Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-741-693-2017 15 სექტემბერი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

პირველი კასატორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ქ-ა“ (მოპასუხე)

მეორე კასატორი - შპს „ქ-ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 4 მარტის განჩინება

პირველი კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

მეორე კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა (შემდეგში: მოსარჩელე, შემსყიდველი, სამინისტრო ან პირველი კასატორი) და შპს „ქ-ას“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, საწარმო, მიმწოდებელი ან მეორე კასატორი) შორის 2014 წლის 30 ივნისს დაიდო ხელშეკრულება №488, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ (შემდეგში: ხელშეკრულება, იხ. ტ.1, ს.ფ.15-38), რომლითაც, მიმწოდებელმა შემსყიდველის სამხედრო მოსამსახურეების კვებით მომსახურებაზე აიღო ვალდებულება. ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა არა უმეტეს 16 500 000 ლარით, დღგ-ს ჩათვლით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 477-ე მუხლი).

2. ხელშეკრულების 15.1 ქვეპუნქტის შესაბამისად [თუ შემსყიდველი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აღმოაჩენს მიმწოდებლის მხრიდან მომსახურების არაჯეროვან ან უხარისხო შესრულებას (მათ შორის: მენიუ-განწილვის არასწორად შევსება, კალორაჟის დარღვევა, იჯრით გათვალისწინებული ნორმის არასრულად გაცემა, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, უხარისხო საკვები პროდუქტების გამოყენება, უხარისხო საკვების მომზადება, მომსახურების გაწევის ვადის დარღვევა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების დარღვევა)მიმწოდებელს წინასწარი შეტყობინების გარეშე, დაეკისრება პირგასამტეხლო 10 000 ლარის ოდენობით], საწარმოს მიერ ვალდებულების დარღვევისათვის განისაზღვრა პირგასამტეხლო - 10 000 ლარით.

3. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც 2014 წლის 15 აგვისტოს №488-4 აქტით, გადასახდელად დაეკისრა პირგასამტეხლო - 10 000 ლარი (ტ.1.ს.ფ. 38).

4. სარჩელის საფუძვლები

4.1 შემსყიდველმა, 2015 წლის 4 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოითხოვა მოწინააღმდეგე მხარისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება.

4.2 მოსარჩელემ მოთხოვნის საფუძვლად, მოპასუხე საწარმოს მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებაზე მიუთითა, და ყურადღება სარჩელზე თანდართულ ექსპერტიზის დასკვნებზე გაამახვილა (იხ. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნები ტ.1,ს.ფ.39-54).

5. მოპასუხის შესაგებელი

5.1 მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შპს „ე-“-ის, რომელიც ლიცენზირებული საგამოცდო ლაბორატორიაა, №17/07 საგამოცდო ოქმების მიხედვით, ყველის, მაწვნის, არაჟნის და ხაჭოს მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები დამაკმაყოფილებელია და მომხმარებლისათვის ვარგისია.

5.2 მოსარჩელის მიერ წარდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 11.09.2014 წლის #5004243614 დასკვნის მიხედვით, ექსპერტიზაზე წარდგენილი საკვები პროდუქტების ნიმუშები, შემწვარი ძეხვი (ობიექტი #1) და ძეხვი „საექიმო“ (ობიექტი #2) გამოკვლეული მიკრობიოლოგიური მაჩვენებლებით ასევე შეესაბამება სანწდან 2.3.2.000-00-ით დადგენილ სტანდარტებს, რაც გულისხმობს, რომ მითითებული პროდუქტები საკვებად ვარგისია.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

6.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 10 000 ლარის გადახდა.

6.2 საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 417-420-ე, მუხლებით, და დაადგინა, რომ მხარეებს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, ხოლო აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისათვის მხარეებმა გაითვალისწინეს პირგასამტეხლო (იხ. წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტები).

6.3 სასამართლომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების (იხ. წინამდებარე განჩინების 4.2 ქვეპუნქტი) საფუძველზე დაადგინა, რომ საწარმომ სამინისტროს უხარისხო საკვები პროდუქტები მიაწოდა.

6.4 სასამართლომ განმარტა, რომ სსკ-ის 420-ე მუხლის (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) დანაწესიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ სამხედრო მოსამსახურეთა კვებით უზრუნველყოფას ეხებოდა საქმე, და შესაძლო იყო მათი მოწამვლა გამოეწვია პროდუქტს, რაც ზიანის მომტანი იქნებოდა, როგორც მათივე ჯანმრთელობისათვის, ასევე - სახელმწიფოსათვის, მიზანშეწონილი არ იყო პირგასამტეხლოს შემცირება.

7. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

7.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საწარმომ, მოითხოვა გასაჩივრებული გადწაყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სამინისტროს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

7.2 აპელანტის მითითებით, პირგასამტეხლოს დაკისრება უნდა ემსახურებოდეს ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამორიცხვის პრევენციას და არა სადამსჯელო ღონისძიებას, შესაბამისად, ვინაიდან მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების (იხ. წინამდებარე განჩინების პირველი და მე-2 პუნქტები) პირობების დარღვევა ზიანის მომტანი არ ყოფილა, პირგასამტეხლომ დაკარგა პრევენციის დანიშნულება.

7.3 აპელანტმა პირგასამტეხლოს სახით 10 000 ლარის დაკისრებაზეც მიუთითა და აღნიშნა, რომ აღნიშნული შეუსაბამოდ მაღალია, რაც მნიშვნელოვან ფინანსურ ზიანს აყენებდა საწარმოს.

8. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

8.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აპელანტს, სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს - 5 000 ლარის გადახდა.

8.2 სააპელაციო სასამართლომ მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ უდავო ფაქტობრივ გარემოებებზე (იხ. წინამდებარე განჩინების 6.2-6.3 ქვეპუნქტები) და დამატებით მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივრით საწარმო სადავოდ არ ხდიდა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნებისა და სინჯის აღების აქტების სისწორეს (აღნიშნული აქტებით დადგენილია, რომ სინჯის სახით აღებული იქნა ძეხვი, სოსისი, ასევე - ყველი გაჭრილი და შეფუთული პოლიეთილენის პარკში, არაჟანი, მაწონი, ხაჭო, შემწვარი ძეხვი. ექსპერტიზის პასუხის მიხედვით ხორცპროდუქტები აკმაყოფილებდა გამოკვლეული პარამეტრების მნიშვნელობებით მეწარმე სუბიექტის სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს. ყველი (ობიექტი - 3), მაწონი (ობიექტი - 4), არაჟანი (ობიექტი - 6), შემწვარი ძეხვი (ობიექტი - 7), გამოკვლეული მიკრობიოლოგიური მაჩვენებლებით არ შეესაბამებოდა სანწდან 2.3.2.000.00-ით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ნიმუშები უვარგისი იყო საკვებად), მისი პრეტენზია შეეხებოდა დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულობას.

8.3 სასამართლოს განმარტებით, პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში - ე.წ. პრეზუმირებული მინიმალური ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე „ზეწოლის“ განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.

8.4 განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საწარმომ რიგ შემთხვევებში (იხ. წინამდებარე განჩინების 8.2 ქვეპუნქტი) ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა, თუმცა, არა იმ ხარისხისა და მოცულობის ხარვეზებით, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო დაკისრებული პირგასამტეხლოს სრულად დარიცხვის საფუძველი.

9. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

9.1 სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს, როგორც სამინისტრომ (პირველმა კასატორმა), აგრეთვე - საწარმომ (მეორე კასატორმა). პირველმა კასატორმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა, ხოლო მეორე კასატორმა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.

9.2 პირველმა კასატორმა საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ დადგენილ გარემოებებზე მითითებით განმარტა, რომ პირგასამტეხლოს შემცირების სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა, ვინაიდან, მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალების (პირგასამტეხლოს) გამოყენების თაობაზე (იხ. წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტი), ხოლო ვალდებულების დარღვევა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია.

9.3 ვალდებულების დარღვევის მიზნებისათვის, პირველმა კასატორმა, სასამართლოსათვის წარდგენილ მტკიცებულებებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნების საპირწონედ, მოპასუხის მიერ წარდგენილი დასკვნები არ იყო გასაზიარებელი, ვინაიდან არ მტკიცდებოდა, სინჯების აღებისათვის სათანადო წესების დაცვა. ამასთან, შპს „ე-“-მა ჩაატარა ფიზიკო-ქიმიური, ხოლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ -მიკრობიოლოგიური შემოწმება.

9.4 მეორე კასატორის საკასაციო პრეტენზიები მისივე სააპელაციო საჩივრის იდენტურია. ამასთან, კასატორის მტკიცებით, პირგასამტეხლოს დაკისრებული ოდენობა, კაბალურ მდგომარეობას უქმნის ისედაც მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში მყოფ საწარმოს.

10. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

10.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შემსყიდველისა და საწარმოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული საფუძვლები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული ზემოთ მითითებული საფუძვლით.

13. საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრები დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მათ არა აქვთ წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

15. სასამართლო საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობის შემდეგ არგუმენტებზე უთითებს:

15.1. სადავო საკითხზე არსებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს, რომლებიც ასახულია წინამდებარე განჩინების 8.2-8.4 ქვეპუნქტებში.

15.2. „საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იგივე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება“ - (იხ. სუსგ # ას-816-767-2015, 19.11.2015წ.).

15.3. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობაზე (იხ. წინამდებარე განჩინების 8.4 ქვეპუნქტი), და განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია, ერთის მხრივ, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის პრევენცია, ხოლო, მეორე მხრივ - განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურება, რაც წინამდებარე შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის პროპორციულადაა მიღწეული, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, არ არსებობს საწარმოსათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის კიდევ შემცირების, ან ხელშეკრულებით შეთანხმებული (იხ. წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტი) სრული ოდენობით დაკისრების საფუძველი.

16. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორებმა ვერ შეძლეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიების წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლიეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლეს მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მათი დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

18. პირველი კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის საფუძველზე. მეორე კასატორს, სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს "ქ-ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

3. შპს "ქ-ას" (ს/კ 4-) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ს. ქ–ის(პ/ნ 0-) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (გადახდის თარიღი 2017 წლის 23 მაისი), 70% – 210 (ორას ათი) ლარი;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე