საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ა-1903-შ-45-2018 25 ივნისი, 2018 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი –ე. ლ-უ
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – საბერძნეთის, სალონიკის სასამართლოს 2016 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება N1354E/2016
დავის საგანი – სახელის შეცვლა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საბერძნეთის, სალონიკის სასამართლოს 2016 წლის 11 ნოემბრის N1354E/2016 გადაწყვეტილებით (შემდეგში: უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება) მენემენის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში რეგისტრირებულ დაბადების მოწმობაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ე. ლ-უს (შემდეგში: განმცხადებელი ან შუამდგომლობის ავტორი) შეეცვალა სახელი და იწოდება, როგორც ხ. ლ-უ.
2. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ განმცხადებელი 1982 წლის 25 დეკემბერს საქართველოს რესპუბლიკის (ყოფილი საბჭოთა კავშირის) თეთრიწყაროს რაიონის, სოფელ ირაგაში დაიბადა. მისი დაბადების აქტი #5 რეგისტრირებულია ირაგას სასოფლო საბჭოში, გაცემულია დაბადების მოწმობა V-TИ #378122. განმცხადებლის დაბადების მოწმობაში საკუთარი სახელი მითითებულია „ე-“ ნაცვლად სახელისა „ხ-“, როგორც ერქვა ბებიას (მამის მხრიდან). თუმცა, სახელი „ხ-“ შუამდგომლობის ავტორს 1988 წლის 28 აგვისტოს ნათლობის შემდეგ დაერქვა, საქართველოს რესპუბლიკის ქ. თბილისის წმინდა სამების ეკლესიაში მართლმადიდებლური ეკლესიის წესებით.
3. განმცხადებლის წარმომადგენელმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ითხოვა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა, სახელის შეცვლის თაობაზე, რათა კანონით დადგენილი წესით შესაბამისი ცვლილება შევიდეს იმ აქტებსა და დოკუმენტებში, რომელნიც საჭიროებენ აღნიშნულ ცვლილებას.
4. შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაშია შესული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და დაასკვნა, რომ განმცხადებლის შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
5. საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებით უდავო წარმოების წესითაა დადგენილი წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული გარემოება პირის სახელის შეცვლის თაობაზე, კერძოდ, ე. ლ-უს ნაცვლად განმცხადებელი იწოდება, როგორც ხ. ლ-უ.
6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
7. ამ განჩინების მე-6 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს საქმის მასალების მიხედვით, შესაბამისად, შუამდგომლობის დასაკმაყოფილებლად კანონით გათვალისწინებული საფუძვლები დასაბუთებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, 68-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე. ლ-უს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი იქნეს საბერძნეთის, სალონიკის სასამართლოს 2016 წლის 11 ნოემბრის N1354E/2016 გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზე მენემენის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში რეგისტრირებულ დაბადების მოწმობაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ე. ლ-უს შეეცვალა სახელი და იწოდება, როგორც ხ. ლ-უ;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე