საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-931-871-2017 24 იანვარი, 2018 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს „ს-ს მ-ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ–ი 80“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2017 წლის 17 მაისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „ს-ს მ-ის“ (შემდეგში: მოპასუხე, შემსყიდველი ან კასატორი) მიერ 2015 წლის 22 აპრილს გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში (SPA150011982) გაიმარჯვა შპს „მ–ი 80“-მა (შემდეგში: მოსარჩელე, მიმწოდებელი ან აპელანტი). შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის 2015 წლის 24 ივნისს გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №58-ბ/15 (შემდეგში: ხელშეკრულება) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ ფ-ის მექანიკური მორწყვის სისტემის რეაბილიტაციის (I ეტაპი) თაობაზე, ხელშეკრულების ღირებულება - 3 310 000 ლარით, ხოლო ვალდებულების შესრულების ვადა 2015 წლის 23 ნოემბრის ჩათვლით განისაზღვრა (იხ. ხელშეკრულება და შეთანხმების ოქმი, ტ. 1, ს/ფ 19-25).
2. ხელშეკრულებაში 2015 წლის 10 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, შესასრულებელ სამუშაოთა სახელშეკრულებო ღირებულება განისაზღვრა 3 309 975,76 ლარით. თანხამ, მოპასუხის მოთხოვნით, მოიცვადამატებით შესრულებული სამუშაოების ღირებულება 99 109.80 ლარი (იხ. შეთანხმების ოქმი, ტ. 1, ს/ფ 46).
3. ხელშეკრულების თანახმად მიმწოდებელს სამუშაოს ვადის დარღვევის შემთხვევაში დაეკისრება პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 0.07 %, ხოლო შემსყიდველს - შეუსრულებელი ღირებულების 0.1 %.
4. მოსარჩელემ სამშენებლო სამუშაოები 2015 წლის 20 დეკემბერს დაასრულა, მან სამუშაოთა შესრულების ვადა 27 დღით დაარღვია, შესაბამისად მას დაეკისრა და ჩამოეჭრა პირგასამტეხლო საერთო ჯამში 62 558 ლარი.
5. სარჩელის საფუძვლები
5.1. მოსარჩელემ 2016 წლის 15 აპრილს სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ მისთვის უკანონოდ დაკისრებული პირგასამტეხლოს 62 558 ლარის დაბრუნების მოთხოვნით.
5.2. მოსარჩელის განმარტებით, მას მშენებლობისათვის საჭირო ლითონის მილების შეძენასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა, კერძოდ, აღმოჩნდა, რომ აღნიშნული მილების ქარხანა-დამამზადებლის მიერ მოწოდება 3 თვის განმავლობაში ვერ მოხერხდებოდა, რის შესახებაც 2015 წლის 23 ივლისის №207 წერილით მოპასუხეს ეცნობა, მასვე შესთავაზეს, რომ პროექტით გათვალისწინებული მილები უფრო მაღალი ხარისხის და უკეთესი მონაცემების მქონე მილებით ჩანაცვლებულიყო. ფასთან დაკავშირებულ სხვაობას კი მოსარჩელე კისრულობდა. აღნიშნული შინაარსის წერილი მოპასუხეს (შემსყიდველს) 2015 წლის 30 ივლისსაც გაეგზავნა, თუმცა, მას მიმწოდებლისათვის პასუხი არ გაუცია.
5.3. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ რადგან მოპასუხემ არ დააკმაყოფილა მათი თხოვნა, მან აღნიშნული მილები შეიძინა რუსეთის ფედერაციის ქ. ჩელიაბინსკში, რომელთა მოწოდება უნდა დაწყებულიყო არა უგვიანეს 2015 წლის 15 სექტემბრისა, თუმცა, ვადამ 2015 წლის 31 ოქტომბრამდე გადაიწია. გამომგზავნის ბრალით გამოგზავნა შეფერხდა 10 და 11 ნოემბრამდე. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მილების ტრანსპორტირება ხორციელდებოდა რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში და, სტიქიური მოვლენის - ყინვის გამო, ტრანსპორტის მოძრაობა შეწყვეტილი იყო. საბოლოოდ კი მილები მიმწოდებელს 2015 წლის 25 ნოემბერს ჩაბარდა.
5.4. მიმწოდებელმა განმარტა, რომ ადგილი ჰქონდა სხვა დამოუკიდებელ გარემოებებსაც, სამუშაოების პროექტმა განიცადა გარკვეული ცვლილებები და მიმდინარეობდა შეთანხმება საპროექტოსთან, აღნიშნულისა და დაუძლეველი გარემოებების შესახებ ეცნობა შემსყიდველს, ასევე მიმწოდებელმა მოითხოვა სამუშაოთა შესრულების ვადის გადაწევა 2015 წლის 23 დეკემბრამდე, საბოლოოდ ,მოპასუხემ აღნიშნული გარემოებები არ ჩათვალა ფორს-მაჟორულად, უარი განაცხადა ვადის გაგრძელებაზე და მოსარჩელეს პირგასამტეხლოს გადახდა დააკისრა.
5.5. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მოპასუხის მიერ პირგასამტეხლოს თანხა გაანგარიშებული იქნა მიმწოდებლის მიერ დამატებით შესრულებული სამუშაოების ღირებულების თანხიდანაც. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო კი დისკრიმინაციული და არასამართლიანია მიმწოდებლისათვის, რადგან მისთვის პირგასამტეხლო გათვალისწინებულია ხელშეკრულების მთლიანი თანხის 0.07%-ით, ხოლო შემსყიდველისათვის - შეუსრულებელი ვალდებულების 0.1%-ით.
6. მოპასუხის შესაგებელი
6.1. მოპასუხემ მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ მხარეებს შორის შედგა შეთანხმება მილების შეცვლასთან დაკავშირებით, მაგრამ რადგან მიმწოდებელმა თავის თავზე აიღო დამატებით ხარჯის ანაზღაურება, შესაბამისად, ხელშეკრულებაში ცვლილება ამის თაობაზე არ შედგენილა. აღნიშნული კი ადასტურებს, რომ მოწინააღმდეგის მიერ შესყიდულია არა 8 მმ-იანი მილები, არამედ 10 მმ-იანი და 12 მმ-იანი საქონელი. მოპასუხემ ყურადღება გაამახვილა, რომ მოსარჩელემ 2015 წლის 8 ივლისს დაადასტურა, რომ მილების შემოტანა ხდებოდა თურქეთიდან, თუმცა, ეს უკანასკნელი სარჩელში აღნიშნავდა, რომ მან მილები რუსეთის ფედერაციაში შეიძინა;
6.2. შემსყიდველმა აღნიშნა, რომ ხელშეკრულება გაფორმდა 2015 წლის 24 ივნისს და მიმწოდებელს შეეძლო გაეთვალისწინებინა გარემო პირობებით განპირობებული შესაძლო შემხვედრი გართულებები, რისი თავიდან აცილებისა და ხელშეკრულების პირობების ვადაში შესრულების მიზნით შეეძლო მიეღო სათანადო ზომები. აღსანიშნავია, რომ საბაჟოზე მოძრაობა ორი დღით იყო შეზღუდული - 2015 წლის 14-16 ნოემბერს და ეს გარემოება ვერ იქნება გათვალისწინებული, როგორც ფორს-მაჟორული სიტუაცია ობიექტისათვის საჭირო მასალების ტრანსპორტირებისათვის;
6.3. მოპასუხის განმარტებით, მან ხელშეკრულების ვადის გაგრძელებაზე უარი განაცხადა, არა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მხარემ არ შემოიტანა მილები, არამედ - იმ მიზეზითაც, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ვერ მოხერხდა მხარის მიერ სადაწნეო მილსადენის რკინა-ბეტონის ხიმინჯოვანი საყდრების მოწყობის სამუშაოების შესრულება;
6.4. მოპასუხის მტკიცებით, მოსარჩელემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა, რის გამოც მას ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრა, რაც დაბრუნებას არ ექვემდებარებოდა.
7. სიღნაღის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
7.1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით მიმწოდებლის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
7.2. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 317-ე, 319-ე, 397-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 629-ე მუხლებით იხელმძღვანელა და დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთათვის ცნობილი იყო ხელშეკრულების შინაარსი და პირობები, მოსარჩელემ მონაწილეობა მიიღო ტენდერში, რის გამოც სავარაუდოა, რომ იგი დეტალურად გაეცნო ტენდერის ყველა პირობას და იცოდა გამარჯვების შემთხვევაში რა ვალდებულებები დაეკისრებოდა ხელშეკრულების შესრულების დროს, ამიტომ მისი მტკიცება, რომ 2015 წლის 24 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება ბუნდოვან, კაბალურ და არასამართლიან პირობებს შეიცავს სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია.
7.3. სასამართლომ მიიჩნია, რომ ყაზბეგი-ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტის რამდენიმე დღით დახურვის გარდა, მოსარჩელის მიერ მითითებული არც ერთი გარემოება არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო ფორს-მაჟორულ გარემოებებად, რადგან როდესაც მოსარჩელემ ლითონის მილების ქ. ჩელიაბინსკიდან შემოტანა გადაწყვიტა, მას უნდა ევარაუდა, რომ განსაკუთრებით ზამთრის თვეებში გაჩნდებოდა პრობლემები მილების დამზადებისა და მათი ტრანსპორტირების კუთხით. მიმწოდებელს მილების შემოტანის საკითხი წინასწარ უნდა შეესწავლა, სანამ ტენდერში მიიღებდა მონაწილეობას, ისევე, როგორც დროულად უნდა მოეგვარებინა გზის მშენებლობისათვის მდინარის ბალასტის მოპოვების საკითხი, ეს ყველაფერი კი დაკავშირებულია მიმწოდებლის არასწორ გათვლებთან, შეცდომებსა და დაუდევრობასთან, რამაც საბოლოოდ სამუშაოს შესრულების ვადის გადაცილება გამოიწვია;
7.4. სასამართლომ გაიზიარა მოპასუხისა და მოწმის სახით დაკითხული ზედამხედველის ჩვენება, რომ თუ სამუშაოები ზაფხულის თვეებში დროულად დაიწყებოდა და სამშენებლო გრაფიკის თანახმად წარიმართებოდა, ვადის გადაცილება აღარ მოხდებოდა და საჭირო არ გახდებოდა დამატებითი სამუშაოების შესრულება და მშენებლობის მოცულობის გაზრდა;
7.5. სასამართლომ დაადგინა, რომ მიმწოდებლის ყველა წერილზე შემსყიდველის მიერ პასუხის გაუცემლობა არ ნიშნავდა, რომ ეს უკანასკნელი პასუხისმგებელია მოსარჩელის მიერ შესასრულებელი სამუშაოს ვადის გადაცილებაზე, შესაბამისად, ამ უკანასკნელს მთლიანად ეკისრებოდა პასუხისმგებლობა და აღნიშნულის გამომრიცხველი გარემოებები არ არსებობდა, ამიტომ შემსყიდველი (მოპასუხე) უფლებამოსილი იყო, ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო მიმწოდებლისათვის დაერიცხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო.
8. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
8.1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მიმწოდებელმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
8.2. აპელანტის განმარტებით სასამართლომ არასწორად მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის არმქონედ მიმწოდებლის პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებები და დაუსაბუთებლად დაასკვნა, რომ მშენებლობის მოცულობის გაზრდა მიმწოდებლის ბრალეულობით იყო გამოწვეული.
8.3. აპელანტმა სარჩელში მითითებული გარემოებები გაიმეორა (იხ. ამ გადაწყვეტილების 5.2-5.5 ქვეპუნქტები) და დამატებით განმარტა, რომ მხარე თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ შესრულების პროცესში წააწყდება ისეთ ხელისშემშლელ გარემოებებს, რომლებიც გამოწვეულია მისგან დამოუკიდებელი სხვა ობიექტური მიზეზით (იხ. სააპელაციო საჩივარი- ტ.2 ს.ფ.189-207).
9. სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება
9.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და მიმწოდებლის სარჩელი დაკმაყოფილდა.
9.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ამავე სასამართლოს 2016 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით მიმწოდებლის სააპელაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული და დაინიშნა სასამართლოს მთავარი სხდომა 2017 წლის 11 იანვარს, 11:00 საათზე, რის თაობაზეც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 70-78-ე მუხლებით გათვალისწინებული წესით ეცნობა მოპასუხეს (იხ. ტ. 2, ს/ფ 18). თუმცა, 2017 წლის 11 იანვრის სხდომაზე სააპელაციო სასამართლოში შემსყიდველი (მოპასუხე) არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის.
9.3. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 387.2-ე, 387.3-ე, 230.1-ე, 233.1-ე მუხლებზე დაყრდნობით განმარტა, რომ აპელანტის (მიმწოდებლის) პოზიცია დასაბუთებულია, არ შეიძლება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში შეუსრულებლობა მოსარჩელეს ბრალად შეერაცხოს იმ ობიექტურ გარემოებათა გამო, რასაც მიმწოდებელი უთითებდა და ასაბუთებდა.
9.4. სსკ-ის 361-ე, 394-ე, 401-ე მუხლების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები მიმწოდებლის სასარჩელო მოთხოვნას იურიდიულად ამართლებდა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე აპელანტის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი იყო.
10. მოპასუხის საჩივარი
10.1. მოპასუხემ სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.
10.2. საჩივრის ავტორის მტკიცებით, სსსკ-ის 230-ე მუხლის თანახმად სარჩელში მითითებული გარემოებები სასარჩელო მოთხოვნას იურიდიულად არ ამართლებს. აქედან გამომდინარე, სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელი იყო.
11. სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
11.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მაისის განჩინებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
11.2. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება იმ გარემოებაზე გაამახვილა, რომ საჩივრის ავტორი (მოპასუხე, შემსყიდველი) დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდა არა სხდომაზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის, არამედ - იმაზე მითითებით, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელი იყო, რადგან სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას.
11.3. სააპელაციო სასამართლომ წინამდებარე გადაწყვეტილების 9.3-9.4 ქვეპუნქტებში დასახელებული გარემოებები გაიმეორა და დამატებით განმარტა, რომ დაუსწრებელი წარმოების არსი მდგომარეობს სასამართლოს მიერ გამოძახებული, არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებელი მხარის მიმართ გარკვეეული სანქციის გამოყენებაში, რომელიც გამოიხატება სასამართლოს მიერ საქმის სრულყოფილი განხილვის გარეშე ისეთი გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც არათუ ესადაგება, არამედ -ეწინააღმდეგება გამოუცხადებელი მხარის ინტერესებს. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის რეჟიმში სასამართლო მტკიცებულებებისა და საქმის არსებითი კვლევის სტადიაში არ შედის. იგი მხოლოდ არკვევს სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივად აფასებს.
12. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
12.1. სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და განჩინებაზე, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, საკასაციო საჩივარი წარმოადგინა შემსყიდველმა (მოპასუხემ) მათი გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.
12.2. კასატორის განმარტებით სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების გარეშე მიიჩნია დადგენილად მიმწოდებლის სარჩელში მითითებული ფაქტები. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს არ შეუფასებია მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის ფაქტი და არასწორად მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები სასარჩელო მოთხოვნას იურიდიულად ამართლებდა.
12.3. კასატორი აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი (შემდეგში: სპეციალური კანონი) სპეციალური და უფრო ახალი კანონია სსკ-თან შედარებით. სპეციალური კანონის მიზანია სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა. სპეციალურ კანონს ეფუძნება შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის დადებული ხელსეკრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელშეკრულება შესაძლოა სსკ-ით დადგენილი წესებისგან განსხვავებულ დანაწესს ითვალისწინებდეს. განსახილველ შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დადგენილი და დამტკიცებული არ არის ის ფაქტები, თუ რა ვალდებულებებს ითვალისწინებდა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება, რაც შემსყიდველის იურიდიული ინტერესი იყო.
13. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
13.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ივლისის განჩინებით შემსყიდველის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
13.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით შემსყიდველის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის [საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ გასაჩივრებულია განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ] საფუძველზე და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო მოპასუხის საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმებისა და საქმის მასალების არსებითად განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ საფუძვლიანია და იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
14. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის პრეტენზიათა ნაწილი დასაბუთებულია, რის გამოც არსებობს საკასაცო განაცხადის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.
15. იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენენ და იძლევიან ამა თუ იმ ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმის მოძიების შემდეგ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებენ თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე # ას- 664-635-2016, 02.03.2017წ; პ.202).
16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოსარჩელის მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის უტყუარად შემოწმებას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება იძლევა თუ არა მოთხოვნის მომწესრიგებელი მატერიალური ნორმის შემადგენლობას. მითითებულ წინაპირობათაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა, იწვევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმასა და საქმის არსებითად განხილვის აუცილებლობას, იმ განსხვავებით, რომ ასეთ დროს მოპასუხისაგან მტკიცებულებების მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს (სუსგ №ას-535-509-2013, 24.03.2014წ.).
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მიმწოდებლის სარჩელში მითითებული გარემოებები სასარჩელო მოთხოვნას იურიდიულად ამართლებენ ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
17.1. სარჩელის წარდგენის წინაპირობა გახდა ის გარემოება, რომ მიმწოდებელს შემსყიდველის სასარგებლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრა და ჩამოეჭრა კიდეც. პირგასამტეხლოს ოდენობამ 62 558 ლარი შეადგინა, რაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესასრულებელი ვალდებულების მთლიანი ღირებულების - 3 310 000 ლარის 0.07 %-ისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული დარღვეული ვადის - 27 დღის ნამრავლია;
17.2. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მას პირგასამტეხლო არ უნდა გადაეხადა, რადგან ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულება მიმწოდებლის ბრალით არ იყო გამოწვეული და ვალდებულების დარღვევა იმ ობიექტურმა გარემოებებმა გამოიწვიეს, რაც წინამდებარე გადაწყვეტილების 5.2-5.4 ქვეპუნქტებშია აღნიშნული. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მას უნდა დაუბრუნდეს მოპასუხისათვის გადახდილი პირგასამტეხლო;
17.3. მიმწოდებელი სარჩელში აღნიშნავს, რომ 2015 წლის 20 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება, რომ საანგარიშო პერიოდში მის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულება - 477 995.41 ლარია. ამ ფაქტობრივ გარემოებასათან დაკავშირებით მოპასუხეს მის მიერ წარდგენილ შესაგებელში მოსაზრება/პრეტენზია არ გამოუთქვამს, რაც საკასაციო სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს სარჩელში მითითებული ეს გარემოება, საქმის სააპელაციო სასამართლოში დაუსწრებელი განხილვის ეტაპზე სარჩელის იურიდიული გამართულობის შემოწმებისას, დადგენილად მიიჩნიოს და, ამ ნაწილში, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას საფუძვლად დაუდოს;
17.4. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, მოვალემ პირგასამტეხლო უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. შესაბამისად, მოვალეს პირგასამტეხლოს გადახდა იმ ვალდებულებისათვის არ უნდა დაეკისროს, რაც შესრულებულია. ამგვარი სახელშეკრულებო დათქმა კანონის დანაწესს ეწინააღმდეგება და ვერც სსკ-ის 319.1-ე მუხლით დადგენილი ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით გამართლდება, რადგან აღნიშნული პრინციპი კეთილსინდისიერების ფარგლებში მოქმედებს;
17.5. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს თავად მიმწოდებლის (მოსარჩელის) სააპელაციო საჩივარზე, სადაც ეს უკანასკნელი თვითონვე აღნიშნავს, თუ როგორ უნდა მომხდარიყო სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირება, კერძოდ, მისი გაანგარიშებით, 2015 წლის 23 ნოემბრის მდგომარეობით მიმწოდებლის მიერ შესასრულებული ვალდებულება 477 995.41 ლარს შეადგენდა, რის გამოც ამ თანხისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლო - 477 995.41 ლ. * 0.07 % * 27 დღე = 9034.11 ლარი უნდა გამოაკლდეს შემსყიდველისათვის (მოპასუხისათვის) გადახდილ პირგასამტეხლოს და მოსარჩელეს (მიმწოდებელს) უნდა დაუბრუნდეს (იხ. სააპელაციო საჩივარი- ტ.1, ს.ფ.195). საკასაციო სასამართლო აპელანტის ამ პოზიციის გათვალისწინებით, სადაც იგი ადასტურებს ხელშეკრულების დარღვევას და შესასრულებელი ვალდებულების მოცულობიდან გამოითვლის მხარეთა შორის შეთანხმებულ პირგასამტეხლოს, ნაწილობრივ დასაბუთებულად მიიჩნევს შემსყიდველის (მოპასუხის) საკასაციო პრეტენზიას სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინების გასაჩივრების კონტექსტში; შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მიმწოდებლის მიერ სარჩელით მოთხოვნილ 62 558 ლარს უნდა გამოკლდეს 9034.11 ლარი და ამ ოდენობის თანხის დაბრუნება უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო დარჩენილი 53 523.89 ლარის, როგორც შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისათვის დასაბუთებულად [ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის] დაკისრებული პირგასამტეხლოს დაბრუნების ნაწილში, სარჩელი უარყოფილია. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული გამართულობის თვალსაზრისით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის საფუძვლები და პრეტენზიები ჯეროვნად არ შეუმოწმებია სააპელაციო სასამართლოს.
17.6. შესრულების ვალდებულება, პირველ რიგში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. სსსკ-ის 361.2-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებითსამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (იხ. სუსგ №ას-1220-1480-09, 25.05.2010 წ.).
18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.
19. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – მის შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
20. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. რადგანაც არ იკვეთება საქმის ქვემდგომი სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების წინაპირობები, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უფლებამოსილია თავად გადაწყვიტოს დავა სსსკ-ის 230.2-ე მუხლის წინაპირობების შემოწმების საფუძველზე და ფარგლებში.
21. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული. აღნიშნული მუხლის დანაწესის შესაბამისად მოსარჩელეს, მოპასუხის სასარგებლოდ, და მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრება მათ მიერ დაყენებული მოთხოვნების დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციული სახელმწიფო ბაჟის გადახდა (იხ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-4 პუნქტები).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე და 53-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს "ს-ოს მ-ის" საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. შპს „მ–ი 80“-ის სასარგებლოდ შპს „ს-ოს მ-ისათვის“ 53 523.89 ლარის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
2.1. შპს "მ–ი 80"-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს 53 523.89 ლარის (ორმოცდაცამეტი ათას ხუთას ოცდასამი ლარისა და ოთხმოცდაცხრა თეთრის) შპს "მ-ისათვის" დაკისრების ნაწილში;
2.2. შპს "მ–ი 80"-ის სარჩელი შპს "ს-ოს მ-ისათვის" 9034.11 ლარის (ცხრა ათას ოცდათოთხმეტი და თერთმეტი თეთრის) დაკისრების ნაწილში დარჩეს უცვლელად.
3. შპს "მ–ი 80"-ს შპს "ს-ოს მ-ის სასარგებლოდ დაეკისროს საკასაციო საჩივრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 2 676.19 ლარის (ორი ათას ექვსას სამოცდათექვსმეტი ლარი და ცხრამეტი თეთრი) ანაზღაურება;
4. შპს "ს-ოს მ-ას" შპს "მ–ი 80"-ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 632.38 ლარის (ექვსას ოცდათორმეტი ლარი და ოცდათვრამეტი თეთრი) ანაზღაურება;
5. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ზ. ძლიერიშვილი