Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ა-2401-შ-65-2018 19 ივნისი, 2018 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ა. ტ-ი (ქალიშვილობის გვარი ნ-ა) (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი. ტ-ი (მოპასუხე)

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – პოლონეთის რესპუბლიკის, ქალაქ პოზნანის საოლქო სასამართლოს XVIII სამოქალაქო განყოფილების 2016 წლის 20 დეკემბრის C 617/15 განაჩენი

დავის საგანი – განქორწინება, ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. პოლონეთის რესპუბლიკის ქალაქ პოზნანის საოლქო სასამართლოს XVIII სამოქალაქო განყოფილების 2016 წლის 20 დეკემბრის C 617/15 განაჩენით (შემდეგში: უცხო ქვეყნის სასამართლოს განაჩენი) გაუქმდა 2010 წლის 16 ნოემბერს ქ. პოზნანის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ, ა. ტ-სა (ქალიშვილობის გვარი ნ-ა; შემდეგში: მოსარჩელე, განმცხადებელი ან შუამდგომლობის ავტორი) და ი. ტ-ს (შემდეგში: მოპასუხე) შორის რეგისტრირებული ქორწინება #2969/2010. ამავე განაჩენით მოპასუხეს მეურვის უფლებები შეეზღუდა, ბავშვის ნახვის დღეები განესაზღვრა და, მოსარჩელის სასარგებლოდ, არასრულწლოვანი შვილის - ა. ე. ტ-ის (დაბ. 27.03.11წ.) რჩენისათვის ყოველთვიურად 500 (ხუთასი) ზლოტის გადახდა დაეკისრა.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2018 წლის 24 მაისს შუამდგომლობით მომართა განმცხადებლის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა და უცხო ქვეყნის სასამართლოს განაჩენის, მხოლოდ განქორწინების ნაწილში, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა მოითხოვა.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, აპოსტილით დამოწმებული სასამართლოს განაჩენითა და თავად შუამდგომლობის ავტორის განცხადებით, დადასტურებულია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი უცხო ქვეყნის სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია შესული 2017 წლის 31 ივლისიდან.

4. უცხო ქვეყნის სასამართლოს განცხადებით დასტურდება, რომ მოსარჩელე ინფორმირებული იყო სასამართლოს მიერ საქმესთან დაკავშირებულ ყველა პროცესსა და გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მოპასუხეს, სასამართლოს მხრიდან იყო რამდენიმე მცდელობა, ბელარუსის სასამართლოს შუამავლობით, მისთვის სასამართლო უწყება გადაეცათ, მაგრამ ყველა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან მოპასუხე ბელარუსის სასამართლოს არც ერთ გამოძახებაზე არ გამოცხადდა. ბელარუსის მხარის განცხადებით პოლონეთის სასამართლოსათვის ცნობილი მისამართი მოპასუხის მუდმივი საცხოვრებელი მისამართი არ იყო. აქედან გამომდინარე, 2016 წლის 15 ივლისის დადგენილებით, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო მის კურატორად მ. რ-ი დაინიშნა. 2016 წლის 8 აგვისტოს კურატორს გადაეცა სასამართლოს უწყებები და სასამართლოს დახურულ სხდომაზე იმავე წლის 18 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილება მოპასუხისათვის ფულადი ვალდებულების დაკისრების თაობაზე.

5. შუამდგომლობაზე დართული პასპორტების ასლებით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი და მისი არასრულწლოვანი შვილი საქართველოს მოქალაქეები არიან.

6. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ივნისის განჩინებით განმცხადებლის შუამდგომლობა მიღებულია განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, უცხო ქვეყნის სასამართლოს განაჩენს, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ განმცხადებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

7. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ სარჩელი აღძრა მოსარჩელემ მეუღლის წინააღმდეგ და მოპასუხეს სარჩელის საწინააღმდეგო მოსაზრება არ გამოუთქვამს.

8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

9. ამ განჩინების მე-8 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი.

10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ტ-ის (ქალიშვილობის გვარი ნ-ა) შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს პოლონეთის რესპუბლიკის, ქალაქ პოზნანის საოლქო სასამართლოს XVIII სამოქალაქო განყოფილების 2016 წლის 20 დეკემბრის C 617/15 განაჩენი იმ ნაწილში, რომლითაც გაუქმდა 2010 წლის 16 ნოემბერს ქ. პოზნანის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ, ა. ტ-სა (ქალიშვილობის გვარი ნ-ა) და ი. ტ-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება #2969/2010;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე