საქმე #ას-1051-2018 27 ივლისი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძემ
ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე შ. შ. რ-ის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის კანონიერების საკითხი და
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით ნ. ჩ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2013 წლის 14 ივნისს შ. შ. რ-სა და მოსარჩელეს შორის დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრუება უკან გამოსყიდვის უფლებით; ნ.ჩ-ე ცნობილ იქნა უძრავი ქონების მესაკუთრედ მდებარე თბილისი, ს-ია, ნაკვეთი #108/21 ს.კ. ......; დადებულად იქნა აღიარებული მხარეთა შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თარიღი - 2013 წლის 14 ივნისი, გამსესხებელი შ. შ. რ-ი, მსესხებელი ნ. ჩ-ე. იპოთეკის საგანი ნ.ჩ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე თბილისი, ს-ია, ნაკვეთი #108/21 ს.კ. .......
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტლება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მისი გაუქმება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩვარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩვრა მოპასუხემ. საქმის საკასაციო სასამართლოში გადმოგზავნამდე, კასატორის წარმომადგენელმა გ. ს-ემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა საქმის თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაგზავნა იმ საფუძვლით, რომ მხარეთა შორის მიღწეულია მორიგება და არ ასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოს განჩინებას.
საქმე საქართველოს უზენაეს სასამართლოს განსახილველად გადმოეცა 2018 წლის 13 ივლისს. საკასაციო პალატის მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნებთან საკასაციო საჩივრის შესაბამისობის საკითხის გადაწყვეტამდე პალატას განცხადებით მომართეს კასატორის წარმომადგენლებმა გ. ს-ემ და თ. ც-მა, რომლებმაც მოითხოვეს საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტა იმ მოტივით, რომ უარს აცხადებდნენ საკასაციო საჩივარზე.
გამომდინარე იქიდან, რომ გ.ს-ეს და თ.ც-ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98.1 მუხლის შესაბამისად არ აქვთ მინიჭებლი საკასაციო საჩივარზე (სასარჩელო მოთხოვნაზე) უარის თქმის უფლება, სასამართლომ მხარისაგან მოითხოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე-98-ე მუხლების შესაბამისად შედგენილი მინდობილობის ან უშუალოდ კასატორის მიერ ხელმოწერილი განცხადების წარმოდგენა, რათა ემსჯელა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის კანონიერებაზე.
2018 წლის 26 ივლისს სასამართლოს განცხადებით მომართეს შ. შ. რ-მა და მისმა წარმოამდგენელმა და კიდევ ერთხელ მოითხოვეს საკასაციო საჩივარზე უარის თქმა.
საკასაციო სასამართლომ განიხილა კასატორის განცხადება და მიიჩნევს, რომ იგი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს და ადგენს მოსარჩელის უფლებას, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა, ანალოგიური უფლებით აღჭურავს მხარეს ამავე კოდექსის 83-ე მუხლი, უფრო მეტიც, 378-ე მუხლის ძალით (სსსკ-ის 399-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, ამ ნორმის გამოყენება დასაშვებია საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის განხილვისას) სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შ. შ. რ-ის შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მის საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს წარმოება იმგვარად, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ძალაში იქნას დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ. შ. რ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. შეწყდეს საქმის წარმოება შ. შ. რ-ის საკასაციო საჩივარზე ნ. ჩ-ის მიმართ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 აპრილის განჩინებაზე.
3. ძალაში დარჩეს ქვემდგომი სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე