საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-435-435-2018 29 ივნისი, 2018 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – დ. ბ-ე, ლ. მ–ი, ბ. ბ-ე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – სს ''თ-ი'' (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა
დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების იძულებითი რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს „თ-ის“ (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი დ. ბ-ის, ლ. მ-ისა და ბ. ბ-ის (შემდეგში: მოპასუხეები, აპელანტები, კერძო საჩივრის ავტორები) წინააღმდეგ დაკმაყოფილდა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 თებერვლის განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
4. ზემოხსენებულის საფუძველი ის გარემოებები გახდა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე აპელანტებს დაუდგინდათ ხარვეზი, დაევალათ, აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში წარედგინათ დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი /მისი ელექტრონული ვერსია CD დისკის სახით/ იმდენი ასლით, რამდენი მხარეც მონაწილეობს საქმეში, სადაც მითითებული იქნებოდა, თუ რა ნაწილშია გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაში მდგომარეობს გადაწყვეტილების უსწორობა, კონკრეტულად რას მოითხოვს სააპელაციო საჩივრის შემტანი პირი, მითითებას გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს, მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს; ასევე, აპელანტებს დაევალათ სახელმწიფო ბაჟის 997.27 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სასამართლოსათვის.
5. იმავე წლის 23 იანვარს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართეს აპელანტებმა, წარადგინეს დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი და მისი ელექტრონული ვერსია, ხოლო სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება მოითხოვეს იმ მიზეზით, რომ არ გააჩნდათ მისი გადახდის საშუალება, ასევე, მოითხოვეს განსახილველი დავა მიჩნეულიყო უფლებრივ დავად და, შესაბამისად, ბაჟის ოდენობა განსაზღვრულიყო 150 ლარით (იხ. ტ.1, ს.ფ.292, განცხადება, სააპელაციო საჩივარი, ელ. დისკი).
6. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 48-ე მუხლის პირველ ნაწილზე [სასამართლოს მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს] დაყრდნობით განმარტა, რომ სახელმწიფო ბაჟის შემცირებისა და გადავადების თაობაზე შუამდგომლობა უსაფუძვლოა, ვინაიდან აპელანტებს სასამართლოსათვის არ წარუდგენიათ რაიმე სახის მტკიცებულება მათი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დასადასტურებლად, ამასთან, დავის საგანს წარმოადგენდა თანხის დაკისრება, რაც გამორიცხავდა მის არაქონებრივ დავად მიჩნევას.
7. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ხარვეზის დადგენის თაობაზე სასამართლოს განჩინება გაეგზავნა და ჩაბარდა აპელანტების წარმომადგენელს კანონით დადგენილი წესით (სსსკ-ის 70-78 მუხლები), 2018 წლის 18 იანვარს, ხოლო ხარვეზის აღმოფხვრისათვის განსაზღვრული ვადა ამოიწურა იმავე წლის 25 იანვარს, 24:00 საათზე. საქმის მასალებით დადგენილია, რომ აღნიშნულ ვადაში აპელანტებმა ნაწილობრივ აღმოფხვრეს ხარვეზი, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
8. მე-3 პუნქტში დასახელებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს აპელანტებმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა მოითხოვეს.
9. კერძო საჩივრის ავტორების განმარტებით, სახელმწიფო ბაჟის გადახდის საშუალება არ გააჩნიათ, ვინაიდან სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე დაეკისრათ თანხის გადახდა, შესაბამისად, განსახილველი დავა უნდა მიჩნეულიყო უფლებრივ დავად, ხოლო არაქონებრივი დავისათვის გადასახდელი ბაჟი - 150 ლარის ოდენობით, აპელანტებს უნდა გადაუვადდეთ საქმის საბოლოოდ განხილვის დასრულებამდე.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 მაისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
11. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში, სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
13. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში აპელანტებმა ხარვეზი სრულად არ შეავსეს.
14. საკასაციო სასამართლო მიუთითებს წინამდებარე განჩინების 4-7 პუნქტებით დადგენილ გარემოებებზე და ყურადღებას გაამახვილებს, რომ მხარეთა შორის არსებობს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რაც გამორიცხავს აღნიშნულიდან სადავო საგნის არაქონებრივ დავად კვალიფიცირებას. რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟის გადავადებას, სსსკ-ის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის (დეფინიცია იხ. მე-6 პუნქტში) გათვალისწინებით, წინამდებარე შემთხვევაში დადგენილია, რომ აპელანტებს არანაირი სახის მტკიცებულება არ წარუდგენიათ სააპელაციო სასამართლოსათვის, შესაბამისად, სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის გადავადების თაობაზე.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ. ბ-ის, ლ. მ-ის და ბ. ბ-ის კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 თებერვლის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 თებერვლის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე