საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-170-159-2017 15 სექტემბერი, 2017 weli,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ა. ჩ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა. ფ-ე, ნ. შ-ე, მ. შ-ე, ხ. ჯ-ი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ა. ჩ-სა (შემდეგში: გამსესხებელი, კრედიტორი, მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) და ჯ. შ-ეს (შემდეგში: მოვალე, მსესხებელი ან მამკვიდრებელი) შორის 2011 წლის 3 ოქტომბერს დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება №AACR/33, (შემდეგში: ხელშეკრულება), სესხის ოდენობა 9 000 აშშ დოლარით განისაზღვრა, ვადა - 6 თვით, სარგებელი - 4 %-ით, პირგასამტეხლო - ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის დავალიანების თანხის 0.3 %-ით. ვალდებულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მამკვიდრებლის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმში, ფ-ის ქ. №2, ბინა №3, ს/კ 0- (შემდეგში: უძრავი ქონება ან იპოთეკის საგანი; იხ. ს/ფ 16-22).
2. მსესხებელმა 6 თვის საპროცენტო სარგებელი გადაიხადა. 2012 წლის 10 აპრილის №AACR/33-1 შეთანხმებით ხელშეკრულების ვადა 12 თვით - 2013 წლის 10 მაისამდე - გაგრძელდა (იხ. ს/ფ 23-33).
3. მსესხებელი 2012 წლის 22 სექტემბერს გარდაიცვალა (იხ. ს/ფ 43).
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით იპოთეკის საგნის მესაკუთრეები გახდნენ მსესხებლის მემკვიდრეები: ნ. შ-ე (შემდეგში: პირველი მოპასუხე ან პირველი მემკვიდრე), მ. შ-ე (შემდეგში: მეორე მოპასუხე ან მეორე მემკვიდრე) და ხ. ჯ-ი (შემდეგში: მესამე მოპასუხე ან მესამე მემკვიდრე; იხ. ს/ფ 34-35).
5. უძრავი ქონება 2015 წლის 25 ივნისს გასხვისდა ა. ფ-ეზე (შემდეგში: მეოთხე მოპასუხე ან მესაკუთრე; იხ. ს/ფ 36-37).
6. მოპასუხეებს ხელშეკრულებიდან გამომდინარე 21 191 აშშ დოლარის (ძირითადი თანხა 9 000 აშშ დოლარი, სარგებელი 9 720 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 2 376 აშშ დოლარი) დავალიანება არ დაუფარავთ, მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა 16 000 აშშ დოლარამდე შეამცირა (იხ. ს/ფ 39).
7. საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 1 მარტის მოსამზადებელ სხდომაზე პირველმა, მეორე და მესამე მოპასუხეებმა სარჩელი ძირითადი თანხის - 9 000 აშშ დოლარის ნაწილში ცნეს (იხ. სხდომის ოქმი, ს/ფ 108-117).
8. სარჩელის საფუძვლები
8.1. მოსარჩელემ 2015 წლის 2 ოქტომბერს სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ და მათთვის 16 000 აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვა.
8.2. მოსარჩელემ ამ გადაწყვეტილების 1-6 პუნქტებში ასახულ გარემოებებზე მიუთითა და დამატებით აღნიშნა, რომ მეოთხე მოპასუხეს, 2015 წლის 29 ივლისს, გაეგზავნა გაფრთხილება დავალიანების არსებობის შესახებ და გადახდის ვადად განესაზღვრა 5 დღე.
8.3. მოსარჩელემ 2015 წლის 12 აგვისტოს საარბიტრაჟო სარჩელით მიმართა მუდმივმოქმედ არბიტრაჟს შპს „დ-ს“, თუმცა, 2015 წლის 10 სექტემბრის დადგენილებით, არბიტრაჟის კომპეტენციის არ არსებობის გამო, საქმის წარმოება შეწყდა.
9. მოპასუხეთა შესაგებელი
9.1. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს, მეოთხე მოპასუხემ აღნიშნა, რომ ის არ არის ხელშეკრულების მხარე და არასათანადო მოპასუხეა.
9.2. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-4 პუნქტში დასახელებულმა მემკვიდრეებმა განმარტეს, რომ მათთვის ცნობილი იყო, რომ მამკვიდრებელმა დაფარა დავალიანება და თუ რაიმე ჰქონდა დარჩენილი, გაუგებარი იყო, რატომ არ მოითხოვა მოსარჩელემ დავალიანების, თავის დროზე დაფარვა; რატომ ელოდებოდა გამსესხებელი საპროცენტო სარგებლის გაზრდას.
10. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
10.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით გამსესხებლის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
10.2. სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ მოსარჩელისათვის მსესხებლის გარდაცვალების შესახებ ცნობილი იყო 2013 წლის 1 ოქტომბრიდან, სასამართლო დაეყრდნო მოსარჩელის მიერ წარდგენილ გარდაცვალების მოწმობას, რომელიც დადასტურებულია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს ხელმძღვანელი პირის მიერ გაცემული აქტის ჩანაწერით; დადგენილია, რომ 6 თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც კრედიტორისათვის ცნობილი გახდა მოვალის (მამკვიდრებლის) სამკვიდროს გახნის შესახებ, გამსესხებელს მემკვიდრეებისათვის მოთხოვნა არ წარუდგენია, აღნიშნული მას არც ერთი წლის განმავლობაში განუხორციელებია. გამსესხებელმა საარბიტრაჟო სარჩელი 2015 წლის აგვისტოში წარადგინა, ხოლო სასამართლოს 2015 წლის 2 ოქტომბერს მიმართა.
10.3. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 316-ე, 317-ე, 1488-ე [კრედიტორების მოთხოვნათა წარდგენის ვადა - 1. მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად. 2. თუ მემკვიდრეების კრედიტორებმა არ იცოდნენ სამკვიდროს გახსნის შესახებ, მაშინ მათ უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს ერთი წლის განმავლობაში მოთხოვნის ვადის დადგომიდან. 3. ამ წესების დაუცველობა გამოიწვევს კრედიტორების მიერ მოთხოვნის უფლების დაკარგვას.] მუხლებით და აღნიშნა, რომ კრედიტორის მიერ გარდაცვლილი მოვალის მემკვიდრეების მიმართ პრეტენზიის - მოთხოვნის წარდგენის ვადა დარღვეული იყო, კანონით განსაზღვრულ ვადაში მოთხოვნის წარუდგენლობა კი სასამართლოში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
11. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
11.1. მოსარჩელემ (კრედიტორმა) სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა შემდეგ არგუმენტებზე მითითებით:
11.2. სასამართლომ არასწორად დაადგინა ის თარიღი, საიდანაც მოხდა ხანდაზმულობის 6-თვიანი ვადის ათვლა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით მტკიცდება, თუ როდის გახდა გამსესხებლისათვის ცნობილი სამკვიდროს გახსნის დრო და განისაზღვრა მემკვიდრეთა წრე, შესაბამისად 6-თვიანი ვადის ათვლა სწორედ ამ თარიღიდან უნდა მომხდარიყო;
11.3. სასამართლო არასწორად დაეყრდნო საქმეში წარდგენილ 2013 წლის 1 ოქტომბრით დათარიღებულ მტკიცებულებას (იხ. 10.2 ქვეპუნქტი), რადგან აღნიშნული აქტი წარდგენილი იყო იმის დასადასტურებლად, რომ მსესხებელი გარდაიცვალა, ხოლო მოსარჩელისათვის ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესის დროს გახდა აქტი ხელმისაწვდომი და ეს მტკიცებულება კრედიტორს არ გამოუთხოვია, რადგან იმ დროს არ იცოდა მსესხებლის გარდაცვალების შესახებ;
11.4. სასამართლო არ იყო უფლებამოსილი ემსჯელა ხანდაზმულობასა და მასთან დაკავშირებულ საფუძვლებზე, თანაც იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე არც უარყოფდა სესხის არსებობას, მან აღიარა სარჩელი ძირითად ნაწილში და შედავება ეხებოდა მხოლოდ პროცენტსა და პირგასამტეხლოს, ხოლო სსკ-ის 1488-ე მუხლზე მითითება მხოლოდ სასამართლოს ინიციატივით მოხდა.
12. ქუთაისი სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
12.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ნოემბრის განჩინებით კრედიტორის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
12.2. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 623-ე, 625-ე, 417-ე, 419-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ მსესხებელსა და გამსესხებელს შორის 2011 წლის 3 ოქტომბრიდან სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობა არსებობდა. სასამართლოს განმარტებით სსკ-ის 1488-ე მუხლის (ნორმის დეფინიცია იხ. 10.3 ქვეპუნქტში) მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად იმავე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დადგენილი წესების დაუცველობა გამოიწვევს კრედიტორების მიერ მოთხოვნის უფლების დაკარგვას, შემდეგ წესებს ადგენს: მამკვიდრებლის კრედიტორებმა 6 თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად; ამავე ნორმის მეორე ნაწილის მიხედვით კი, თუ კრედიტორებმა არ იცოდნენ სამკვიდროს გახსნის შესახებ, მაშინ მათ უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს ერთი წლის განმავლობაში მოთხოვნის ვადის დადგომიდან, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხეებმა, რომლებიც მოვალის მემკვიდრეები არიან, წარადგინეს მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებელი სიტყვებით: “...რატომ არ იქნა მოსარჩელის მხრიდან თავის დროზე მოთხოვნილი დავალიანების დაფარვა...“, რაც სსკ-ის 1488-ე მუხლით გათვალისწინებულ ვადებზე მითითებას გულისხმობს.
12.3. სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვადები არ წარმოადგენს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადებს, რომელთა დაცვის საკითხს სასამართლო მხოლოდ მოპასუხის მითითების საფუძველზე ამოწმებს. ეს არის ვადები, რომელიც მოთხოვნის არსებობის საკითხს შეეხება და სასამართლო უფლებამოსილია, თავისი ინიციატივით შეამოწმოს. განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2013 წლის 10 მაისს ამოიწურა, შესაბამისად, აპელანტის (კრედიტორის) მოთხოვნის ვადა სწორედ ამ მომენტში დადგა, რა დროსაც მსესხებელი უკვე გარდაცვლილი იყო. აღნიშნულის შესახებ მემკვიდრეებმა არ შეატყობინეს კრედიტორს, შესაბამისად, ამ უკანასკნელის მიმართ ამოქმედდა სსკ-ის 1488-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული (იხ. 10.2 ქვეპუნქტი) ვადა და იგი ვალდებული იყო, 2013 წლის 10 მაისიდან ერთი წლის განმავლობაში მოთხოვნა წარედგინა მამკვიდრებლის მემკვიდრეებისათვის, ხოლო სსკ-ის 123-ე მუხლის [ვადის დამთავრება - 1. დღეების მიხედვით განსაზღვრული ვადა მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად. 2. ვადა, რომელიც განსაზღვრულია კვირების, თვეების ან რამდენიმე თვის შემცველი დროით - წლით, ნახევარი წლით, კვარტალით, - მთავრდება ბოლო კვირის ან ბოლო თვის იმ დღის დამთავრებისთანავე, რომელიც შეესაბამება მოვლენის დადგომის დღეს ან დღის ზემოაღნიშნულ დროს. 3. თუ თვეების მიხედვით განსაზღვრულ ვადას აკლია ვადის გასვლის აღსანიშნავი კონკრეტული დღე, მაშინ ვადა მთავრდება ამ თვის ბოლო დღის დამთავრებისას.] მიხედვით მოთხოვნის წარდგენის ვადა 2014 წლის 10 მაისს ამოიწურა.
12.4. სასამართლოს შეფასებით, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, რომ კრედიტორმა მოვალის მემკვიდრეებს მოთხოვნა 2014 წლის 10 მაისამდე წარუდგინა, ხოლო პირველი აქტივობები მან 2015 წლიდან განახორციელა, შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლო იყო.
13. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
13.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრებით აპელანტმა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
13.2. კასატორმა სააპელაციო საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები გაიმეორა (იხ. ამ გადაწყვეტილების 11.2-11.4 ქვეპუნქტები) და დამატებით აღნიშნა, რომ ქვემდგომმა სასამართლოებმა შეჯიბრებითობის პრინციპი დაარღვიეს, მაშინ როცა მოპასუხე ხანდაზმულობაზე არც კი უთითებდა და სარჩელს დავალიანების ძირითად ნაწილში აღიარებდა, სასამართლომ მოთხოვნა ხანდაზმულად მიიჩნია.
13.3. კასატორის განმარტებით, სასამართლოს ეკრძალება კონკრეტული მხარის პროცესუალურ უფლებებში ჩარევა და ის მხოლოდ მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებებითა და განმარტებებით იფარგლება; სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს საერთო პრაქტიკას და განსხვავებულ მიდგომას აყალიბებს, ისეთ საკითხთან მიმართებით, როგორც ხანდაზმულობის ვადაა.
13.4. კასატორის განმარტებით, სხვადასხვაგვარი მიდგომა არსებობს სსკ-ის 1488-ე მუხლის მეორე ნაწილთან მიმართებით, რომლის დისპოზიცია წინააღმდეგობაში მოდის, როგორც ამავე მუხლის პირველ ნაწილთან, ასევე - სსკ-ით დადგენილ მოთხოვნის 3-წლიან ხანდაზმულობის ვადასთან.
14. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
14.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 მარტის განჩინებით კასატორის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
14.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ივნისის განჩინებით გამსესხებლის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო განაცხადი ნაწილობრივ დასაბუთებულია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
15. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელეს ნაწილობრივ დასაბუთებული შედავება აქვს წარმოდგენილი.
16. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას გაამახვილებს იმაზე, თუ რომელი ნორმის საფუძველზე არის შესაძლებელი მოსარჩელისათვის სასურველი იურიდიული შედეგის მიღწევა და ამის შემდეგ შეამოწმებს სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლებს.
17. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა: „სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას“ (იხ. სუსგ ას-1529-1443-2012, ას-973-1208-04; ას 664-635-2016).
18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მსესხებლის მემკვიდრეებისათვის გამსესხებლის სასარგებლოდ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრების სამართლებრივი საფუძველი სსკ-ის 1484 მუხლია [მემკვიდრეთა პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე - 1. მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად. 2. თუ მამკვიდრებელი მემკვიდრეებზე გადასული ვალებით სოლიდარული მოვალე იყო, მაშინ მემკვიდრეები სოლიდარულად აგებენ პასუხს. 3. მამკვიდრებლის ვალებისათვის პასუხისმგებელნი არიან სავალდებულო წილის მიმღები მემკვიდრეებიც] - იხ. სუსგ ას-417-395-2012, 06.04.2012 წ.; ას-461-435-2014, 30.08.16 წ; გამსესხებლის მიერ მოვალის მემკვიდრეებისათვის ასეთი მოთხოვნის წარდგენა კანონით დადგენილ ვადაში უნდა განხორციელდეს, რასაც სსკ-ის 1488-ე მუხლი (ნორმის დეფინიცია იხ. 10.2 ქვეპუნქტში) აწესრიგებს.
18.1. საკასაციო სასამართლო, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სსკ-ის 1488.1-ე მუხლით დადგენილი ექვსთვიანი ვადა არის მამკვიდრებლის კრედიტორთა მიერ უშუალოდ მემკვიდრეებისათვის მოთხოვნის (პრეტენზიის) წარდგენის და არა სასამართლოში სარჩელის შეტანის ვადა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ, თუ მამკვიდრებლის კრედიტორებმა ზემოხსენებული ვადის დაცვით არ წარუდგინეს მოთხოვნა მემკვიდრეებს, ისინი კარგავენ მოთხოვნის უფლებას, რაც, შემდგომში, სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, ამ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი შეიძლება გახდეს. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა: „მითითებული ნორმით დადგენილია პრეტენზიის - მოთხოვნის წარდგენის ვადა და არა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც სასამართლოსათვის მიმართვის გზით კრედიტორს შეუძლია დაიკმაყოფილოს მოთხოვნა. ამ ვადის გასვლის შემდეგ მოვალეს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაზე მითითებით. მოთხოვნა კი, როგორც წესი, წარედგინება უშუალოდ მხარეს. საპრეტენზიო ვადაში მოთხოვნის წარუდგენლობა სასამართლოში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. საპრეტენზიო ვადაში წარდგენილი მოთხოვნა კი, შეიძლება არ დააკმაყოფილოს სასამართლომ, თუ გავიდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და მოვალე მიუთითებს ამის თაობაზე“ (იხ. სუსგ-ები: # ას-143-136-2010, 07.10.2010წ; # ას-968-1269-2007, 22.02.2008წ.).
18.2. სსკ-ის 1488-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მემკვიდრეების კრედიტორებმა არ იცოდნენ სამკვიდროს გახსნის შესახებ, მაშინ მათ უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს ერთი წლის განმავლობაში მოთხოვნის ვადის დადგომიდან, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად ამ წესების დაუცველობა გამოიწვევს კრედიტორების მიერ მოთხოვნის უფლების დაკარგვას;
18.3. განსახილველ შემთხვევაში გამსესხებელი აცხადებს, რომ მისთვის უცნობი იყო მსესხებლის გარდაცვალების შესახებ. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ კრედიტორისათვის უცნობი იყო მოვალის გარდაცვალების შესახებ, მოსარჩელეს მოვალის მემკვიდრეებისათვის მოთხოვნის წარდგენის ვადა მაინც დარღვეული აქვს. მოსარჩელესა და მამკვიდრებელს შორის არსებული სესხის ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს გამსესხებლისათვის ნასესხები თანხა 2014 წლის 10 მაისამდე უნდა დაებრუნებინა (იხ. ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი), რაც იმას გულისხმობს, რომ მოსარჩელეს მოვალის მიმართ მოთხოვნის უფლება 2013 წლის 10 მაისიდან წარმოეშვა, ამ დროისათვის მსესხებელი გარდაცვლილი იყო (იხ. ამ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი). მიუხედავად იმისა, რომ სესხის ხელშეკრულება ყოველთვიურად პროცენტის გადახდასაც გულისხმობდა, თუ დავუშვებთ, რომ კრედიტორი სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლამდე მოვალეს თანხის გადახდას არ თხოვდა, ივარაუდება, რომ მოთხოვნის დადგომიდან - 2013 წლის 10 მაისიდან მაინც უნდა მოეთხოვა გამსესხებელს მსესხებლისათვის ვალდებულების შესრულება. სწორედ აღნიშნულ ვარაუდს ეფუძნება სსკ-ის 1488.2-ე მუხლის დანაწესი, რომ თუ მემკვიდრის კრედიტორმა სამკვიდროს გახსნის შესახებ არ იცოდა, მან მოთხოვნის დადგომიდან ერთი წლის ვადაში მაინც უნდა წარუდგინოს მოვალის მემკვიდრეებს მოთხოვნა. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, მოთხოვნის წარდგენის ვადა 2014 წლის 10 მაისამდე ჰქონდა მოსარჩელეს, მან კი პრეტენზია პირველად 2015 წელს გამოთქვა (იხ. ამ გადაწყვეტილების 12.3 ქვეპუნქტი);
18.4. ხანდაზმულობის ვადების გარდა, კანონი ადგენს ვადებს, რა დროშიც სამართალურთიერთობის სუბიექტს შეუძლია უფლების დაცვა უშუალოდ მეორე მხარეს მოთხოვოს. ასეთი ვადები კანონმდებლობაში ზოგ შემთხვევაში პირდაპირ არის მითითებული, ასეთია 1488-ე მუხლი. უფლებადარღვეული პირისათვის უფლების დაცვა დროის გარკვეულ პერიოდშია შესაძლებელი, ხოლო ამ ვადის გასვლის შედეგად მოთხოვნა ხანდაზმულად ჩაითვლება, რაც მოთხოვნის სასარჩელო წესით დაცვას (მატერიალურად და არა პროცესუალურად) გამორიცხავს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ვალდებული პირი, ხანდაზმულობის ვადის გასვლის მიუხედავად, შესრულებაზე თანახმაა (შდრ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი 1, თბილისი, 2017, „მერიდიანი“, გვ: 721-722);
18.5. განსახილველ შემთხვევაში პირველი, მეორე და მესამე მოპასუხეების მხრიდან სასარჩელო მოთხოვნის წინააღმდეგ წარდგენილი იქნა მოთხოვნის განხორციელების ხელისშემშლელი (ხანდაზმულობის) შესაგებელი (იხ. ამ გადაწყვეტილების 9.2 ქვეპუნქტი), რამაც სარჩელს საფუძველი გამოაცალა. ამ ნაწილში საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იზიარებს (იხ. ამ გადაწყვეტილების 12.2-12.3 ქვეპუნქტები), შესაბამისად, ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
19. რაც შეეხება საკასაციო საჩივრის ავტორის პრეტენზიას (რასაც იგი სააპელაციო საჩივარშიც აყენებდა, იხ. ამ გადაწყვეტილების 11.4 ქვეპუნქტი) მოვალის მემკვიდრეების მიერ სარჩელის ნაწილობრივ აღიარებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს და დადგენილად მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლოში 2016 წლის 1 მარტს გამართულ მოსამზადებელ სხდომაზე მოსამართლის შეკითხვაზე ცნობდნენ თუ არა მოპასუხეები სარჩელს პირველი, მეორე და მესამე მოპასუხეების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „ჩვენ ძირითადი თანხის ნაწილში ვცნობთ სარჩელს“ (იხ. სათანადო წესით და უფლებამოსილებით გაცემული მინდობილობები, ს/ფ 79-89). მოსამართლემ დააზუსტა მემკვიდრეთა პასუხი - „9 000 აშშ დოლარის ნაწილში ცნობთ?“, მოპასუხეთა წარმომადგენელმა განაცხადა - „დიახ“, ამის შემდეგ საქმის განმხილველმა მოსამართლემ საოქმოდ გააჟღერა - „მოვალეებმა ძირითადი თანხის ნაწილში, 9 000 აშშ დოლარის ნაწილში ცნეს სარჩელი, ეს დავაფიქსიროთ მოსამზადებელი სხდომის ეტაპზე“. მეოთხე მოპასუხეს სარჩელი არ უცვნია (იხ. 01.03.16 წლის სხდომის ოქმი, 13.07.15-დან, ს/ფ 108-117).
20. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-19 პუნქტში დასახელებული გარემოებისა და სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოპასუხეს შეუძლია ცნოს სარჩელი, რაც სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობაა. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი პირველმა, მეორე და მესამე მოპასუხეებმა (მოვალის მემკვიდრეებმა) ნაწილობრივ - 9 000 აშშ დოლარის ნაწილში ცნეს, სარჩელი მხოლოდ ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო დანარჩენ ნაწილში კრედიტორის სასარჩელო მოთხოვნა უარყოფილ უნდა იქნეს წინამდებარე გადაწყვეტილების 18.1-18.5 ქვეპუნქტებში მოცემული ფაქტობრივ-სამართლებრივი მსჯელობისა და დასკვნების საფუძველზე.
21. ზემოხსენებული მოტივაციით, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს; პირველ, მეორე და მესამე მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სესხის ძირითადი თანხის - 9 000 (ცხრა ათასი) აშშ დოლარის გადახდა უნდა დაეკისროთ, დანარჩენ ნაწილში კი სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
22. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას, ხოლო, ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციული სახელმწიფო ბაჟის გადახდა პირველ, მეორე და მესამე მოპასუხეებს დაეკისრებათ მოსარჩელისა და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის იმ ნაწილში, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 მარტის განჩინებით კასატორს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, გადავადებული ჰქონდა). ხოლო სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტში დარჩება (იხ. ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 7-9 პუნქტები).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე და 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ა. ჩ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ნოემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ა. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. ნ. შ-ეს, მ. შ-ესა და ხ. ჯ-ს ა. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისროთ სესხის ძირითადი თანხის 9 000 (ცხრა ათასი) აშშ დოლარის გადახდა;
5. ა. ჩ-ის სარჩელი ა. ფ-ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს;
6. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად;
7. ნ. შ-ეს, მ. შ-ესა და ხ. ჯ-ს ა. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის - 1 436.45 (ათას ოთხასოცდათექვსმეტი ლარი და ორმოცდახუთი თეთრი) ლარის გადახდა;
8. ნ. შ-ეს, მ. შ-ესა და ხ. ჯ-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის - 450 (ოთხას ორმოცდაათი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა;
9. ა. ჩ-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის - 350 (სამას ორმოცდაათი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა;
10. სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
11. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე