საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-108-108-2018 18 მაისი, 2018 weli,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - თ. ლ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ლ-ი“(მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სს „ლ-სა“ (შემდეგში: მოსარჩელე, კრედიტორი, ბანკი) და თ. ლ-ეს (შემდეგში: მოპასუხე, მოვალე ან კასატორი) შორის, 2015 წლის 9 მარტს, დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (შემდეგში: ხელშეკრულება) № 949253, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა კრედიტი 8 000 ლარის ოდენობით. ხელშეკრულებით დადგინდა შემდეგი საკითხები - წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 54% ს, კრედიტის ვადა განისაზღვრა 2015 წლის 9 სექტემბრამდე, ხოლო პირგასამტეხლო - 0,5%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (ტ.1.ს.ფ. 13-19).
2. მოპასუხემ ზემოხსენებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად (ტ.1, ს.ფ.19-25).
3. ძირითადი ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, მხარეთა შორის დაიდო გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საგანსაც წარმოადგენდა ავტოსატრანსპორტო საშუალება (Nissan Fuga; სახელმწიფო ნომრით - B-; გირავნობის საგნის სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი - A-; ტ.1.ს.ფ.53-57).
4. სარჩელის საფუძვლები
4.1. კრედიტორმა 2016 წლის 2 აგვისტოს სარჩელით მიმართა სასამართლოს, მოითხოვა მოვალისათვის 5 579 ლარის დაკისრება, აღნიშნულის საფუძვლად წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებზე მიუთითა.
4.2. მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 27 ივნისიდან შეწყვიტა ხელშეკრულება. აღნიშნული დროისთვის მოპასუხის მიმდინარე დავალიანება შეადგენდა - ძირითადი თანხა - 5 301 ლარს, პროცენტი - 166.95 ლარს და ჯარიმა- 111.34 ლარს, ხოლო სარჩელის დაზუსტების შემდეგ, საბოლოოდ 5 301 ლარი მოითხოვა.
4.3. ასევე, კრედიტორმა მხარეთა შეთანხმებაზე მითითებით, (იხ. ძირითადი ხელშეკრულების 10.2 ქვეპუნქტი) იშუამდგომლა სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.
5. მოპასუხის შესაგებელი
5.1 მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით ნაწილობრივ ცნო სარჩელი და განმარტა, ზემოაღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად მხარეთა შორის დამატებით გირავნობის ხელშეკრულება გაფორმდა, გირავნობის საგანი შეფასდა 12 025 ლარად (ტ.1, ს.ფ.53-57).
5.2 მოვალემ ვერ შეძლო გრაფიკით გათვალისწინებული საპროცენტო სარგებლის გადახდა, რის გამოც გირავნობის საგანი გადასცა კრედიტორს, თუმცა, აღნიშნული საგანი აუქციონზე 3 700 აშშ დოლარად (8 500 ლარად) გასხვისდა, რაც სრულად ფარავდა სესხის თანხას, რის გამოც 2015 წლის ივლისიდან, მას ჯარიმა და საპროცენტო სარგებელი არ უნდა დარიცხვოდა.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
6.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით კრედიტორის სარჩელი დაკმაყოფილდა, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ მოპასუხეს 5 301 ლარის გადახდა დაეკისრა.
6.2 სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 361-ე, 400-ე, 623-ე, 867-ე მუხლებით და განმარტა:
6.2.1. სსკ-ის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. იმავე კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი;
6.2.2. სასამართლომ სსკ-ის 361.2-ე და მე-400 მუხლების საფუძველზე განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში ბანკსა და მოპასუხეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული პირობებით;
6.2.3. დადგენილია რომ მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება (იხ. წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტები), რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. მოსარჩელის შუამდგომლობა (იხ. ამ განჩინების 4.3 ქვეპუნქტი) არ დაკმაყოფილდა იმ დასაბუთებით, რომ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა, თავისი შინაარსით, ემსახურება მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, მოსარჩელის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის დაცვას აღუსრულებლობისაგან, რათა სააპელაციო ან საკასაციო საჩივრით მოპასუხე მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, არ მოხდეს გადაწყვეტილების აღუსრულებელ გადაწყვეტილებად ქცევა, რითაც ფაქტიურად აზრი დაეკარგება მოსარჩელის უფლებების სასამართლო გზით დაცვას. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა, თუ რამ განაპირობა მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა, რამაც შემდგომში შესაძლოა გააძნელოს მისი აღსრულება.
7. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
7.1 მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
7.2 აპელანტის მტკიცებთ, სასამართლომ არ დაადგინა ის გარემოება, რომ გირავნობის საგნის რეალიზაცია მოხდა 7 064 ლარად (ტ.1, ს.ფ.81-83), ამასთან, რეალიზაციამდე კრედიტორს უკვე ჰქონდა მიღებული 3 თვის თანხა, რაც გამორიცხავდა სასარჩელო მოთხოვნის იმ ოდენობით დაკმაყოფილებას, რასაც კრედიტორი მოითხოვდა.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
8.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ნოემბრის განჩინებით მოვალის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
8.2 სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ქვემდგომი სასამართლოს მსჯელობა, რომ მოვალემ არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც ბანკმა მოახდინა გირავნობის საგნის რეალიზაცია. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა, წარდგენილი გირავნობის ხელშეკრულების 8.3 პუნქტის საფუძველზე, რომ მხარე ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებისაგან არ გათავისუფლდებოდა, ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, ამგვარი ვალდებულების იძულებით ან ნებაყოფლობით შესრულების მომენტამდე. სააპელაციო სასამართლომ, გაიზიარა ქვემდგომი სასამართლოს დასკვნა გირავნობის საგნის კრედიტორის მიერ რეალიზაციასთან დაკავშირებით, რამაც 7064 ლარი (პროცენტი - 3 875 ლარი; ძირითადი თანხა - 2 699 ლარი; ხარჯები - 486 ლარი) შეადგინა და დამატებით განმარტა:
8.2.1. გირავნობის საგნის რეალიზაციამდე აპელანტს სულ 6 გადახდა აქვს, აქედან - 2015 წლის 27 მარტს - 384 ლარი; 2015 წლის 14 მაისს - 200 ლარი (მ.შ. 120 ლარი პირგასამტეხლოა; 80 ლარი - პროცენტი); იმავე წლის 17 მაისს - 300 ლარი (80 ლარი პირგასამტეხლოა; 220 ლარი - პროცენტი); 10 ივნისს - 347 ლარი (მთლიანად როგორც პროცენტი); 11 ივლისს - 400 ლარი (აქედან 40 ლარი პირგასამტეხლოა; 358 ლარი - პროცენტი); 26 აგვისტოს - 640 ლარი (მთლიანად როგორც პირგასამტეხლო);
8.2.2. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან სესხის მთლიანი ოდენობიდან (დასარიცხი სარგებლის გამოკლებით) ძირითადი თანხა შეადგენდა 8 000 ლარს, ხოლო გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხიდან დაფარულმა ძირითადი თანხის ოდენობამ შეადგინა 2 699 ლარი, შესაბამისად დარჩენილი ვალდებულება შეადგენს (8 000 – 2 699 = 5 301) 5 301 ლარს.
8.3. ზემოხსენებული მოტივაცია დაედო საფუძვლად მოვალის სააპელაციო საჩივრის უარყოფას
9. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
9.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, კრედიტორი სარჩელის უარყოფა.
9.2. საკასაციო საჩივრის საფუძვლები მოპასუხის შესაგებელსა და სააპელაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიების იდენტურია (იხ. წინამდებარე განჩინების 5.1.-5.2 და 7.1-7.2 ქვეპუნქტები).
10. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
10.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 მარტის განჩინებით მოვალის (მოპასუხის) საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
12. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება.
13. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი შედავება არ წარმოუდგენია.
14. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მხარეთა შორის დადებულია საბანკო კრედიტის ხელშეკრულება [სსკ-ის 867-ე მუხლი - საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით; სსკ-ის 623 მუხლის შესაბამისად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი], რომელიც უზრუნველყოფილია გირავნობის საგნით (იხ. სსკ-ის 254-ე მუხლი).
15. საკასაციო სასამართლო ზემოხსენებული ნორმებისა და სსკ-ის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე „ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას“, ამავე კოდექსის მე-400 მუხლის „ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულების შეუსრულებლობა“ თანახმად განმარტავს, რომ წინამდებარე შემთხვევაში უდავოდ არის დადგენილი, რომ მოვალემ გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში არ გადაიხადა ხელშეკრულებით შეთანხმებული პროცენტი, რის გამოც კრედიტორმა სესხის ხელშეკრულების 9.3.3 ქვეპუნქტისა (იხ. სესხის ხელშეკრულება, ტ.1, ს.ფ.17) და გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე მოახდინა გირავნობის საგნის რეალიზება (იხ. სსკ-ის 283-ე მუხლი). აღსრულების შედეგად ამოღებული თანხით დაიფარა როგორც ვადაგადაცილებისათვის არსებული დავალიანება პროცენტისა და პირგასამტეხლოს სახით, აგრეთვე -აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო დარჩენილი თანხით - 2699 ლარით - დაიფარა სესხის ძირითადი თანხის ნაწილი (იხ. წინამდებარე განჩინების 8.2 და 8.2.2 ქვეპუნქტები), რომელიც არ ფარავს ხელშეკრულებით გაცემული მთლიანი კრედიტის ოდენობას.
16. აღსანიშნავია, რომ მხარეთა შორის არსებული სესხის ხელშეკრულების 9.3.1 ქვეპუნქტის [პროცენტისა და პირგასამტეხლოს დარიცხვა გრძელდება და გადახდას ექვემდებარება იძულებითი ან მსესხებლის მიერ ნებაყოფლობითი აღსრულების მომენტისათვის გაანგარიშებული თანხით, არსებული დავალიანების გადახდის მიზნით], გირავნობის ხელშეკრულების 7.4 ქვეპუნქტის [თუ გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად, რეალიზაციიდან მიღებული თანხა არ არის საკმარისი ძირითადი ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლის ფულადი ვალდებულებების სრულად დასაფარად. დამგირავებელი იღებს ვალდებულებას გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად მსესხებლის მიმართ წარმოშობილი ფულადი ვალდებულების რეგრესის წესით მოთხოვნა განახორციელოდ მხოლოდ მას შემდეგ, რაც სრულად იქნება დაკმაყოფილებული ბანკის წინაშე არსებული ძირითადი ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლის ფულადი ვალდებულებები]და 8.3 ქვეპუნქტის [გირავნობის ხელშეკრულების სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტა არ ათავისუფლებს დამგირავებელს გირავნობის ხელშეკრულებით ნაკისრი ან/და კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებისაგან (მათ შორის თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დაფარვისათვის) ამგვარი ვალდებულებების იძულებითი ან ნებაყოფლობითი შესრულების მომენტამდე] შესაბამისად, გირავნობის საგნის რეალიზებიდან დაიფარებოდა არსებული დავალიანება, და იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ვერ ამოწურავდა მთლიან ვალს, ვალდებულება არ შეწყდებოდა, კრედიტორი კი უფლებამოსილი რჩებოდა დამატებით მოეთხვა მოვალისაგან ვალდებულების შესრულება (ტ.1, ს.ფ. 17; 56), რაც სსკ-ის 319-ე და 327-ე მუხლების საფუძველზე შეთანხმდა მხარეთა შორის. აქედან გამომდინარე მოვალის (კასატორის) პრეტენზიები დაუსაბუთებელია, რაც მათი უარყოფის საფუძველია.
17. „სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.... ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული“ (იხ. სუსგ # ას-1232-1155-2015,27.01.2016წ.).
18. განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ მხარეთა შორის დადებული გარიგება წარმოადგენს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებას და მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმაც, სსკ-ის 867-ე მუხლთან ერთად, 623-ე მუხლია, რადგან საბანკო კრედიტი სწორედ სესხის ხელშეკრულების სპეციალური სახეა. ამ შემთხვევაში, მსესხებელს წარმოეშვა ვალდებულება, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულოს ვალდებულება (შდრ. სუსგ # ას-61-59-2014, 17.06.2016წ.). მხარეებმა სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში ნების თავსიუფალი გამოვლენის საფუძველზე გაითვალისწინეს გირავნობის ხელშეკრულებაში 8.3 ქვეპუნქტი (იხ. წინამდებარე განჩინების მე-16 პუნქტი), რაც კასატორის პრეტენზიას საფუძველს აცლის.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს მოვალის საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.
20. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. ლ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. თ. ლ-ეს (პ/ნ 0-) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დ. ხ-ის (პ/ნ 0-) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალებები N0, გადახდის თარიღი 2018 წლის 18 იანვარი და 2018 წლის 27 თებერვალი), 70% – 210 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე