Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-185-185-2018 4 მაისი, 2018 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – მ. თ-ი, ნ. მ–ი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ''მ-ი'' (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, ქუჩა გ-ი/ა-ის, №1-ა/5, ს/კ:0- არის შპს „მ-ის“ (შემდეგში: მოსარჩელე, მესაკუთრე) საკუთრება. უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს - განკარგულება № A15002785-019/001, დამოწმების თარიღი: 06/05/2016 და განკარგულება № A15002785-019/002, დამოწმების თარიღი 16/05/2016 (ტ.1, ს.ფ.13-14).

2. აღნიშნულ უძრავ ქონებას ფლობენ მ. თ-ი, ნ. მ-ი და გ. თ-ი (შემდეგში: მოპასუხეები, აპელანტები ან კასატორები).

3. სარჩელის საფუძვლები

3.1 მესაკუთრემ 2016 წლის 5 ივლისს სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ, მოითხოვა მათი უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა და მესაკუთრისათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებში დასახელებულ გარემოებებზე დაყრდნობით.

3.2 მოსარჩელემ იშუამდგომლა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა.

4. მოპასუხის შესაგებელი

4.1 მოპასუხეებმა წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

5.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა უძრავი ქონება და მესაკუთრეს თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა.

5.1.1 მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

5.2 საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 168-ე, 170-ე, 172-ე, 183-ე, 311-ე, 312-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-4, 102-ე, 268-270-ე მუხლებით და განმარტა, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

5.3 საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე უძრავი ქონების მესაკუთრეა, ხოლო მოპასუხეებს არ წარუდგენიათ იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ უძრავ ქონებას ფლობენ კანონიერად. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხეებთან მიმართებით. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები.

5.4 მოსარჩელის შუამდგომლობა, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ, არ დაკმაყოფილდა შემდეგი გარემოების გამო: მოსარჩელე მიუთითებდა მხოლოდ საპროცესო ნორმაზე, რომელიც ადგენს სასამართლოს უფლებამოსილებას, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება, თუმცა, მოსარჩელეს არ დაუსაბუთებია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის აუცილებლობა და სსსკ-ის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოების არსებობს, რის გამოც შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

6. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

6.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

6.2 აპელანტების მითითებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხეები ფლობენ სადავო საცხოვრებელ სახლს. მათი განმარტებით, ისინი საზღვარგარეთ ცხოვრობენ, რაც არ გაითვალისწინა სასამართლომ, უფრო მეტიც, სასამართლომ თვითონ მოიძია უძრავი ქონების ფლობის დამადასტურებელი გარემოება და მიუთითა, რომ მოპასუხეები აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობდნენ, ვინაიდან სასამართლო უწყება მათთვის გადასაცემად მეზობელმა ჩაიბარა. მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მოპასუხეების მიერ უძრავი ქონების ფლობის ფაქტი, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

7.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 დეკემბრის განჩინებით, მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

7.2 სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები და მათი სამართლებრივი შეფასება და მიუთითა მათზე (სსსკ-ის 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი). დადგენილი იყო, რომ სადავო უძრავი ქონება საკუთრების უფლებით აღრიცხული იყო მოსარჩელის სახელზე და მოპასუხეები სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობდნენ მას.

7.3 სასამართლომ აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერით დადასტურებულია, რომ უძრავი ქონება საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოსარჩელის სახელზე. აპელანტებს არ მიუთითებიათ კანონით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით სადავო უძრავი ქონების მართლზომიერი ფლობის თაობაზე და ამ გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებაზე, შესაბამისად, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ აპელანტები არ წარმოადგენდნენ მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრირებული ქონების მართლზომიერ მფლობელებს და მათ არ გააჩნდათ ამ ქონების დაკავების უფლება.

7.4 სააპელაციო პრეტენზიის პასუხად, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე განმარტა, რომ 2017 წლის 9 ნოემბერს სასამართლოს მიერ აპელანტისათვის- გ. თ-ის სახელზე გაგზავნილი უწყება, მისამართზე ქ. თბილისი, ქუჩა გ-ი/ა-ის, №1-ა/5, იმავე წლის 10 ნოემბერს ჩაიბარა ადრესატის მამამ - მ. თ-მა, რომელიც ასევე განსახილველი დავის მხარეა- აპელანტია. სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული ადასტურებდა აპელანტების მიერ სადავო უძრავი ქონების ფლობის ფაქტს, ამასთან, ამ უკანასკნელებმა ვერ მიუთითეს რაიმე მტკიცებულებაზე, რომელიც სადავო ქონებაზე მათი არამართლზომიერი მფლობელობის ფაქტს გამორიცხავდა.

8. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

8.1 მოპასუხეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 დეკემბრის განჩინება, მისი გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსათვის საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვეს.

8.2 საკასაციო პრეტენზიები სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებების იდენტურია. კასატორები დამატებით უთითებენ, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა ნორმა და არასწორად დაადგინა, მოპასუხეთა მიერ სადავო ქონების ფლობის ფაქტი.

8.3 კასატორთა მტკიცებით, სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ თავად განაცხადა მოპასუხეთა საზღვარგარეთ ყოფნის ფაქტი, შესაბამისად, მესაკუთრემ თვითონვე გამორიცხა, რომ მოპასუხეები მის ნივთს ფლობდნენ, აღნიშნული კი საფუძველს აცლის სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხეთა გამოსახლების თაობაზე.

9. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

9.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 თებერვლის განჩინებით მოპასუხეთაგან: მ. თ-ისა და ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

9.2 იმავე წლის 15 თებერვლის განჩინებით, გ. თ-ს, საკასაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, დაევალა, განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა, მის მიერ ფიქრია მახარაძისათვის მინიჭებული მინდობილობა, რომელშიც მითითებული იქნებოდა, რომ მარწმუნებლის სახელით წარმომადგენელს ჰქონდა საკასაციო საჩივრის შეტანის უფლება/გასაჩივრების უფლება ან - მხარეს წარმოედგინა საკასაციო საჩივარი, ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ.

9.3 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 აპრილის განჩინებით გ. თ-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, განჩინებით დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წინამდებარე განჩინების 9.1 ქვეპუნქტში დასახელებულ მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

12. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია:

15.1 სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

15.2 ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

15.3 განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხეები წარმოადგენენ სადავო უძრავი ქონების მფლობელებს. მათ სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლეს კუთნილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსთვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მათი მფლობელობის მართლზომიერება.

16. ზემოაღნიშნულთან ერთად, საკასაციო სასამართლო კასატორების პრეტენზიებთან მიმართებით, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას, რომ მოპასუხეები უსაფუძვლოდ ფლობდნენ სადავო ქონებას. აღსანიშნავია, ის გარემოება, რომ მოპასუხეებმა, თავიანთ შესაგებელში, რომელიც წარდგენილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის მიხედვით, თვითონვე მიუთითეს, ძირითად მისამართად (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი) სადავო ქონების მისამართი (ქ. თბილისი, ქუჩა გ-ი/ა-ის, №1-ა/5, ს/კ:0-), შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინებით სავსებით სწორადაა დადგენილი ის ფაქტი, რომ მოპასუხეები ფლობდნენ სადავო ქონებას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ. ამასთან, კასატორები უთითებენ, რომ საქმის წარმოების ეტაპზე ისინი საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ, რაც გამორიცხავს სადავო ქონების ფლობას და, შესაბამისად, სადავო ქონებიდან მათი გამოსახლების თაობაზე სარჩელის საფუძვლიანობას. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს: ის ფაქტი, რომ უკანონო მფლობელი კონკრეტულ პერიოდში არ იმყოფება სადავო უძრავი ქონების ადგილსამყოფელ მისამართზე (მით უფრო იმის გათვალისწინებით, როდესაც შესაგებელში თვითონვე უთითებს აღნიშნულს საკუთარ ფაქტობრივ მისამართად) არ გამორიცხავს, რომ მესაკუთრეს ხელი ეშლებოდეს საკუთრებით სარგებლობაში, უკანონო მფლობელის მიერ ნივთის დაკავების გამო. თავად ის ფაქტიც, რომ სააპელაციო საჩივრითაც და საკასაციო საჩივრის პრეტენზიებითაც, კასატორებს სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით არ მიუთითებიათ, რომ არასათანადო მოპასუხეს წარმოადგენდნენ, ან მათსა და მოსარჩელეს შორის არ არსებობდა დავის საგანი, ან არსებობდა სხვა გარემოება, რომელიც გამორიცხავდა სარჩელის საფუძვლიანობას, ადასტურებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ გარემოებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრეა და კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულია მესაკუთრედ, ხოლო მოპასუხეები ამ ქონების არამართლზომიერ მფლობელებს წარმოადგენენ, რაც თავის მხრივ სარჩელის დასაბუთებულობაზე მიუთითებს.

17. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ-ები: #ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; # ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; # ას- 3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება; #ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; #ას-292-276-2017, 2017 წლის 31 მარტის განჩინება; #ას-358-334-2017, 2017 წლის 13 აპრილის განჩინება).

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.

19. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, კასატორებს დაუბრუნდებათ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. თ-ის და ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. მ. თ-ს (პ/ნ 0-) და ნ. მ-ს (პ/ნ 0-) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე ქ. მ-ის (პ/ნ 0-) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 2018 წლის 29 იანვარი), 70% – 210 (ორას ათი) ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე