¹ 3გ-ად-88-კს-02 7 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე,
გ. ქაჯაია
სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად განიხილა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს კერძო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 5 ნოემბრისა და ამავე სასამართლოს 2002წ. 28 ნოემბრის განჩინებაზე, რომლითაც კერძო საჩივრის ავტორს უარი ეთქვა საქმეში მე-3 პირად სს «ქ.-ის" აქციონერთა ჩაბმაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
სს «ქ.-ის" დირექტორმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საოლქო სასამართლოს და განცხადების საფუძველზე მოითხოვა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იმერეთის სააღსრულებო ბიუროს სააქციო საზოგადოების სასარგებლოდ სოლიდარულად დაკისრებოდა მორალური ზიანის ანაზღაურება 621250 ლარის ოდენობით.
მოსარჩელე თავის მოთხოვნას აფუძნებდა იმ გარემოებებს, რომ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველომ 2001წ. 22 იანვარს სასამართლოში აღძრა უსაფუძვლო სარჩელი, რის შემდეგაც სს «ქ.-ის" აქციონერებმა განცხადებით მიმართეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, საქმეში ჩაბმულ იქნენ მე-3 პირებად და მათი «მოთხოვნის საფუძველზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 13 თებერვლის განჩინებით, ყადაღა დაედო საზოგადოების ქონებას, ფასიან ქაღალდებსა და ბანკის ანაგარიშებს, შესაბამისად, იმერეთის სააღსრულებო ბიურომ 2001წ. 13 თებერვალს მოახდინა ყადაღის თაობაზე განჩინების აღსრულება და საზოგადოების დალუქვა.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მითითებული ქმედებების შედეგად საზოგადოებამ დაკარგა იმიჯი, შეელახა საქმიანი რეპუტაცია, საზოგადოებასთან შეწყდა ყველანაირი საბაზრო კავშირურთიერთობა, რაც, თავის მხრივ, წარმოადგენს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 11 ივნისის განჩინებით სს «ქ.-ის" დირექტორის სარჩელი მოპასუხეების: სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოსა და იმერეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ მორალური ზიანის _ 621250 ლარის _ დაკისრების თაობაზე წარმოებაში იქნა მიღებული.
საქმის სასამართლოს მთავარ სხდომაზე განხილვისას მოპასუხე ქუთაისის ქონების მართვის სამმართველოს წარმომადგენელმა სასამართლო კოლეგიის წინაშე აღძრა შუამდგომლობა სს «ქ.-ის" აქციონერების საქმეში მე-3 პირებად ჩაბმის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ სააქციო საზოგადოების დაყადაღება მოხდა ამ უკანასკნელთა მოთხოვნის შედეგად და პროცესში ისინი წარმოადგენენ მოპასუხე მხარეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 5 ნოემბრის განჩინებით იმ მოტივით, რომ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება გავლენას ვერ მოახდენდა მე-3 პირების ინტერესებზე, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს წარმომადგენლის შუამდგომლობას მე-3 პირებად სს «ქ.-ის" აქიონერთა ჩაბმის თაობაზე, ეთქვა უარი.
არ დაეთანხმა რა მითითებულ განჩინებას, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველომ კერძო საჩივრით მიმართა ქუთაისის საოლქო სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 5 ნოემბრის განჩინების გაუქმება. კერძო საჩივრის ავტორი განჩინების გაუქმების საფუძვლად მიუთითებდა იმ გარემოებას, რომ სს «ქ.-ის" დირექტორის სასარჩელო განცხადებას საფუძვლად უდევს საწარმოს დაყადაღების ფაქტი, რომელიც განხორციელდა სს «ქ.-ის" აქციონერთა მოთხოვნით. გამომდინარე იქიდან, რომ აქციონერები წარმოადგენენ იმ სამართალურთიერთობის მონაწილეებს, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტლების გამოტანაა შესაძლებელი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საქმეში მე-3 პირებად აქციონერების ჩაბმა უნდა მოხდარიყო სავალდებულო წესით, რაც, კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, წარმოადგენს ქუთაისის საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს.
ქუთაისის საოლქო სასამართლომ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს კერძო საჩივარი მიიჩნია უსაფუძვლოდ და 2002წ. 28 ნოემბრის განჩინებით, სსკ-ს 417-ე მუხლის შესაბამისად, საქმე გადააგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა კერძო საჩივრის საფუძვლებს და გააანალიზა საქმეში წარმოუდგენელი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული შემდეგ მოსაზრებათა გამო:
როგორც საქმის მასალებიდან დასტურდება, სარჩელი აღძრულია სს «ქ.-ის" დირექტორის მიერ, რომელშიც მოპასუხეებად დასახელებული არიან საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველო და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იმერეთის სააღსრულებო ბიურო.
მოსარჩელე სასამართლოში წარდგენილ სარჩელს საფუძვლად უდებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხეთა უკანონო ქმედების შედეგად საწარმოს მიადგა მორალური ზარალი, რომლის ანაზღაურების ვალდებულებაც ეკისრებათ ამ უკანასკნელთ.
კერძო საჩივრის შინაარსიდან გამომდინრე, კერძო საჩივრის ავტორი მე-3 პირთა საქმეში ჩაბმას ითხოვს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად იმ საფუძვლით, რომ საზოგადოების დაყადაღება მოხდა მე-3 პირთა (აქციონერთა) მოთხოვნით და შესაბამისად, ეს უკანასკნელნი განსახილველ დავაში წარმოადგენენ ამ სამართლებრივი ურთიერთობის უშუალო მონაწილეებს.
მართალია, საკასაციო სასამართლო ეთანხმება კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას და მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი აწესრიგებს შემთხვევას, როცა მე-3 პირის საქმეში ჩაბმა წარმოადგენს სასამართლოს მოვალეობას და არა _ მის უფლებას, მაგრამ აქვე განმარტავს, რომ კანონი ამ სტატუსით სუბიექტის მე-3 პირად საქმეში სავალდებულო ჩაბმას უკავშირებს რიგი წინაპირობების არსებობას. კერძოდ, იგი უნდა იყოს იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზეც მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი, აღნიშნული კი გულისხმობს გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც უშუალოდ ეხება პირის კონკრეტულ უფლებებსა და მოვალეობებს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილ შემთხვევაში სახეზე არ არის ის სამართლებრივი წანამძღვრები, რომლებიც გამოიწვევდა აქციონერთა მე-3 პირად საქმეში ჩაბმის სავალდებულობას. კერძოდ, აქციონერები მოცემულ შემთხვევაში არ არიან განსახილველი სამართალურთიერთობის მონაწილეები. შესაბამისად, რა სახის გადაწყვეტილებაც არ უნდა იქნეს მიღებული, აღნიშნული ვერ მოახდენს უშუალო გავლენას მე-3 პირად დასახელებულ სუბიექტთა უფლებებსა და მოვალეობებზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს წარმომადგენლის შუამდგომლობა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის დებულებებიდან და შესაბამისად, არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
აქვე საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს შუამდგომლობის შინაარსს, რომელშიც შუამდგომლობის ავტორი მიიჩნევს რა, რომ ის მოცემულ საქმეზე წარმოადგენს არასათანადო მოპასუხეს, ითხოვს, შეცვლილ იქნეს სათანადო მოპასუხით _ სს «ქ.-ის" აქციონერებით და ეს უკანასკნელნი საქმეში ჩაბმულ იქნენ მე-3 პირებად.
მიუხედავად შუამდგომლობის წინააღმდეგობრივი შინაარსისა (შუამდგომლობის დაზუსტება არ მომხდარა არც სასამართლო კოლეგიის მიერ), კერძოდ, როგორც აღვნიშნეთ, ოქმში საუბარია არასათანადო მოპასუხეობაზე, რომლის პროცესუალური რეგულირების საფუძვლებიც პრინციპულად განსხვავდება მე-3 პირად ჩაბმის ინსტიტუტისაგან, საკასაციო სასამართლომ, გასაჩივრებული განჩინების შინაარსიდან და კერძო საჩივრის ფარგლებიდან გამომდინარე, შესაძლებლად მიიჩნია, შეემოწმებინა მხოლოდ ის პროცესუალური საფუძვლები, რომლითაც სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს უარი ეთქვა საქმეში აქციონერთა მე-3 პირებად ჩაბმაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე და 420 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად იქნეს დატოვებული ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 5 ნოემბრისა და ამავე სასამართლოს 2002წ. 28 ნოემბრის განჩინებები;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.