დროისთვის შეადგენდა 9898.00 ლარს) და 700 ლარი, მითითებული თანხის მოპასუხის მიერ მიღება დადასტურებულია როგორც მოპასუხის აღიარებით, ასევე საქმეში წარმოდგენილი 2014 წლის 27 აგვისტოს სასაქონლო ზედნადებით, სადაც პირდაპირ იყო მითითებული, რომ 2013 წელს დამზადებულ დანადგარზე გადახდილი იქნა 10.000 (ათი ათასი) ლარი, ხელშეკრულების თანახმად შემდეგი გადახდა შეადგენს 6800 ლარს (ტ.1.ს.ფ.39); ასევე, მოპასუხის მიერ მოსარჩელისგან 700 ლარის მიღება დადასტურებულია 2014 წლის 27 აგვისტოს სალაროს შემოსავლის ორდერით (ტ.1.ს.ფ.62).

129. რაც შეეხება თავდაპირველი მოსარჩელის მოთხოვნას დაზიანებული 2000 ცალი ბოცის ზიანის ანაზღაურების ნაწილში, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია სახელშეკრულებო ზიანის ანაზღაურება, რომელიც რეგულირებულია სსკ-ის 408-ე მუხლით, რომლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება (იხ., სუსგ №ას-52-47-2015, 27 მარტი, 2015 წელი).

130. საკასაციო აპლატა აღნიშნავს, რომ ამ ნაწილში, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია სარჩელი ნაწილობრივ უსაფუძვლოდ, რადგან არ იყო წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულება, მხოლოდ მოსარჩელის შვილის და მძღოლის ახსნა-განმარტება ვერ დაედებოდა საფუძვლად სარჩელით მოთხოვნილი ზიანის ანაზღაურების დაკისრებას.

131. საკასაციო პალატა არ იზიარებს მეორე კასატორის პრეტენზიას სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სსკ-ის 655-ე მუხლი განსაზღვრავს ნარდობისას ხანდაზმულობის ვადას. კერძოდ, მოხმობილი მუხლით ხანდაზმულობის ვადა მოძრავი ნივთის მიმართ დადგენილია ერთი წელი, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნა შესრულების ნაკლის გამო შემკვეთმა შეიძლება წარადგინოს ერთი წლის მანძილზე. სსკ-ის 649-ე მუხლის მიხედვით, თუ ხელშეკრულების თანახმად ან შესრულებული სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, საჭიროა მისი გადაცემა, მაშინ შემკვეთი მოვალეა მიიღოს შესრულებული სამუშაო. მიღებისთანავე შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს საზღაური. ამავე კოდექსის 642-ე მუხლის პირველი ნაწილით - თუ ნაკეთობა ნაკლის მქონეა, შემკვეთს შეუძლია მოითხოვოს დამატებითი შესრულება. მენარდეს შეუძლია თავისი არჩევანით ან აღმოფხვრას ნაკლი, ან დაამზადოს ახალი ნაკეთობა.

132. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი იყო, რომ მოპასუხე ცდილობდა რა, შეეკეთებინა მის მიერ დამზადებული 20 ლიტრიანი ბოცის გასაბერი დანადგარი (დაზგა), 10 დღის განმავლობაში ცხოვრობდა მოსარჩელესთან, თუმცა, უშედეგოდ. ამდენად სარჩელი სსკ-ის 655-ე მუხლის მიზნებისათვის ხანდაზმული არ იყო.

133. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვარგის სამართლებრივ საფუძვლესაა მოკლებული მეორე კასატორის მოთხოვნა შესრულებული სამუშაოს ღირებულების სრულად ანაზღაურების შესახებ, გამომდინარე იქიდან, რომ ვინაიდან თავდაპირველი სარჩელი ნაკლიანი შესრულების გამო, ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ დაკმაყოფილებულია, რაც მენარდეს აღარ წარმოუშობს შეთანხმებული ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.

134. რაც შეეხება მეორე კასატორის პრეტენზიას, რომლითაც იგი მოითხოვს საოქმო განჩინების გაუქმებას, რომლითაც მისი შუამდგომლობა გაყალბებული საპროცესო დოკუმენტაციისა და მისი სიყალბის დამადასტურებელი მტკიცებულებების საგამოძიებო ორგანოებისათვის გადაცემასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა (იხ., საკასაციო საჩივრის მოთხოვნა ტ.3. ს.ფ. 305; დაზუსტებული საკასაციო საჩივრის მოთხოვნა ტ.3.), საკასაციო პალატა დაუსაბუთებლობის გამო ვერ გაიზიარებს მას და აღნიშნავს, რომ საოქმო განჩინებების გაუქმების მოთხოვნა იმგვარად, რომ მხარე არ მიუთითებს კონკრეტულ განჩინებაზე, სასამართლოს არ აძლევს უფლებას, საკუთარი შეხედულებით გადაწყვიტოს მათი უსწორობის საკითხი, ამგვარი მიდგომა არ გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიზნებიდან, რაც ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია (შდრ: სუსგ №ას-586-557-2013, 20 თებერვალი, 2015 წელი).

135. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრების დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

136. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, რადგან ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს ნაკლიანი შესრულების საფუძვლით ხელშეკრულებიდან გასვლის საკითხები განმარტებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებში, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

137. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარები, რის გამოც, საკასაციო საჩივრებს უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე.

138. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ- ვ--ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს მ-- ვ--ეს უკან დაუბრუნდეს რ- ვ--ის მიერ 2018 წლის 18 მაისს საგადახდო დავალება N16704137 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (667 ლარი) 466.90 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. ინდ. მეწარმე რ-რ--ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

4. კასატორს ინდ. მეწარმე რ-- რ--ეს უკან დაუბრუნდეს რ- რ--ის (პ/ნ: ..) მიერ 2018 წლის 22 მაისს საგადასახადო დავალება N1 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (1285 ლარი) 899.50 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე