Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-353-353-2018 18 მაისი, 2018 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „რ-ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ზ. ბ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა

დავის საგანი – მიბარების საფასურის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „რ-ის“ (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი ზ. ბ-ის (შემდეგში: მოპასუხე) მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

4. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 365-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ღირებულება აღემატება 1 000 (ათასი) ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

5. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ აპელანტის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა მოპასუხისათვის მიბარების ხელშეკრულების საფუძველზე არსებული დავალიანების 1 068 ლარის და მიუღებელი შემოსავლის 50.4 ლარის (ჯამში 1118.4 ლარი) ოდენობით დაკისრება, საიდანაც სასამართლომ მოპასუხეს დააკისრა 250 ლარის გადახდა.

6. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი გადაწყვეტილებას ასაჩივრებს სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში, რაც 868.4 ლარს შეადგენს, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის ღირებულება სწორედ დასახელებული თანხით განისაზღვრება, რაც არ აღემატება 1 000 ლარს, რის გამოც, სააპელაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების საპროცესო კანონით დადგენილი წინაპირობა არ არსებობს და, როგორც დაუშვებელი, განუხილველად უნდა დარჩეს.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარმოადგინა აპელანტმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან განხილვა მოითხოვა.

8. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ პირველ ინსტანციაში მის სასარჩელო მოთხოვნას შეადგენდა დავალიანება, რომელიც აღემატებოდა 1 000 ლარს, შესაბამისად სააპელაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულებაც სწორედ პირველ ინსტანციაში წარდგენილი მოთხოვნის შესაბამისად უნდა იქნეს გამოთვლილი, რაც გამორიცხავს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2018 წლის 20 მარტის განჩინებით კერძო საჩივარი წარმოებაში მიიღო განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

10. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

11. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.

12. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულ ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს.

13. „საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 365-ე მუხლით დადგენილია სააპელაციო საჩივრის ღირებულება, რომელიც არ შეიძლება იყოს 1000 (ათასი) ლარზე ნაკლები. სააპელაციო საჩივრის ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული ნორმით ქონებრივ დავებთან მიმართებით, კანონმდებელმა დაადგინა, თუ რა კატეგორიის საქმის მიმართ დაიშვება სააპელაციო საჩივრის შეტანა. აღნიშნულ კრიტერიუმს წარმოადგენს დავის საგნის ღირებულება და დადგენილია, რომ იმ გადაწყვეტილების ან გადაწყვეტილების იმ ნაწილის მიმართ, რომელსაც მხარე სადავოდ ხდის და მოთხოვნის ოდენობა არ აღემატება 1 000 ლარს, სააპელაციო საჩივრის შეტანა არ დაიშვება. კანონის აღნიშნული დანაწესი სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპიდან გამომდინარეობს და შედარებით ნაკლები ღირებულების ქონებრივი დავის სწრაფად გადაწყვეტასა და დასრულებას ემსახურება. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა, იგი უფლებით დაცულ სფეროში ჩარევად ვერ იქნება განხილული, რადგანაც მას გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (იხ. ასევე სსსკ-ის 2.2. მუხლი). საკასაციო სასამართლო, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში, დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა განაცხადის დასაშვებობისას ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (იხ. ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romania და სხვ; იხ. სუსგ # ას- 230-218-2016, 28.04.2017წ.). სსსკ-ის 365-ე მუხლით დადგენილი სააპელაციო საჩივრის ფასი, მხარისათვის მინიჭებული გასაჩივრების უფლების ერთ-ერთ კანონიერ წინაპირობას წარმოადგენს, რომელიც სამართალწარმოების დროულ და ეფექტიან ორგანიზებასა და განხორციელებას ემსახურება, რაც არ შეიძლება ისეთ დანაწესად შეფასდეს, რომელიც არასამართლიანად ართმევს მომჩივანს სასამართლოსადმი წვდომის უფლებას (Mirigall Escolano and Others v. Spain, 38366/97, $33, 2000, ECHR) (იხ. სუსგ ას-692-646-2017, 2017 წლის 4 ივლისი).

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 დეკემბრის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „რ-ის“ კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 დეკემბრის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 დეკემბრის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე