საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-267-267-2018 4 მაისი, 2018 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „პ-ი“ (განმცხადებელი)
მოწინააღმდეგე მხარე – რ. ქ-ე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს ბრძანების ძალაში დატოვება
დავის საგანი – ლიზინგის საგნის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 ივნისის ბრძანებით შპს „პ-ის“ (შემდეგში: განმცხადებელი, საწარმო, ლიზინგის გამცემი, კერძო საჩივრის ავტორი) განცხადება რ. ქ-ის (შემდეგში: მოპასუხე, ლიზინგის მიმღები) წინააღმდეგ დაკმაყოფილდა და ამ უკანასკნელის მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება-FORD, სახელმწიფო ნორმით: X- ლიზინგის საგნის გამცემს დაუბრუნდა.
2. მოპასუხემ კერძო საჩივრით მოითხოვა ზემოხსენებული ბრძანების გაუქმება, რაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 სექტემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა, შესაბამისად, გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 ივნისის ბრძანება და ლიზინგის გამცემი საწარმოს განცხადება მისთვის ლიზინგის მიმღების მფლობელობაში არსებული ავტომანქანის (ლიზინგის საგნის) დაბრუნების თაობაზე არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ.45-54).
3. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მხარეთა შორის დაიდო სესხის და არა ლიზინგის ხელშეკრულება. სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის 16 ოქტომბერს საწარმომ მოპასუხეს ასესხა 9075 ლარი, ხელშეკრულება დაიდო 2 წლით და წლიური სარგებელი განისაზღვრა 20 %-ით. ამ ვალდებულების უზრუნველსაყოფად საწარმომ თავის საკუთრებად აღრიცხა ავტომობილი, თუმცა, სესხისა და საკუთრების უზრუნველმყოფი გადაცემის ხელშეკრულების ნაცვლად, მხარეებმა ხელი მოაწერეს ე.წ. ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულებას.
4. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 52-ე მუხლზე დაყრდნობით მხარეთა მიერ 2013 წლის 16 ოქტომბრის ხელშეკრულებაში გამოვლენილი ნება, გონივრული განმარტების საფუძველზე, მიიჩნია სესხის ხელშეკრულებაზე შეთანხმებად.
4.1. სასამართლომ სსკ-ის 576.1-ე მუხლი მოიხმო: „ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს სარგებლობაში გადასცეს განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით, ამ ქონების შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე, ხოლო ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით, იმ პირობით, რომ: ა) ლიზინგის მიმღები განსაზღვრავს ქონებას და ირჩევს მიმწოდებელს, რომლისგანაც ხდება ქონების შესყიდვა ან მისი სხვაგვარად მიღება; ბ) ლიზინგის გამცემი ქონებას იძენს ლიზინგით გასაცემად და მიმწოდებლისთვის ეს ფაქტი ცნობილია“ და განმარტა: დასახელებული ხელშეკრულება, შინაარსობრივად, შერეული ხელშეკრულებაა და თავის თავში მოიცავს შუამავლობას, ნარდობას, ქირავნობასა და ნასყიდობას. ამ ხელშეკრულების საფუძველზე ლიზინგის მიმღები ირჩევს ქონებას, რომლის აღებაც ლიზინგით სურს და, ასევე - მიმწოდებელს, რომლისგანაც ქონება უნდა მიიღოს. ამის შემდეგ, ლიზინგის გამცემი მიმწოდებლისაგან იძენს ამ ქონებას. შეძენილ ქონებას ლიზინგის გამცემი ლიზინგის მიმღებს სარგებლობაში გადასცემს, რისთვისაც ეს უკანასკნელი საზღაურს (ქირას) იხდის, შესაძლებელია ქონების შეძენის უფლებაც ჰქონდეს. ამრიგად, ლიზინგის ხელშეკრულების საგანი არის ქონება, ჩვეულებრივ - ნივთი და ლიზინგის მიმღების ძირითადი ინტერესი ამ ქონებით სარგებლობა და სარგებლობისათვის ქირის გადახდაა. სწორედ ამიტომ ზოგიერთ ქვეყანაში ამ ხელშეკრულებას „ფინანსური ლიზინგის“ ხელშეკრულებას უწოდებენ, რითაც ლიზინგსა და ქირავნობას შორის განსხვავებას უსვამენ ხაზს;
4.2. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სსკ-ის 580-ე მუხლის თავდაპირველი რედაქცია ლიზინგის ხელშეკრულების მოსაწესრიგებლად ქირავნობის წესებზე უთითებდა. ლიზინგის ხელშეკრულების ამ თავისებურების გამო, იგი, ჩვეულებრივ, ხანგრძლივი, უმეტეს შემთხვევაში, ნივთის ექსპლუატაციის ვადით იდება. ამისგან განსხვავებით, სსკ-ის 623-ე მუხლის საფუძველზე, “სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი“. აღნიშნული იმას ნიშნავს, რომ სესხის ხელშეკრულების საგანი ფული ან სხვა გვაროვნული ნივთია, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი ნივთს გადასცემს საკუთრებაში და მსესხებელმა იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი უნდა დაუბრუნოს. სესხი, ჩვეულებრივ, სასყიდლიანია და მას სარგებელი ერიცხება.
4.3. სასამართლომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებიდან, კერძო საჩივრის ავტორის განმარტებიდან გამომდინარე დაადგინა, რომ ამ უკანასკნელს საწარმოსაგან სარგებლობაში ავტომობილი კი არ მიუღია და მისი ქირავნობის საზღაურს კი არ იხდიდა, არამედ - ფული ისესხა და, სწორედ, მისი დაბრუნების ვალდებულება იკისრა. სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული დასკვნა დაეფუძნა იმას, რომ ავტომობილი, რომელიც თითქოსდა ლიზინგის საგანი იყო, განმცხადებელმა (საწარმომ) მომჩივანისაგან შეიძინა, თუმცა, ნასყიდობის საზღაური არ გადაუხდია. ნასყიდობის საზღაურის ნაცვლად, განმცხადებელმა (საწარმომ) მომჩივანს ასესხა თანხა, რომელიც ამ უკანასკნელს სარგებელთან ერთად მთლიანად უნდა დაებრუნებინა.
4.4. სასამართლოს შეფასებით თვითონ ხელშეკრულებაც ნივთთან და მის ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ არც ერთ საკითხს არ შეიცავს. გრაფიკის მიხედვით, მომჩივანს უნდა გადაეხადა არა ქირა ქონებით სარგებლობისათვის, არამედ - სატრანსპორტო საშუალების გამოსყიდვის საფასური და სარგებელი (პროცენტი);
4.5. სასამართლოს შეფასებით, ამგვარი ხელშეკრულება, შინაარსობრივად, უფრო ახლოს არის გამოსყიდვასთან, თუმცა, ამ ინსტიტუტისაგან ის განასხვავებს, რომ სსკ-ის 509-ე მუხლის თანახმად, გამოსყიდვა გამყიდველის უფლებაა და არა - ვალდებულება, შესაბამისად, მისი განხორციელებაც გამყიდველის ნებაზეა დამოკიდებული. იგივე წესია დადგენილი ლიზინგის შემთხვევაშიც, რა დროსაც ლიზინგის მიმღებს შეიძლება, ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, ჰქონდეს ლიზინგის საგნის შესყიდვის უფლება და არა - ვალდებულება. ნივთის შესყიდვის ვალდებულების დაკისრება ლიზინგის ხელშეკრულების, როგორც ქირავნობის ხელშეკრულებიდან ნაწარმოები უფლების არსს ეწინააღმდეგება. მომჩივანს ქირა კი არ უნდა გადაეხადა, არამედ - ანუიტეტური მეთოდით (პერიოდულად თანაბარი გადახდებით) სესხი უნდა დაეფარა, რაც მხარეთა შორის ხელმოწერილი ხელშეკრულების 14.1.4 პუნქტიდან გამომდინარეობს;
4.6. სასამართლომ განმარტა, რომ განმცხადებლის მიერ წარდგენილი ხელშეკრულება ლიზინგის ხელშეკრულებად ვერ ჩაითვლებოდა იმ შემთხვევაშიც, თუ ლიზინგის გამცემი ლიზინგის მიმღებს ფულს გადასცემდა, რადგან სსკ-ის 576.4-ე მუხლის თანახმად, ფული არ შეიძლება ლიზინგის საგანი იყოს. ამრიგად, სასამართლომ დაასკვნა, რომ განმცხადებლის მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი „ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება“ სინამდვილეში არ იყო ლიზინგის, არც - ავტომობილის გადაცემის ხელშეკრულება, რაც იმას ნიშნავდა, რომ განმცხადებელს (საწარმოს) სასამართლოსათვის ლიზინგის ხელშეკრულება არ წარუდგენია; სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის პირველ მუხლზე: „საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით“, ასევე 3092 -ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნტზე: „განცხადებაში ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე, რომელსაც თან უნდა ახლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, აღნიშნული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები წაყენებული მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულება“, ხოლო 3094-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე კი „თუ მოსამართლე გამოარკვევს, რომ ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ განცხადება არ აკმაყოფილებს ამ კოდექსით, მათ შორის, მისი 3092 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, იგი გამოიტანს განჩინებას განცხადების მიღებაზე უარის თქმის თაობაზე და განმცხადებელს დაუბრუნებს განცხადებას თანდართულ დოკუმენტებთან ერთად“;
4.7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საწარმომ განცხადება ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ სასამართლოში შეიტანა სსსკ-ის 3092-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის დარღვევით, რადგან განცხადებას არ ერთვოდა მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულება- ლიზინგის ხელშეკრულება. ამდენად, ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე გამარტივებული წესით საქმის წარმოებისას, განმცხადებლის მიერ წარდგენილი შუამდგომლობა არ გამომდინარეობდა საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებიდან, რაც ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 ივნისის ბრძანების, როგორც არაკანონიერის, გაუქმების საფუძვლად მიიჩნია სააპელაციო სასამართლომ.
5. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 სექტემბრის განჩინების მიღების შემდეგ, ლიზინგის გამცემმა (საწარმომ) იმავე წლის 31 ოქტომბერს განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს (იხ. ს.ფ. 59-65), მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება შემდეგ გარემოებებზე დაყრდნობით:
5.1. ლიზინგის გამცემმა, მოპასუხეს გადასცა ავტოსატრანსპორტო საშუალება (შემდეგში: ლიზინგის საგანი), რომლის დასადასტურებლად საქმეში წარდგენილია მიღება-ჩაბარების აქტი, აგრეთვე - ლიზინგის ხელშეკრულება;
5.2. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ ლიზინგის გამცემმა მოპასუხისგან შეიძინა ლიზინგის საგანი, აღნიშნულის დასადასტურებლად განცხადებას თან ერთვის ხელშეკრულება ლიზინგის საგნის (ავტომანქანის) საწარმოს მიერ შესყიდვის თაობაზე (იხ. ს.ფ. 66-69), რაც სასამართლოს მიერ საქმის წარმოების განახლებას უნდა დაედოს საფუძვლად.
6. ლიზინგის მიმღებმა სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბერს საკუთარი წერილობითი მოსაზრებები (ს.ფ.88-89) წარუდგინა და განმარტა:
6.1. მოპასუხესთან დადებული ხელშეკრულება ცდებოდა ლიზინგის ხელშეკრულების ფარგლებს, რადგან ხელშეკრულებაში ჩართული იყო საფინანსო ორგანიზაცია - „ტ-ი“, რომელსაც მოპასუხე უხდიდა ლიზინგის ხელშეკრულებით სესხს. ამას ადასტურებს განმცხადებელთან 2013 წლის 16 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულება, ღირებულებით - 9075 ლარი, წლიური 20 %-იანი სარგებლით;
6.2. ლიზინგის მიმღებს განუმარტეს, რომ ზემოხსენებული ხელშეკრულება იყო განვადებით ხელშეკრულებაც. მას საერთოდ გაურკვევლად მიაჩნია, თუ რა სახის ხელშეკრულება გააფორმა საწარმოსთან;
6.3. მოპასუხის მტკიცებით, ის გარემოება, რომ მხარეთა შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, დასტურდება მისივე 14.1.4 პუნქტით, რომლითაც დადგენილია თანხის პერიოდულად დაფარვის მოთხოვნა.
6.4. ლიზინგის გამცემმა სასამართლოს წარუდგინა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც დადებულია 2013 წლის 22 ოქტომბერს, ე.ი. იმავე წლის 16 ოქტომბერს დაიდო ლიზინგის ხელშეკრულება და საწარმომ (ლიზინგის გამცემმა) შემდეგ შეისყიდა ლიზინგის საგანი - ავტომანქანა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ხელშეკრულების გაურკვეველ შინაარსს, რადგან კანონით საწარმოს ჯერ უნდა შეესყიდა ლიზინგის საგანი ლიზინგის მიმღებთან შეთანხმებით და მერე დაედო ხელშეკრულება. თუკი საწარმომ ლიზინგის საგნის შესყიდვის ხელშეკრულება არ წარუდგინა სასამართლოს, მაშინ, ითვლება, რომ მან არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა მტკიცებულება, რადგან თავიდანვე უნდა წარედგინა იგი და ეს დოკუმენტი ახალ გარემოებად ვერ მიიჩნევა, ასეც რომ იყოს, იგი არა განმცხადებლის სასარგებლოდ, არამედ - საუარესოდ მოქმედებს. საწარმოს განცხადება ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინებით საწარმოს (ლიზინგის გამცემის) განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა იმავე სასამართლოს 2017 წლის 19 სექტემბრის განჩინება (იხ. განჩინება- ს.ფ. 93-107).
7.1. სააპელაციო სასამართლომ ამავე სასამართლოს 2017 წლის 19 სექტემბრის განჩინებით დადგენილ გარემოებებზე (იხ. წინამდებარე განჩინების მე-3, მე-4 პუნქტები, 4.1-.4.6 ქვეპუნქტები) და სსსკ-ის 421-ე მუხლზე მიუთითა, რომლის მიხედვით: „კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები“. ამავე კოდექსის 423-ე მუხლის საფუძველზე: „1. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ: ა) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია; ბ) დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება; გ) დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება; დ) სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა; ე) მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ; ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.ზ) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა დაძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს (4.05.2010 N 3035); თ) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ − კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი გადაწყვეტილება ამ დარღვევას ეფუძნება. (22.12.2016. N201)“. ამავე ნორმის მესამე ნაწილით „ამ მუხლის პირველი ნაწილის "ე"-"ვ" ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე“;
7.2.სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში მხარემ ვერ მიუთითა ახალ გარემოებაზე, არამედ - გააპროტესტა და არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივი შეფასება, ის იურიდიული კვალიფიკაცია, რომელიც სასამართლომ მხარეთა შორის სადავო ურთიერთობას მიანიჭა.
8. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა განმცხადებელმა, მოითხოვა მისი გაუქმება და რაიონული სასამართლოს ბრძანების უცვლელად დატოვება, ამასთან, იშუამდგომლა, საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა.
8.1. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა წინამდებარე განჩინების 4.1-4.2 ქვეპუნქტებში ასახულ გარემოებებზე, გააკრიტიკა გასაჩივრებულ განჩინებაში ასახული მსჯელობა და დასკვნები (იხ. 7.1-7.2 ქვეპუნქტები) და დამატებით განმარტა, რომ საქმეში არ ყოფილა წარდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რომლითაც არათუ დადასტურდებოდა, არამედ - შესაძლებელი გახდებოდა მსჯელობა, რომ საწარმომ მოპასუხეს (ლიზინგის მიმღებს) გადასცა 9075 ლარი, ასევე, გაურკვეველია ამ თანხის გამოანგარიშების წყარო, რადგან საწარმოს ფული არ მიუცია მოპასუხისათვის;
8.2. ლიზინგის გამცემმა მოპასუხეს გადასცა ავტომანქანა, რომლის დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტი საქმეშია წარდგენილი; ამ ფაქტს სადავოდ არ ხდის თვითონ ლიზინგის მიმღები და მის მიერვე წარდგენილ კერძო საჩივარში უთითებს, რომ სარგებლობაში ჰყავს ლიზინგის საგანი-ავტომანქანა (იხ. მოპასუხის კერძო საჩივარი - ს.ფ. 30-31) და მხარეები ლიზინგის ხელშეკრულებისა და სსკ-ის 576-ე მუხლის თანახმად შეთანხმდნენ არა 2- წლიან, არამედ - სალიზინგო საზღაურის დაფარვის 48-თვიან (4-წლიან) გრაფიკზე, რის შემდეგაც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ლიზინგის მიმღების მიერ ჯეროვნად შესრულებისთანავე, ამ უკანასკნელს, ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე ლიზინგის საგანი (ავტომანქანა) საკუთრებაში გადაეცემოდა, ხოლო აღნიშნულ მომენტამდე ლიზინგის საგანი საწარმოს საკუთრებად რჩება; ეს კი მკვეთრად განსხვავდება როგორც უზურნველყოფის, ისე - სესხის ხელშეკრულებისაგან;
8.3. დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ საწარმომ მის მიერ გადაცემული ფულის (ვალდებულების) უზრუნველსაყოფად თავის საკუთრებად აღრიცხა ავტოსატრანსპორტო საშუალება მაშინ, როდესაც უზრუნველყოფის საშუალებები, მათი გაფორმებისა და აღსრულების პროცესი გაწერილია კანონმდებლობაში და არც ერთს არ წარმოადგენს მოცემული შემთხვევა; სააპელაციო სასამართლო არც ერთ სამართლებრივ ნორმას არ უთითებს, თუ რატომ დააკვალიფიცირა სადავო ურთიერთობა უზრუნველყოფის ღონისძიებად, რატომ განიხილა უზრუნველყოფის სახედ მიმწოდებლისაგან ლიზინგის გამცემის მიერ ლიზინგის საგნის შეძენა და მისი ლიზინგის მიმღებისათვის გადაცემა;
8.4. კერძო საჩივრის ავტორი აკრიტიკებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას და დასკვნებს (იხ. ამ განჩინების 4.3-4.5 და 7.1-7.2 ქვეპუნქტები) და განმარტავს, რომ თვითონ მოპასუხეს (ლიზინგი მიმღებს) საკუთარ კერძო საჩივარში არ მიუთითებია იმ გარემოებებზე, რაზეც სასამართლომ იმსჯელა, ამასთან, გაურკვეველია რა სახის მტკიცებულებები გამოიკვლია სასამართლომ, მით უმეტეს, როდესაც საწარმოს მიერ წარდგენილი ხელშეკრულებიდან ცალსახად დგინდება, რომ ლიზინგის საგანი (ავტომანქანა) ლიზინგის გამცემმა ლ. ჯ-ასაგან იყიდა. თვითონ მოპასუხე თავის კერძო საჩივარში სადავოდ ხდის არა მის მიერ გაფორმებული ხელშეკრულების სამართლებრივ ბუნებას, არამედ - სალიზინგო საზღაურის გადაუხდელობის ფაქტს, შესაბამისად, მოპასუხის მიერ წარდგენილი კერძო საჩივრის პასუხად, საწარმომ თავის მოსაზრებაში იმსჯელა მხარის პრეტენზიების გამაქარწყლებელ და არა სასამართლოს მიერ ნამსჯელ იმ გარემოებებზე, რომელთა არსებობა, დღემდე გაუგებარია, რომელ მტკიცებულებებს ეფუძნება;
8.5. კერძო საჩივრის ავტორი უთითებს, რომ ლიზინგის ხელშეკრულება საჯაროა და განთავსებულია https://autopapa.ge/ge/page/primeleasing -ზე, ხოლო # tg00A1000517992 განცხადება ძირითადი ხელშეკრულების პირობებზე დათანხმებისა და შეერთების შესახებ, რომელსაც ხელი მოაწერა ლიზინგის მიმღებმა (მოაპსუხემ), აერთიანებს მას ძირითად ლიზინგის ხელშეკრულებასთან და მასზე ვრცელდება გენერალური (ძირითადი) ხელშეკრულების პირობები და ყველა სახელშეკრულებო პირობა ცნობილია ლიზინგის მიმღებისათვის, ამასთან, ეს უკანასკნელი ამაზე არც დავობს. ლიზინგის ხელშეკრულებას ერთვის ლიზინგის საზღაურის გადახდის გრაფიკი, რაც სსკ-ის 576-ე მუხლის შესაბამისად, ლიზინგის მიმღების მიერ მისი საფასურის დადგენილი პერიოდულობით გადახდას ადგენს და არა- ქირის გადახდას. ამასვე ადგენს ხელშეკრულების 14.1.4 პუნქტი და არა ქირის გადახდას, როგორც ეს მითითებულია გასაჩივრებული განჩინების მსჯელობაში;
8.6. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ გარდა იმისა, რომ სსკ-ში ლიზინგი გარიგების დამოუკიდებელი სახეა, ასევე სსსკ-ით არის მოწესრიგებული ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობები, ასევე 2017 წლის 1 ნოემბრიდან კანომდებლობაში განხორციელდა ცვლილება, ლიზინგის ხელშეკრულების მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციისა და აღსრულების მხრივ, აღნიშნული საგადასახდო კოდექსითაც ქირავნობისა და სესხისაგან განსხვავებულად არის მოწესრიგებული;
8.7. მხარეთა შორის დადებული ლიზინგის ხელშეკრულება საწარმომ, როგორც განმცხადებელმა, წარუდგინა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს გამარტივებული საქმისწარმოების გზით განცხადების განსახილველად, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს ბრძანება მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობდა მისი გაუქმების საფუძველი;
8.8. კერძო საჩივრის ავტორი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 სექტემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილზე ამახვილებს ყურადღებას, რომლითაც გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს ბრძანება, რომლის საფუძველზე ლიზინგის გამცემ სწარმოს დაუბრუნდა მისი საკუთრება ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე (ლიზინგის საგანზე), შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს 16.09.2017წ. განჩინებით ავტომანქანა დარჩა ლიზინგის მიმღების (მოპასუხის) მფლობელობაში, ხოლო სააპელაციო სასამართლო განჩინების სამოტივაციო ნაწილში განმარტავს, რომ ლიზინგის საგანი ლიზინგის მიმღებს არ გადასცემია და ამ უკანასკნელმა ფული მიიღო საწარმოსაგან; კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, აღნიშნული განჩინების საფუძველზე, გაურკვეველია, თუ რომელი სამართლებრივი საფუძვლით უნდა დარჩეს მოპასუხის მფლობელობაში საწარმოს კუთვნილი ნივთი (ავტომანქნას); თუკი ლიზინგის მიმღები ნებაყოფლობით არ დაუბრუნებს საწარმოს ავტომანქანას, სასამართლო ბრძანების გარეშე ნივთი ვერც მის მესაკუთრეს დაუბრუნდება, შესაბამისად, ლიზინგის გამცემი ვერ იბრუნებს მის საკუთრებას, რომელიც არამართლზომიერ მფლობელობაში აქვს მოპასუხეს;
8.9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 სექტემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა მოპასუხის კერძო საჩივარი და განჩინება არ ექვემდებარება გასაჩივრებას, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ სააპელაციო სასამართლომ განიხილა და გამოიკვლია მასალები და გარემოებები, რაც უცნობი იყო საწარმოსათვის, კერძოდ: 1) ლიზინგის გამცემმა ავტომანქანა შეიძინა მოპასუხისაგან; 2) ლიზინგის ხელშეკრულება არ მოიცავდა ლიზინგის საგნის ექსპლუატაციისა და ლიზინგის ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელ დათქმებს; 3) განმარტებები ლიზინგის მიმღების მიერ მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობაზე, რამაც განაპირობა სააპელაციო სასამართლოსათვის საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით საწარმოს მიერ განცხადების წარდგენა;
8.10. ის მტკიცებულებები, რომლებიც გამოიკვლია სააპელაციო სასამართლომ არ არსებობს საქმეში, შესაბამისად, განმცხადებელმა ნასყიდობის ხელშეკრულების ასლი წარუდგინა სააპელაციო სასამართლოს იმის დასტურად, რომ ლიზინგის საგანი (ავტომანქანა) შეძენილია მესამე პირისაგან და არა - ლიზინგის მიმღებისაგან (მოპასუხისაგან); განმცხადებელმა მიუთითა ასევე ლიზინგის ხელშეკრულების ელექტრონულად განთავსების ვებ-გვერდზე;
8.11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა საწარმოს განცხადება ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში სააპელაციო სასამართლო არ მსჯელობს ნასყიდობის ხელშეკრულებაზე, რომელიც საწარმომ წარადგინა და არ აფასებს, თუ რომელ მხარეებს შორის გაფორმდა გარიგება, არ იხილავს ლიზინგის ხელშეკრულების პიროებებს, არასწორად აღნიშნავს, რომ ლიზინგის საგანი საკუთრებაში გადაეცა ლიზინგის მიმღებს, ასეთ ფაქტზე ლიზინგის გამცემს არ მიუთითებია მის მიერ წარდგენილ განცხადებაში საქმის წარმოების განახლების თაობაზე, პირიქით, განმცხადებელი მკაფიოდ განმარტავს, რომ ავტომანქანა ლიზინგის გამცემი საწარმოს საკუთრებაა და იგი მოპასუხის (ლიზინგის მიმღების) არამართლზომიერ სარგებლობაშია;
9. კერძო საჩივრის ავტორი უთითებს სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებზე და ამავე ნორმის მესამე ნაწილზე (იხ. წინამდებარე განჩინების 7.1 ქვეპუნქტი) და განმარტავს, რომ საწარმოსათვის მრავალი გარემოება, რომელიც განიხილა სასამართლომ, აღმოჩნდა უცნობი, ისევე, როგორც ზოგადად - მათი არსებობა, აქედან გამომდინარე, მხარემ სასამართლოს წარუდგინა ისეთი ახალი ფაქტები და მტკიცებულებები, რომლებიც არსებითად ცვლის საქმის გარემოებებს, ზეგავლენას ახდენს საქმის საბოლოო შედეგზე, მანამდე კი უცნობი იყო მხარისათვის, თორემ საქმის განხილვის ეტაპზევე წარადგენდა მათ. ნასყიდობის, ხელშეკრულებით, რომელიც განმცხადებელმა წარუდგინა სააპელაციო სასამართლოს, დასტურდება, რომ ლიზინგის საგანი საწარმომ მესამე პირისაგან შეიძინა, სწორედ აღნიშნული მტკიცებულების არასათანადო შეფასებას მოჰყვა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება. განცხადება წარდგენილია კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2018 წლის 5 მარტის განჩინებით კერძო საჩივარი წარმოებაში მიიღო განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.
12. სსსკ-ის 407-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული შედავება აქვს წარმოდგენილი.
13. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა.
14. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს 30.11.2017წ. განჩინებაში მითითებულ ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს და საქმეში მოთავსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით განმარტავს:
14.1. ლიზინგის გამცემმა საწარმომ სასამართლოს მიმართა განცხადებით და მოითხოვა ლიზინგის მიმღების მფლობელობაში არსებული ლიზინგის საგნის - ავტომანქანის დაბრუნება (იხ. წინამდებარე განჩინების პირველი პუნქტი);
14.2. ლიზინგის გამცემის სასარგებლოდ მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივსამართლებრივ საფუძვლებზე მსჯელობისას, ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ განმცხადებელსა და მოპასუხეს შორის ურთიერთობა ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითსამართლებრივ ურთიერთობად შეაფასა, რასაც ადასტურებდა განცხადებაზე თანდართული ძირითადი ხელშეკრულების პირობებზე დათანხმებისა და შეერთების შესახებ განცხადება # tg 00A/000517992. ამ ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეს ლიზინგის საგანი (იხ. ამ განჩინების პირველი პუნქტი) შემდგომში ლიზინგით სარგებლობისათვის გადაეცა და ლიზინგის ვადა განისაზღრა 48 თვით, თანახმად ხელშეკრულებაზე თანდართული # 2 გრაფიკისა (იხ. ს.ფ.4-6);
14.3. ლიზინგის გამცემის სასარგებლოდ განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე რაიონული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ლიზინგის მიმღების მიერ წარდგენილ კერძო საჩივარში ასახული პრეტენზიები ძირითადად იმას უკავშირდება, რომ ეს უკანასკნელი ლიზინგის საგნის (ავტომანქანის) განვადებით შეძენის თანხას კეთილსინდისიერად იხდიდა „ტ-ის მეშვეობით“, ხოლო როდესაც აღნიშნული საბანკო დაწესებულება შეერწყა „ს-ს“, მოპასუხემ მიაკითხა ამ ბანკს, რათა გაეგრძელებინა განვადების (ლიზინგის) თანხის გადახდა. ლიზინგის მიმღებს ბანკში რამდენჯერმე განუმარტეს, რომ მის სახელზე გაფორმებული ლიზინგის ხელშეკრულება არ იყო რეგისტრირებული, არც საჯარო რეესტრში არსებობდა რაიმე ინფორმაცია ამის თაობაზე. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, მას მხოლოდ ამის გამო დაუგვიანდა თანხის გადახდა, თუმცა, ამ ვალდებულების შესახებ ერთხელაც არ მიუღია გაფრთხილება; არც მშობლების საცხოვრებელ ადგილას - სოფ. ქ-ში მისულა რაიმე შეტყობინება თანხის გადახდის მოთხოვნით. მოპასუხის მოსაზრებით, განმცხადებლის (ლიზინგის გამცემის) მოთხოვნა სამართლიანი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხეს აცნობებდნენ ვადის გადაცილების თაობაზე და სსკ-ის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განუსაზღვრავდნენ დამატებით ვადას;
14.4. მოპასუხე კერძო საჩივარში ადასტურებს, რომ მას გადაეცა ლიზინგის საგანი - ავტომანქანა და აღნიშნავს, რომ მის მიერ თანხის გადაუხდელობა საპატიო მიზეზითაა განპირობებული და ამიტომ არ არსებობდა ხელშეკრულების მოშლის სსკ-ის 5805-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი. ბანკის მიერ მიწოდებული არასწორი ინფორმაციის არარსებობის პირობებში, კერძო საჩივრის ავტორს არ შეუფერხდებოდა საზღაურის გადახდა, რადგან ამის საშუალება ჰქონდა და დღესაც აქვს (იხ. კერძო საჩივარი - ს.ფ. 30-31);
14.5. ლიზინგის მიმღების კერძო საჩივრის პასუხად წარდგენილ წერილობით მოსაზრებებში (იხ. ს.ფ. 41-42), ლიზინგის გამცემმა საწარმომ უსაფუძვლოდ მიიჩნია საჩივრის არგუმენტები და განმარტა, რომ ლიზინგის ხელშეკრულების მხარეს ლიზინგის მიმღებთან წარმოადგენდა არა „ს-ი“ ან „ტ-ი“, არამედ - ლიზინგის გამცემი საწარმო და, შესაბამისად, ლიზინგის საგანთან დაკავშირებულ ვალდებულებებზე „ს-ში“ მისვლა, როგორც ამას კერძო საჩივრის ავტორი უთითებდა, ყოვლად დაუსაბუთებელი იყო; არც ის არგუმენტი იყო გასაზიარებელი, რომ ლიზინგის ხელშეკრულება, რომელიც მოცემულ შემთხვევაში, ავტომანქანაზე იყო გაფორმებული, არ იყო საჯარო რეესტრში რეგისტრირებული, რადგან კანონმდებლობა არ ითხოვს ლიზინგის საგნის, თუკი ეს მოძრავი ნივთია, საჯარო რეესტრში რეგისტრაციას და ეს იმთავითვე იყო ცნობილი ლიზინგის მიმღებისათვის; ლიზინგის გამცემი (განმცხადებელი) არაერთხელ ეცადა დაკავშირებოდა ლიზინგის მიმღებს (მოპასუხეს) და ამ უკანასკნელს არაერთხელ დაუწესა ვადა სალიზინგო საზღაურის დასაფარად, თუმცა, 08.05.2015წ. შემდეგ მას საზღაური არ გადაუხდია. მოპასუხის მითითების საპასუხოდ, რომ ის არ ცხოვრობს სოფ. ქ-ში, საწარმომ განმარტა, რომ ხელშეკრულებაში მხარეს სწორედ ეს მისამართი აქვს მითითებული და ამის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებები (ხელშეკრულება, მისი შეწყვეტისა და ვალდებულების სრული ოდენობით შესრულების შესახებ წერილი) წარდგენილია ჯერ კიდევ რაიონულ სასამართლოში საწარმოს მიერ ინიცირებული საქმისწარმოებისას.
14.6. წინამდებარე განჩინების 4.1-4.6 და 7.1-7.2 ქვეპუნქტებში ასახულია გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა, რაც დაუსაბუთებლად მიაჩნია საკასაციო სასამართლოს და, უწინარესად, სსსკ-ის მე-3 მუხლის /დისპოზიციურობის პრინციპი/ პირველ ნაწილზე „მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ“ და მე-4 მუხლის /შეჯიბრებითობის პრინციპი/ პირველ ნაწილზე „სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე.მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები“ მიუთითებს და ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე საქმის განხილვისათვის სსსკ-ის XXXIV1 თავით გამარტივებული სამართალწარმოების მომწესრიგებელ ნორმებზე - მუხ. 3091 -3097. საქმის მასალების მიხედვით ირკვევა, რომ საწარმომ საკუთარ განცხადებას დაურთო ლიზინგის 16.10.2013წ. ხელშეკრულება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ლიზინგის მიმღები, საკუთარი ნების საფუძველზე ეთანხმება განცხადებას ძირითადი ხელშეკრულების პირობებზე დათანხმებისა და შეერთების შესახებ, რომელიც განსაზღვრულია გენერალური (ძირითადი) ხელშეკრულებით და განთავსებულია ვებ-გვერდზე: https://autopapa.ge/ge/page/primeleasing. ხელშეკრულების 14.1.1 პუნქტი განსაზღვრავს, რომ ლიზინგის საგანია მანქანა, რომლის აღწერილობა და ღირებულება - სპეციფიკაციები მოცემულია # 1 დანართში, ხოლო 14.1.2 პუნქტით ლიზინგის ვადა შეადგენს 48 თვეს და #2 გრაფიკით დადგენილია სალიზინგო გადახდების განრიგი (პერიოდულობა). სააპელაციო სასამართლოს მსჯელობისა და დასკვნების (იხ. ამ განჩინების 3-4 პუნქტები და 4.1-4.6 ქვეპუნქტები) საწინააღმდეგოდ, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ 14.1.4 პუნქტით დადგენილია სალიზინგო გადახდების და არა ქირის გადახდის გრაფიკი (იხ. ს.ფ. 4-6). საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა განხილვისას მხარეთა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე მიუთითებს და იზიარებს საწარმოს კერძო საჩივრის პრეტენზიებს, რომ განმცხადებლის სასარგებლოდ რაიონული სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებულ ბრძანებაზე წარდგენილ კერძო საჩივარში მოპასუხე (ლიზინგის მიმღები) კი არ უარყოფს, არამედ ადასტურებს, რომ ლიზინგის საგანი-ავტომანქანა მის მფლობელობაშია და რაიონული სასამართლოს ბრძანების საფუძველზე საწარმოს დაუბრუნდა ლიზინგის მიმღებისათვის გადაცემული მოძრავი ნივთი. ამასთან, ლიზინგის მიმღების კერძო საჩივრის პრეტენზიები მხოლოდ იმას ეხება, რომ იგი კეთილსინდისიერად იხდიდა ლიზინგის საზღაურს და შემდეგ წარმოეშვა პრობლემები, როდესაც „ტ-ის“ შერწყმა განხორციელდა „ს-თან“ (მოპასუხის კერძო საჩივრის პრეტენზიები ვრცლად იხ. წინამდებარე განჩინების 14.3-14.4 ქვეპუნქტებში) და არც ისაა შედავებული, რომ ავტომანქანის მოპასუხისათვის გადაცემა დადასტურებულია ლიზინგის საგნის მიღება-ჩაბარების 2013 წლის 22 ოქტომბრის აქტით.
14.7. იმის გათვალისწინებით, რომ საკასაციო სასამართლო იხილავს ლიზინგის გამცემი საწარმოს კერძო საჩივარს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინებაზე, რომლითაც საწარმოს უარი ეთქვა ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო საქმის წარმოების განახლებაზე, როგორც უკვე აღინიშნა, განსახილველ შემთხვევაში, მსჯელობისა და შეფასების საგანია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, რომელიც ძირითადად სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 16 სექტემბრის განჩინების მოტივებს ასახავს, ამდენად, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის არგუმენტების იურიდიული საფუძვლიანობის შემოწმებისას, მსჯელობს ამ უკანასკნელის განცხადების (იხ. ამ განჩინების 5.1-5.2 ქვეპუნქტები) უარყოფის მოტივაციაზე.
14.8. საკასაციო სასამართლო იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ მოპასუხეს (ლიზინგის მიმღებს) თავის კერძო საჩივარში არ მიუთითებია არც ერთ იმ ფაქტობრივ გარემოებასა და არგუმენტზე, რაც სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 სექტემბრის ზეპირი მოსმენის გარეშე (მხარეთა მონაწილეობის გარეშე) მიღებულ განჩინებაშია ასახული (ამ განჩინების 3-4 პუნქტები და 4.1-4.6 ქვეპუნქტები შეადარეთ მოპასუხის კერძო საჩივრის პრეტენზიებს, ასახულს ამავე განჩინების 14.3-14.4 ქვეპუნქტებში). იმის გათვალისწინებით, რომ მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებისა და წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მსჯელობს სასამართლო, რომელიც, ცხადია, განსახილველ სამართლებრივ ურთიერთობას სამართლებრივ კვალიფიკაციას ანიჭებს, საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის არგუმენტებს და აღნიშნავს მოპასუხის მიერ შეუდავებელი ფაქტებისა და განმარტებისაგან (ლიზინგის საგნის საწარმოსადმი კუთვნილება; ავტომანქანის მოპასუხის მფლობელობაში გადაცემა; სალიზინგო საზღაურის გადახდის შემაფერხებლად „ტ-ის“ „ს-თან“ შერწყმის მითითება; სალიზინგო საზღაურის გადასახდელად საწარმოს მიერ დამატებითი ვადის განუსაზღვრელობა) სრულიად განსხვავებული ფაქტები დაადგინა სააპელაციო სასამართლომ, მხარეთა მონაწილეობის გარეშე მიღებული განჩინებით (რასაც საპროცესო კანონის დარღვევის კონტექსტში კი არ უთითებს საკასაციო სასამართლო, არამედ იმის დასადატურებლად, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების გარდა, მხარეთა ზეპირი განმარტებების მოსმენის შესაძლებლობა არ ჰქონია სააპელაციო სასამართლოს და საქმეში უკვე არსებული მტკიცებულებებისა და მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების გარდა, ახალი გარემოებები არ შეუფასებია, თუმცა, ასეც რომ ყოფილიყო, დამატებით იქნებოდა სამსჯელო სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე მითითებული ახალი ფაქტებისა და გარემოებების გაზიარების საპროცესოსამართლებრივი წინაპირობების არსებობა). საგულისხმოა ისიც, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ 2017 წლის 19 სექტემბერს მიღებული განჩინების მსჯელობისა და დასკვნების (იხ. წინამდებარე განჩინების 3-4 პუნქტები და 4.1-4.6 ქვეპუნქტები) იდენტური გარემოებები მოპასუხემ პირველად მიუთითა საწარმოს მიერ სააპელაციო სასამართლოს 19.09.2017წ. განჩინებაზე 31.10.2017წ. წარდგენილი განცხადების (ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო საქმის წარმოების განახლებაზე - იხ. ამ განჩინების მე-5 პუნქტი და 5.1-5.2 ქვეპუნქტები) პასუხად 21.11.2017წ. შეტანილ მოსაზრებაში (იხ. ამ განჩინების 6.1-6.2 ქვეპუნტი და შეადარეთ ამავე განჩინების 4.1-4.6 ქვეპუნქტებს), რომელშიც მოპასუხე წინააღმდეგობრივ პოზიციას აფიქსირებს და აღნიშნავს, რომ ლიზინგის ხელშეკრულებით სესხს იხდიდა, ამასთან, მას განუმარტეს, რომ ეს იყო განვადების ხელშეკრულებაც და საერთოდ გაურკვეველია, რა ხელშეკრულება დაიდო მხარეთა შორის (იხ. ს.ფ. 88);
14.9. საკასაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია მოპასუხის ზემოხსენებული მოსაზრების ერთ-ერთ არგუმენტს (იხ. ამ განჩინების 6.4 ქვეპუნქტი) და მოპასუხისავე კერძო საჩივარსა და საქმეში არსებულ მიღება-ჩაბარების აქტზე მიუთითებს, რომ 2013 წლის 16 ოქტომბრის ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე ლიზინგის ხელშეკრულება გაფორმდა ლიზინგის გამცემ საწარმოსა და ლიზინგის მიმღებს შორის და ამ უკანასკნელს სადავოდ არ გაუხდია, რომ ლიზინგის საგანი (ავტომანქანა) მას გადაეცა 2013 წლის 22 ოქტომბერს. რაც შეეხება საწარმოს მიერ ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით წარდგენილ განცხადებაზე თანდართულ ნასყიდობის ხელშეკრულებას, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ამ ხელშეკრულების წარდგენის საჭიროება არ ჰქონდა საწარმოს პირველი ინსტანციის სასამართლოში, რადგან სსსკ-ის 3092 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის (ნორმის დეფინიცია იხ. 4.6 ქვეპუნქტში) საფუძველზე, ლიზინგის გამცემმა მფლობელობაში ლიზინგის საგნის დასაბრუნებლად პირველი ინსტანციის სასამართლოს წარუდგინა წაყენებული მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულება. მოპასუხეს, როგორც აღინიშნა, კერძო საჩივრითაც არ გაუხდია ლიზინგის საგნის საწარმოსადმი კუთვნილება, რის გამოც, ავტომანქანის საწარმოსადმი კუთვნილება არ იყო სადავო და განმცხადებლის მიერ დასამტკიცებელი.
14.10. საკასაციო სასამართლო სსკ-ის 576.1- ე მუხლზე (ნორმის დეფინიცია იხ. 4.1 ქვეპუნქტში) დაყრდნობით განმარტავს, რომ მხარეთა შორის 16.10.2013 წ. გაფორმებული ხელშეკრულება და მისი შემადგენელი დანართები სავსებით აკმაყოფილებს მოხმობილი ნორმის აღწერილობაში გადმოცემულ შემადგენლობას და გასაზიარებელია კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია, რომ ლიზინგის მიმღებს ლიზინგის საგანი, რომელიც მოცემულ შემთხვევაში ავტომანქანაა და არა ფული, როგორც ეს სააპელაციო სასამართლოს 19.09.2017წ და 30.11.2017წ. განჩინებებშია მითითებული, ლიზინგის მიმღებს ამ ქონების შესყიდვის უფლებით გადაეცა, ხოლო ამ უკანასკნელმა იკისრა საზღაურის გადახდა დადგენილი პერიოდულობით. მოპასუხის კრიტიკის საწინააღმდეგოდ, რომ მასთან ჯერ გაფორმდა 2013 წლის 16 ოქტომბრის ხელშეკრულება, ხოლო საწარმომ ლიზინგის საგანი მესამე პირისაგან იმავე წლის 22 ოქტომბერს შეიძინა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსკ-ის 576-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე: „ლიზინგის გამცემი ქონებას იძენს ლიზინგით გასაცემად და მიმწოდებლისათვის ეს ფაქტი ცნობილია“. ამ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, ლიზინგის მიმღებს სააპელაციო სასამართლოსათვის წარდგენილი კერძო საჩივრით სადავოდ არ გაუხდია ავტომანქანის მის მფლობელობაში არსებობა, არც იმ ფაქტზე მიუთითებია, რომ საწარმომ მისგან შეიძინა მოძრავი ნივთი, არამედ მხოლოდ საზღაურის გადაუხდელობის მიზეზებზე უთითებდა (იხ. ამ განჩინების 14.3-14.4 ქვეპუნქტები), ამასთან, აღნიშნავდა, რომ ჰქონდა და დღესაც აქვს საზღაურის გადახდის შესაძლებლობა. საკასაციო სასამართლოს შეფასებით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოსათვის განმცხადებლის (ლიზინგის გამცემის) მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერი ლიზინგის მიმღების მიერ საზღაურის გადაუხდელობის შესახებ, 2016 წლის 8 მაისიდან 2017 წლის 21 ივნისის ჩათვლით, მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ მოპასუხე 16.10.2013წ. ხელშეკრულების # 2 დანართით დადგენილ საზღაურს სალიზინგო გადახდების გრაფიკის მიხედვით იხდიდა, ხოლო მორიგი გადახდა, რომელიც მას 22.05.2016წ. უწევდა, აღარ განუხორციელებია (იხ. ს.ფ.5), რის გამოც, ლიზინგის გამცემმა ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ ბრძანების მიღების თაობაზე განცხადებით 2017 წლის 23 ივნისს მიმართა რაიონულ სასამართლოს.
14.11. იმ პირობებში, როდესაც მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია ლიზინგის საგნის - ავტომანქანის ლიზინგის გამცემი საწარმოსადმი კუთვნილება, დაუდგენელია რა მტკიცებულებაზე დაყრდნობით და რომელი გარემოებების შეფასების საფუძველზე დაადგინა სააპელაციო სასამართლომ, რომ ავტომანქანა მოპასუხის საკუთრება იყო და ამ უკანასკნელს საწარმომ სესხი მისცა, რომელიც მოპასუხეს საპროცენტო სარგებელთან ერთად მთლიანად უნდა დაებრუნებინა (იხ. გასაჩივრებული განჩინება - ს.ფ.102-107), თუმცა, გასაჩივრებულ განჩინებაში არ არის შეფასებული, თუ რამ განაპირობა საწარმოს მიერ ახლად აღმოჩენილი გარემოების საფუძველზე საქმის წარმოების განახლების მოთხოვნა და სადავო ურთიერთობის გადასაწყვეტად სამართლებრივად რამდენად მნიშვნელოვანი იყო განმცხადებლის მიერ წარდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულება იმ პირობებში, როდესაც სააპელაციო სასამართლომ 2016 წლის 19 სექტემბრის განჩინებით დაადგინა გარემოება - ავტომანქანის მოპასუხისადმი კუთვნილებაზე, რომელზეც ამ უკანასკნელს არ მიუთითებია, ხოლო საწარმოს განცხადების განხილვისას სააპელაციო სასამართლოს არ შეუფასებია ახლად წარდგენილი მტკიცებულება, ისე გაიმეორა 19.09.2017წ. განჩინების მსჯელობა და დასკვნები, რომლებიც ასახულია გასაჩივრებულ 30.11.2017წ. განჩინებაში. საკასაციო სასამართლო იმასაც აღნიშნავს, რომ სსკ-ის 576-ე მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადებით დასაშვებია, რომ ქონება ლიზინგის მიმღებისგანაც იყოს შეძენილი. ამდენად, მხარეთა შორის 16.10.2013 წელს გაფორმებული ხელშეკრულება რომ ლიზინგის ხელშეკრულებაა, ამ გარემოებას ვერ შეცვლიდა სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად დადგენილი ფაქტი, რომ ლიზინგის მიმღებისგან შეიძინა საწარმომ ლიზინგის საგანი - ავტომანქანა (იხ. ამ განჩინების 4.3 ქვეპუნქტი).
14.12. საკასაციო სასამართლოს დასაბუთებულად მიაჩნია საწარმოს კერძო საჩივრის პრეტენზიები, რის გამოც ნაწილობრივ აკმაყოფილებს მას და აუქმებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინებას და საქმეს დაუბრუნებს ამავე სასამართლოს, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე წარდგენილი განცხადების ხელახლა განსახილველად.
14.13. საკასაციო სასამართლოს მიერ კერძო საჩივრის ნაწილობრივ უარყოფა ეხება საწარმოს შუამდგომლობას საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ, რაც სსსკ-ის 419-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველ წინადადებას ეფუძნება, ხოლო საწარმოს მოთხოვნის - ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს ბრძანების ძალაში დატოვება - არ დაკმაყოფილდა სსკ-ის 419-420-ე მუხლების მოწესრიგებიდან გამომდინარე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ''პ-ი''-ს კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინებაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს ამავე სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების ხელახლა განსახილველად ;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე