საქმე №ას-1141-2018 30 ივლისი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძემ
ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე შპს „გ-ს“, ნ. კ-ისა და ნ. ხ-უას საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე – ი. ხ-იას სარჩელის გამო, შპს „გ-ს“, ნ. კ-ისა და ნ. ხ-უას მიმართ, გაუნაწილებელი მოგების გადახდევინებისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე და
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:
წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს შპს „გ-სა“ და ნ. კ-ის (როგორც შპს „გ-ს“ ხელმძღვანელობაზე/ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის) მოთხოვნის ნაწილში უნდა დაუდგინდეს ხარვეზი, ხოლო ნ. ხ-უას პრეტენზიის ნაწილში უარი უნდა ეთქვას განსახილველად მიღებაზე შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.
ვიდრე საკასაციო საჩივრის ფორმალურ-პროცესუალურ გამართულობას შეამოწმებდეს, პალატა ყურადღებას გაამახვილებს საკასაციო საჩივრის წარდგენის უფლების მქონე სუბიექტებზე. ამ მხრივ კი, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პროცესუალური თვალსაზრისით განსახილველი დავა გამომდინარეობს სამეწარმეო ურთიერთობიდან, რომლის ფარგლებშიც შპს-ს პარტნიორი თანხის დაკისრებას მოითხოვს (სოლიდარულად), როგორც უშუალოდ შპს-ს, ისე _ მისი პარტნიორის _ ნ. ხ-უსა და ხელმღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლების მქონე პირის, დირექტორის _ ნ. კ-ისათვის. საქმის მასალებით დგინდება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი უარყოფილ იქნა, ხოლო, სააპელაციო სასამართლომ ნაწი.ბრივ გაიაზიარა რა აპელანტის (მოსარჩელის) პრეტენზია, ფულადი ვალდებულების შესრულება დააკისრა მხოლოდ შპს-ს. გასაჩვრებული გადაწყვეტილებით საზოგადოების პარტნიორისა და დირექტორის, როგორც ფიზიკური პირების სამოქალაქო პასუხისმგებლობა არ დადგენილა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი-მე-3 პუნქტების თანახმად, ხელმძღვანელობის უფლება აქვთ ... შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში – დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც, თუ პარტნიორთა შეთანხმებით (წესდებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამდენად, საკასაციო პალატა საწარმოს დირექტორის მიერ საკასაციო საჩივრის წარდგენას მიიჩნევს არა დირექტორის, როგორც ფიზიკური პირის საკასაციო პრეტენზიას, არამედ, საზოგადოების წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ საწარმოს სახელით პრეტენზიის გაცხადებას, რაც შეეხება პარტნიორს, მოცემულ შემთხვევაში, მას „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი ამგვარი უფლებით არ აღჭურავს (მოცემულ შემთხვევაში სახეზე არაა ამავე კანონის 24-ე და 46-ე მუხლებით გათვალისწინებული დერივატიული სარჩელის აღძვრის წინაპირობები), შესაბამისად იგი არ განიხილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილის სუბიექტად, რამდენადაც მოხმობილი ნორმის დათქმა, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში, მოიაზრებს არა დავაში ჩაბმულ ნებისმიერ სუბიექტს, არამედ, მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით/განჩინებით დაკისრებული აქვთ გარკვეული მოვალეობები. ამგვარი წინაპირობა, როგორც უკვე აღინიშნა, ნ. ხ-უს მიმართ არ დასტურდება, შესაბამისად, მას უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის მიღებაზე.
გარდა ამისა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს „გ-ს“ სახელით მისი დირექტორის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი ხარვეზიანია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ პასუხობს კანონის მოთხოვნებს, კერძოდ:
ა) საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს მითითებას, იმ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევას, თუ საკასაციო საჩივარი საპროცესო ნორმების დარღვევას ემყარება (სსსკ-ის 396.1 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი).
ბ) საკასაციო საჩივარზე არ არის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისათვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარს. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგნის ღირებულება (სსსკ-ის 41.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი და 391.3 მუხლი) 26 584.5 ლარია, რომლის 5% - 1 329.22 ლარს შეადგენს. სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებისა თუ მისი ოდენობის შემცირების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმის მასალებში არ მოიპოვება (სსსკ-ის 48.1 მუხლი), შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ შპს „გ-ს“ საკასაციო საჩივარს უნდა დაუდგინდეს ხარვეზი და მის ავტორს დაევალოს, მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებნიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საკასაციო სასამართლოში წარმოადგინოს: ა) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი საკასაციო საჩივარი; ბ) სახელმწიფო ბაჟის _ 1 329.22 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
განემარტოს კასატორს, რომ საპროცესო მოქმედების დადგენილ ვადაში სრულყოფილად განუხორციელებლობის შემთხვევაში მისი საკასაციო საჩივარი აღარ მიიღება და განუხილველად დარჩება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 391-ე, 396-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ხ-უას უარი ეთქვას საკასაციო საჩივრის განსახილველად მიღებაზე.
2. შპს „გ-ს“ დირექტორ ნ. კ-ეს დაევალოს, მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინოს:
ა) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი საკასაციო საჩივარი;
ბ) სახელმწიფო ბაჟის - 1329.22 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი (ნაღდი ფულით ანგარიშსწორების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს საგადახდო დავალება და სალაროს შემოსავლის ორდერი, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში – საგადახდო საბუთი, რომელზედაც დასმულია მომსახურე ბანკის შტამპი - „განაღდებულია“).
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
4. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, საკასაციო საჩივარი არ მიიღება წარმოებაში და განუხილველად დარჩება.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე