საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ა-1649-შ-33-2018 20 ივნისი, 2018 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ლ. ს-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. კ-ა (მოპასუხე)
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და აღსრულებას მოითხოვს მხარე – ბელარუსის რესპუბლიკის, ქ. მინსკის მოსკოვის რაიონის სასამართლოს 2017 წლის 12 დეკემბრის, N2-7363/2017 დაუსწრებელი გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ლ. ს-სა (შემდეგში: მოსარჩელე, კრედიტორი ან შუამდგომლობის ავტორი) და ნ. კ-ას (შემდეგში: მოპასუხე, მოვალე ან მოწინააღმდეგე მხარე) შორის 2014 წლის 7 ნოემბერს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება (შემდეგში: ხელშეკრულება). ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა 12 500 აშშ დოლარი, რომლის დაბრუნების ვადად 2015 წლის 10 დეკემბერი განისაზღვრა.
2. მოვალემ ვალდებულება ნაწილობრივ შეასრულა, კერძოდ 2016 წლის 14 აგვისტოს მან გადაიხადა 50 აშშ დოლარი, 15.08.2016 წ. - 50 აშშ დოლარი, 23.08.2016 წ. - 50 აშშ დოლარი, 27.08.2016 წ. - 50 აშშ დოლარი, 11.09.2016 წ. - 50 აშშ დოლარი, ხოლო 17.09.2016 წ. - 500 000 არადომინირებული რუბლი.
3. კრედიტორმა სარჩელი აღძრა მოვალის წინააღმდეგ და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულება, კერძოდ, მოპასუხისათვის კრედიტორის სასარგებლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრული ძირითადი თანხის 12 200 აშშ დოლარისა და სასამართლო ხარჯების დაკისრება მოითხოვა.
4. ბელარუსის რესპუბლიკის, ქ. მინსკის მოსკოვის რაიონის სასამართლოს 2017 წლის 12 დეკემბრის, N2-7363/2017 დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (შემდეგში: უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება) დადგენილია, რომ მოპასუხე კანონით დადგენილი წესით იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის ადგილისა და დროის შესახებ. მოპასუხე საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა.
5. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მოსარჩელის ჩვენებითა და წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობა, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
6. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებით, კრედიტორის სარჩელი მოვალის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა:
6.1. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ხელშეკრულებით ნაკისრი ძირითადი თანხის - 12 200 აშშ დოლარის ეკვივალენტი, ბელარუსის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით, გადაწყვეტილების აღსრულების დღეს არსებული მონაცემებით;
6.2. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯების - 1 217 რუბლის ანაზღაურება სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის;
7. მოსარჩელემ, 2018 წლის 5 აპრილს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით, შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულება ითხოვა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 12 200 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში.
8. შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 აპრილის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული.
10. შუამდგომლობის წარმოებაში მიღების შესახებ განჩინების ასლი შუამდგომლობისა და თანდართული დოკუმენტების ასლებთან ერთად მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნა და განემარტა, რომ აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის განმავლობაში აქვს აზრის გამოთქმის უფლება, ასევე, მას შეუძლია, მოითხოვოს საქმის ზეპირი განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე.
11. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო უკუგზავნილით დასტურდება, რომ მოწინააღმდეგე მხარეს განჩინების ასლი შუამდგომლობისა და თანდართული დოკუმენტების ასლებთან ერთად 2018 წლის 17 მაისს პირადად ჩაბარდა.
12. მოწინააღმდეგე მხარეს, სასამართლოს მიერ, დადგენილ ვადაში, შუამდგომლობასთან დაკავშირებით, აზრი არ გამოუთქვამს და არც საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა მოუთხოვია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებისა და იძულებითი აღსრულების შესახებ დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.
13. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი და აღსასრულებელი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა (იხ. ამ განჩინების მე-8 პუნქტი).
14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის არ არის გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულება სამოქალაქო საქმეებზე სამართლებრივი დახმარების თაობაზე და ამიტომ წინამდებარე განჩინების დასაბუთებისას დაეყრდნობა „მინსკის კონვენციის“ მოწესრიგებას.
15. „მინსკის კონვენციის“ პირველი მუხლის პირველი ნაწილით, სამართლებრივი დაცვით სარგებლობენ კონვენციის ხელშემკვრელი მხარეების მოქალაქეები, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, ყველა სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიებზე თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების მიმართ სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები. დასახელებული ნორმის მე-2 ნაწილით კი, თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებს, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, უფლება აქვთ, თავისუფლად და დაუბრკოლებლად მიმართონ სხვა ხელშემკვრელი მხარეების სასამართლოებს, პროკურატურას და სხვა დაწესებულებებს (შემდეგში - იუსტიციის დაწესებულებები), რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეები, შეუძლიათ გამოვიდნენ იქ, იშუამდგომლონ, წარადგინონ სარჩელები და განახორციელონ სხვა პროცესუალური ქმედებები იმავე პირობებით, რითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები სარგებლობენ.
16. ამავე კონვენციის მე-3 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა აღიარება და იძულებითი აღსრულება, კერძოდ, 51-55 მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა აღიარებისა და იძულებითი აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები, შესაბამისად, სწორედ ამ ფარგლებით განისაზღვრება საკასაციო სასამართლოს მსჯელობა.
17. განსახილველ შემთხვევაში, მოთხოვნილია უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარება და აღსრულება, რომლითაც მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 12 200 აშშ დოლარის ეკვივალენტის გადახდა დაეკისრა ბელარუსის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით გადაწყვეტილების აღსრულების დღეს არსებული მონაცემებით (იხ. 6.1 პუნქტი).
18. საქმის მასალებში წარმოდგენილი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებისა და ცნობების მიხედვით დგინდება, რომ მოპასუხე კანონით დადგენილი წესით იქნა ინფორმირებული სასამართლო განხილვის შესახებ, თუმცა, ის სხდომაზე არ გამოცხადდა, რამაც მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა განაპირობა.
19. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქმის ზეპირი განხილვა არ მოხდება, თუ მხარეები ამას არ მოითხოვენ. მოპასუხეს შუამდგომლობის გადაცემისას უნდა განემარტოს, რომ მას აქვს აზრის გამოთქმის უფლება. მას აგრეთვე უნდა განემარტოს, რომ საქმის ზეპირი განხილვა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ის ამას მოითხოვს. ამ მიზნით საკასაციო სასამართლომ გამოიყენა სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი საპროცესო შესაძლებლობა, რათა მოპასუხისათვის ჩაებარებინა განსახილველი შუამდგომლობა, თანდართულ მასალებთან ერთად (იხ. წინამდებარე განჩინების მე-11 პუნქტი). მოპასუხეს არ მოუმართავს შუამდგომლობით ან რაიმე სხვა სახის მოთხოვნით საკასაციო სასამართლოსათვის, შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოხსენებული სპეციალური კანონის 68-ე და 70-ე მუხლების წინაპირობები დაცულია და დასაბუთებულია შუამდგომლობა საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღიარებისა და აღსრულების შესახებ, რის გამოც იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
20. სპეციალური კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
21.ზემოხსენებულ პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი და არც შუამდგომლობაში მითითებულ მოწინააღმდეგე მხარეს - მოპასუხეს წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება ან მოსაზრება.
22. სპეციალური კანონის 70-ე მუხლის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე წარმოდგენილი შუამდგომლობის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება, ხოლო 71-ე მუხლის თანახმად, შუამდგომლობის ავტორს საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულებისათვის, წარმოდგენილი აქვს კანონით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი და ცნობა.
23. „მინსკის კონვენციის“ 54.2-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო წარმოდგენილ შუამდგომლობას განიხილავს კონვენციით გათვალისწინებული პირობების ფარგლებში და მიაჩნია, რომ დაცულია საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი წინაპირობები უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებისა და იძულებითი აღსრულების შესახებ. ამავე კონვენციის 54.3-ე მუხლით დადგენილია, რომ “იძულებითი აღსრულების წესი განისაზღვრება იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც უნდა განხორციელდეს იძულებითი აღსრულება“ .
24.ზემოხსენებული სამართლებრივი საფუძვლები წარმოდგენილი შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესაძლებლობას იძლევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 51-55-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, 68-ე, 70-ე, 71-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. ს-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებულ იქნეს და აღსრულდეს ბელარუსის რესპუბლიკის, ქ. მინსკის მოსკოვის რაიონის სასამართლოს 2017 წლის 12 დეკემბრის, N2-7363/2017 დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზე ნ. ი-ის ასულ კ-ას (მცხ. საქართველო, გარდაბანი, სოფელი ბოტანიკა) ლ. ვ-ის ასულ ს-ის (მცხ. ბელარუსის რესპუბლიკა, ქ. მინსკი, ლიუბიმოვას გამზირი, სახლი 41, ბინა 112) სასარგებლოდ დაეკისრა ხელშეკრულებით ნაკისრი ძირითადი თანხის 12 200 აშშ დოლარის ეკვივალენტის გადახდა ბელარუსის ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით, გადაწყვეტილების აღსრულების დღეს არსებული მონაცემებით;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე