Facebook Twitter

საქმე №ას-733-733-2018 11 ივლისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ნ--- გ–ვილი

მოწინააღმდეგე მხარე – ა-– გ--ილი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 7 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სასამართლო ხარჯების თაობაზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით ნ--- გ-–ვილის (შემდეგში: მოსარჩელე ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ა-- გ--ილს (შემდეგში: მოპასუხე) - მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა თანასაკუთრების განკარგვით მიღებული სარგებლის სახით 44751 აშშ დოლარის 2/3 ნაწილის ანაზღაურება, რაც შეადგენს 29 834 აშშ დოლარს; მოპასუხეს დაეკისრა არასრულწლოვანი ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 180 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრიდან - 13.05.2015 წლიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე; მოპასუხეს დაეკისრა არასრულწლოვანი ბავშვის სასარგებლოდ დამატებით ხარჯებში მონაწილეობის მიღება (რაც უკავშირდება ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მკურნალობისთვის აუცილებელ ხარჯებს) ყოველთვიურად 60 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრიდან - 13.05.2015 წლიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე; მოსარჩელის დანარჩენი მოთხოვნები უარყოფილი იქნა.

2. გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 06 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარები უარყოფილი იქნა.

3. 2018 წლის 4 მაისს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოსარჩელილს წარმომადგენელმა, რომელმაც მიუთითა, რომ გადაწყვეტილებაში არ იყო ნამსჯელი მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2000 ლარის დაბრუნება-არდაბრუნების თაობაზე და მოითხოვა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 7 მაისის განჩინებით მოსარჩელის წარმომადგენლის განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დარჩა განუხილველად.

5. სააპელაციო სასამართლოს მოტივაცია დაეფუძნა მსჯელობას, რომლის მიხედვითაც მოცემულ საქმეზე განჩინების გამოცხადებიდან გასული იყო 7 დღის ვადა და ამ ვადის გაგრძელება სსსკ-ის 261-ე მუხლის მიხედვით არ დაიშვებოდა.

6. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს სოციალურად დაუცველის სტატუსის საფუძველზე სარეიტინგო ქულა - 54320 მიენიჭა 2017 წლის 15 დეკემბერს, ხოლო სააპელაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული 2017 წლის 1 დეკემბერს, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპზე მოსარჩელის (აპელანტი) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 2000 ლარის დაბრუნების საფუძველი სსსკ-ის 46-ე მუხლის „ვ“ პუნქტის დანაწესზე დაყრდნობით არ არსებობდა.

7. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარმოადგინა მოსარჩელის წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და აღნიშნა, რომ ვადის გაშვების საფუძვლით უსაფუძვლოდ იქნა განუხილველად დატოვებული მისი განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე, რადგან სააპელაციო სასამართლომ 7 დღიანი ვადა აითვალა განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან და მისთვის შეუძლებელი იყო ამ საკითხზე დასაბუთებული განჩინების გაცნობის გარეშე მსჯელობა (იხ., კერძო საჩივარი).

8. კერძო საჩივრის ავტორი არც სააპელაციო სასამართლოს იმ მოსაზრებას ეთანხმება, რომლის მიხედვით აპელანტს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის უკან დაბრუნების საფუძველს არ წარმოუშობს სსსკ-ის 46-ე მუხლის „ვ“ პუნქტი.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივნისის განჩინებით კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

10. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

11. სსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

12. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.

13. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით ნ- გ--–-–ვილის (შემდეგში: მოსარჩელე ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ა-- გ--ილს (შემდეგში: მოპასუხე) - მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა თანასაკუთრების განკარგვით მიღებული სარგებლის სახით 44751 აშშ დოლარის 2/3 ნაწილის ანაზღაურება, რაც შეადგენს 29 834 აშშ დოლარს; მოპასუხეს დაეკისრა არასრულწლოვანი ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 180 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრიდან - 13.05.2015 წლიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე; მოპასუხეს დაეკისრა არასრულწლოვანი ბავშვის სასარგებლოდ დამატებით ხარჯებში მონაწილეობის მიღება (რაც უკავშირდება ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მკურნალობისთვის აუცილებელ ხარჯებს) ყოველთვიურად 60 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრიდან - 13.05.2015 წლიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე; მოსარჩელის დანარჩენი მოთხოვნები უარყოფილი იქნა.

14. გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 06 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარები უარყოფილი იქნა.

15. 2018 წლის 4 მაისს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოსარჩელილს წარმომადგენელმა, რომელმაც მიუთითა, რომ გადაწყვეტილებაში არ იყო ნამსჯელი მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2000 ლარის დაბრუნება-არდაბრუნების თაობაზე და მოითხოვა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა.

16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 7 მაისის განჩინებით მოსარჩელის წარმომადგენლის განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დარჩა განუხილველად.

17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში „გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ: ა) იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა; ბ) სასამართლოს, რომელმაც გადაწყვიტა უფლების საკითხი, არ მიუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება,რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს; გ) სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი“. მოხმობილი ნორმის დეფინიიციდან გამომდინარეობს, რომ საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს ამომწურავ ჩამონათვალს იმ საკითხების განხილვისა და გადაწყვეტისათვის, რომელიც ახასიათებს დამატებითი გადაწყვეტილების ინტიტუტს და მათ შორისაა სასამართლო ხარჯების საკითხის გადაწყვეტა. აღსანიშნავია ისიც, რომ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა დასაშვებია როგორც მხარეთა მოთხოვნის საფუძველზე, ისე სასამართლოს ინიციატივით, თუმცა, ამავე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილია, რომ „დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება“ (იხ: სუსგ №ას-35-31-2017, 31 მარტი, 2017 წელი).

18. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ კერძო საჩივარს მაინც არ აქვს წარმატების პერსპექტივა, რადგან საქმის მასალების მიხედვით დგინდება, რომ მოსარჩელეს სოციალურად დაუცველის სტატუსის საფუძველზე სარეიტინგო ქულა - 54320 მიენიჭა 2017 წლის 15 დეკემბერს, ხოლო სააპელაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული 2017 წლის 1 დეკემბერს, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპზე მოსარჩელის (აპელანტი) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 2000 ლარის დაბრუნების საფუძველს სსსკ-ის 46-ე მუხლის „ვ“ პუნქტი არ წარმოშობს.

19. ამასთან, მოსარჩელის წარმომადგენელს, გადაწყვეტილების გამოცხადებიდან - 2018 წლის 6 მარტიდან 7 დღის ვადაში შეეძლო დაესვა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის წარმომად გენელმა სააპელაციო სასამართლოს მიმართა 2018 წლის 4 მაისს (ორი თვის შემდეგ) ანუ, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი 7 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ.

20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი ნორმები იმპერატიული ხასიათისაა. სამოქალაქო სამართალწარმოება ეფუძნება შეჯიბრებითობის, დისპოზიციურობისა და კანონის წინაშე მხარეთა თანასწორობის პრინციპებს (სსსკ-ის 3-6 მუხლები), თუმცა, აღნიშნული იმასაც ავალდებულებს მხარეებს, რომ საპროცესო კანონმდებლობის შესატყვისად მოხდეს მხარეთა მიერ მოთხოვნებისა და უფლებების გაცხადება თუ დაზუსტება. სსსკ-ის 261.2 მუხლით დადგენილი 7დღიანი ვადით კანონმდებელმა შემოსაზღვრა როგორც მხარეთა, ისე სასამართლოს შესაძლებლობა, ამავე ნორმით დადგენილი წინაპირობების შემთხვევაში, სასამართლომ გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, რადგან დაადგინა, რომ ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება.

21. საკასაციო სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ „ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხის დასმის 7 დღიანი ვადის დენის დაწყებას კი კანონი უკავშირებს გადაწყვეტილების გამოცხადებას და არა მხარისათვის მის ჩაბარებას (იხ. სუსგ #ას-225-217-2012, 25.06.2012 წ.), რადგან სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ მხარეებისათვის (სასამართლოსათვის) ცხადი ხდება, რომ გადაწყვეტილება გამოტანილია ერთ-ერთი იმ ხარვეზით, რასაც ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილი. შესაბამისად, კანონის ზემოაღნიშნული იმპერატიული დათქმა ემსახურება იმ მიზანს, რომ სასამართლომ დროულად გამოასწოროს მის მიერ დაშვებული ხარვეზი“ (იხ. სუსგ-ები #ას-795-754-2013, 29.11. 2013 წ; ასევე, # ას 920-870-2015, 09.06.2016წ. )

22. „საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე ან სასამართლოს მიხედულებაზე ვერ იქნება დამოკიდებული“ (იხ. სუსგები # ას-520-479-2016, 05.09.2016წ; # ას-558-533-2016, 15.07.2016წ; #ას-562-537-2016, 15.07.2016წ; #ას-299-284-2016, 22.04.206წ; #ას-234-223-206, 22.04.2016წ.).

23. ზემოხსენებული მოტივაციით, კერძო საჩივრის მოთხოვნა უსაფუძლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რაც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ--- გ--–ვილის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 7 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 7 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ბ. ალავიძე