საქმე №ას-905-2018 1 აგვისტო, 2018 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მზია თოდუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ.შ. (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ი.ფ. (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი.ფ–ის სარჩელი ნ.შ–ის მიმართ, რომლითაც ის მოითხოვდა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების, რომელიც მდებარეობს ქ. ბათუმში, ....., (ს/კ. .....) გამოთხოვას და მოსარჩელისათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემას, დაკმაყოფილდა.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მარტის განჩინებით, ნ.შ–ის სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, დარჩა განუხილველად.
4. აღნიშნული განჩინება ამავე წლის 22 მარტს კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ.შ–მა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის საპელაციო სასამართლოში განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით, შემდეგ საფუძველზე მითითებით:
4.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, აპელანტის მძიმე სოციალური მდგომარეობა, სასამართლოს უნდა მიეცა საშუალება, რომ მისი სააპელაციო საჩივარი განხილულიყო.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ივნისის განჩინებით კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი. კერძო საჩივრის ავტორს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული (გასაჩივრების საფუძვლების მითითებით), უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი კერძო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის - 25 ლარის გადახდის დამადასტურებელი დედნის წამოდგენა. ამავე განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, კერძო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.
6. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს, ხოლო სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
8. სსსკ-ის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს მითითებას, თუ რა მოცულობით საჩივრდება გადაწყვეტილება, გასაჩივრების საფუძვლებს (კასაციის მიზეზები) და განმარტებას იმის თაობაზე, მოითხოვს თუ არა მომჩივანი გადაწყვეტილების გაუქმებასა თუ შეცვლას (კასაციის განაცხადი). ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წარმომადგენლის მიერ შეტანილ საკასაციო საჩივარს უნდა დაერთოს მინდობილობა, რომელიც ადასტურებს წარმომადგენლის უფლებამოსილებას საკასაციო საჩივრის შეტანაზე, თუ ასეთი უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი არ არის საქმეში. ხოლო, ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
8.1. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი ნ.შ–ს 2018 წლის 16 ივლისს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა.
8.2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კერძო საჩივრის ავტორისათვის ხარვეზის შევსების 3 - დღიანი ვადის დენა დაიწყო 2018 წლის 17 ივლისს და ამოიწურა ამავე წლის 19 ივლისს ამდენად, კერძო საჩივრის ავტორი ვალდებული იყო 19 ივლისის ჩათვლით შეევსო ხარვეზი. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.
8.3. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
8.4. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 420-ე, 401-ე, 63-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.შ–ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე : მზია თოდუა