Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-673-644-2016 25 ივნისი, 2018 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – თ. გ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. გ-ი, ს. ჭ-ა (მოპასუხეები)

განმცხადებლის მოთხოვნა – დამატებითი განჩინების გამოტანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 თებერვლის განჩინებით თ. გ-ისა და ს. ჭ-ას (შემდეგში: მოპასუხე ან კასატორი) საკასაციო საჩივარი თ. გ-ის (შემდეგში მოსარჩელე) წინააღმდეგ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 მაისის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა.

2. უზენაეს სასამართლოს, 2017 წლის 10 თებერვალს განცხადებით მომართა მოსარჩელის წარმომადგენელმა პ. კ-ემ და მოითხოვა დამატებითი განჩინების გამოტანა. განმცხადებლის განმარტებით მოსარჩელესა და მის წარმომადგენელს შორის გაფორმებული საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულების თანახმად, საქმის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მოსარჩელეს ადვოკატის გასამრჯელოს სახით 1 000 ლარის გადახდა ევალებოდა, რომლის ანგარიშსწორება დამოკიდებული იყო საქმის წარმატებული შედეგის განმსაზღვრელი სასამართლო აქტის კანონიერ ძალაში შესვლაზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 3 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და კანონიერ ძალაში შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მოსარჩელეს ადვოკატის მიმართ, სწორედ ამ მომენტიდან, წარმოეშვა იმ გასამრჯელოს გადახდის ვალდებულება, რომელიც წარმატებულ შედეგზე იყო დამოკიდებული.

3. მოსარჩელემ საადვოკატო მომსახურების ჰონორარი, 1000 ლარი, 2017 წლის 8 თებერვალს გადაიხადა. შესაბამისად, მოსარჩელე დამატებითი განჩინების გამოტანით ითხოვს მოპასუხეებისათვის საადვოკატო ხარჯის - 1000 ლარის დაკისრებას.

4. განმცხადებლის განმარტებით მას დაცული აქვს კანონით გათვალისწინებული 7-დღიანი ვადა (უზენაესი სასამართლოს განჩინება 2017 წლის 3 თებერვალს გამოცხადდა, განცხადება კი 2017 წლის 10 თებერვალსაა წარმოდგენილი), განცხადებას თან ერთვის მოსარჩელესა და მის ადვოკატს შორის გაფორმებული ხელშეკრულება და ადვოკატის ანგარიშზე, 2017 წლის 8 თებერვალს, 1000 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი, სადაც გადახდის დანიშნულებაში მითითებულია - თ. გ-ის ადვოკატის ჰონორარი, Nას-673-644-2016.

5. განმცხადებლის მითითებით გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ მოცემული საქმე საკასაციო სასამართლოში სრულყოფილი პროცედურით წარიმართა, საკითხის არსებითი განხილვისა და ზეპირი მოსმენის ფორმატში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-31 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით, ზეპირი მოსმენის გარეშე, გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში.

7. საკასაციო სასამართლო იზიარებს განმცხადებლის მითითებას, რომ მან განჩინების სარეზოლუციო ნაწილის შეტყობიდან 7 დღის ვადაში წარმოადგინა განცხადება დამატებითი განჩინების მიღების მოთხოვნით. დასახელებულ საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი 2017 წლის 3 თებერვალს გამოცხადდა, მოსარჩელის წარმომადგენელმა კი სასამართლოს 2017 წლის 10 თებერვალს მომართა.

8. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოწინააღმდეგე მხარისათვის საადვოკატო ხარჯის დაკისრების საკითხი მხარემ საქმის განხილვისას უნდა დასვას და არა მას შემდეგ, რაც საქმეზე გადაწყვეტილება გამოცხადდება. მოსარჩელის წარმომადგენელს საკასაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს არც წერილობით და არც ზეპირად არ მიუმართავს სასამართლოსათვის საადვოკატო ხარჯების მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების შუამდგომლობით, შესაბამისად, ამ გარემოებაზე საკასაციო სასამართლოს არ უმსჯელია იმის გამო, რომ ასეთი მოთხოვნა მხარემ მხოლოდ საქმის არსებითი წესით განხილვისა და საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ დააყენა.

9. სსსკ-ის 261-ე მუხლში აღნიშნულია, რომ დამატებითი განჩინების გამოტანა იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როცა სასამართლოს სასამართლო ხარჯების საკითხი არ გადაუწყვეტია (მხედველობიდან გამორჩა). განსახილველ შემთხვევაში, ეს წინაპირობა არ გვაქვს სახეზე, რადგან საკასაციო სასამართლო ვერ გადაწყვეტტდა საკითხს იმის შესახებ, რაც მხარეს არ მოუთხოვია. საკასაციო სასამართლოს სასამართლო ხარჯების გადაწყვეტის საკითხი კი არ გამორჩა, არამედ ის არ გადაუწყვეტია, რადგან თავად მხარეს არ მოუთხოვია აღნიშნული (სსსკ-ის 248-ე მუხლი). სსსკ-ის 261-ე მუხლი „ითვალისწინებს ისეთი ხარვეზის აღმოფხვრის მექანიზმს, როდესაც, მართალია, მხარემ მოითხოვა პროცესის ხარჯების დაბრუნება (ან მხარეთა შორის განაწილება) სასამართლოსაგან, მაგრამ სასამართლოს თავისი მიზეზით გამორჩა მხედველობიდან ამ საკითხის გადაწყვეტა“ (იხ. სუსგ # ას-920-870-2015, 09.06.2016წ.).

10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხის დასმა მაშინ, როცა მხარე საქმის განხილვის დროს ამას არ მოითხოვდა, მოულოდნელი აღმოჩნდება მოწინააღმდეგე მხარისათვის, რომელსაც აქვს მოლოდინი, რომ საქმის განხილვა დასრულდა, მისთვის ცნობილია სამართლებრივი შედეგი და იგი კანონიერ ძალაშია შესული (სსსკ-ის 264.3-ე მუხლი).

11. ზემოთ მოხმობილი ნორმებისა და მსჯელობის საფუძველზე, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ არ არსებობს დამატებითი განჩინების გამოტანის გზით, მოსარჩელის სასარგებლოდ, კასატორებისათვის (მოპასუხეებისათვის) 1 000 ლარის დაკისრების თაობაზე მოსარჩელის ადვოკატის განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-31 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. გ-ის შუამდგომლობა, დამატებითი განჩინების გამოტანის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე