საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-569-569-2018 29 ივნისი, 2018 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ბ. ი-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. კ-ე (მოსარჩელე)
მოპასუხე თავდაპირველ სარჩელში - ბმა „ი-43“
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა
დავის საგანი – ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის მონაცემებში ცვლილებების შეტანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ნ. კ-ის (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი ბ. ი-ისა (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) და ბმა „ი-43“ (შემდეგში: თავდაპირველი მოპასუხე) წინააღმდეგ დაკმაყოფილდა.
2. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
4. ზემოხსენებულის საფუძველი გახდა ის გარემოებები, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი, დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სასამართლოსათვის წარედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი და მისი ელექტრონული ვერსია, შესრულებული Word-ის ფაილში, CD დისკის სახით.
5. საქმეში არსებული უკუგზავნილებით ირკვევა, რომ განჩინება ხარვეზის დადგენის თაობაზე, აპელანტს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 70-78-ე მუხლები), ორჯერ, 2018 წლის 17 იანვარს და იმავე წლის 30 იანვარს სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე - ქ. ბათუმი, ზ. გ-ის ქ. №36, ბინა 10. ასევე - ალტერნატიულ მისამართზე - ქ. ბათუმი, ბ-ის ქ. №43, რომლებიც დაბრუნდა მინაწერით „შენახვის ვადის გასვლის გამო“, „მოუკითხაობის გამო“ და „არასრული მისამართის გამო“ (იხ. ტ.1, ს.ფ. 121-126).
6. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განჩინება ხარვეზის დადგენის თაობაზე ჩაბარებულად ჩაითვალა 2018 წლის 30 იანვარს, რომლის შესაბამისადაც, აპელანტს, ხარვეზის შევსების ვადა ჰქონდა 2018 წლის 7 თებერვლის 24:00 საათამდე. საქმის მასალებით დადგენილია, რომ აღნიშნულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ აღმოუფხვრია.
7. მე-3 პუნქტში დასახელებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება სააპელაციო სასამართლოში ხარვეზის დადგენის სტადიიდან.
8. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მისთვის ცნობილი იყო, რომ 2017 წლის 12 ნოემბერს წარდგენილი სააპელაციო საჩივარი ხარვეზიანი იყო და ელოდებოდა კიდეც ხარვეზის დადგენის თაობაზე განჩინებას, რაც გამოხატავს მის იურიდიულ ინტერესს საქმის წარმოების შესახებ. სააპელაციო საჩივრის შეტანიდან გარკვეული დროის შემდეგ, იმის გამო, რომ ხარვეზის თაობაზე განჩინება ჯერ კიდევ არ ჰქონდა ჩაბარებული, კერძოდ, 2018 წლის 3 აპრილს, აპელანტი დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწეს, რომლისგანაც შეიტყო, რომ მისი სააპელაციო საჩივარი დატოვებული იყო განუხილველად, დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2018 წლის 10 მაისის განჩინებით აპელანტის კერძო საჩივარი წარმოებაში მიიღო განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
10. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში, სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
12. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარზე აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი. აღნიშნული განჩინება არაერთხელ გაეგზავნა ადრესატს, მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ ძირითად და ალტერნატიულ მისამართებზე (აღნიშნული მისამართი, აპელანტს ჯერ კიდევ შესაგებელში აქვს მითითებული. საქმის მასალებით დგინდება, ასევე, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა სარჩელი სწორედ აღნიშნულ მისამართზე გააგზავნა (იხ. ტ.1, ს.ფ.40-48; ასევე - წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტი).
13. სსსკ-ის 71-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის ალეტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსათვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსახვებული წესის მიხედვით. თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისიწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. იმავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისიწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყებამ და არ არ არის ვალდებული, დაიცვას თანმიმდებრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსათვის ცნობის სხვა მისამართზე.
14. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ზემოაღნიშნული სამართლებრივი საფუძვლები სასამართლო უწყების ჩაბარების საკმარის საფუძვლებს ქმნის იმისათვის, რომ სასამართლომ სააპელაციო საჩივარი დატოვოს განუხილველი. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებულ გარემოებაზე, რომ მან იცოდა, ხარვეზიანი სააპელაციო საჩივრის შეტანის შესახებ და ამ საფუძვლით ელოდებოდა კიდეც სასამართლოს განჩინებას, თუმცა, მიუხედავად ამისა, 2017 წლის 12 ნოემბერს წარდგენილ სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით მხოლოდ 2018 წლის 3 აპრილს მიმართა სასამართლოს.
15. საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ აპელანტს სასამართლო გზავნილი არაერთხელ გაეგზავნა სააპელაციო საჩივარზე მითითებულ მისამართებზე და ვერც ერთხელ ვერ ჩაბარდა სასამართლოსაგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო. ამდენად, საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგების შესაბამისად, ხარვეზის განჩინების თაობაზე სასამართლო გზავნილი მოპასუხისათვის ჩაბარებულად ითვლება.
16. სსსკ-ის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბ. ი-ის კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 თებერვლის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 თებერვლის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე