საქმე №ას-660-660-2018 20 ივლისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ლ- ს-ა (მოსარჩელე, პირველი აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,ყ- -ი“ (პირველი მოპასუხე, მეორე აპელანტი)
თავდაპირველი მოპასუხე - შპს ,,--ი“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება, სარჩოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ლ-- ს--ამ (შემდეგში: მოსარჩელე ან კასატორი) სარჩელი აღძრა მოპასუხეების: შპს ,,ყ- -ისა“ (შემდეგში: პირველი მოპასუხე ან მეორე აპელანტი ან მოწინააღმდეგე მხარე) და შპს ,,- --ის“ (შემდეგში მეორე მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა:
2. უძრავი ქონებისთვის მიყენებული ზიანის - 5026 ლარის ანაზღაურების სოლიდარულად დაკისრება;
3. ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის - 2000 ლარის სოლიდარულად დაკისრება;
4. შრომისუუნარობით გამოწვეული ზიანის - 500 ლარის ანაზღაურება ყოველთვიური სარჩოს დაწესებით.
5. მორალური ზიანის - 100000 ლარის სოლიდარულად დაკისრება;
6. ყურის აპარატის შეძენისთვის გაღებული ხარჯის - 500 ლარის სოლიდარულად დაკისრება.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 09.02.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: პირველ მოპასუხეს გადასახდელად დაეკისრა 5026 ლარი მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით, 4000 ლარი მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით. მოთხოვნის დანარჩენ ნაწილში, სარჩელი უარყოფილი იქნა.
8. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით ორივე მხარემ წარადგინა სააპელაციო საჩივრები. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო პირველმა მოპასუხემ - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით მეორე აპელანტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო პირველი აპელანტის აპელანტის სააპელაციო დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 09.02.2017წ. გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით სარჩოს დაკისრების და ყურსასმენი აპარატის შეძენისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურებაზე უარის ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. პირველ მოპასუხეს (მეორე აპელანტი) ყოველთვიური სარჩოს სახით გადასახდელად დაეკისრა 250 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ. მასვე დაეკისრა ყურსასმენი აპარატის შეძენისათვის გაწეული ხარჯი - 500 ლარი.
10. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისში, ნ----–---–ის ქ. 54-ში მოპასუხეები ახორციელებდნენ გაზის მრიცხველების გარეთ გატანის სამუშაოებს. 2014 წლის 6 მაისს აღნიშნული სამუშაოები ხორციელდებოდა მოსარჩელის ბინაში, რა დროსაც, მოხდა გამოჟონილი და დაგროვებული ბუნებრივი აირის აფეთქება. ბუნებრივი აირის შედეგად დაზიანდა მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი, ხოლო ზიანის ღირებულებამ შეადგინა 5026 ლარი. მოსარჩელე არის პიანისტი. იგი მუშაობს ხელოვნების სკოლაში, არის პედაგოგი. აგრეთვე, ამზადებდა კერძო მოსწავლეებს. აფეთქების შედეგად მოსარჩელემ მიიღო დამწვრობა. მას დაუქვეითდა სმენა, რის გამოც, იგი იყენებს სმენის აპარატს.
11. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანში ბრალეულ პირად მიიჩნია პირველი მოპასუხე. თუმცა, საკმარისი მტკიცებულების არარსებობის გამო, არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ სმენის დაქვეითების გამო იგი ვეღარ ახერხებს დაკვრას და მოსწავლეების მომზადებას, დაკარგა პროფესია და შრომისუნარიანობა. უარყოფილი იქნა მოსარჩელის პოზიცია იმასთან დაკავშირებითაც, რომ დამწვრობის შედეგად მისი ჯანმრთელობისთვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 2000 ლარი, ხოლო ყურის სპეციალური სასმენი აპარატის შეძენისთვის გაღებულ იქნა ხარჯი 500 ლარის ოდენობით.
12. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ამ განჩინების პ- 10-ში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მეორე აპელანტის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით მიუთითა შემდეგი:
13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ი) 316-ე და 317-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილე, რომელიც არღვევს ვალდებულებას პასუხს აგებს დაზარალებული პირის წინაშე. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევისათვის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობებს შორის უმნიშვნელოვანესია ერთ-ერთი მხარის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა ხელშეკრულების დებულების დარღვევის გზით. ამასთან, სახეზე უნდა იყოს ფაქტობრივად დამდგარი ზიანი, მიზეზობრივი კავშირი დამდგარ ზიანსა და დამრღვევის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის. როგორც წესი, ვალდებულების დარღვევა უნდა იყოს ბრალეული. აღნიშნული წინაპირობების არსებობა განაპირობებს დამრღვევი მხარის მიმართ პირველადი და მეორადი მოთხოვნების წარმოშობას, კერძოდ, ვალდებულების შესრულების, როგორც პირველადი მოთხოვნის, ასევე იმ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, რაც წარმოიშვა დამრღვევი მხარის ქმედების შედეგად (მეორადი მოთხოვნა).
14. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ზიანის ანაზღაურება ყოველთვის გულისხმობს სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის ერთი მონაწილის პასუხისმგებლობას მეორე მონაწილის წინაშე. ზიანის ანაზღაურებაში განმსაზღვრელია აღიარებული პრინციპი, რომლის შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნა (ზიანის ანაზღაურება) (ზოგიერთი გამონაკლისის გარდა) შეიძლება გამოყენებულ იქნეს ვალდებულების დარღვევის ყველა შემთხვევისათვის (სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის საერთო ფორმა).
15. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო სამართალში იურიდიული თანასწორობის აღიარების მიუხედავად მეწარმეთა სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებობა სამოქალაქო ბრუნვის სხვა მონაწილეთა პასუხისმგებლობასთან შედარებით უფრო აღმატებულია. აღნიშნული განსაკუთრებით შეეხება მომხმარებელთან დადებულ სტანდარტული დებულებების შემცველ ხელშეკრულებებს.
16. სამოქალაქო კოდექსი მხარეებისაგან მოითხოვს ურთიერთპატივისცემასა და გულისხმიერებას კონტრაჰენტთან მიმართებით. ამ თვალსაზრისით, ორივე მხარეს შეთანხმებულზე მეტ ვალდებულებას აკისრებს (316-ე მუხლის მე-2 ნაწ.) (იხ. საქმე ას-992-1245-05. 2006 წლის 14 თებერვალი).
17. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეები იმყოფებიან ვალდებულებით სამართლებრივ ურთიერთობაში, კერძოდ, მოსარჩელე წარმოადგენს პირველი მოპასუხის აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდებისა და შესაბამისი საფასურის გადახდის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე.
18. დადგენილია, რომ მეორე მოპასუხე ახორციელებდა მრიცხველების გარეთ გატანის სამუშაოებს პირველი მოპასუხის დავალებისა და მასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
19. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მრიცხველების გარეთ გატანის სამუშაოების სათანადოდ, უსაფრთხოდ შესრულების უზრუნველყოფის ვალდებულება (რაც ასევე გულისხმობს ტექნიკური სამუშაოების უშუალო შემსრულებლის სათანადოდ შერჩევას) აბონენტის, მოსარჩელის წინაშე ეკისრებოდა სწორედ, პირველ მოპასუხეს, როგორც აბონენტთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფ მეწარმე სუბიექტს.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატამ არ გაიზიარა პირველი მოპასუხის პოზიცია ქვეკონტრაქტორთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში მესამე პირების მიმართ მათი ქონების დაზიანების შემთხვევაში ქვეკონტრაქტორის პასუხისმგებლობის თაობაზე და მიიჩნია, რომ აბონენტის (კონტრაჰენტის) მიმართ გულისხმიერების ვალდებულება, რაც შეთანხმებულზე მეტ ვალდებულებებს აკისრებს მხარეს, არ შეიძლება გამოირიცხოს, ამ შემთხვევაში, ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის გადაკისრებაზე შეთანხმებით.
21. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი მოპასუხის პოზიცია არც შერეული ბრალის არსებობასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ საქმის მასალებით მოსარჩელის ბრალეულობა ზიანის დადგომაში არ იყო დადგენილი.
22. მოსარჩელის “დაჟინებული თხოვნა“ არასამუშაო საათებში სამუშაოების ჩატარების თაობაზე, ასეთის დადგენის შემთხვევაშიც, ზიანის წარმოშობაში მოსარჩელის ბრალეულ ქმედებად ვერ შეფასდება.
23. მოსარჩელის/პირველი აპელანტის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით პალატამ მიიჩნია, რომ სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
24. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი იქნა ის გარემოება, რომ აფეთქების შედეგად დაზიანდა მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი და თავად მოსარჩელემაც მიიღო ფიზიკური დაზიანება - მიიღო დამწვრობა და დაკარგა სმენა. შესაბამისად, ზიანი, რომელიც დასტურდებოდა საქმის მასალებით უნდა დაკისრებოდა პირველ მოპასუხეს.
25. სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ყურის სპეციალური სასმენი აპარატის შეძენისთვის გაღებულ იქნა ხარჯი 500 ლარის ოდენობით. აღნიშნულის საპირისპირო მტკიცებულება საქმის მასალებში წარმოდგენილი არ იყო [საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ის) მე-4 და 102-ე მუხლები]. ამასთან, ყურსასმენი აპარატის გამოყენების აუცილებლობა საქმის მასალებით დადგენილი იყო. შესაბამისად, ყურსასმენი აპარატის შეძენის ხარჯის 500 ლარის ნაწილში, სარჩელის დასაბუთებულად იქნა მიჩნეული.
26. რაც შეეხება ყოველთვიური სარჩოს დაკისრებას 500 ლარის ოდენობით, პალატამ მიუთითა შემდეგზე:
27. მოწმეთა ჩვენებებით დასტურდებოდა, რომ მოსარჩელე მოცემული მდგომარეობით კვლავ მოღვაწეობდა ხელოვნების სკოლაში, ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას, ღონისძიებებისათვის ამზადებდა მოსწავლეებს, თუმცა, აღნიშნულ საქმიანობას იგი ახორციელებდა სმენის სპეციალური აპარატის მეშვეობით.
28. სსკ-ის 408-ე მუხლის მეორე და მეოთხე ნაწილების თანახმად თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით. სარჩოს ნაცვლად დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს კომპენსაციის მიღება, თუ არსებობს საამისო მნიშვნელოვანი საფუძველი. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ზიანის ანაზღაურების არსი სწორედ დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის კომპენსირებაში მდგომარეობს, რისთვისაც მხედვე ლობაშია მისაღები ის შემოსავალი, რომელიც დაზარალებულს გააჩნდა ზიანის დადგომამდე მუშაობისას და ზიანის დადგომის შემდგომი პერიოდი, როდესაც შრომის უნარის შეზღუდვის გამო დაზარალებული ვეღარ ახერხებს მუშაობას, რის გამოც, მას არ აქვს უნარი, მიიღოს შემოსავალი ხელფასის სახით, რომელსაც იგი მიიღებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ყოველთვიური სარჩოს სახით ზიანის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმს სწორედ ხელფასის ის ოდენობა წარმოადგენდა, რასაც დაზარალებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების გამო ჯანმრთელობის დაზიანებამდე იღებდა და რასაც იგი მიიღებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება (სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლი).
30. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია იმის თაობაზე, რომ აფეთქების შედეგად მას ისე დაუზიანდა სმენადობა, რომ ვეღარ ახორციელებს პროფესიულ საქმიანობას.
31. სააპელაციო პალატამ მიუთითა მოწმეთა ჩვენებებით დადასტურებულ ფაქტზე, რომ მოსარჩელე მოცემული მდგომარეობით კვლავ მოღვაწეობდა ხელოვნების სკოლაში, ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას, ღონისძიებებზე გაჰყავდა მოსწავლეები, თუმცა აღნიშნულ საქმიანობას იგი ახორციელებდა სმენის სპეციალური აპარატის მეშვეობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ დადგენილად მიიჩნია მოსარჩელის შრომის უნარის შემცირების გარემოებები, რაც საფუძველს წარმოადგენდა ყოველთვიური სარჩოს თაობაზე მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისათვის. კერძოდ, პალატამ მიიჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე სარჩოს ოდენობად უნდა განისაზღვრულიყო ყოველთვიურად 250 ლარი, რაც შეადგენს მოსარჩელის მიერ მითითებულ ყოველთვიური შემოსავლის 500 ლარის 50%-ს.
32. რაც შეეხება მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობას, ამ ნაწილში, სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას [სსკ-ის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილი] და მორალური ზიანის სახით 4000 ლარის განსაზღვრა გონივრულ და სამართლიან ოდენობად მიიჩნია.
33. მოთხოვნა მოპასუხე მხარის მიერ ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად 2000 ლარის ანაზღაურების თაობაზე, უარყოფილი იქნა დაუსაბუთებლობის გამო [სსსკ-ის 102-ე მუხლი]. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი არ იყო მტკიცებულება
34. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება, თავისთავად გამორიცხავდა მოპასუხის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას.
35. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ. კასატორის (მოსარჩელის) მოთხოვნას წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
36. პირველი საკასაციო პრეტენზია შეეხება მოპასუხეებისათვის პასუხისმგებლობის სოლიდარულად დაკისრებას და ამ ნაწილში, კასატორი მიიჩნევს, რომ მოპასუხეებს ზიანი სოლიდარულად უნდა აენაზღაურებინათ სსკ-ის 464-ე, 992-ე და 998-ე მუხლების შესაბამისად. ამ თვალსაზრისით, კასატორი აღნიშნავს, რომ პირველი მოპასუხის თანამშრომლებს ეკისრებოდათ ვალდებულება გაეტარებინათ ტექნიკური სამუშაოები ბუნებრივი აირის მრიცხველის გარეთ გატანასთან დაკავშირებით, თუმცა, მათ მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად, გაჟონა ბუნებრივმა აირმა, დაგროვდა და გამოიწვია აფეთქება, აქედან გამომდინარე ჩანს, რომ მათ არ დაიცვეს უსაფრთხოების ნორმები, რასაც მოჰყვა აფეთქება. მოცემულ შემთხვევაში, პირველი მოპასუხე იყო უშუალო სუბიექტი, რომელსაც ევალებოდა მილების ტექნიკური გამართულობა და ვის დაიქირავებდა იგი თავისი მოვალეობების შესასრულებლად, ეს მისი გადასაწყვეტი იყო და ამის გამო იგი არანაირად არ თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან. შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ორივე მოპასუხის მიმართ უნდა დამდგარიყო.
37. კასატორის მეორე პრეტენზია შეეხება მორალური ზიანის ოდენობის არაგონივრულ განსაზღვრას. ამ ნაწილში, საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ მოწმეთა ჩვენებებით მართალია დადასტურებულ იქნა ის ფაქტი, რომ მოსარჩელე მოცემული მდგომარეობით კვლავ მოღვაწეობს ხელოვნების სკოლაში, ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას, ღონისძიებებზე გაყავს მოსწავლეები, თუმცა, სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ იგი ამას აკეთებს სმენის სპეციალური ხელსაწყოთი. შესაბამისად, უდავოა, რომ მოსარჩელე პროფესიულ საქმიანობას სმენის აპარატის გარეშე ვერ ახორციელებს და უდავოა, რომ ამგვარ ვითარებაში, იგი განიცდის სულიერ ტანჯვას. მოსარჩელე ხანშიშესული ქალბატონია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საჭიროებს სისტემატიურ კონტროლს და შემთხვევის შედეგად მიღებული დამატებითი დაზიანებები მის მდგომარეობას აუარესებს. მეორე კასატორი აღნიშნავს, რომ მუსიკალური პროფესიის დაუფლება არის ერთ-ერთი ყველაზე რთული საქმიანობა, რასაც ჭირდება საშუალოდ დღეში 10-11 საათის ვარჯიში და როდესაც დაუდევარი ქმედებით სმენას გიქვეითებენ და შემდგომში, სასამართლოში განხილვის ეტაპზე გპასუხობენ, რომ პროფესიულ საქმიანობას მაინც ახორციელებ სმენის აპარატით, ეს არის უაღრესად ცინიკური და არაადამიანური მიდგომა. მოსარჩელისათვის სმენის დაქვეითება მისი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე უაღრესად დიდი ტკივილის შემცველია, რაც მისთვის დაკავშირებულია მუდმივ დეპრესიასთან.
სამოტივაციო ნაწილი:
38. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 მაისის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
39. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მოპასუხეებისათვის სოლიდარული პასუხისმგებლობის დაკისრების ნაწილში, დაუშვებლად იქნა ცნობილი, ხოლო საკასაციო საჩივარი მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში, მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად. შესაბამისად, საკასაციო პალატა იმსჯელებს კასატორის მხოლოდ იმ პრეტენზიაზე, რომელიც სააპელაციო სასამართლოს მიერ მორალური ზიანის ოდენობის არაგონივრულ განსაზღვრას შეეხება.
40. მორალური ზიანის ანაზრაურების დაკისრების ნაწილში, კასატორის მოთხოვნა იმ მოსაზრებას ემყარება, რომ 2014 წლის 6 მაისს მის ბინაში მოპასუხეები ახორციელებდნენ გაზის მრიცხველების გარეთ გატანის სამუშაოებს, რა დროსაც, მოხდა გამოჟონილი და დაგროვებული ბუნებრივი აირის აფეთქება. ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დაზიანდა მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი, თავად მოსარჩელემ კი მიიღო სხეულის დამწვრობა. აფეთქების შედეგად მას ასევე დაუქვეითდა სმენა, რის გამოც, მუდმივად იყენებს სმენის აპარატს. მით უფრო, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოსარჩელე არის პიანისტი, მუშაობს ხელოვნების სკოლაში. მართალია იგი კვლავ განაგრძობს მოსწავლეებთან მუშაობას, თუმცა, ამას ახერხებს მხოლოდ სმენის აპარატის დახმარებით. ეს ყოველივე, მორალური ზიანის განსაზღვრის თვალსაზრისით ყურადსაღები გარემოებები იყო, თუმცა, საქმის განმხილველმა სასამართლომ მხედეველობაში მხოლოდ ის გარემოება მიიღო, რომ მოსარჩელე კვლავ ახერხებდა თავისი პროფესიით საქმიანობას და ამდენად მიიჩნია რომ, მორალური ზიანის სახით პირველი მოპასუხისათვის 4000 ლარის დაკისრება გონივრულ შესაბამისობაში იყო მოსაჩელის მუდმივ სულიერ და ფიზიკურ ტანჯვასთან, რისი ატანაც მას მთელი სიცოცხლე მოუწევდა.
41. საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებებს, რომელთა მიმართ კასატორს შედავება არ წარმოუდგენია და მაშასადამე, მათ საკასაციო პალატისათვის სავალდებულო ძალა გააჩნიათ [სსსკ-ის 407-ე მუხლი], კერძოდ:
42. ქალაქ თბილისში, ნ–ის ქ.54-ში მოპასუხეები ახორციელებდნენ გაზის მრიცხველების გარეთ გატანის სამუშაოებს.
43. 2014 წლის 6 მაისს აღნიშნული სამუშაოები ხორციელდებოდა მოსარჩელის ბინაში, რა დროსაც, მოხდა გამოჟონილი და დაგროვებული ბუნებრივი აირის აფეთქება.
44. ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დაზიანდა მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი, ხოლო თავად მოსარჩელემ მიიღო სხეულის დამწვრობა.
45. აფეთქების შედეგად მოსარჩელეს ასევე დაუქვეითდა სმენა, რის გამოც, იგი მუდმივად იყენებს სმენის აპარატს.
46. მოსარჩელე არის პროფესიით პიანისტი.
47. მოსარჩელე მოცემული მდგომარეობით კვლავ მოღვაწეობს ხელოვნების სკოლაში, ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას, ღონისძიებებზე გაყავს მოსწავლეები, თუმცა, იგი ამას აკეთებს სმენის სპეციალური ხელსაწყოს დახმარებით.
48. უდავოა, რომ მოსარჩელე პროფესიულ საქმიანობას სმენის აპარატის გარეშე ვერ ახორციელებს და ამგვარ ვითარებაში, იგი განიცდის სულიერ ტანჯვას.
49. მოსარჩელე ხანშიშესული ქალბატონია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საჭიროებს სისტემატიურ კონტროლს და შემთხვევის შედეგად მიღებული დამატებითი დაზიანებები მის მდგომარეობას აუარესებს.
50. სააპელაციო პალატამ ზემოთდადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად მიიჩნია, რომ მორალური ზიანის სახით 4000 ლარის განსაზღვრა გონივრულ და სამართლიან ოდენობას წარმოადგენდა [სსკ-ის 413-ე მუხლი].
51. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში, კასატორმა წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება). შესაბამისად, იურიდიულად ნაწილობრივ დაუსაბუთებელია გასაჩივრებული გადაწყვეტილება (სსკ-ის 393-ე მუხლი). აღნიშნული გარემოება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად კი, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
52. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
53. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.
54. დავის სამართლებრივი მოწესრიგების თვალსაზრისით, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს, მორალური ზიანის ანაზღაურების კანონმდებლობით განსაზღვრულ ნორმატიულ აღწერილობაზე, კერძოდ, სსკ-ის 413-ე მუხლის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.
55. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 413-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელ ყველა სამართლებრივ წანამძღვართან შემოწმების მიზნით, რომ სსკ-ის მიხედვით მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილება, როდესაც ზიანი სამართლებრივად მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევია.
56. ადამიანის ჯანმრთელობა წარმოადგენს სამართლის მიერ დაცულ ერთ-ერთ იმ სიკეთეს, რომლის ხელყოფის შედეგად დაზარალებულმა შეიძლება მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანისათვის ანაზღაურება. სხეულის და/ან ჯანმრთელობის ხელყოფით გამოწვეული მორალური ზიანი უშუალოდ სამართალდარღვევიდან შეიძლება არც გამომდინარეობდეს, არამედ, მისი თანმდევი შედეგი იყოს (როგორიცაა უშედეგო მკურნალობა, ხანგრძლივი უმწეო მდგომარეობა, აქტიური ცხოვრების შეუძლებლობა, ცხოვრების წესისა და რითმის შეცვლა, მკურნალობის უშედეგობის გამო ცხოვრების ხალისის დაქვეითება, ნერვული დაძაბულობა, რაც პირს არასრულფასოვნების კომპლექსსა თუ სხვა ნეგატიურ განცდებს უყალიბებს), თუმცა, ასეთ დროს, სავალდებულოა, დასტურდებოდეს, რომ დაზარალებულის მორალური განცდები და სულიერი ტანჯვა სხეულისა თუ ჯანმრთელობის ხელყოფის შედეგია (იხ., სუსგ №ას-979-940-2014, 10 სექტემბერი, 2015 წელი).
57. შესაბამისად, მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, როგორც ჯანმრთელობის ხელყოფის შედეგად არსებული სამართლებრივი დაცვის მექანიზმი, გამოიყენება როდესაც დადასტურებულია ჯანმრთელობის დაზიანების ანდა მისთვის ვნების მიყენების ფაქტობრივი გარემოება. ამ თვალსაზრისით, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის წარმომშობი ფაქტობრივი გარემოებები წარმოადგენს.
58. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი ზიანისათვის დადგება ზიანის, მართლწინააღმდეგობის, მიზეზობრივი კავშირისა და როგორწ წესი, ზიანის მიმყენებლის ბრალის ერთდროულად არსებობის შემთხვევაში (სსკ-ის 394-ე და 992-ე მუხლები აღნიშნული წინაპირობების მომცველია).
59. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დელიქტურ სამართალში გამოიყენება ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის პრეზუმფციის პრინციპი, რომლის თანახმად, ზიანის მიმყენებელი მიიჩნევა ბრალეულად, თუ ის თავისი ბრალეულობის არარსებობას ვერ დაამტკიცებს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცების ტვირთმა მოიცვა მხოლოდ ზიანის არსებობის ფაქტის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებისა და მათ შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობის დასაბუთება.
60. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მტკიცების ტვირთის საპროცესო ვალდებულება შესრულებულად მიიჩნევა მისი მხრიდან მოპასუხის ბრალეულობის დასაბუთების გარეშე. ეს კი ნიშნავს სწორედ იმას, რომ დაზარალებული, რომელიც მიმართავს სასამართლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, ვალდებულია, დაამტკიცოს მისთვის ზიანის არსებობის ფაქტი, ასევე მიზეზობრივი კავშირის ა ზიანის მიმყენებლის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. ზიანის მიმყენებელმა, თავის მხრივ, უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში ბრალის არარსებობა, რადგან ზიანის განმაპირობებელი ქმედება გამომდინარეობს ზიანის მიმყენებლის კონტროლისა და განკარგულების სფეროდან. ამ შემთხვევაში დამდგარი ზიანი მისი რისკის სფეროში მოიაზრება. პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლებისათვის რისკის საკითხი უნდა გადაწყდეს იმის მიხედვით, ჰქონდა თუ არა სუბიექტს იმ გარემოების კონტროლის უნარი, რამაც ზიანის მიყენება განაპირობა. ზიანის მიყენების შემთხვევაში პირის პასუხისმგებლობის მასშტაბი განისაზღვრება იმდენად არა მისი ქცევით, არამედ იმ სფეროთი, სადაც ხორციელდება დამაბრკოლებელი ზემოქმედება.
61. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის დადგომაში თავისი ბრალის არარსებობის თვალსაზრისით იმ გარემოებაზე მითითებით შემოიფარგლა, რომ იგი არ წარმოადგენს მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირს და მისთვის გაუგებარია, რატომ არ დადგინდა მოცემულ საქმეზე მეორე მოპასუხის სოლიდარული ვალდებულების არსებობა (იხ., პირველი მოპასუხის საკასაციო საჩივარი ტ.4. ს.ფ. 197). მოწინააღმდეგე მხარის აღნიშნული მოსაზრება, როგორც ზიანის დადგომაში მისი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველი, უარყოფილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივლისის განჩინებით, რომლითაც პირველი მოპასუხის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი (იხ., სუსგ №ას-660-660-2018, 11.07.2018, პ - 46). შესაბამისად, პირველი მოპასუხის ( მოწინააღმდეგე მხარე) მითითებული მოსაზრება მოსარჩელისათვის მიყენებული პრეზუმირებული ზიანის გამომრიცხავ გარემოებად ვერ იქნება მიჩნეული.
62. ამდენად, საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის სმენის დაქვეითება განაპირობა მის საცხოვრებელ სახლში სამუშაოების განხორციელებისას ბუნებრივი აირის აფეთქებამ. მართალია ამ გარემოებას არ ეთანხმება პირველი მოპასუხე და აღნიშნავს, რომ მოსარჩელე ვერ ადასტურებს, რომ სწორედ აფეთქების შედეგად დაუქვეითდა სმენა, თუმცა, მოპასუხის შედავებას ამ შემთხვევაში, არ გააჩნია ვარგისი საფუძველი, რამდენადაც როგორც საქმეში არსებული მტკიცებულებებითაა დადგენილი, მოსარჩელე მის სახლში მომხდარი ბუნებრივი აირის აფეთქების შემდეგ მხოლოდ სპეციალური სასმენი აპარატის დახმარებით ახორციელებს პროფესიულ საქმიანობას. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოთხოვნის საფუძველს ამ შემთხვევაში, სსკ-ის 413-ე მუხლთან ერთად სსკ-ის 992-ე მუხლი [დელიქტით მიყენებული ზიანი] წარმოადგენს.
63. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ფიზიკური და ზნეობრივი ტანჯვის ხასიათი უნდა შეფასდეს ზიანის მიყენების ფაქტობრივი გარემოებების, ასევე დაზარალებულის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით (მაგ. ასაკი, ფიზიკური მდგომარეობა, პროფესია), აგრეთვე სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, რომლებიც ადასტურებს, თუ რა სიმძიმის ტანჯვა განიცადა დაზარალებულმა.
64. სსკ-ის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული მორალური ზიანის მახასიათებელი თვისება არის ადამიანის ფსიქიკური და სულიერი ბუნების სფეროში ნეგატიური ზემოქმედების მოხდენა, რაც გამოიხატება ფიზიკურ და ზნეობრივ ტანჯვაში. შესაბამისად, მორალური ზიანი სახეზეა, როდესაც სახეზეა ადამიანის ფსიქიკის სფეროში ნეგატიური ცვლილების არსებობა, რაც გამოიხატება ფიზიკურ და ზნეობრივ ტანჯვაში. ზიანის ანაზღაურებისას გადამწყვეტ როლს ასრულებს ზიანის სიმძიმე. მსუბუქი სულიერი განცდები, მსგავსად მსუბუქი ფიზიკური ტკივილისა, მხედველობაში არ მიიღება, ხოლო როდესაც ადგილი აქვს ისეთ ზიანს, რომლის დროსაც, როგორც წესი, მოსალოდნელია მძიმე ფსიქიკური განცდები, სულიერი ტანჯვა, და ა. შ. მოქმედებს ე.წ. მორალური ზიანის პრეზუმფცია და ზიანის მიმყენებლის მიერ საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ დაზარალებულმა პირმა მძიმე სულიერი ტკივილი განიცადა.
65. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: პირველი – დააკმაყოფილოს დაზარალებული; მეორე – ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე; მესამე – თავიდან აიცილოს პიროვნული უფლებების ხელყოფა სხვა პირების მიერ. არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება მიზნად არ ისახავს მიყენებული ზიანის სრულ რესტიტუციას, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ექვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრული კომპენსაცია. მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობა უნდა იყოს გონივრული და სამართლიანი.
66. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მორალური ზიანისათვის ფულადი კომპენსაციის ოდენობა არ უნდა იყოს უზომოდ გაზრდილი და არ უნდა მოწყდეს რეალობას, მისი მიზანი არ უნდა იყოს მოპასუხის დასჯა. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ხელყოფის ხასიათი, მისი გავლენა პირის არამატერიალურ სიკეთეზე. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს პირის დარღვეული უფლებების ხასიათს, ამ დარღვევის ნეგატიურ როლს პიროვნებაზე, ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხზე და ა.შ. იმ ვითარებაში, როდესაც მოსარჩელეს, მისი ასაკის გათვალისწინებით, მუდმივად მოუწევს სმენადობის აპარატის დახმარებით ცხოვრება და მოღვაწეობა, საკასაციო სასამართლოს შეასაძლებლობას აძლევს დაუშვას პრეზუმფცია, რომ მოსარჩელის ჯანმრთელობას მიადგა გამოუსწორებელი, მუდმივად ასატანი ზიანი, რასაც შედეგად მისი ბუნებრივად მოსალოდნელი სულიერი ტანჯვა და ძლიერი ემოციური სტრესი მოჰყვა.
67. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ მოპასუხეს პრეზუმირებული ზიანის ფაქტი, არ გაუქარწყლებია (შდრ: სუსგ №ას-979-940-2014, 10 სექტემბერი, 2015 წელი). ამ ნაწილში, პირველი მოპასუხის შედავება მხოლოდ იმით შემოიფარგლა, რომ მოსარჩელე კვლავ ახორციელებს პროფესიულ საქმიანობას, რაც საკასაციო პალატის მოსაზრებით, მორალური ზიანის სახით ადეკვატული ფულადი თანხის დაკისრების გამომრიცხველი გარემოება ვერ იქნება, რადგან, როგორც აღინიშნა, მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების შემდგომი მდგომარეობა არის გამოუსწორებელი მისი ასკის მხედევლობაში მიღებით, ანუ კასატორის სმენის დაქვეითების პრობლემა ვეღარ გამოსწორდება გონიერი მოსალოდნელობის (სპეციალური ოპერაციული ჩარევვა თუ სხვ) გამოყენების საშუალებებითაც. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, იმ გარემოებას, რომ მისი პროფესიისათვის განმსაზღვრელი არის სწორედ სმენადობა, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს კასატორის სულიერი ტანჯვის ხარისხს, იგი მოღვაწეობს სახელოვნებო სკოლაში, შესაბამისად, კოლეგებთან და მოსწავლეეთან ურთიერთობაში მას მუდმივად გააჩნია მომხდარით გამოწვეული ნეგატიული შეგრძნება.
68. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზიანის ანაზღაურების ზოგადი წინაპირობების შემოწმებასთან ერთად, მორალური ზიანის ანაზღაურებისას გასათვალისწინებელია გარკვეული თავისებურებები, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია განხორციელდეს მისი სრული კომპენსაცია. შესაბამისად, არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება მიზნად არ ისახავს მიყენებული ზიანის სრულ რესტიტუციას. მორალური ზიანის ანაზღაურებისას შეუძლებელია იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც ზიანის წარმომშობი გარემოების (შედეგის) დარღვევამდე არსებულ პირობებში ჩააყენებდა პირს. ამ ტიპის ზიანის ანაზღაურება მხოლოდ დაზარალებულის სულიერი ტანჯვის შემსუბუქების და ემოციური ბალანსის აღდგენის მიზანს ემსახურება.
69. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ მორალური ზიანის სრულფასოვანი ანაზღაურებისთვის შესაფერისი კომპენსაცია არ არსებობს. ფულადი ანაზღაურება მხოლოდ სუროგატია და არა პირდაპირი სარეპარაციო საშუალება. უკეთესი სანქციის უქონლობის გამო, სამართალი ფულადი თანხის გადახდევინებით იცავს იმ უფლებებს, რომელთა შელახვასაც მოსდევს მორალური ზიანი. ამდენად, მორალურ ზიანის ანაზღაურებას არ აქვს ტრადიციული საკომპენსაციო ხასიათი, პასუხისმგებლობის ზომა ამ შემთხვევაში ვერ იქნება ზიანის პროპორციული.
70. აღსანიშნავია ისიც, რომ ზიანის ოდენობაზე პრეზუმფცია არ ვრცელდება. შესაბამისად, ზიანის ოდენობა და ასევე ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირის ქონებრივი მდგომარეობა დაზარალებულის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა. სსკ-ის 413-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, რომ მორალური ზიანი ანაზღაურდება სამართლიანი და გონივრული ანაზღაურების სახით, თუმცა კონკრეტულად არ არის განსაზღვრული ის კრიტერიუმები, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას.
71. მორალური ზიანის ოდენობა დამოკიდებულია პირის ფსიქიკურ სფეროში ნეგატიური შედეგების ხარისხსა და ხასიათზე, რასაც თავისმხრივ კონკრეტული პირის სუბიექტური თავისებურებები განაპირობებს. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მღებული ისეთი გარემოებები, როგორიცაა: დამდგარი ზიანის სიმძიმე, დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება მორალური ზიანის მიმართ, განცდების ინტენსივობა, შელახული უფლების მნიშვნელობა, მოპასუხის მიერ მატერიალური ზიანის ანაზღაურება, ბრალის ხარისხი, დაზარალებულის ცხოვრებისეული პირობები (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.), ქონებრივი მდგომარეობა, მკურნალობის ხანგრძლივობა, შრომის უნარის დაკარგვა და სხვა. მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ შეადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია. არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ სულიერ მდგომარეობას, მისი მიზანია არამატერიალური სიკეთის ხელყოფით გამოწვეული ფიზიკური და მორალური ტანჯვის შემსუბუქება, ნეგატიური განცდების სიმძიმისა და ინტენსივობის შემცირება. მორალური ზიანის ანაზღაურება სასამართლოს მიერ ფულადი ფორმით განისაზღვრება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად. უფრო მეტიც, მორალური ზიანის ანაზღაურება შესაძლოა მოხდეს ზიანის მიყენებლის ბრალის მიუხედავად, როგორიცაა მომეტებული საფრთხის წყაროს მიერ ზიანის მიყენებისას.
72. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკმაოდ დიდი მნიშვნელობა გააჩნია სსკ-ის 413-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნის სწორად დადგენას. კერძოსამართლებრივ ურთიერთობებს ჩვეულებრივ, შესაძლოა, თან ახლდეს მორალური, სულიერი განცდები, მაგრამ სამოქალაქო პასუხისმგებლობა დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ე.ი კანონი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეუძლია დაზარალებულს, მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის. განსახილველი ნორმის მიზანია, შეამციროს, შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება, რათა უზრუნველყოფილი იქნეს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და წესრიგი. სამართლის მიერ დაცულ ერთ-ერთ სიკეთეს, რომლის ხელყოფის შედეგად დაზარალებულმა შეიძლება მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანისათვის ანაზღაურება, წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობა. სხეულის დაზიანება ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენება ადამიანის სიცოცხლის იმგვარი ხელყოფაა, რომელიც დაზარალებულს არასრულფასოვნად და ზოგ შემთხვევაში, არაშრომისუნარიანად აქცევს, სხეულის და/ან ჯანმრთელობის ხელყოფით გამოწვეული მორალური ზიანი უშუალოდ სამართალდარღვევიდან შეიძლება არც გამომდინარეობდეს, არამედ მისი თანმდევი შედეგი იყოს (როგორიცაა უშედეგო მკურნალობა, ხანგრძლივი უმწეო მდგომარეობა, აქტიური ცხოვრების შეუძლებლობა, ცხოვრების წესისა და რითმის შეცვლა, მკურნალობის უშედეგობის გამო ცხოვრების ხალისის დაქვეითება, ნერვული დაძაბულობა, რაც პირს არასრულფასოვნების კომპლექსსა თუ სხვა ნეგატიურ განცდებს უყალიბებს), თუმცა, ასეთ დროს, სავალდებულოა, დასტურდებოდეს, რომ დაზარალებულის მორალური განცდები და სულიერი ტანჯვა სხეულისა თუ ჯანმრთელობის ხელყოფის შედეგია.
73. საკასაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში, უდავოდაა დადგენილი მოწინააღმდეგე მხარის (მის მიერ საკუთარი ვალდებულების შესასრულებლად გამოყენებული პირის სსკ-ის 396-ე, 326-ე, 992-ე მუხლები) მიერ მოსარჩელისათვის არაქონებრივი ზიანის მიყენების ფაქტი.
74. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით კასატორის მიერ მითითებულ გარემოებაზე, რომ იგი ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას სმენის მხოლოდ სპეციალური ხელსაწყოთი. უდავოა, რომ ამგვარ ვითარებაში, მოსარჩელე პროფესიულ საქმიანობას (არის პიანისტი) სმენის აპარატის გარეშე ვერ ახორციელებს და ამით იგი განიცდის სულიერ ტანჯვას, ამასთან ერთად მოსარჩელე ხანშიშესული ქალბატონია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საჭიროებს სისტემატიურ კონტროლს, ხოლო ბუნებრივი აირის აფეთქების შემთხვევის შედეგად მიღებული დამატებითი დაზიანებები, მის ჯანმრთელობის მდგომარეობას აუარესებს. შესაბამისად, საკასაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ დაზიანებულ სიკეთის (სმენა) მიმართ კასატორს მისი პროფესიიდან გამომდინარე, განსაკუთრებული ინტერესი გააჩნდა.
75. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სსკ-ის 413-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა სამართლებრივი წანამძღვარის არსებობის საფუძველზე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზრაურების დაკისრების ნაწილში, ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველ მოპასუხეს ( მოწინააღმდეგე მხარე) კასატორის (მოსარჩელე) სასარგებლოდ გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით უნდა დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება 15000 ლარის ოდენობით.
76. სსსკ-ის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. შესაბამისად, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 550 ლარის გადახდა საკასაციო სასამართლოში სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის 3-ე ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ლ-ს--ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 09 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის ნაწილობრივი შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს ,,ყ -ს“ დაეკისროს ლ-- ს---ას სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით 15 000 ლარის ანაზღაურება;
4. დანარჩენ ნაწილში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;
5. შპს ,,ყ- --ს“ დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 550 ლარი (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150);
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ბ. ალავიძე