საქართველოს უზენაესი სასამართლო
დ ა მ ა ტ ე ბ ი თ ი გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-350-350-2018 29 ივნისი, 2018 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე,მომხსენებელი),
მოსამართლეები: ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ნ. ლ-ი (გვარის შეცვლამდე კ-ი) (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ბ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 მარტის განჩინებით ნ. ლ-ს საკასაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღეში სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 364 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
კასატორმა, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, მხოლოდ 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოადგინა და დარჩენილი თანხის - 566 ლარის გადავადება იშუამდგომლა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 აპრილის განჩინებით კასატორის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ დაკმაყოფილდა; საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად; კასატორს გადაუვადდა დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის 566 ლარის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ივნისის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად; კასატორს დაუბრუნდა საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 % 210 ლარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ მიღებული უნდა იქნეს დამატებითი განჩინება გადავადებული სახელმწიფო ბაჟიდან - 566 ლარიდან 169,8 ლარის კასატორისათვის, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, დაკისრების თაობაზე შემდეგი გარემოებების გამო:
სსსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-31 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით ზეპირი მოსმენის გარეშე გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.
სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი, რაც ავტომატურად გულისხმობს იმას, რომ კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 30 პროცენტი სახელმწიფო ბიუჯეტში რჩება.
განსახილველ შემთხვევაში კასატორის მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის სრული ოდენობა 866 ლარს შეადგენს, თუმცა, ამ თანხიდან მან მხოლოდ 300 ლარი გადაიხადა, ხოლო 566 ლარის გადახდა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, გადაუვადდა. იქედან გამომდინარე, რომ სასამართლოს არ გადაუწყვეტია კასატორისათვის, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 აპრილის განჩინებით, გადავადებული სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი, მიღებულ უნდა იქნას დამატებითი განჩინება და კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადავადებული სახელმწიფო ბაჟის 30 %-ის - 169,8 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-31 ნაწილით, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ლ-ს (გვარის შეცვლამდე კ-ი) (პ/ნ 5..) სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ დაეკისროს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 აპრილის განჩინებით, გადავადებული სახელმწიფო ბაჟის 566 ლარის 30 %-ის 169,8 ლარის გადახდა;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე