Facebook Twitter

საქმე №ას-660-660-2018 10 ივლისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ლ. ს.-ა (მოსარჩელე, პირველი აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,ყ.- ი“ (პირველი მოპასუხე, მეორე აპელანტი)

თავდაპირველი მოპასუხე - შპს ,,ბ-ი“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება, სარჩოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ლ.ა ს.-ამ (შემდეგში: მოსარჩელე ან კასატორი) სარჩელი აღძრა მოპასუხეების: შპს ,,ყ.- სა“ (შემდეგში: პირველი მოპასუხე ან მეორე აპელანტი ან კასატორი) და შპს ბ-ის“ (შემდეგში მეორე მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა:

2. უძრავი ქონებისთვის მიყენებული ზიანის - 5026 ლარის ანაზღაურების სოლიდარულად დაკისრება;

3. ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის - 2000 ლარის სოლიდარულად დაკისრება;

4. შრომისუუნარობით გამოწვეული ზიანის - 500 ლარის ანაზღაურება ყოველთვიური სარჩოს დაწესებით.

5. მორალური ზიანის - 100000 ლარის სოლიდარულად დაკისრება;

6. ყურის აპარატის შეძენისთვის გაღებული ხარჯის - 500 ლარის სოლიდარულად დაკისრება.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 09.02.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: პირველ მოპასუხეს გადასახდელად დაეკისრა 5026 ლარი მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით, 4000 ლარი მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით. მოთხოვნის დანარჩენ ნაწილში, სარჩელი უარყოფილი იქნა.

8. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით ორივე მხარემ წარადგინა სააპელაციო საჩივრები. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო პირველმა მოპასუხემ - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით მეორე აპელანტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო პირველი აპელანტის აპელანტის სააპელაციო დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 09.02.2017წ. გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით სარჩოს დაკისრების და ყურსასმენი აპარატის შეძენისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურებაზე უარის ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. პირველ მოპასუხეს (მეორე აპელანტი) ყოველთვიური სარჩოს სახით გადასახდელად დაეკისრა 250 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ. მასვე დაეკისრა ყურსასმენი აპარატის შეძენისათვის გაწეული ხარჯი - 500 ლარი.

10. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისში, ნ-ის ქ. 54-ში მოპასუხეები ახორციელებდნენ გაზის მრიცხველების გარეთ გატანის სამუშაოებს. 2014 წლის 6 მაისს აღნიშნული სამუშაოები ხორციელდებოდა მოსარჩელის ბინაში, რა დროსაც, მოხდა გამოჟონილი და დაგროვებული ბუნებრივი აირის აფეთქება. ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დაზიანდა მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი, ხოლო ზიანის ღირებულებამ შეადგინა 5026 ლარი. მოსარჩელე არის პიანისტი. იგი მუშაობს ხელოვნების სკოლაში, არის პედაგოგი. აგრეთვე, ამზადებდა კერძო მოსწავლეებს. აფეთქების შედეგად მოსარჩელემ მიიღო დამწვრობა. მას დაუქვეითდა სმენა, რის გამოც, იგი იყენებს სმენის აპარატს.

11. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანში ბრალეულ პირად მიიჩნია პირველი მოპასუხე. თუმცა, საკმარისი მტკიცებულების არარსებობის გამო, არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ სმენის დაქვეითების გამო იგი ვეღარ ახერხებს დაკვრას და მოსწავლეების მომზადებას, დაკარგა პროფესია და შრომისუნარიანობა. უარყოფილი იქნა მოსარჩელის პოზიცია იმასთან დაკავშირებითაც, რომ დამწვრობის შედეგად მისი ჯანმრთელობისთვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 2000 ლარი, ხოლო ყურის სპეციალური სასმენი აპარატის შეძენისთვის გაღებულ იქნა ხარჯი 500 ლარის ოდენობით.

12. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ამ განჩინების პ- 10-ში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მეორე აპელანტის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით მიუთითა შემდეგი:

13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ი) 316-ე და 317-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილე, რომელიც არღვევს ვალდებულებას პასუხს აგებს დაზარალებული პირის წინაშე. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევისათვის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობებს შორის უმნიშვნელოვანესია ერთ-ერთი მხარის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა ხელშეკრულების დებულების დარღვევის გზით. ამასთან, სახეზე უნდა იყოს ფაქტობრივად დამდგარი ზიანი, მიზეზობრივი კავშირი დამდგარ ზიანსა და დამრღვევის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის. როგორც წესი, ვალდებულების დარღვევა უნდა იყოს ბრალეული. აღნიშნული წინაპირობების არსებობა განაპირობებს დამრღვევი მხარის მიმართ პირველადი და მეორადი მოთხოვნების წარმოშობას, კერძოდ, ვალდებულების შესრულების, როგორც პირველადი მოთხოვნის, ასევე იმ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, რაც წარმოიშვა დამრღვევი მხარის ქმედების შედეგად (მეორადი მოთხოვნა).

14. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ზიანის ანაზღაურება ყოველთვის გულისხმობს სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის ერთი მონაწილის პასუხისმგებლობას მეორე მონაწილის წინაშე. ზიანის ანაზღაურებაში განმსაზღვრელია აღიარებული პრინციპი, რომლის შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნა (ზიანის ანაზღაურება) (ზოგიერთი გამონაკლისის გარდა) შეიძლება გამოყენებულ იქნეს ვალდებულების დარღვევის ყველა შემთხვევისათვის (სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის საერთო ფორმა).

15. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო სამართალში იურიდიული თანასწორობის აღიარების მიუხედავად მეწარმეთა სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებობა სამოქალაქო ბრუნვის სხვა მონაწილეთა პასუხისმგებლობასთან შედარებით უფრო აღმატებულია. აღნიშნული განსაკუთრებით შეეხება მომხმარებელთან დადებულ სტანდარტული დებულებების შემცველ ხელშეკრულებებს.

16. სამოქალაქო კოდექსი მხარეებისაგან მოითხოვს ურთიერთპატივისცემასა და გულისხმიერებას კონტრაჰენტთან მიმართებით. ამ თვალსაზრისით, ორივე მხარეს შეთანხმებულზე მეტ ვალდებულებას აკისრებს (316-ე მუხლის მე-2 ნაწ.) (იხ. საქმე ას-992-1245-05. 2006 წლის 14 თებერვალი).

17. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეები იმყოფებიან ვალდებულებით სამართლებრივ ურთიერთობაში, კერძოდ, მოსარჩელე წარმოადგენს პირველი მოპასუხის აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდებისა და შესაბამისი საფასურის გადახდის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე.

18. დადგენილია, რომ მეორე მოპასუხე ახორციელებდა მრიცხველების გარეთ გატანის სამუშაოებს პირველი მოპასუხის დავალებისა და მასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

19. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მრიცხველების გარეთ გატანის სამუშაოების სათანადოდ, უსაფრთხოდ შესრულების უზრუნველყოფის ვალდებულება (რაც ასევე გულისხმობს ტექნიკური სამუშაოების უშუალო შემსრულებლის სათანადოდ შერჩევას) აბონენტის - მოსარჩელის წინაშე ეკისრებოდა სწორედ პირველ მოპასუხეს, როგორც აბონენტთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფ მეწარმე სუბიექტს.

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატამ არ გაიზიარა პირველი მოპასუხის პოზიცია ქვეკონტრაქტორთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში მესამე პირების მიმართ მათი ქონების დაზიანების შემთხვევაში ქვეკონტრაქტორის პასუხისმგებლობის თაობაზე და მიიჩნია, რომ აბონენტის (კონტრაჰენტის) მიმართ გულისხმიერების ვალდებულება, რაც შეთანხმებულზე მეტ ვალდებულებებს აკისრებს მხარეს, არ შეიძლება გამოირიცხოს, ამ შემთხვევაში, ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის გადაკისრებაზე შეთანხმებით.

21. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი მოპასუხის პოზიცია არც შერეული ბრალის არსებობასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ საქმის მასალებით მოსარჩელის ბრალეულობა ზიანის დადგომაში არ იყო დადგენილი.

22. მოსარჩელის “დაჟინებული თხოვნა“ არასამუშაო საათებში სამუშაოების ჩატარების თაობაზე, ასეთის დადგენის შემთხვევაშიც, ზიანის წარმოშობაში მოსარჩელის ბრალეულ ქმედებად ვერ შეფასდება.

23. მოსარჩელის/პირველი აპელანტის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით პალატამ მიიჩნია, რომ სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

24. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი იქნა ის გარემოება, რომ აფეთქების შედეგად დაზიანდა მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი და თავად მოსარჩელემაც მიიღო ფიზიკური დაზიანება - მიიღო დამწვრობა და დაკარგა სმენა. შესაბამისად, ზიანი, რომელიც დასტურდებოდა საქმის მასალებით უნდა დაკისრებოდა პირველ მოპასუხეს.

25. სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ყურის სპეციალური სასმენი აპარატის შეძენისთვის გაღებულ იქნა ხარჯი 500 ლარის ოდენობით. აღნიშნულის საპირისპირო მტკიცებულება საქმის მასალებში წარმოდგენილი არ იყო [საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ის) მე-4 და 102-ე მუხლები]. ამასთან, ყურსასმენი აპარატის გამოყენების აუცილებლობა საქმის მასალებით დადგენილი იყო. შესაბამისად, ყურსასმენი აპარატის შეძენის ხარჯის 500 ლარის ნაწილში, სარჩელის დასაბუთებულად იქნა მიჩნეული.

26. რაც შეეხება ყოველთვიური სარჩოს დაკისრებას 500 ლარის ოდენობით, პალატამ მიუთითა შემდეგზე:

27. მოწმეთა ჩვენებებით დასტურდებოდა, რომ მოსარჩელე მოცემული მდგომარეობით კვლავ მოღვაწეობდა ხელოვნების სკოლაში, ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას, ღონისძიებებისათვის ამზადებდა მოსწავლეებს, თუმცა, აღნიშნულ საქმიანობას იგი ახორციელებდა სმენის სპეციალური აპარატის მეშვეობით.

28. სსკ-ის 408-ე მუხლის მეორე და მეოთხე ნაწილების თანახმად თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით. სარჩოს ნაცვლად დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს კომპენსაციის მიღება, თუ არსებობს საამისო მნიშვნელოვანი საფუძველი. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ზიანის ანაზღაურების არსი სწორედ დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის კომპენსირებაში მდგომარეობს, რისთვისაც მხედვე ლობაშია მისაღები ის შემოსავალი, რომელიც დაზარალებულს გააჩნდა ზიანის დადგომამდე მუშაობისას და ზიანის დადგომის შემდგომი პერიოდი, როდესაც შრომის უნარის შეზღუდვის გამო დაზარალებული ვეღარ ახერხებს მუშაობას, რის გამოც, მას არ აქვს უნარი, მიიღოს შემოსავალი ხელფასის სახით, რომელსაც იგი მიიღებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ყოველთვიური სარჩოს სახით ზიანის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმს სწორედ ხელფასის ის ოდენობა წარმოადგენდა, რასაც დაზარალებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების გამო ჯანმრთელობის დაზიანებამდე იღებდა და რასაც იგი მიიღებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება (სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლი).

30. პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია იმის თაობაზე, რომ აფეთქების შედეგად მას ისე დაუზიანდა სმენადობა, რომ ვეღარ ახორციელებს პროფესიულ საქმიანობას. ამ თვალსაზრისით, პალატამ მიუთითა მოწმეთა ჩვენებებით დადასტურებულ ფაქტზე, რომ მოსარჩელე მოცემული მდგომარეობით კვლავ მოღვაწეობდა ხელოვნების სკოლაში, ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას, ღონისძიებებზე გაჰყავდა მოსწავლეები, თუმცა აღნიშნულ საქმიანობას იგი ახორციელებდა სმენის სპეციალური აპარატის მეშვეობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ დადგენილად მიიჩნია მოსარჩელის შრომის უნარის შემცირების გარემოებები, რაც საფუძველს წარმოადგენდა ყოველთვიური სარჩოს თაობაზე მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისათვის. კერძოდ, პალატამ მიიჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე სარჩოს ოდენობად უნდა განისაზღვრულიყო ყოველთვიურად 250 ლარი, რაც შეადგენს მოსარჩელის მიერ მითითებულ ყოველთვიური შემოსავლის 500 ლარის 50%-ს.

31. რაც შეეხება მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობას, ამ ნაწილში, საპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას [სსკ-ის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილი] და მორალური ზიანის სახით 4000 ლარის განსაზღვრა გონივრულ და სამართლიანოდენობად მიიჩნია.

32. მოთხოვნა მოპასუხე მხარის მიერ ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად 2000 ლარის ანაზღაურების თაობაზე, უარყოფილი იქნა დაუსაბუთებლობის გამო [სსსკ-ის 102-ე მუხლი]. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი არ იყო მტკიცებულება

33. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება, თავისთავად გამორიცხავდა მოპასუხის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას.

34. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ. მოსარჩელის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

35. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ საფუძვლებს:

36. კასატორის პრეტენზია ორი მიმართულებით ყალიბდება. პირველი პრეტენზია შეეხება პასუხისმგებლობის სოლიდარულად დაკისრებას და ამ ნაწილში, მეორე კასატორი მიიჩნევს, რომ მოპასუხეებს ზიანი სოლიდარულად უნდა აენაზღაურებინათ სსკ-ის 464-ე, 992-ე და 998-ე მუხლების თანახმად. ამ თვალსაზრისით, კასატორი აღნიშნავს, რომ პირველი მოპასუხის თანამშრომლებს ეკისრებოდათ ვალდებულება გაეტარებინათ ტექნიკური სამუშაოები ბუნებრივი აირის მრიცხველის გარეთ გატანასთან დაკავშირებით, თუმცა, მათ მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად, გაჟონა ბუნებრივმა აირმა, დაგროვდა და გამოიწვია აფეთქება, აქედან გამომდინარე ჩანს, რომ მათ არ დაიცვეს უსაფრთხოების ნორმები, რასაც მოჰყვა აფეთქება. მოცემულ შემთხვევაში, პირველი მოპასუხე თბილისში იყო უშუალო სუბიექტი, რომელსაც ევალებოდა მილების ტექნიკური გამართულობა და ვის დაიქირავებდა იგი თავისი მოვალეობების შესასრულებლად. ეს მისი გადასაწყვეტი იყო და არანაირად არ თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან. შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ორივე მოპასუხის მიმართ უნდა დამდგარიყო.

37. კასატორის მეორე პრეტენზია შეეხება მორიალური ზიანის არაგონივრულ განსაზღვრას. ამ ნაწილში, საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ მოწმეთა ჩვენებებით მართალია დადასტურებულ იქნა ის ფაქტი, რომ მოსარჩელე მოცემული მდგომარეობით კვლავ მოღვაწეობს ხელოვნების სკოლაში, ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას, ღონისძიებებზე გაყავს მოსწავლეები, თუმცა, სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ იგი ამას აკეთებს სმენის სპეციალური ხელსაწყოთი. შესაბამისად, უდავოა, რომ მოსარჩელე პროფესიულ საქმიანობას სმენის აპარატის გარეშე ვერ ახორციელებს და უდავოა, რომ ამგვარ ვითარებაში, იგი განიცდის სულიერ ტანჯვას. მოსარჩელე ხანშიშესული ქალბატონია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საჭიროებს სისტემატიურ კონტროლს და შემთხვევის შედეგად მიღებული დამატებითი დაზიანებები მის მდგომარეობას აუარესებს. კასატორი აღნიშნავს, რომ მუსიკალური პროფესიის დაუფლება არის ერთ-ერთი ყველაზე რთული საქმიანობა, რასაც ჭირდება საშუალოდ დღეში 10-11 საათის ვარჯიში და როდესაც დაუდევარი ქმედებით სმენას გიქვეითებენ და შემდგომში, სასამართლოში განხილვის ეტაპზე გპასუხობენ, რომ პროფესიულ საქმიანობას მაინც ახორციელებ სმენის აპარატით, არის უაღრესად ცინიკური და არაადამიანური მიდგომა. მოსარჩელისათვის სმენის დაქვეითება მისი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე უაღრესად დიდი ტკივილის შემცველია, რაც მისთვის დაკავშირებულია მუდმივ დეპრესიასთან.

სამოტივაციო ნაწილი:

38. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

39. კასატორის პრეტენზია ორი მიმართულებით ყალიბდება. პირველი პრეტენზია შეეხება პასუხისმგებლობის სოლიდარულად დაკისრებას, ხოლო მეორე - მორიალური ზიანის არაგონივრულ განსაზღვრას.

40. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი პირველი საკასაციო პრეტენზიის (მოპასუხეთათვის პასუხისმგებლობის სოლიდარულად დაკისრებაზე უარისთქმა) ნაწილში, არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი ამ ნაწილში, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

41. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხეთათვის პასუხისმგებლობის სოლიდარულად დაკისრებაზე უარისთქმის ნაწილში, კასატორის მოსაზრება იმ გარემოებას ემყარება, რომ მოპასუხეებს ზიანი სოლიდარულად უნდა აენაზღაურებინათ სსკ-ის 464-ე, 992-ე და 998-ე მუხლების თანახმად, რადგან მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი ერთდროულად უნდა ყოფილიყო სამუშაოების უშუალო შემსრულებელიც და დამკვეთიც.

42. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის სოლიდარულად დაკისრების ნაწილში და განმარტავს, რომ 998-ე მუხლი ეხება ზიანის დადგომაში მონაწილე პირთა სოლიდარულ პასუხისმგებლობას. ნორმის თანახმად, პასუხისმგებლობის წინაპირობას წარმოადგენს ზიანის დადგომაში მონაწილე პირთა ქმედებებს შორის არსებული მიზეზშედეგობრივი კავშირი. ერთობლივად მიყენებულ ზიანად ითვლება ისეთი ზიანი, რომელიც მიზეზშდეგობრივ კავშირშია ერთობლივად მოქმედ ზიანის მიმყენებელ მართლსაწინაარმდეგო ქმედებებთან. მიზეზშედეგობრივი კავშირის გარდა, ზიანის მიმყენებელი პირები უნდა მოქმედებდნენ ურთიერთშეთანხმებით ანუ, სახეზე უნდა იყოს ზიანის დადგომაში განზრახ თანამონაწილეობა (იხ., სამოქალაქო კოდექსის 998-ე მუხლის კომენტარი ელ.რესურსი http://www.gccc.ge).

43. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქალაქ თბილისში, ნ-ის ქ. 54-ში მოპასუხეები ახორციელებდნენ გაზის მრიცხველების გარეთ გატანის სამუშაოებს. 2014 წლის 6 მაისს აღნიშნული სამუშაოები ხორციელდებოდა მოსარჩელის ბინაში, რა დროსაც, მოხდა გამოჟონილი და დაგროვებული ბუნებრივი აირის აფეთქება. ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დაზიანდა მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი, ხოლო ზიანის ღირებულებამ შეადგინა 5026 ლარი. მოსარჩელე არის პიანისტი. იგი მუშაობს ხელოვნების სკოლაში, არის პედაგოგი. აგრეთვე, ამზადებდა კერძო მოსწავლეებს. აფეთქების შედეგად მოსარჩელემ მიიღო დამწვრობა. მას დაუქვეითდა სმენა, რის გამოც, იგი იყენებს სმენის აპარატს.

44. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანში ბრალეულ პირად მიიჩნია მხოლოდ პირველი მოპასუხე. კასატორის პოზიცია ზიანის ორივე მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში, იმ გარემოებას ეფუძნება, რომ ზიანის დადგომა განაპირობა მის მისამართზე სამუშაოს უშუალოდ შემსრულებელი კომპანიის თანამშრომლებმა.

45. კასატორის პოზიციას არ გააჩნია ვარგისი სამართლებრივი საფუძველი, გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელე ვალდებულებით სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა სწორედ პირველი მოპასუხესთან, წარმოადგენდა რა მის აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდების სფეროში და მასვე უხდიდა მოხმარებული ბ/აირის საფასურს.

46. მოსარჩელის მოსამართზე სამუშაოებს ახორციელებდა მეორე მოპასუხე მხოლოდ პირველ მოპასუხესთან არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში. შესაბამისად, პირველ და მეორე მოპასუხეს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა, მოიცავდა მრიცხველების გარეთ გატანის სამუშაოების შესრულებას. ამდენად, მეორე მოპასუხე, რომელიც პირველი მოპასუსეთან არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე ასრულებდა განსაზღვრულ სამუშაოებს, არ იყო ანგარიშვალდებული მოსარჩელის წინაშე. მისი ვალდებულება შემოიფარგლებოდა მხოლოდ პირველი მოპასუხის მიმართ. მართალია, მრიცხველების გარეთ გატანის სამუშაოების სათანადოდ, უსაფრთხოდ შესრულების უზრუნველყოფის ვალდებულება მეორე მოპასუხესაც, როგორც სამუშაოს უშუალო შემსრულებელსაც ეკისრებოდა (რაც ასევე გულისხმობს ტექნიკური სამუშაოების უშუალო შემსრულებლის სათანადოდ შერჩევას), თუმცა, პირველი მოპასუხის აბონენტის, მოსარჩელის წინაშე ზიანის ანაზღაურების ვალდებულებაზე პასუხისმგებლობის სუბიექტად სწორედ პირველი მოპასუხე, როგორც აბონენტთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფ მეწარმე სუბიექტი მიიჩნეოდა.

47. სსკ-ის 326-ე მუხლი, რომელიც მითითებითი სახის ნორმაა ადგენს სახელშეკრულებო ვალდებულების მარეგულირებელი წესების გამოყენების შესაძლებლობას სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. სსკ-ის 396-ე მუხლის მიხედვით კი, მოვალემ თავისი კანონიერი წარმომადგენლის და იმ პირთა მოქმედებისათვის, რომელთაც იგი იყენებს საკუთარ ვალდებულებათა შესასრულებლად, ისეთივე მოცულობით უნდა აგოს პასუხი, როგორც საკუთარი ბრალეული მოქმედების დროს. 992-ე მუხლით კი დადგენილია დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი [დისპოზიცია: პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი].

48. დადგენილია ის გარემოებაც, რომ აფეთქების შედეგად დაზიანდა მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი და თავად მოსარჩელემაც მიიღო ფიზიკური დაზიანება - მიიღო დამწვრობა და დაკარგა სმენა. შესაბამისად, ზიანი, რომელიც მიადგა აბონენტს (კონტრაჰენტს) მართებულად დაეკისრა მხოლოდ პირველ მოპასუხეს სსკ-ის 992-ე მუხლით (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი) გათვალისწინებული (დელიქტური პასუხისმგებლობა) დანაწესიდან და სწორად იქნა უარყოფილი ზიანის მეორე მოპასუხისათვის დაკისრება, რამდენადაც მოპასუხეთა სოლიდარული ვალდებულების დაკისრების საფუძველი, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობდა.

49. ამასთან, ვინაიდან კასატორი სარჩელის სრულად დაკმაყოფილების ითხოვს, მას პრეტენზია სავარაუდოდ გააჩნია სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით სარჩოს მოპასუხისათვის დაკისრებაზეც, თუმცა, საგულისხმოა, რომ ამ ნაწილში, კასატორს არათუ დასაბუთებული, არამედ შედავება არ წარმოუდგენია. შესაბამისად, ყოველთვიური სარჩოს სახით გადასახდელი ზიანის ოდენობაზე, საკასაციო პალატა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ვერ იმსჯელებს.

50. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზიანის სოლიდარულად დაკისრების ნაწილში, კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები საკასაციო პრეტენზია. შესაბამისად, ამ ნაწილში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

51. ამასთან, ზიანის სოლიდარულად დაკისრების ნაწილში საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. ზიანის დადგომაში სოლიდარული პასუხისმგებლობის საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი ამ ნაწილში.

52. ხოლო საკასაციო საჩივარი პრეტენზიის იმ ნაწილში, რომელიც მორალური ზიანის არაგონივრული ოდენობით დაკისრებაში მდგომარეობს, ცნობილ უნდა იქნეს დასაშვებად, შემდეგ გარემოებათა გამო:

53. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია თუ საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე საკასაციო საჩივარი მორალური ზიანის დაკისრების ნაწილში, დასაშვებია სწორედ ზემოაღნიშნული საფუძვლით.

54. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს.

55. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი, მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში, განხილულ უნდა იქნეს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. ს-ას საკასაციო საჩივარი, ვალდებულების სოლიდარულად დაკისრების ნაწილში, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ლ. ს-ას საკასაციო საჩივარი, მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში, ცნობილ იქნას დასაშვებად და ამ ნაწილში, განხილვა ჩატარდეს ზეპირი მოსმენის გარეშე, რის შესახებაც ეცნობოთ მხარეებს.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ბ. ალავიძე