Facebook Twitter

საქმე №ას-872-2018 20 ივლისი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძემ

ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე თ. ა-ისა და ნ. მ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 თებერვლის განჩინებაზე, საქმეზე – სს „თ-ის“ სარჩელის გამო, თ. ა-ისა და ნ. მ-ის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე და

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:

თ. ა-ისა და ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ივნისის განჩინებით თ. ა-ისა და ნ. მ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორებს დაევალათ 5 (ხუთი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.

საპროცესო ვადის დადგენის შესახებ განჩინება გაეგზავნათ თ. ა-ეს და ნ. მ-ის წარმომადგენელ ფ. მ-ეს (იხ.რწმუნებულებები ტ.I, ს.ფ.79-81) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართებზე. ფ.მ-ის სახელზე გაგზავნილი კორესპოდენცია 2018 წლის 5 ივლისს ჩაბარდა მის თანამშრომელ თ. ა-ს (პირადი #....), რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73.8 მუხლის შესაბამისად მიიჩნევა უშუალოდ მხარისათვის ჩაბარებად. რაც შეეხება თ.ა-ეს, მისთვის ვერ მოხერხდა ჩაბარება, კურიერის მიერ შედგენილი აქტის თანახმად, მითითებულ მისამართზე დიდი ხანია არავინ იმყოფება.

კასატორს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად განმეორებით გაეგზავნა ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება მის მიერ მითითებულ სხვა მისამართზე, მაგრამ არც ამჯერად ჩაბარადა არასრული მისამართის გამო. რასაც საკასაციო პალატა მიიჩნევს ჩაბარებად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71.2 მუხლიდან გამომდინარე (თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ეს წესი მოპასუხის მიმართ გამოიყენება მის პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე უწყების გაგზავნის შემთხვევაში). აღნიშნული კი ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებით განსაზღვრული ვადის ათვლის საფუძველია.

გარდა ზემოაღნიშნულისა, პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ გასაჩივრებული განჩინებით უცვლელად იქნა დატოვებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე. ამ გადაწყვეტილებით კი, კასატორებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ კრედიტორისათვის თანხის გადახდა, ანუ დადასტურებულია ის გარემოება, რომ მოპასუხეები წარმოდგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ეს ფაქტი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 86-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად (საპროცესო თანამონაწილეობის ინსტიტუტი), სარჩელი შეიძლება წარდგენილ იქნეს ერთად რამდენიმე მოსარჩელის მიერ ან რამდენიმე მოპასუხის წინააღმდეგ, თუ სარჩელის საგანს წარმოადგენს საერთო უფლება (სავალდებულო თანამონაწილეობა). თავის მხრივ, საერთო უფლებიდან გამომდინარე მოპასუხეთა სოლიდარულ პასუხისმგებლობაზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 463-ე და 464-ე მუხლების დანაწესები. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა ნ.მ-ს (წარმომადგენელს), მას შეეძლო სასამართლოს მიერ დაკისრებული საპროცესო მოქმედება მათ შორის მეორე სოლიდარული მოვალის სახელით განეხორციელებინა თანახმად სამოქალაქო კოდექსის 466-ე მუხლისა. ამ გარემოებათა მხედველობაში მიღებით პალატა თვლის, რომ საპროცესო ვადის ათვლა უნდა დაიწყოს ნ.მ-ის წარმოამდგენელ ფ.მ-ისათვის კორესპოდენციის ჩაბარებიდან - 2018 წლის 5 ივლისიდან.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხარვეზის გამოსწორების ხუთდღიანი ვადის დენა კასატორებისათვის დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2018 წლის 6 ივლისს და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამოიწურა 2018 წლის 10 ივლისს. ამ დროის განმავლობაში მხარეებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის, რაც მათი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია (საგულისხმოა, რომ უფლების დაცვის თვალსაზრისით არც თ.ა-ეს მოუმართავს სასამართლოსათვის).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. ა-ისა და ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 თებერვლის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე