საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-404-404-2018 15 ივნისი, 2018 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ო-ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ. მ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 9 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. მ-ის (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი, შპს „ო-ის“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, საწარმო ან კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ დაკმაყოფილდა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 9 თებერვლის განჩინებით აპელანტის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
3.1.სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ 2018 წლის 18 იანვრის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი, დაევალა, განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში მიეთითებინა, რაში მდგომარეობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსწორობა, ასევე მიეთითებინა, თუ რა ნაწილში არ ეთანხმებოდა იგი გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას. მიეთითებინა იმ გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს, აგრეთვე - გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი - 200 ლარი და წარედგინა სააპელაციო საჩივრის ელ ვერსია, CD დისკის სახით.
4. საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 იანვრის განჩინების ასლი, 2018 წლის 25 იანვარს, ჩაბარდა მოპასუხის წარმომადგენელს - ნ. ა-ს. შესაბამისად, აპელანტისათვის ხარვეზის შევსების ვადის ათვლა დაიწყო 2018 წლის 26 იანვრიდან და ამოიწურა იმავე წლის 1 თებერვალს.
4.1. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია, ხოლო აპელანტის წარმომადგენელმა 2018 წლის 5 თებერვალს მომართა სასამართლოს განცხადებით, სადაც მიუთითა, რომ მისი წინააღმდეგობის მიუხედავად, ფოსტის თანამშრომელმა მაინც დაუტოვა გზავნილი. ამასთან, განმცხადებელმა განმარტა, რომ კონვერტი ვერ გადასცა მოპასუხე საწარმოს დირექტორს, ვინაიდან ეს უკანასკნელი არ იმყოფება საქართველოში, შესაბამისად, წარმომადგენელი ითხოვდა სასამართლოს მიერ კონვერტის დაბრუნებას, რათა მისი შინაარსის არცოდნის გამო, თავიდან ყოფილიყო აცილებული მოსალოდნელი პრობლემები;
4.2.სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 64-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის აღმოფხვრისათვის განსაზღვრული ვადის გაგრძელება მიზანშეუწონელია, ვინაიდან აპელანტი საწარმოს თანამშრომელმა სასამართლოს ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ მიმართა (იხ. ტ.1, ს.ფ.123; განცხადების თაობაზე ვრცლად იხილეთ წინამდებარე განჩინების 4.1. ქვეპუნქტი).
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 9 თებერვლის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, და სააპელაციო სასამართლოსათვის სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის ეტაპიდან, საქმის განსახილველად დაბრუნება.
6. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის თაობაზე განჩინება მოპასუხეს გაეგზავნა ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე: ქ. თბილისი, ბ-ის ქ. .., სადაც გარდა მოპასუხისა, განთავსებულია სხვა კომპანიებიც. გზავნილი კურიერმა ჩააბარა ნ. ა-ს, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი არ იყო თანახმა გზავნილის ჩაბარებაზე, ვინაიდან მოპასუხე საწარმოსთან არანაირი კავშირი არ აქვს, ამასთან იცოდა, რომ გზავნილის უშუალო ადრესატი უცხოეთში იმყოფებოდა და უცნობი იყო, როდის დაბრუნდებოდა. მიუხედავად აღნიშნულისა, კურიერმა მაინც დატოვა გზავნილი.
7. ნ. ა-მა 2018 წლის 5 თებერვალს მიმართა სასამართლოს განცხადებით, წინამდებარე განჩინების 4.1 ქვეპუნქტში მითითებულ გარემოებებზე მიუთითა და მოითხოვა კონვერტის დაბრუნება სასამართლოსათვის.
8. საწარმოს წარმომადგენელმა 2018 წლის 6 თებერვალს მიმართა სასამართლოს და ჩაიბარა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის თაობაზე 2018 წლის 18 იანვრის განჩინება, აღნიშნულის საფუძველზე კი, საწარმოს მიერ კანონით დადგენილ ვადაში მოხდა ხარვეზის აღმოფხვრა.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2018 წლის 20 აპრილის განჩინებით მოპასუხის კერძო საჩივარი წარმოებაში მიიღო განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
11. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება წარმოდგენილი აქვთ.
12. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის თაობაზე მიღებული განჩინების, კანონით დადგენილი წესით, ადრესატისათვის ჩაბარებულად (იხ. წინამდებარე განჩინების 4.2-4.2 ქვეპუნქტები).
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების პროცესში მონაწილე პირთა მიმართ სასამართლო დოკუმენტების გაგზავნა ჩაბარების/შეტყობინების წესს განსაზღვრავს სსსკ-ის 70-78 მუხლები.
14. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში - ამ შეტანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. სასამართლო უწყებით სასამართლოში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს. სსსკ-ის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტენატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსათვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სსსკ-ის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით - სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით.... ...უწყების მიმღების ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით, იმავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ადრესატის არყოფნის შემთხვევაში სასამართლო უწყების ჩამბარებელმა უწყების მეორე ეგზემპლარზე უნდა აღნიშნოს, სად არის წასული ადრესატი და როდის ვარაუდობენ მის დაბრუნებას. სსსკ-ის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილი მიხედვით ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს.
15. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ გზავნილი სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის თაობაზე ჩაბარდა აპელანტის (მოპასუხე საწარმოს) უფლებამოსილ პირს. მართალია, სსსკ-ის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილი განსაზღვრავს ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი კორესპონდენციის არა მხოლოდ უშუალოდ ადრესატის, არამედ ორგანიზაციის სხვა პასუხისმგებელ პირთა მიერ ჩაბარების წესს, თუმცა, საგულისხმოა ის გარემოება, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი ცნობების თანახმად, ნ. ა-ი არ წარმოადგენს მოპასუხე საწარმოს მენეჯერს (იხ. ს-ფ 156); საქმეში არსებული გზავნილის თანახმად, ნ. ა-ი, რომელსაც ჩაბარდა მოპასუხისათვის გადასაცემი სასამართლო (განჩინება) დოკუმენტაცია, დასაქმებულია იმავე მისამართზე განთავსებულ სხვა რამდენიმე კომპანიაში (შპს „გ. 2..“ -ში ბუღალტერია, შპს „კ.-2..“-ში და შპს „მ..“-ში მოლარეა, ხოლო - იხ. ს.ფ 157-159).
16. კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოპასუხე საწარმოს გარდა, შპს „გ. 2..“ის, შპს „კ..-2..“-ისა და შპს „მ..“-ს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი, დ. ბ-ის ქ. # .. (იხ. ს.ფ. 150-155; შდრ. წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტში მოპასუხე საწარმოს მისამართს). ზემოხსენებულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს გზავნილის ნ. ა-ისათვის ჩაბარება, სსსკ-ის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით განსაზღვრული დანაწესის ფარგლებში (ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს) ვერ მიიჩნევა აპელანტის უფლებამოსილ პირისათვის ჩაბარებად. ამასთან, გასათვალისწინებელია, თავად ნ. ა-ის მიერ განხორციელებული ქმედება, სასამართლო გზავნილის უკან დაბრუნების თაობაზე, და ის, რომ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ გზავნილი მისი ნების საწინააღმდეგოდ დატოვა კურიერმა მისამართზე, რაც, თავის მხრივ, კიდევ უფრო ამყარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიის საფუძვლიანობას, რომელმაც იმის დასტურიც წარმოადგინა, რომ მოპასუხე საწარმოს დირექტორი არ იმყოფებოდა საქართველოში სააპელაციო სასამართლოდან გამოგზავნილი განჩინების ჩაბარების დროს (იხ. ს.ფ. 32-33 და ს.ფ. 160-162).
17. საკასაციო სასამართლომ იმასაც მიაქცია ყურადღება, რომ საქმისწარმოების განმავლობაში, ნ. ა-ს, როგორც მოპასუხე საწარმოს თანამშრომელს, არასდროს ჩაბარებია კუთვნილი გზავნილი.
18. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით უზრუნველყოფილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლება, რაც გასაჩივრების უფლებასაც მოიცავს, რომლის წინაპირობაა კანონით დადგენილი წესით მხარისათვის ინფორმაციის მიწოდება, სასამართლოს შესაბამისი აქტის ჩაბარების უზრუნველყოფა, გასაჩივრების ფუნდამენტური უფლების რეალიზაციის მიზნებისათვის.
19. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებითა და კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების (ტ.1.ს.ფ.150-159) საფუძველზე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ წინამდებარე შემთხვევაში საქმის მასალებით დგინდება, რომ ნ. ა-ი არ წარმოადგენს ადრესატი კომპანიის თანამშრომელს, შესაბამისად, სასამართლოს მიერ მისთვის ჩაბარებული უწყება ვერ ჩაითვლება ჩაბარებულად, რის გამოც კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "ო-ის" კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 9 თებერვლის განჩინებაზე, დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 9 თებერვლის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შპს "ო-ის" სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე