Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-413-413-2018 27 აპრილი, 2018 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი – სს ''კ-ა''

მოწინააღმდეგე მხარეები – თ. ბ-ე, შ. კ-ე, ზ. პ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 იანვრის განჩინება

დავის საგანი – საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სს „კ-ამ“ (შემდეგში: საარბიტრაჟო მოსარჩელე, საწარმო, კრედიტორი, განმცხადებელი ან საჩივრის ავტორი) 2018 წლის 11 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 35618-ე, 192-ე მუხლების თანახმად საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ითხოვა (ს/ფ 2-3).

2. განმცხადებლის განმარტებით, სს-სა და თ. ბ-ეს (შემდეგში: პირველი საარბიტრაჟო მოპასუხე ან მოვალე) შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება მოვალემ დაარღვია, რის გამოც მას საარბიტრაჟო მოსარჩელის მიმართ დავალიანება ეკისრება (იხ. სესხის ხელშეკრულება, ს/ფ 4-15). სესხის ხელშეკრულება უზრუნველყოფილი იქნა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებებით, რომლებიც გაფორმდა, ერთი მხრივ, საწარმოსა და შ. კ-ეს (შემდეგში: მეორე საარბიტრაჟო მოპასუხე ან პირველი თავდები) შორის და, მეორე მხრივ, საწარმოსა და ზ. პ-ეს (შემდეგში: მესამე საარბიტრაჟო მოპასუხე ან მეორე თავდები) შორის (ს/ფ 16-21).

3. საარბიტრაჟო მოსარჩელემ განცხადება იმ გარემოებებს დააფუძნა, რომ მოვალის ქონებრივი და ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა; თავდებები სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას არ ასრულებენ; არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ პირველი თავდების ვალდებულებისა და სამართლებრივი შეზღუდვისაგან თავისუფალი უძრავი ქონება, კრედიტორის მიერ სააღსრულებო ფურცლის მიღებამდე, გაასხვისოს მესაკუთრემ; პირველი თავდების კუთვნილი უძრავი ქონების გასხვისება კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილებას შეუძლებელს გახდის, რადგან საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების საშუალება აღარ იარსებებს. განმცხადებლის განმარტებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებიდან კანონით გათვალისწინებულ 10 დღეში საარბიტრაჟო მოსარჩელე საარბიტრაჟო სარჩელით მიმართავს მუდმივმოქმედ არბიტრაჟს.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 იანვრის განჩინებით სს-ის განცხადება, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

5. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 35618-ე, 192-ე, 198-ე, 191-ე მუხლებზე დაყრდნობით განმარტა, რომ სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფაზე მსჯელობისას სასამართლოს უნდა გაუჩნდეს დასაბუთებული ვარაუდი, რომ განმცხადებლის უფლებების დაცვის მიზნით, სარჩელის სასამართლოში წარმდგენამდე, აუცილებელია მისი უზრუნველყოფა. განმცხადებელი უნდა უთითებდეს და ასაბუთებდეს, რატომ არის შეუძლებელი ამ ეტაპისათვის სარჩელის აღძვრა. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით განმცხადებელი წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტში დასახელებულ გარემოებებს შესაბამისი მტკიცებულებებით ვერ ადასტურებს, რის გამოც განცხადება დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 16 და 21 იანვარს განცხადებებით მიმართა საწარმომ და საარბიტრაჟო სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ დადგენილებები წარუდგინა.

7. ზემოხსენებულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა საარბიტრაჟო მოსარჩელემ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და განცხადების დაკმაყოფილების მოთხოვნით. საჩივრის ავტორმა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე (#2ბ/2831-16; 2ბ/4023-13; 2ბ/5926-16) მიუთითა და აღნიშნა, რომ ხშირად მოვალეები ქონებებს ასხვისებენ, რათა ვალდებულების შესრულებას თავი აარიდონ, რის გამოც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობის საფრთხე დგება.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 მარტის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

9. საპელაციო სასამართლომ სრულად გაიმეორა ის ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება, რაც წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტშია ასახული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საარბიტრაჟო მოსარჩელის საჩივრისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საწარმოს განცხადება, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, დაკმაყოფილდეს.

10. სსსკ-ის 399-ე მუხლის საფუძველზე, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს. სსსკ-ის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამავე კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.

11. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, სსსკ-ის 35618-ე, 192-ე, 198-ე, 191-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანია სარჩელზე მომავალში მისაღები გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება. იმისთვის, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება იქნეს გამოყენებული, უნდა არსებობდეს კანონით გათვალისწინებული წინაპირობები, კერძოდ განცხადებაში უნდა მიეთითოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა გამო უზრუნველყოფის ღონისძიებების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და, ასევე, მითითებული უნდა იყოს უზრუნველყოფის იმ ღონისძიებებზე, რომელთა გატარებაც განმცხადებელს მიზანშეწონილად და გამართლებულად მიაჩნია.

12. სარჩელის უზრუნველყოფა დამოკიდებულია ვარაუდზე, რომ შესაძლოა მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნებისაგან თავის დაღწევის მიზნით განახორციელოს ისეთი ქმედება, რაც საბოლოოდ შეუძლებელს გახდის მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას, სასამართლო არ იკვლევს სარჩელის საფუძვლიანობას და მის დასაბუთებულობას, არამედ ხელმძღვანელობს სამართლებრივი დასკვნით, რომ შესაძლოა სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს (შდრ. სუსგ ას-16-354-09, 05.02.09 წ.).

13. დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომელიც წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტშია ასახული, რადგან იგი საპროცესო კანონმდებლობით გამტკიცებული სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის არსიდან არ გამომდინარეობს. ამასთან, საარბიტრაჟო სარჩელი წარმოებაშია მიღებული, რის თაობაზეც სააპელაციო სასამართლოს საჩივრის განხილვამდე ეცნობა (იხ. ამ განჩინების მე-6 პუნქტი).

14. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ კონტრაქტორი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, კანონიერ ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითად დარჩენილიყო. ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (იხ. საქმე შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ“). სხვა საქმეში ევროსასამართლომ ასევე განმარტა, რომ სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ - ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება (იხ. Hornsby, cited above, §§ 40 and seq.).

15. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის დავის საგანია თანხის დაკისრება. ასეთი სარჩელი კი არის მიკუთვნებითი, ანუ აღსრულებითი სარჩელი. ეს ნიშნავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლაზე, არამედ - ასევე მოპასუხის ნებაზე - განახორციელოს გარკვეული მოქმედება, გადაიხადოს დაკისრებული თანხა. თანხის გადახდის თაობაზე ნების არარსებობის შემთხვევაში, გადაწყვეტილებით განსაზღვრული შედეგის დადგომა დამოკიდებული ხდება ისეთ საშუალებაზე, როგორიცაა იძულებითი აღსრულება.

16. სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან შეუზღუდავია მესაკუთრის ნება, განახორციელოს საკუთარი ქონების მიმართ სამართლებრივი შედეგის მქონე მოქმედებები, მაგალითად გაყიდვა, გაჩუქება და სხვა, მოცემულ შემთხვევაში არ არის უსაფუძვლო, რომ მეორე საარბიტრაჟო მოპასუხემ, სხვადასხვა მოტივით, განახორციელოს მითითებული მოქმედებები და უძრავი ქონება აღმოჩნდეს მესამე პირთა, შესაძლო კეთილსინდისიერ პირთა მფლობელობაში. ასეთ შემთხვევაში, თუკი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტისათვის არ იარსებებს ქონება, რომელზედაც შესაძლოა მიქცეული იქნეს იძულებითი აღსრულება, გადაწყვეტილება იქცევა აღუსრულებელ გადაწყვეტილებად, ხოლო სარჩელის მიზანი მიღწეული ვერ იქნება. შესაბამისად, განცხადება შეიცავს შესაბამის დასაბუთებას, გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობის თაობაზე.

17. სსსკ-ის 198.1-ე მუხლის მიხედვით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხს სასამართლო წყვეტს იმის მიხედვით, თუ როგორია სასარჩელო მოთხოვნის ხასიათი და შინაარსი. საქმის გარემოებების და სასარჩელო მოთხოვნის გათვალისწინებით, სასამართლოს მართებულად მიაჩნია საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ მოთხოვილი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, რამდენადაც ამგვარი შეზღუდვით უზრუნველყოფილი იქნება საარბიტრაჟო მოსარჩელისათვის სავარაუდო გადაწყვეტილების აღსრულება. საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ქონება, რომლის მიმართაც უნდა განხორციელდეს უზრუნველყოფის ღონისძიება, პირველი თავდების საკუთრებას წარმოადგენს.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ საარბიტრაჟო მოსარჩელის საჩივარი დასაბუთებელია, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საწარმოს განცხადება, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 194-ე, 197-ე, 199-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს ''კ-ა''-ს საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 იანვრის განჩინების თაობაზე დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 იანვრის განჩინება;

3. სს ''კ-ა''-ს განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდეს;

4. შ. კ-ეს (პ/ნ 6-) აეკრძალოს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე: რაიონი წ-ო, სოფელი ო-ი, დაზუსტებული ფართობი 2508.00 კვ.მ; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 29-, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;

5. განემარტოს მოსარჩელეს, რომ საქართველოს სსკ-ის 199-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუმართლებელი გამოდგა იმის გამო, რომ უარი ეთქვა სარჩელზე და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, მაშინ მოსარჩელე ვალდებული იქნება აუნაზღაუროს მოწინააღმდეგე მხარეს ზარალი, რაც მას მიადგა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად;

6. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე