საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-364-364-2018 15 ივნისი, 2018 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – ა. ლ-ი, ნ. ლ-ი, გ. დ-ი, ლ. დ-ი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ი. გ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა
დავის საგანი – უკანონო ხელშეშლის აღკვეთა, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ი. გ-ის (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი მოპასუხეების ნ. ლ-ის, ა. ლ-ის, ლ. დ-ის, გ. დ-ის (შემდეგში: მოპასუხეები, აპელანტები ან კერძო საჩივრის ავტორები) მიმართ დაკმაყოფილდა:
1.1. მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა სადავო უძრავი ქონება, მდებარე ქ. რუსთავში, მ-ის გამზირი # 30, ბინა # 36 [ს/კ 0-] და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს;
1.2. მოსარჩელეს უარი ეთქვა სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 ე წლის 11 ივლისის განჩინებით გ. დ-ის შეგებებული სარჩელი თავდაპირველი მოსარჩელის წინააღმდეგ მორალური ზიანის ანაზღაურებაზე, წარმოებაში არ იქნა მიღებული განსახილველად (იხ. განჩინება- ს.ფ.137-138).
3. მოპასუხეებმა 2017 წლის 19 სექტემბერს საჩივრით მიმართეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს, მოითხოვეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს იმავე წლის 27 ოქტომბრის განჩინებით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე მოპასუხეთა საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
5. წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტში მითითებულ განჩინებაზე მოპასუხეთაგან გ. დ–მა კერძო საჩივარი წარადგინა, მოითხოვა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და შეგებებული სარჩელის წარმოებაში მიღება (იხ. ს.ფ.146).
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 7 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარი დარჩა განუხილველი. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ 2017 წლის 2 ნოემბრის განჩინებით გ. დ-ს კერძო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა: ა) მითითება, თუ რაში მდგომარეობს განჩინების უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვს კერძო საჩივრის შემტანი პირი; ბ) მითითება გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ კერძო საჩივარს და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს; გ) სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში 50 ლარის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებების სასამართლოში წარმოდგენა.
7.იმავე წლის 14 ნოემბერს, სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა კერძო საჩივრის ავტორმა, რომელმაც განმარტა, რომ არის სოციალურად დაუცველი პირების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული და იღებს საარსებო შემწეობას. განახლებული ამონაწერის წარდგენის მიზნით მოითხოვა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელება.
8.სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 17 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა 5 დღით და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა: ა) მითითება, თუ რაში მდგომარეობს განჩინების უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვს კერძო საჩივრის შემტანი პირი; ბ) მითითება გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ კერძო საჩივარს და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს; გ) წარადგინოს ან ვადაში მყოფი ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ან სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა ვადა 5 დღე განჩინების ასლის ჩაბარებიდან.
9.საქმეში წარდგენილი უკუგზავნილით დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული განჩინება 2017 წლის 24 ნოემბერს ჩაბარდა პირადად ადრესატს (იხ. ს.ფ.205). საქმის მასალებით ირკვევა, რომ ადრესატს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია, და არც საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია.
10. მოპასუხეებმა 2017 წლის 8 დეკემბერს სააპელაციო საჩივარი წარადგინეს მოითხოვეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
11. სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის განჩინებით აპელანტებს დაუდგინდათ ხარვეზი, დაევალათ: ა) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშის შესაბამისად შედგენილი სააპელაციო საჩივრის წარმოდგენა; ბ) მითითება, თუ რაში მდგომარეობს გადაწყვეტილების უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვს სააპელაციო საჩივრის შემტანი პირი; გ) მითითება გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს; დ) სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში 160 ლარის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების ამ განჩინებით დადგენილ ვადაში სასამართლოში წარმოდგენა; ე) მოწინააღმდეგე მხარისათვის გადასაცემი სააპელაციო საჩივრისა და თანდართული მასალების ასლების წარმოდგენა; ვ) სააპელაციო საჩივრის შევსებული ფორმის ელექტრონული ვერსიის წარმოდგენა;
12. აპელანტებმა 2017 წლის 26 დეკემბერს განცხადებით მიმართეს სააპელაციო სასამართლოს და დამატებით მიუთითეს, რომ წარდგენილი აქვთ ამონაწერი, რის გამოც გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამასთან, სააპელაციო საჩივრის ელ. ვერსიის წარდგენა არ წარმოადგენს მათ ვალდებულებას, რადგანაც მსგავსი სახის საპროცესო ვალდებულებები მხოლოდ საკანონმდებლო ნორმატიული აქტით უნდა დადგინდეს, და არა კონკრეტული ორგანოს სამართლებრივი აქტით.
13. თბილისის საააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 9 იანვრის განჩინებით, აპელანტებს ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა გაუგრძელდათ 10 დღით.
14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2018 წლის 7 თებერვალს განცხადებით მიმართეს აპელანტებმა, წარადგინეს სააპელაციო საჩივრის შევსებული ფორმის ელექტრონული ვერსია, 18.11.2014 წლის ცნობა ა. ლ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და სსიპ შემოსავლების სამსახურის 06.02.2018 წლის ცნობა. განმცხადებლებმა მიუთითეს, რომ წარდგენილი ცნობებით დასტურდებოდა მათი მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა და ის, რომ არ აქვთ დასაბეგრი შემოსავალი, რის გამოც უნდა გათავისუფლდნენ ან გადაუვადდეთ სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 თებერვლის განჩინებით აპელანტების შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ან მისგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
16. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხეთა მიერ წარდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდებოდა აპელანტების მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, მიუხედავად იმისა, რომ მათ დასაბეგრი შემოსავალი არ უფიქსირდებოდათ, შესაძლოა, საკუთრებაში გააჩნდეთ გარკვეული ქონება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში არსებული დოკუმენტებით არ მტკიცდებოდა აპელანტების მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, რის გამოც სასამართლო ვერ გაათავისუფლებდა და ვერც გადაუვადებდა აპელანტებს სახელმწიფო ბაჟის გადახდას.
17. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა მა, მოითხოვეს, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება.
17.1 კერძო საჩივრის ავტორების მითითებით, მათ შეეზღუდათ სასამართლოს წესით უფლების დაცვის გარანტიები, ბაჟის გადაუხდელობის საფუძვლით, რაც ეწინააღმდეგება ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.
17.2 კერძო საჩივრის ავტორების განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმ საკითხზე, რომ აპელანტებმა წარადგინეს დასაბეგრი შემოსავლის არქონის შესახებ დოკუმენტები, აგრეთვე - ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, თუმცა, მათ ვერ გაათავისუფლებდაან გადაუვადებდა სახელმწიფო ბაჟს ურთიერთსაწინააღმდეგოა. ამასთან, დოკუმენტების მოპოვება, რომლებიც ადასტურებენ მხარის ქონებრივ მდგომარეობას, საჭიროებს, ფინანსურ სახსრებს, შესაბამისად, როდესაც აპელანტების მოთხოვნას სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, ან უკიდურეს შემთხვევაში მისი გადავადება წარმოადგენდა, მით უფრო მაშინ, როდესაც, დავის საგანს, განსახილველ შემთხვევაში, სწორედ ქონებაზე სადავოდ ქცეული უფლება წარმოადგენს, სასამართლოს შეეძლო გადაევადებინა მაინც სახელმწიფო ბაჟი წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე.
18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2018 წლის 23 აპრილის განჩინებით კერძო საჩივარი წარმოებაში მიიღო განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხეთა კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოტივაციით:
19. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
20. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს 2018 წლის 12 თებერვალს აპელანტების შუამდგომლობასთან დაკავშირებით, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან მისი გადავადების თაობაზე მიღებული განჩინების დასაბუთებულობა, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.
21. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს წინამდებარე განჩინების 17.1 ქვეპუნქტში ასახულ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობაზე, რომ საქმეში არ მოიპოვება ისეთი სახის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს, მხარის ისეთ ქონებრივ მდგომარეობას, რომლის საფუძველზეც სასამართლო ჩათვლის, რომ უნდა გაათავისუფლოს მხარე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ან გადაუვადოს გადახდა.
22. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის, იმავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ის) 52-ე მუხლის პირველი წინადადებით განსაზღვრულია, რომ სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა. სსსკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება, იმავე კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს.
23. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმეში არსებულ ამონაწერზე სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (იხ. ს.ფ.69), რომლითაც დასტურდება, რომ მოპასუხეების სარეიტინგო ქულაა 42 300 და იღებენ შემწეობას, ასევე - ა. ლ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაზე (მიუხედავად აღნიშნული ცნობის გაცემის თარიღისა, ირკვევა, რომ მას დამოუკიდებლად მოძრაობა არ შეუძლია და საჭიროებს მუდმივ მოვლას); და საქმეში არსებულ ცნობებზე, რომელიც გაცემულია შემოსავლების სამსახურის მიერ და ირკვევა, რომ გ. დ-ს, ნ. ლ-ს, ლ. დ-ს შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზაში არ უფიქსირდებათ დასაბეგრი შემოსავალი.
24. ზემოაღნიშნული სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო ინსტანციის ეტაპზე საქმის განხილვის დროს, მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ შეაფასა წარდგენილი მტკიცებულებები, მათ საფუძველზე სათანადოდ არ დაუსაბუთებია სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების ან უკიდურეს შემთხვევაში გადავადების თაობაზე უარის თქმა.
25. ამასთან, საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოს პრაქტიკაზე, სადაც სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების დაწყებისათვის ხარჯების გადახდის მოთხოვნა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვად და კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფთან შეუსაბამოდ (Weissman and others v. Romania, no. 63945/00, §§ 34 and 35, ECHR 2006-... (extracts)). თუმცა, ასეთი ხარჯების გონივრულობა უნდა შეფასდეს მოცემული საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, მათ შორის, მომჩივნის უნარი, გადაიხადოს ის და სასამართლო პროცესის ეტაპი, რომელზედაც ვრცელდება ასეთი შეზღუდვა. უფრო მეტიც, შეზღუდვა სასამართლო მიმართვაზე შეესაბამება მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ემსახურება კანონიერ მიზანს და არსებობს გონივრული ურთიერთდამოკიდებულება პროპორციულობისა, გამოყენებულ საშუალებებსა და დასახულ მიზანს შორის (Weissman and Others, ციტირებული ზემოთ, §36). თუ მხარის განცხადება გადახდისუნარიანობის შესახებ საეჭვო ან არასაკმარისია, სასამართლომ უნდა მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია წარსადგენი დოკუმენტაციის მითითებით და/ან უბრძანოს წარდგენილი ინფორმაციის გადამოწმება (იხ. mutatis mutandis, Jedamski and Jedamska, cited above, § 64; Kreuz, ციტირებული ზემოთ, §64; იხ.ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე - საფეხბურთო კლუბი „მრეტები“ საქართველოს წინააღმდეგ; შდრ. სუსგ #ას-998-942-2015, 2015 წლის 17 ნოემბრის განჩინება).
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია და სათანადოდ არ შეუფასებია აპელანტების შუამდგომლობები და წარდგენილი მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც აპელანტები მოითხოვდნენ სააპელაციო სამართალწარმოებაზე ხელმისაწვდომობას, ამ საპროცესო დარღვევას კი, სამოქალაქო საპროცესი კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არასწორი გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა, შესაბამისად, ამავე კოდექსის 412-ე (1) მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე საკასაციო სასამართლო აუქმებს გასაჩივრებულ განჩინებას და საქმეს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან ხელახლა განსახილველად უბრუნებს ქვემდგომ სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. ლ-ის, ნ. ლ-ის, გ. დ-ისა და ლ. დ-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 თებერვლის განჩინებაზე, დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 თებერვლის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ა. ლ-ის, ნ. ლ-ის, გ. დ-ისა და ლ. დ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე