საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-409-409-2018 18 მაისი, 2018 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ზ. ჭ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ჩ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით, ზ. ჭ-ის (მოსარჩელე, კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი ჯ. ა-ის, ნ. ო-ის, ე. ა-ის, ი. ა-ის, გ. ს-ის, ნ. ნ-ასა და ნ. თ-ის (შემდეგში: მოპასუხეები, ამხანაგობა „ჭ-ე 37ბ“) წინააღმდეგ არ დაკმაყოფილდა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მხარეთა გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივარი აპელანტის შუამდგომლობის საფუძველზე დაკმაყოფილდა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, 2017 წლის 20 მარტს, განცხადებით მიმართა ლ. ჩ-მა (შემდეგში: დაინტერესებული პირი, განმცხადებელი), მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა.
5. განმცხადებლის მითითებით აღნიშნული გადაწყვეტილება უშუალოდ ეხება მის ინტერესებს, კერძოდ, ექსპერტიზის დასკვნის #2 დანართიდან (ტ.1, ს.ფ.207) ირკვევა, რომ ამხანაგობა „ჭ-ე 37ბ“-ს ეკუთვნის გარკვეული /მკრთალად მონიშნული/ ფართი, რომლის ნაწილიც გადაწყვეტილებით გამოეყო მოსარჩელეს. აღნიშნული ფართი განმცხადებლის საკუთრებას წარმოადგენს 2014 წლის 18 სექტემბრიდან, მასსა და ამხანაგობის თავმჯდომარეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე (რაც მოსარჩელისათვის ცნობილი ფაქტია), ხოლო გადაწყვეტილების თაობაზე მისთვის არაფერი იყო ცნობილი, ვინაიდან იგი საქმის წარმოებაში ჩართული არ იყო (ტ.2.ს.ფ. 128-132).
6. განმცხადებელმა დამატებით განმარტა, რომ ვერ ახერხებს ხელშეკრულების საფუძველზე ამხანაგობისაგან შეძენილი უძრავი ქონების საკუთრების უფლებით თავის სახელზე აღრიცხვას, ვინაიდან ამხანაგობას სხვა გადაწყვეტილებით დაკისრებული აქვს ფულადი ვალდებულება, რის გამოც მოსარჩელემ სააღსრულებო ფურცელი წარადგინა, და ქონება დაყადაღებულია აღსრულების მიზნებისათვის (ტ.2, ს.ფ. 133), მათ შორის, მის საკუთრებაში არსებული ფართის ნაწილიც. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, განმცხადებელმა სარჩელი აღძრა ქონების საკუთრებაში გადმოცემის მოთხოვნით და იმავე მოთხოვნის უზრუნველსაყოფად 2015 წლის 10 ივნისის სარჩელის უზრუნველყოფის განჩინებით შეჩერდა სადავო ფართის რეალიზაცია, რაც თავის მხრივ, ცნობილი იყო მოსარჩელისათვის.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 თებერვლის განჩინებით, დაინტერესებული პირის განცხადება დაუსწრებელი გადაწყვეტილების /15.12.2016/ ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაკმაყოფილდა.
8. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებისა და განმცხადებლის განმარტების საფუძველზე მიუთითა, რომ წარმოდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულებით დასტურდება განმცხადებლის მიერ ამხანაგობისაგან ქონების შეძენის ფაქტი, რომელზეც ვერ მოხერხდა საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ქონებაზე არსებული ყადაღის გამო (იხ. წინამდებარე განჩინების მე-5-6 პუნქტები).
9. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება /15.12.2016/, მიუხედავად იმისა, რომ განმცხადებელს სადავო ქონება არ აქვს აღრიცხული საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით საკუთრების უფლებით, უშუალოდ მის ინტერესებს ეხება, ვინაიდან აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე განაწილებული ფართებით შესაძლოა შემცირდეს ხელშეკრულების საფუძველზე შეძენილი ქონების ოდენობა.
10. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით (კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ ა) გადაწყვეტლების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში; ბ) ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერ წარმომადგენელი არ იყო მიწვეული საქმის განხილვაზე; გ) პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე;) მიიჩნია, რომ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი
11. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 თებერვლის განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება, შემდეგი არგუმენტაციით:
11.1 კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, განმცხადებელი არ წარმოადგენდა სადავო ქონების მესაკუთრეს, განცხადებაზე თანდართული ხელშეკრულება არ აკმაყოფილებს უძრავი ქონების შეძენისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
11.2 ამასთან, ხელშეკრულების დადების მომენტში განმცხადებლისათვის ცნობილი იყო, რომ ქონება დაყადაღებული იყო, რის გამოც ვერ მოახერხა საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაცია;
11.3 კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მის მიერ შეტანილი სარჩელი მიმართული იყო მოპასუხეების მიმართ, ჭ-ის გამზ. #37ბ-ში, მეორე სართულზე თანასაკუთრებაში არსებულ ფართზე საზიარო უფლების გაუქმების შესახებ, შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება განცხადებლის კანონიერ ინტერესს ვერ შეეხებოდა.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2018 წლის 2 აპრილის განჩინებით მოსარჩელის კერძო საჩივარი წარმოებაში მიიღო განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
13. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
14. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე მიღებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა.
15. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს, ასახულს ამ განჩინების მე-8-10 პუნქტებში და დამატებით განმარტავს, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ „მიუხედავად იმისა, საჯარო რეესტრში არ ჰქონდა დაინტერესებულ პირს ხელშეკრულებით შესყიდული ქონება რეგისტრირებული, დაუსწრებელი გადაწყვეტილება მის კანონიერ ინტერესს უშუალოდ ეხებოდა, რაც გამოიხატებოდა გადაწყვეტილებით დადგენილი წესით ქონების განაწილების შემთხვევაში მისი საკუთრების ფართის შემცირებაში“.
16. საკასაციო სასამართლო აგრეთვე, ყურადღებას გაამახვილებს კერძო საჩივრის ავტორის მიერ საჩივარში მითითებულ გარემოებაზე, სადაც ის აღნიშნავს, რომ განმცხადებელსა და ამხანაგობას შორის ხელშეკრულების გაფორმების პერიოდისათვის, ქონებაზე ყადაღა იყო რეგისტრირებული, რის გამოც განმცხადებელმა ვერ შეძლო ქონების რეგისტრაცია, შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნული განცხადებით სადავოდ კი არ ხდის იმ ფაქტს, რომ ნამდვილად დაიდო ხელშეკრულება სადავო ქონებაზე, არამედ - ადასტურებს გარიგების დადებას, თუმცა, უთითებს, რომ ვერ მოხერხდა საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების აღრიცხვა, რაც თავის მხრივ, ამყარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე იმ მოტივით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის კანონიერ ინტერესს უშუალოდ ეხებოდა (იხ. წინამდებარე განჩინების მე-9 პუნქტი).
17. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ განცხადება შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ კანონით - სსსკ-ის 422-ე და 423-ე მუხლებით იმპერატიულად განსაზღვრულ შემთხვევებს, რადგან საქმის წარმოების განახლება, როგორც საპროცესო მოქმედება, წარმოადგენს არა სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს, არამედ - გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების დამატებით საპროცესო მექანიზმს. დასრულებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში და ისიც, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან დადგენილია განმცხადებელსა და ამხანაგობას შორის ხელშეკრულების დადების ფაქტი, აგრეთვე, ის რომ დაინტერესებული პირი ქონებაზე არსებული ყადაღის გამო ვერ შეძლებდა საკუთრების უფლების რეგისტრაციას (რასაც მოსარჩელე კერძო საჩივრით არ უარყოფს) და ისიც, რომ სათანადო წესით არ იყო სამართალწარმოებაში ჩართული, გამოვლენილია სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატის 2018 წლის 8 თებერვლის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ. ჭ-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 თებერვლის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 თებერვლის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე