საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-270-270-2018 4 მაისი, 2018 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – დ. ლ-ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. გ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. გ–ის (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი დ. ლ-ას (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა, ამ უკანასკნელს დაეკისრა 5 500 აშშ დოლარის გადახდა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
4. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული განჩინების მიღებისას იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 369-ე, 70-78-ე, 60-ე მუხლებით და განმარტა, რომ დარღვეული იყო სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.
5. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარდგენილი ხელწერილით გადაწყვეტილების ჩაბარების შესახებ დასტურდებოდა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოპასუხის წარმომადგენელს პირადად ჩაბარდა 2018 წლის 16 იანვარს (ტ.1,ს.ფ. 253), შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო მომდევნო დღეს - 17 იანვარს (იხ. სსსკ-ის 60.2-ე მუხლი) და ამოიწურა 30 იანვარს, ხოლო სააპელაციო საჩივარი შეტანილია 31 იანვარს, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
6. ზემოაღნიშნულ განჩინებაზე, კერძო საჩივარი წარადგინა აპელანტმა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება.
7. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობაზე დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების შესახებ (იხ. წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტი), გააკრიტიკა გასაჩივრებულ განჩინებაში ასახული მსჯელობა და დამატებით განმარტა, რომ მისმა წარმომადგენელმა რაიონულ სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად განცხადებით მიმართა 2018 წლის 16 იანვარს (ტ.1, ს.ფ.253), დასაბუთებული გადაწყვეტილება კი იმავე წლის 29 იანვარს ჩაიბარა. აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა საჩივარზე დართულ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ასლზე განთავსებულ სასამართლო შტამპზე, რომლითაც, მხარის მტკიცებით, ირკვევა, რომ გადაწყვეტილება მომზადებულია 2018 წლის 29 იანვარს, რაც გამორიცხავს აღნიშნული გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებულ დღეს - 2018 წლის 16 იანვარს - ჩაბარებას (ტ.2,ს.ფ. 20).
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2018 წლის 5 მარტის განჩინებით მოპასუხის კერძო საჩივარი წარმოებაში მიიღო განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ხოლო 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ ა)საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.
10. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული შედავება აქვს წარმოდგენილი.
11. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 15 თებერვლის გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულ ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს.
12. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.
13. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანის პერიოდს განსაზღვრავს სსსკ-ის 369-ე მუხლი, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ასეთ მომენტად კი ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების ან 2591-ე მუხლის შესაბამისად.
14. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელიც წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტშია ასახული.
15. სსსკ-ის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
16. წინამდებარე შემთხვევაში დადგენილია, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია 2017 წლის 28 დეკემბერს. აღნიშნული თარიღიდან მე-20 დღეს წარმოადგენს 2018 წლის 17 იანვარი, ხოლო საქმის მასალებით დადგენილია, რომ კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა 2018 წლის 16 იანვარს (ტ.1, ს.ფ.253).
17. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას, რომ აპელანტის წარმომადგენელმა გასაჩივრებული დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩაიბარა 2018 წლის 16 იანვარს (აღნიშნულის თაობაზე მსჯელობა იხილეთ წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტში). საქმის მასალების მიხედვით, მოპასუხემ სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით განცხადებით მიმართა 2018 წლის 16 იანვარს, რაც დასტურდება საქმეში მოთავსებული განცხადებით, რომელიც მითითებულ დღეს არის რეგისტრირებული საქალაქო სასამართლოში # 284-ით, ხოლო იმავე განცხადებაზე მოპასუხე საკუთარი ხელწერილით ადასტურებს: “ჩავიბარე გადაწყვეტილების ასლი“ და აშკარად შეცდომით უთითებს თარიღს - 29.12.2018წ. ნაცვლად 29.01.2018 წლისა, რაც მიჩნეული უნდა იქნეს, რომ სწორედ 2018 წლის 29 იანვარს ჩაიბარა მოპასუხემ გასასაჩივრებელი გადაწყვეტილების დასაბუთებული ასლი. აღნიშნულს ადასტურებს მოპასუხის მიერ კერძო საჩივარზე თანდართული ასლი პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივირებული გადაწყვეტილებისა, რომელიც მხარეს გადაეცა მისივე 2018 წლის 16 იანვრის განცხადების საფუძველზე იმავე წლის 29 იანვარს, შესაბამისად, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი დამოწმებულია სასამართლოს შტამპით, რომელზეც სწორედ 2018 წლის 29 იანვარია მითითებული (იხ. ტ.2, ს.ფ.20).
18. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქმის მასალები იმ თვალსაზრისითაც, ხომ არ მოიპოვებოდა სხვა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ 2018 წლის 29 იანვარზე ადრე ჩაიბარა მოწინააღმდეგე მხარემ პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი, რაც მოპასუხის მტკიცების საწინააღმდეგო მსჯელობის დაშვების საფუძველი გახდებოდა, თუმცა, ასეთი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება.
19. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაზიარებელია კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია, რომ მან 2018 წლის 16 იანვარს მოითხოვა, ხოლო იმავე წლის 29 იანვარს ჩაიბარა გასასაჩივრებელი გადაწყვეტილების დასაბუთებული ასლი და სააპელაციო საჩივრისათვის საპროცესო კოდექსით დადგენილ 14-დღიან ვადაში მიმართა სასამართლოს - 2018 წლის 31 იანვარს (იხ. ტ.2, ს.ფ.271- საფოსტო კონვერტზე მითითებული 31.01.2018წ, ხოლო სააპელაციო საჩივარზე მოთავსებული შტამპი -01.02.2018წ. - ს.ფ. 253). სააპელაციო სასამართლოს დასკვნა (იხ. წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტი) უარყოფილია, რადგან საქმის მასალების მიხედვით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა 2017 წლის 28 დეკემბერს, შესაბამისად, სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მომზადებული ჰქონდა მისი გამოცხადებიდან 30-ე დღეს, რასაც ადასტურებს თვით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებაზე 2018 წლის 29 იანვარს დასმული შტამპი (იხ. ტ.2, ს.ფ.20).
20. საწინააღმდეგო მსჯელობისა და დასკვნების გამოტანა შეუძლებელია საქმის მასალების მიხედვით, რის გამოც მოპასუხის მტკიცება, რომ მას სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არ დაურღვევია, გაზიარებულია, შესაბამისად, მისი სააპელაციო საჩივრის ამ საფუძვლით განუხილველად დატოვების სამართლებრივი წინაპირობები არ არსებობდა.
21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 თებერვლის განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ. ლ-ას კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 თებერვლის განჩინებაზე, დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 თებერვლის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, დ. ლ-ას სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე