საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-928-868-2017 17 იანვარი, 2018 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ი. შ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. მ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. კახეთის გუბერნატორმა ი. შ-მა (შემდეგში: მოპასუხე, გუბერნატორი, კასატორი) 2015 წლის 4 თებერვალს სატელეფონო ინტერვიუ მისცა ტელეკომპანია „გ-ას“. გუბერნატორი იმ დროს სოციალურ ქსელში გავრცელებულ და მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებას გამოეხმაურა და უარყო, რომ იგი თვითმმართველი ორგანოების მუშაობაში ერეოდა, რაც საკრებულოში ოპოზიციური ფრაქციის შექმნაზე უარის თქმაში გამოიხატებოდა.
2. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ვებგვერდზე, 2014 წლის 3 ივნისს, გამოქვეყნდა სტატია სათაურით: „ქეიფი ბიუჯეტის ხარჯზე-თ. თ-ის დასახვედრად რესტორანში 2 350 ლარი დაიხარჯა“, რომელშიც აღნიშნულია, რომ თანხა ახმეტის გამგეობის ბიუჯეტიდან გამოიყო.
3. შპს „კ-ის“ (შემდეგში: საინფორმაციო ქსელი) მიერ გავრცელებული ინფორმაციის, [რომ გუბერნატორად დანიშვნის შემდეგ მოპასუხის ოჯახი უსასყიდლოდ იყენებდა მუნიციპალურ სპეცტექნიკას და მუშებს, ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს მუშაც კი დაიღუპა, თუმცა გამოძიება არ დაწყებულა] საპასუხოდ, 2015 წლის 24 აპრილს, გავრცელდა ვიდეო - ინტერვიუ გუბერნატორთან (ტ.1, ს.ფ.28 - ინტერვიუს ელ. ვერსია). მოპასუხემ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ასეთი სახის ინფორმაციის გავრცელება დაკავშირებულია პიროვნულ კონფლიქტთან მასსა და გ. მ-ს (შემდეგში: მოსარჩელე, ჟურნალისტი, აპელანტი) შორის, რომელიც ზემოხსენებული საინფორმაციო ცენტრის მესაკუთრე და დირექტორია.
4. აღნიშნული კონფლიქტის საფუძვლად მოპასუხე მიიჩნევს გუბერნატორის, მუნიციპალიტეტების გამგებლებისა და საკრებულოების თავჯდომარეების უარს შპს საინფორმაციო ცენტრთან საინფორმაციო სახის მომსახურების ხელშეკრულების გაფორმებაზე. ხელშეკრულებები გაფორმებული იყო 2011, 2012 და 2013 წლებში, საიდანაც 2011 წელს საინფორმაციო ქსელის შემოსავალი შეადგენდა 8 800 (რვა ათას რვაას) ლარს, 2012 წელს - 9 680 (ცხრა ათას ექვსას ოთხმოც) ლარს და 2013 წელს-10 080 (ათი ათას ოთხმოც) ლარს.
5. 2015 წლის 24 აპრილის ვიდეო- ინტერვიუში მოპასუხე აცხადებს: „ხელშეკრულებები ყველა მუნიციპალიტეტში იყო ცალკე გაფორმებული, ყველა საკრებულოში იყო ცალკე გაფორმებული და საერთო ჯამში ეს თანხა შეადგენდა და ბატონი მოსარჩელე ღებულობდა იმაზე თითქმის ორჯერ მეტ შემოსავალს, ვიდრე დღეს ღებულობს მოქმედი გუბერნატორი. სწორედ ყოველთვიურად ამ თანხის დაკარგვის გამო იყო რამდენჯერ მუქარა, იყო რამდენჯერ შემოთვლა, იყო რამდენჯერ თქმა იმისა, რომ ეს თუ ესე არ იქნება, მაშინ მოიძებნება ალტერნატიული შემოსავლის წყარო, რომელიც იქნება მთლიანად აგებული გუბერნატორის დისკრედიტაციაზე“.
6. სარჩელის საფუძვლები
6.1. ჟურნალისტმა, 2015 წლის 31 ივლისს, სარჩელით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს გუბერნატორის წინააღმდეგ და მოითხოვა მისი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისა და ცილისწამების ფაქტის დადგენა, აგრეთვე - მოპასუხის დავალდებულება, უარეყო გავრცელებული ინფორმაცია იმავე საშუალებით, რა საშუალებითაც მოხდა მისი გავრცელება და წინამდებარე საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილების თაობაზე ინფორმაციის გავრცელება (ტ.1, ს.ფ. 3-7).
6.2. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მოპასუხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის ცილისმწამებლური, ყალბი და არ შეეფერება სინამდვილეს. მოპასუხე საჯარო პირია, რომლის გადაწყვეტილება და აზრი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე და რომლისკენაც მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება და მიუთითა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონზე (შემდეგში - სპეციალური კანონი).
6.3. მოსარჩელის განმარტებით, ამ განცხადების გავრცელებით მას არაქონებრივი სახით მიადგა ზიანი, რომელიც მოკლებულია ეკონომიკურ შინაარსს, არ გააჩნია ღირებულება, ხოლო გავრცელებული განცხადება ჟურნალისტს უკარგავს სანდოობას საზოგადოებაში. მოსარჩელემ მიუთითა იმაზე, რომ განცხადება გავრცელებულია გუბერნატორის პირადი პრესსამსახურის მეშვეობით და ინტერვიუ წინასწარ დაგეგმილია, რაც ხაზს უსვამს განზრახვას, ასევე, ეს ფაქტი გამორიცხავს მეორე მხარის პოზიციის მოსმენის შესაძლებლობას და დაინტერესებულ მხარემდე ობიექტური ინფორმაციის მიტანას.
6.4. მოსარჩელის მტკიცებით, გუბერნატორის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ამ უკანასკნელის ჟურნალისტი ემუქრებოდა და გამოძალვას ახორციელებდა, არ შეესაბამება სიმართლეს, რაც გამყარებულია შესაბამისი მტკიცებულებებით (ტ.1. ს.ფ. 114; ტ.1.ს.ფ.160).
7. მოპასუხის შესაგებელი
7.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ ერთადერთი უზუსტობა, რაც კახეთის გუბერნატორის 2015 წლის 24 აპრილს გაკეთებულ განცხადებაშია, ის არის, რომ 2011-2012 წლებში გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე საინფორმაციო ცენტრის მიერ მიღებული შემოსავალი, არ არის გუბერნატორის ერთი წლის ხელფასზე მეტი. აღნიშნული უზუსტობა კი მათემატიკური ხასიათისაა და არ შეიცავს პირისთვის ზიანის მიმყენებელ ან სახელის გამტეხ ცნობას. ამასთანავე, გუბერნატორი საუბრობდა სამომავლო, ჯერ არ დამყარებულ და დასამყარებელ ურთიერთობებზე, რადგან მუნიციპალიტეტების რაოდენობა საკრებულოების ჩათვლით 18-ს აღწევდა ახლადშექმნილი მუნიციპალიტეტის გამო, რაც პოტენციურად მისაღებ შემოსავალს გაცილებით გაზრდიდა.
7.2. მოპასუხის შესაგებლის თანახმად, განცხადება არის პასუხი მოსარჩელის მიერ გამოქვეყნებულ სტატიებზე - „ბოიკოტი კახეთის საინფორმაციო ცენტრს პრემიერის სახელით შეთავაზებულ გარიგებაზე უარის შემდეგ“ და „ქეიფი ბიუჯეტის ხარჯზე“, ამ სტატიების მიზანი კი გუბერნატორის დისკრედიტაცია, მისი პატივისა და ღირსების მიზანმიმართული შელახვა იყო.
8. თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები.
8.1. თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით ჟურნალისტის სარჩელი, როგორც უსაფუძვლო, არ დაკმაყოფილდა.
8.2. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს (გუბერნატორს) თავისი ინტერვიუთი არ გაუვრცელებია მოსარჩელის მიმართ არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი, ზიანის მიმყენებელი და სახელის გამტეხი განცხადება.
8.3. სასამართლომ მოსარჩელე წინამდებარე განჩინების 6.2 ქვეპუნქტში დასახელებული სპეციალური საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ი“, „ზ“ ქვეპუნქტების და მე-7 მუხლის მე-3-4 პუნქტების მიხედვით ცნო საჯარო პირად.
8.4. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით და აღნიშნა, რომ ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) მე-18 მუხლის მეორე ნაწილით პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი და ღირსება შელახვისაგან. სასამართლოს გზით პირის პატივისა და ღირსების დასაცავად უნდა არსებობდეს შემდეგი გარემოებები: 1. პირის პატივისა და ღირსების შელახვა; 2. პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების გავრცელება; 3. გავრცელებული ცნობების სინამდვილესთან შეუსაბამობა. სპეციალურმა კანონმა მტკიცების ტვირთი მთლიანად მოსარჩელეს დააკისრა.
8.5. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-19 მუხლით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-10 მუხლის, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-19 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და მე-17 მუხლის საფუძველზე სასამართლომ დაასკვნა, რომ ამ ნორმათა შედარებებიდან იკვეთება საერთაშორისო პაქტის მონაწილე სახელმწიფოთა ვალდებულება, უზრუნველყონ საკანონმდებლო დაცვა არასწორი მტკიცებებით პატივისა და რეპუტაციის ხელყოფის წინააღმდეგ. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი კი უზრუნველყოფს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლებას თითოეული ადამიანისათვის, ხოლო 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „ყოველ ადამიანის უფლება აქვს თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით, მე-4 პუნქტის თანახმად კი ზემოთ ჩამოთვლილ უფლებათა განხორციელება შესაძლებელია შეიზღუდოს ისეთი პირობებით, რომლებიც აუცილებელია... სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად.
8.6. სპეციალური საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით შეიძლება დაწესდეს სიტყვისა და გამოხატვის შინარსობრივი რეგულირება, თუ ის ეხება ცილისწამებას („ა“ ქვეპუნქტი) და პირისპირ შეურაცხყოფას („გ“ ქვეპუნქტი). ამავე კანონის მიხედვით ცნებები, აზრი და ცილისწამება შემდეგნაირად განიმარტება - აზრი არის შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე - ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს, ცილისწამება განმარტებულია, როგორც არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი ინფორმაცია. განცხადება არის ინფორმაცია, რომელიც განმცხადებელმა საჯაროდ გაავრცელა ან მესამე პირს გააცნო.
8.7. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე (ჟურნალისტი) პატივისა და ღირსების შემლახველად მიიჩნევს ფრაზას, რომელმაც მისი განმარტებით, პატივი და ღირსება შეულახა იმით, რომ გუბარნატორმა ინტერვიუ ჩაწერა საკუთარ პრესცენტრთან, იმის ნაცვლად, რომ ჩაეტარებინა პრესკონფერენცია, მოეწვია ჟურნალისტები, რა დროსაც მას ექნებოდა საშუალება პასუხი გაეცა ცილისმწამებლური გამონათქვამებისათვის. პრესცენტრთან მიცემული ინტერვიუთი კი მან ეს შესაძლებლობა დაკარგა. გუბერნატორის სადავო ფრაზა საზოგადოებაში აყალიბებს აზრს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობასთან და, მათ შორის წინა ხელისუფლებასთან, ჟურნალისტი ხელშეკრულების გაფორმებას აღწევდა შანტაჟის საშუალებით, ხოლო თანხის არასწორად მითითება კი ნიშნავდა, რომ მოსარჩელე სახელმწიფოს ატყუებდა, არასწორ ინფორმაციას აწვდიდა საგადასახადო ორგანოებს მის შემოსავლებთან დაკავშირებით, რაც შესაძლოა გუბერნატორის სტატუსიდან და მის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან გამომდინარე გამხდარიყო ჟურნალისტის საკუთრებაში არსებული კომპანიის შემოწმების საფუძველი, რაც, თავის მხრივ, დამატებით ზიანის მიყენების საფუძველი გახდებოდა მოსარჩელისათვის (CD დისკი, 2016 წლის 17თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი).
8.8. სასამართლომ ზემოხსენებული (იხ. განჩინების 8.7 პუნქტი) არგუმენტები არ გაიზიარა და მიიჩნია, რომ მოპასუხის განცხადება არსებითად მცდარ ფაქტს არ შეიცავდა (ჟურნალისტის კუთვნილ საინფორმაციო ცენტრს ნამდვილად ჰქონდა ხელშეკრულებები დადებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან და იღებდა შემოსავალს) და ფაქტის (ხელშეკრულებების შედეგად არსებული შემოსავლების - იხ. განჩინების 4 პუნქტი) მხოლოდ გაზვიადებულად წარმოჩენა არ ლახავდა პირის პატივსა და ღირსებას.
8.9. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ რადგან მოსარჩელე მედიის წარმომადგენელია, მას ჰქონდა შესაძლებლობა, მის მიმართ გამოთქმული პოზიციის თაობაზე გუბერნატორისათვის პასუხი გაეცა მედიასაშუალებით და საზოგადოებისათვის მიეწოდებინა ინფორმაცია, შესაბამისად, პრესცენტრისათვის გუბერნატორის მიერ მიცემული ინტერვიუ ვერ შელახავდა ჟურნალისტის პატივსა და ღირსებას. ასევე სასამართლომ საქმეში არსებული მასალებით ვერ დაადასტურა ჟურნალისტისათვის ზიანის მიყენების ფაქტი და ამ ნაწილში მოსარჩელის მტკიცება დაუსაბუთებლად ცნო.
8.10. სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა, რომ გუბერნატორის ინტერვიუს წინ უძღოდა ჟურნალისტის მწვავე ხასიათის რამდენიმე სტატია, რომლებიც ეხებოდა მოპასუხის საქმიანობას და ამ უკანასკნელის მიერ წარმოთქმული ფრაზა წარმოადგენდა მისივე მოსაზრებას და არ შეიცავდა დადასტურებად ან უარყოფით ფაქტს.
8.11. სასამართლომ სპეციალური საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით, ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ამ უფლებების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ, ხოლო მე-5 პუნქტით: ყოველგვარი გონივრული ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს მოყვანილი ცნობებისათვის აზრის სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ, მე-14 მუხლი კი განსაზღვრავს, რომ საჯარო პირის მიმართ დასაშვები კრიტიკის ფარგლები მეტად ფართოა, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე საჯარო პირის წარმოადგენს.
8.12. სასამართლომ ასევე იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-4 და 102-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით და დაადგინა, რომ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა მოპასუხის წინააღმდეგ აღძრული სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობა, შესაბამისად, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
9. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
9.1. მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
9.2. გადაწყეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული და ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლების სტანდარტს და ადამიანის უფლებების პატივისცემის პრინციპს, ასევე, სასამართლო გასცდა საქმის სამართლებრივი შესწავლის ფარგლებს და დავა განხილულია ჟურნალისტური ეთიკის ნაწილში, რაც სასამართლოს კომპეტენციას არ განეკუთვნება. სასამართლომ ყურადღება უნდა გაამხვილოს ჟურნალისტის მიერ რაიონულ სასამართლოში წარდგენილ არგუმენტებზე.
9.3. აპელანტი კრიტიკულად მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ სასამართლომ გუბერნატორის განცხადება შეაფასა ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებული სტატიების პასუხად და ეს გარემოება დასაშვებად მიიჩნია სასარჩელო მოთხოვნის უარსაყოფად.
9.4. აპელანტმა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები გაიმეორა და განმარტა, რომ გამოხატვის თავისუფლება არ მოიცავს განზრახ დამახინჯებული, ცრუ და ზიანის მიმყენებელი ინფორმაციის გავრცელებას.
10. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
10.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით ჟურნალისტის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შეიცვალა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა მოსარჩელის მიმართ გავრცელებული არასწორი ინფორმაციის უარყოფა იმავე საშუალებით, რა საშუალებითაც მოხდა მისი გავრცელება.
10.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტაციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნა, რომ საინფორმაციო ცენტრს სამი წლის განმავლობაში მიღებული აქვს 28 560 (ოცდარვა ათას ხუთას სამოცი) ლარი, ხოლო მოპასუხის სახელფასო შემოსავალი 2014 წელს სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის თანამდებობაზე იყო 64 900 (სამოცდაოთხი ათას ცხრაასი) ლარი.
10.3. სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ ნაწილზე, 24-ე მუხლზე, მე-17 მუხლსა და იმ საერთაშორისო აქტებზე, რომლებსაც პირველი ინსტაციის სასამართლო დაეყრდნო (იხ. წინამდებარე განჩინების 8.5 ქვეპუნქტი).
10.4. სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველი სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ მატერიალურ-სამართლებრივ ნორმას წარმოადგენს სსკ-ის მე-18 მუხლი, რომელიც ბლანკეტური შინაარსისაა და მოიცავს დათქმას სპეციალურ კანონზე, ასევე - სადავო განცხადებისათვის „აზრის“ ან „არსებითად მცდარი ფაქტის“ მინიჭებისათვის სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილებაზე (იხ. სუსგ ას-1477-1489-2011; 03.04.2012) მიუთითა, რათა განსახილველი დავის სწორი კვალიფიკაციისათვის შემოწმებულიყო გავრცელებული ინფორმაციის შინაარსი, გამოთქმის ფორმა და კონტექსტი, რა ფაქტობრივი ელემენტებისგან შედგებოდა გამონათქვამი. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ქვემდგომი სასამართლოს მსჯელობა და დასკვნები და განმარტა, რომ ზემოხსენეული ელემენტების შემოწმების საფუძველზე, გუბერნატორის განცხადებაში გავრცელებული ცნობები წარმოადგენს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ინფორმაციის გავრცელებას იმის თაობაზე, თითქოსდა ჟურნალისტი კანონსაწინააღმდეგო გზით და ჟურნალისტური ეთიკის წესების დარღვევით ცდილობდა გუბერნატორის წლიური ხელფასის ორმაგი ოდენობის შემოსავლის მომტანი ხელშეკრულებების გაფორმებას კახეთის რეგიონის რწმუნებულის აპარატსა და მუნიციპალიტეტებთან.
10.5. სასამართლომ სადავო განცხადებაში მითითებული პირველი წინადადება შემოსავლების შესახებ მეორე წინადადებასთან, რომელიც მტკიცებადი ფორმის კონკრეტულ ფაქტებს შეიცავს: „ხელშეკრულებები ყველა მუნიციპალიტეტში იყო ცალკე გაფორმებული, ყველა საკრებულოში იყო ცალკე გაფორმებული და საერთო ჯამში ეს თანხა შეადგენდა და ბატონი მ-ი ღებულობდა იმაზე მეტ შემოსავალს თითქმის ორჯერ, ვიდრე დღეს ღებულობს მოქმედი გუბერნატორი. სწორედ ყოველთვიურად ამ თანხის დაკარგვის გამო იყო რამდენჯერმე მუქარა, იყო რამდენჯერმე შემოთვლა, იყო რამდენჯერმა თქმა იმისა, რომ ეს თუ ესე არ იქნება, მაშინ მოძებნება ალტერნატიული შემოსავლის წყარო, რომელიც იქნება მთლიანად აგებული გუბერნატორის დისკრედიტაციაზე“ მიიჩნია ჟურნალისტის ცილისწამების ნორმატიულ შემადგენლობად. სასამართლომ დაასკვნა, რომ სპეციალური კანონის მე-7 მუხლის პირველი, მე-6 პუნქტების მიხედვით: აღიარებული და დაცული უფლებების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს, შესაბამისად, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი ეკისრება შეზღუდვის ინიციატორს, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, გამოხატვის თავისუფლება განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობისაგან.
10.6. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის (გუბერნატორის) მტკიცება, რომ მის მიერ გავრცელებული სადავო განცხადება წარმოადგენდა თანაზომიერ პასუხს ჟურნალისტის მიერ გუბერნატორის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებაზე, შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ გუბერნატორის მიერ გავრცელებულ ვიდეო - ინტერვიუს ვერ მიენიჭება კვალიფიცური პრივილეგია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადებისათვის. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა განცხადების ფორმასა და მოპასუხის სტატუსზე და გაიზიარა მოსარჩელის აზრი, რომ გუბერნატორმა არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი განცხადება გაავრცელა საკუთარი პრესსამსახურისათვის მიცემულ ინტერვიუში, რამაც გამორიცხა მეორე მხარის პოზიციის მოსმენის შესაძლებლობა. თანაც მოპასუხემ განცხადება გაავრცელა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურის - გუბერნატორის სტატუსით, საკუთარი კაბინეტიდან ვიდეო - ინტერვიუს სახით, რამაც კიდევ უფრო ძლიერი გავლენა მოახდინა საზოგადოებაზე. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მითითება მისივე ინტერვიუზე და განმარტება, რომ ეს არის პასუხი გუბერნატორის დისკრედიტაციის მიზნით გამოქვეყნებული ინფორმაციაზე, ვერ იქნებოდა სარწმუნოდ აღქმული, როგორც აზრის გამოხატვა, ვინაიდან ისეთი გამოხატვა აზრისა, რომელიც მიმართულია საზოგადოების წევრის მიმართ, რომლის მიერაც გაკრიტიკებულ იქნა პოლიტიკური პირი, „მწვავე საზოგადოებრივი საჭიროებით“ უნდა იყოს განპირობებული, რაც მოცემულ შემთხვევაში გამოკვეთილი არ იყო.
10.7. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ სრულად უზრუნველყო მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ გაცემული ცნობების დახმარებით, რომელთა საფუძველზე დგინდებოდა, რომ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში, დაარსებიდან, 2009 წლის დეკემბრიდან მიმართვის დრომდე, არ შესულა განცხადება მოსარჩელის მიერ უმძიმესი პროფესიული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით; აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ბაზაში არ მოიძებნა რაიმე სახის შეტყობინება მოსარჩელის მხრიდან განხორციელებული მუქარის ან გამოძალვის ფაქტზე (იხ. ტ.1, ს.ფ.112-114; 160), ხოლო სხვა რაიმე მტკიცებულების წარდგენა ჟურნალისტის მხრიდან თეორიულად გამოირიცხებოდა. აღნიშნულის საპირისპიროდ მოპასუხეს (გუბერნატორს) რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენია. სასამართლომ დაასკვნა, რომ მცდარი ფაქტების შემცველი ინფორმაციის გავრცელება კი ზიანის მიმყენებელია მოსარჩელისათვის. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავისა და მოპასუხის სტატუსის გათვალისწინებით, ამ უკანასკნელს ჰქონდა შესაძლებლობა, დაეზუსტებინა ინფორმაცია და არ გამოექვეყნებინა არსებითად მცდარი მონაცემები, რაც გამორიცხავს სპეციალური კანონის მე-16 მუხლით დადგენილ პრივილეგიას. უდავოა, რომ მოპასუხეს, როგორც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავიდან, ისე - მისი სტატუსიდან გამომდინარე, ყველა შესაძლებლობა ჰქონდა, დაეზუსტებინა და გამოექვეყნებინა ზუსტი და სანდო ინფორმაცია.
10.8. სააპელაციო სასამართლომ, წინამდებარე დავის საგნის კონტექსტში, იმსჯელა მტკიცების ტვირთის განაწილებაზე და განმარტა, ვინაიდან მოსარჩელემ, შესაბამისი მტკიცებულებებით უზრუნველყო საკუთარი პოზიციის გამყარება, ხოლო მოპასუხეს აღნიშნულის გამომრიცხავი რაიმე სახის მტკიცებულება არ წარუდგენია სასამართლოსათვის, სარჩელი დასაბუთებული და საფუძვლიანი იყო (იხ. განჩინების მე-6 და მე-7 პუნქტები; 10.4-10.7 ქვეპუნქტები).
10.9. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გამოვლენილი იყო საჯარო პირის ცილისწამებისათვის სამოქალაქო პასუხიმგებლობის დაკისრების ყველა წინაპირობა: ა) მოსარჩელემ სასამართლოში დაამტკიცა, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტებს უშუალოდ მის შესახებ; ბ)მოსარჩელეს ამ განცხადებით მიადგა ზიანი; გ)მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი განცხადების გავრცელება. შესაბამისად სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაევალა მოსარჩელეზე გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა იმავე საშუალებით, რა საშუალებითაც მოხდა მისი გავრცელება.
11. საკასაციო საჩივარი
11.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრებით მოპასუხემ, მისი გაუქმება და სარჩელის სრულად უარყოფა მოითხოვა.
11.2. კასატორი აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი და სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებები;
11.3. გუბერნატორის მიერ დასახელებული თანხა, რომელსაც ჟურნალისტი ხელშეკრულებების საფუძველზე იღებდა ადგილობრივი თვითმმართვლობის ორგანოებიდან, მათემატიკური შეცდომის შედეგად იყო გაჟღერებული, თუმცა, თანხობრივად რა ოდენობისაც არ უნდა ყოფილიყო ეს თანხები, ფაქტი იყო, რომ მოსარჩელეს ნამდვილად მიადგა ფინანსური ზიანი.
11.4. კასატორი ყურადღებას ამახვილებს „აზრისა“ და „ფაქტის“ გამიჯვნაზე, ასევე - სააპელაციო სასამართლოს დასკვნაზე, რომ გუბერნატორის მიერ გავრცელებულმა განცხადებამ შექმნა ცილისწამების ნორმატიული შემადგენლობა;
11.5. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, რითაც ეჭვქვეშ დააყენა საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება.
12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
12.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული სსსკ-ს 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
12.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი, ცნობილ იქნა დასაშვებად სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილის: „არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე“ საფუძველზე და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერების, საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის არსებითად გნხილვის გზით შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
13. სსსკ-ის 410-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა და/ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
14. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
15. მხარეთა შორის დავის საგანია პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის უარყოფა.
16. საკასაციო სასამართლოს შესაფასებელია, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მოპასუხის მიერ გავრცელებული განცხადება არის თუ არა მოსარჩელის სსსკ-ის მე-18 მუხლითა და სპეციალური კანონით დაცულ სფეროში იმგვარი ჩარევა, რასაც სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება მოჰყვება.
17. ზემოაღნიშნული სპეციალური სამართლებრივი მოწესრიგების გათვალისწინებით, განსახილველ დავაში, იმის გადასაწყვეტად, მოპასუხის გამონათქვამი შეიცავს თუ არა ცილისმწამებლურ განცხადებას, რაც სსკ-ის 18.2-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის საფუძველია, უნდა გაირკვეს მოპასუხის მსჯელობა წარმოადგენს „აზრს“ თუ „არსებითად მცდარ ფაქტს“. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად: „სიტყვა „აზრი“ ფართოდ განმარტებისას გულისხმობს განსჯას, დამოკიდებულებასა თუ შეფასებას, რომლის სისწორე თუ მცდარობა დამოკიდებულია მთლიანად ინდივიდზე, მის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე. ფაქტები კი, ჩვეულებრივ, მოკლებულია სუბიექტურ დამოკიდებულებას, იგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს, ანუ ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ფაქტი შევამოწმოთ და ვნახოთ, ის რეალურად არსებობდა თუ არა. სწორედ ამიტომ, ფაქტების გადამოწმება და მისი ნამდვილობასთან შესაბამისობის დადგენა შესაძლებელია. ხშირ შემთხვევაში, აზრები და ფაქტები ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდებიან და მათი გამიჯვნა რთულია. ეს განპირობებულია იმით, რომ გამოთქმის ორივე ფორმა იშვიათად გვხვდება სუფთა სახით. უმთავრესად, სჭარბობს სწორედ ისეთი გამონათქვამები, რომლებშიც თავს იყრის, როგორც შეფასებითი, ასევე ფაქტობრივი ელემენტები. აზრი ხშირად ეყრდნობა და ეხება ფაქტებს, ფაქტები კი, თავის მხრივ, აზრის საფუძველია, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს მათ, ამიტომაც ხშირად საკამათო გამონათქვამის, როგორც შეხედულების ან როგორც ფაქტის გადმოცემის, კვალიფიცირების დროს, შესაძლებელია გამოთქმის კონტექსტის მიხედვით მისი ცალკეული ნაწილების იზოლირება, მაგრამ ეს მეთოდი გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ამით არ იკარგება ან არ ყალბდება გამონათქვამის შინაარსი და ნამდვილი აზრი. თუკი ასეთი იზოლირება შეუძლებელია გამონათქვამის შინაარსის გაყალბების გარეშე, მაშინ ეს გამონათქვამი უნდა ჩაითვალოს მთლიანად აზრის გამოთქმად, ანუ შეხედულებად, შეფასებით მსჯელობად და, შესაბამისად, მთლიანად უნდა იქნეს შეყვანილი ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში“ (იხ. სუსგ # ას-1278-1298-2011, 20.02.2012 წ.). „აზრისა“ და „ფაქტის“ ერთმანეთთან მჭიდრო კავშირის გამო, მათი გამიჯვნა საკმაოდ რთულია, ამიტომ სადავო გამონათქვამის სწორი კვალიფიკაციისათვის უნდა შემოწმდეს მისი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი, რა ფაქტობრივი ელემენტებისაგან შედგება გამონათქვამი (იხ. სუსგ, №ას-1477-1489-2011, 03.04.2012 წ.). ცილისწამების მაკვალიფიცირებელი ერთ-ერთი მთავარი ნიშანია განმცხადებლის მიერ იმ ფაქტების მითითება, რომლებიც რეალობასთან არც ისე შორსაა, უფრო კონკრეტულია და არა ზოგადი ხასიათის, უფრო მეტად ობიექტური შინაარსისაა, ვიდრე სუბიექტური და, რაც მთავარია, მისი დადასტურება (დამტკიცება) შესაძლებელია (იხ. სუსგ, №ას-179-172-2012, 01.10.2014 წ.).
18. სპეციალური კანონი, ამ ნორმატიული აქტის მიზნებისათვის, შემდეგნაირად განმარტავს ტერმინებს: „აზრი – შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვაა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს“ (პირველი მუხლის ‘ბ“ ქვეპუნქტი), ხოლო ცილისწამება – არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადებაა“ (პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). პირს ეკისრება სამოქალაქო პასუხისმგებლობა თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა.
19. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მოსაზრების (შეფასებითი მსჯელობის) ფაქტებით დამტკიცება შეუძლებელია, ამიტომ არც ის შეიძლება, რომ ვინმეს ამ მოსაზრების სისწორის დამტკიცება დაევალოს. „შეფასებითი მსჯელობის სიმართლის დამტკიცება გადაუჭრელი ამოცანაა. ფაქტის არსი შეიძლება დემონსტრირებული იქნეს, მაგრამ შეფასებითი მსჯელობის სიმართლე არ შეიძლება მტკიცების საგანი იყოს. შეფასებითი მსჯელობის სიმართლის დამტკიცების მოთხოვნა წარმოადგენს იერიშის მიტანას აზრის თავისუფლებაზე“ (იხ. სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ“, 08.08.1986). იმ დროს, როდესაც შესაძლებელია ფაქტების არსებობის დემონსტრირება, სუბიექტური შეფასების ჭეშმარიტების დამტკიცება შეუძლებელია. „სუბიექტური შეფასების ჭეშმარიტების დამტკიცების მოთხოვნა შეუსრულებელია და ეს მოთხოვნა არღვევს თვით აზრის თავისუფლებას. როდესაც გამონათქვამი სუბიექტურ შეფასებას უთანაბრდება, შეზღუდვის პროპორციულობა შეიძლება დამოკიდებული იყოს იმაზე, არსებობს თუ არა საკმარისი ფაქტობრივი საფუძველი განსახილველი გამონათქვამისათვის, ვინაიდან სუბიექტური შეფასებაც კი, ყოველგვარი ფაქტობრივი საფუძვლით გამყარების გარეშე შეიძლება ზედმეტი იყოს“ (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „დიჩანდი და სხვები ავსტრიის წინააღმდეგ“, 2002წ., ასევე, სუსგ # ას-1052-1007-2014, 30.09.2015 წ.)
20. მითითებული მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებასა და დასკვნებს, რომ მოპასუხის მიერ გავრცელებული განცხადება ქმნის ცილისწამების ნორმატიულ შემადგენლობას მოსარჩელის მიმართ, კერძოდ, უდავოა, რომ ჟურნალისტის კუთვნილი საინფორმაციო ცენტრის შემოსავალი მთლიანად 28 560 ლარს შეადგენდა, რომელიც ცენტრმა ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის გაწეული მომსახურების სანაცვლოდ, სამი წლის განმავლობაში. უდავოა ის ფაქტიც, რომ გუბერნატორის წლიური შემოსავლის ორმაგი ოდენობა /129 800 ლარი/ გაცილებით აღემატება საინფორმაციო ცენტრის მიერ მიღებულ ზემოხსენებულ თანხას. შესაბამისად, მოპასუხის (გუბერნატორის) განცხადება, რომ მის მიერ მითითებულ თანხასთან დაკავშირებით არსებული შეცდომა მხოლოდ მათემატიკური ხასიათისაა, დაუსაბუთებელია, მით უფრო იმ კონტექსტში, რომ მისი მითითებით ჟურნალისტის მხრიდან იყო შანტაჟის მცდელობა, იმის შემოთვლა, რომ ხელშეკრულებების დადებაზე უარი გუბერნატორის დისკრედიტაციას გამოიწვევდა.
21. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მოპასუხის (გუბერნატორის) მითითებაზე, რომ მის მიერ გაკეთებული განცხადება იყო პასუხი მოსარჩელის (ჟურნალისტის) მხრიდან მანამდე გავრცელებულ ინფორმაციაზე და განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეები სპეციალური კანონის მიხედვით საჯარო პირებს წარმოადგენენ (იხ. სპეციალური კანონის პირველი მუხლის „ი“ ქვეპუნქტი), და დასაშვები კრიტიკის (მათ შორის ურთიერთკრიტიკის) ფარგლები მათ მიმართ გაცილებით ფართოა, მით უფრო მაშინ, როდესაც კრიტიკის ობიექტი ისეთი საჯარო პირია, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენელია.
22. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით „დასაშვები კრიტიკის ფარგლები ყველაზე ფართოა ხელისუფლებისა და მის წარმომადგენელთა მიმართ, აქ სასამართლო არ მოითხოვს, რომ ფაქტები აბსოლუტური სიზუსტით იყოს დამტკიცებული და საკმარისად მიიჩნევს, თუნდაც მცირედი ფაქტობრივი წინაპირობის არსებობას.“ საქმეში - CASTELS VS SPAIN - ევროპის სასამართლომ განმარტა, რომ მთავრობის მოქმედებათა გაკრიტიკების უფლება წარმოადგენს არჩეული წარმომადგენლის სიტყვის თავისუფლების განუყოფელ კომპონენტს.
23. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მუდმივად ხაზს უსვამს გამოხატვის თავისუფლების, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ძირითადი დასაყრდენის მნიშვნელობას. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მედიის ფუნქცია (ინფორმაციის მიმწოდებლის სასიცოცხლო როლი და საზოგადოებრივი ზედამხედველობის ინსტიტუტი) და მოვალეობა, გაავრცელოს საზოგადოებრივ ინტერესს მიკუთვნებული ინფორმაცია და იდეები ისე, რომ არ გასცდეს დაწესებულ საზღვრებს. აღნიშნულ მოვალეობას შეესაბამება საზოგადოების უფლება მიიღოს მსგავსი სახის ინფორმაცია. მიჩნეულია, რომ გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს იდივიდის თვითრეალიზაციისათვის საჭირო ძირითად პირობას. ამასთანავე, ჟურნალისტებს გააჩნიათ „გაბუქების ან პროვოკაციის“ უფლებაც კი (პრაგერი და ობერშლიკი ავსტრიის წინააღმდეგ /Prager and Oberschlik v. Austria/; საქმე # 15974/90).
24. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ხელისუფლების წარმომადგენელია, ხოლო მოსარჩელე - ჟურნალისტური საქმიანობის განმახორციელებელი პირი, შესაბამისად, სწორედ მოპასუხეს ეკისრებოდა პასუხისმგებლობა, კვალიფიციურად გაექარწყლებინა, ჟურნალისტის მიერ გავრცელებული განცხადების არანამდვილობა საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვასთან მიმართებით (საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის დასაბუთებულობა საზოგადოებრივი ინტერესის აქტიურ სფეროს წარმოადგენს, შესაბამისად, ჟურნალისტის მიერ ამ საკითხზე მომზადებული მასალა მაღალი საჯარო ინტერესის სფეროს განეკუთვნება და ხელისუფლების წარმომადგენლის დისკრედიტაციის მცდელობად ვერ იქნება აღქმული), ხოლო შემდეგ - დასაბუთებულად, კონკრეტული ინფორმაციის გადამოწმებისა და შესაძლო რეაგირების ღონისძიებათა გათვალისწინებით, გაეკეთებინა განცხადება ჟურნალისტის მხრიდან გუბერნატორისადმი თითქოსდა განხორციელებული შესაძლო შანტაჟისა და დისკრედიტაციის თაობაზე. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რა სახით მოხდა განცხადების გავრცელება (იხ. წინამდებარე განჩინების მე-3, მე-5 პუნქტები). ევროპულმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში ხაზი გაუსვა ინტერნეტმედია არქივების მნიშვნელოვან როლს ახალი ამბების და ინფორმაციის შექმნისა და შენახვის საქმეში (The times newspapers Ltd გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ /The times newspapers Ltd v. UK; #3002/03/). ასევე, ევროპული სასამართლო აღიარებს, რომ აუდიო-ვიზუალურ მედიას გააჩნია უფრო სწრაფი და მძლავრი ეფექტი, ვიდრე ბეჭდურ მედიას.
25. წინამდებარე შემთხვევაში დადგენილია, რომ სპეციალური კანონის მე-7 მუხლი განსაზღვრავს: „1. ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. 2. ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების შეზღუდვის ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ამ უფლებების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ. 3. კერძო ან საჯარო პირის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისას ყოველგვარი გონივრული ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს პირისათვის საჯარო პირის სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ. 4. საზოგადოებრივი ყურადღების ან ცნობისმოყვარეობის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისას ყოველგვარი გონივრული ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს მოვლენისათვის საზოგადოებრივი ყურადღების სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ. 5. აზრის ან ფაქტის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისას ყოველგვარი გონივრული ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს განცხადებაში მოყვანილი ცნობებისათვის აზრის სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ. 6. სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი ეკისრება შეზღუდვის ინიციატორს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ. 7. დაუშვებელია, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საქმეზე მოპასუხის უარი – გაამხილოს პროფესიული საიდუმლოება ან მისი წყარო – გახდეს მოპასუხის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების გამოტანის ერთადერთი საფუძველი“, ხოლო მე-14 მუხლით კი, პირს ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა საჯარო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება. მოხმობილ ნორმათა გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელემ (ჟურნალისტმა) სამართლებრივად ვარგისი, დასაშვები და განკუთვნადი მტკიცებულებებით შეძლო მოპასუხის (გუბერნატორის) მიერ გავრცელებული ფაქტების სინამდვილესთან შეუსაბამობის დადასტურება (აღნიშნულის თაობაზე, ვრცლად იხილეთ წინამდებარე განჩინების 10.8 ქვეპუნქტი), ხოლო მოპასუხეს, ამ მტკიცების გასაქარწყლებლად რაიმე სახის მტკიცებულება არ წარუდგენია სასამართლოსათვის.
26. ყოველივე ზემოაღნიშნულის მიხედვით, გასათვალისწინებელია, რომ საკასაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმის არსებითად განხილვის ეტაპზეც, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების საფუძველზე, კასატორს არ მიუთითებია ისეთ გარემოებაზე, რაც გამორიცხავდა მოსარჩელის პოზიციის მართებულობას, აღნიშნული კი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.
27. კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩება სახელმწიფო ბიუჯეტში (სსსკ-ის 55.2-ე მუხლი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. შ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე