Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-1357-1277-2017 18 მაისი, 2018 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ლ. გ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. რ-ე, მ. მ-ა, ი. მ-ა (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – საკომლო ჩანაწერის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ოზურგეთის რეგიონალურ არქივში დაცული ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჯ-ის საკრებულოს 1986-1995 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერების მიხედვით გ. ბ-ის ძე მ-ას კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან:

-მ-ა გ. ბ-ის ძე - კომლის უფროსი (გარდაიცვალა 1994 წ. 1/1, აქტი №1)

-მ-ა ვ. ვ-ის ასული - ცოლი (გარდაიცვალა 1994 წ. 9/1, აქტი №2) (ს/ფ 24).

2. ოზურგეთის რეგიონალურ არქივში დაცული ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჯ-ის საკრებულოს 1996-2000 წლების და 2001-2006 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერის მიხედვით კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ირიცხება ლ. ვ-ის ასული მ-ა (ს/ფ 27).

3. სსგს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2015 წლის 17 აგვისტოს გაცემული გვარის შეცვლის მოწმობის თანახმად, ლ. მ-ამ შეიცვალა გვარი და გახდა ლ. გ-ე (შემდეგში: კომლის წევრი, მოპასუხე ან კასატორი; ს/ფ 131).

4. ოზურგეთის რეგიონალურ არქივში დაცული ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჯ-ის თემის საკრებულოს 1996 წლის 8 მარტის სხდომის №3/1,&2 გადაწყვეტილებით, მოპასუხე და მისი ვაჟი - პ. ვ-ს ძე მ-ა სოფელ ბ-ში კომლად მიიღეს (ს/ფ 125-126).

5. მოპასუხეს ლანჩხუთის რაიონის სოფელ ბ-ის მიწის რეფორმის კომისიის მიერ 1995 წელს მიწის მიღება-ჩაბარების №136 აქტით გადაეცა საკარმიდამო - 0.67 ჰა, სახნავი - 0.33 ჰა და ჩაი - 0.11 ჰა მიწის ნაკვეთები. საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2000 წლის 10 ნოემბერს გაცემული მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის თანახმად, მოპასუხეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2829.64 კვ.მ მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცა (ს/ფ 32; 129-130).

6. საჯარო რეესტრის ამონაწერების თანახმად, კომლის წევრის სახელზე აღრიცხულია:

ა)მიწის ნაკვეთი ფართით - 6322.00 კვ.მ. ამ ნაკვეთზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი ფართით 271.0 კვ.მ. მდებარე ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჯ-ში (ბ-ი), ს/კ №2-;

ბ)მიწის ნაკვეთი ფართით - 3303.00 კვ.მ. მდებარე ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჯ-ში (ბ-ი), ს/კ №2-;

გ)მიწის ნაკვეთი ფართით - 1101.00 კვ.მ. მდებარე რაიონის სოფელ ჯ-ში (ბ-ი), ს/კ №2- (ს/ფ 18-23).

7. მ. მ-ა (შემდეგში: პირველი მოსარჩელე ან პირველი აპელანტი) და ი. მ-ა (შემდეგში: მეორე მოსარჩელე და მეორე აპელანტი) გ. და ვ. მ-ების შვილიშვილები არიან, ხოლო ი. რ-ე (შემდეგში: მესამე მოსარჩელე ან მესამე აპელანტი) პირველი და მეორე მოსარჩელეების დედაა.

8. სარჩელის საფუძვლები

8.1. მოსარჩელეებმა 2016 წლის 23 სექტემბერს სარჩელი აღძრეს მოპასუხისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლანჩხუთის სარეგისტრაციო სამსახურის წინააღმდეგ საკომლო წიგნისა და სააგენტოს ჩანაწერების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

8.2. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 5 დეკემბრის განჩინებით საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელი, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვის მიზნით, ცალკე წარმოებად გამოიყო.

8.3. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 5 დეკემბრის განჩინებით არასათანადო მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლანჩხუთის სარეგისტრაციო სამსახური, შეიცვალა სათანადო მოპასუხით - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტით (შემდეგში: მეორე მოპასუხე ან მუნიციპალიტეტი).

8.4. მოსარჩელეებმა თავიანთი სასარჩელო მოთხოვნა ამ განჩინების 1-7 პუნქტებში დასახელებულ გარემოებებს დააფუძნეს და დამატებით აღნიშნეს, რომ ვ. მ-ას და გ. მ-ას გარდაცვალების შემდეგ, მათ სამკვიდრო ქონება ფაქტობრივი ფლობით მიიღეს, უვლიდნენ და პატრონობდნენ საცხოვრებელ სახლს, მხოლოდ მოგვიანებით გაიგეს აღნიშნული ქონების პირველი მოპასუხის (იხ. ამ განჩინების მე-3 პუნქტი) საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ.

8.5. მოსარჩელეების განმარტებით, საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობებისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ მთავრობის 1993 წლის 22 სექტემბრის დადგენილებისა და სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 12 ოქტომბრის №29 დეკრეტის თანახმად, 1993 წლიდან, საკოლმეურნეო კომლმა არსებობა შეწყვიტა, ხოლო მოპასუხის კომლი რეგისტრირებული აქვს ვ. მ-ას და გ. მ-ას გარდაცვალების, ანუ 1994 წლის, შემდეგ.

9. მოპასუხის შესაგებელი

9.1. მოპასუხემ მის მიერ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ის ფიქსირდებოდა კომლის წევრად 1987-1996 წლების საკომლო ჩანაწერებში.

9.2. მოპასუხემ აღნიშნა, რომ სარჩელი მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას და დატვირთულია ისეთი გარემოებებით, რომელთაც კავშირი არ აქვთ საქმესთან და ვერც დავის გადაწყვეტაზე მოახდენენ გავლენას.

9.3. მოპასუხე არ დაეთანხმა მოსარჩელეების მიერ სარჩელში მითითებული ფაქტების უმრავლესობას და განმარტა, რომ ისინი არ შეესაბამება სიმართლეს.

10. მეორე მოპასუხის შესაგებელი

10.1. მუნიციპალიტეტმა წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების 2006 წლის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდა „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, შესაბამისად, განხორციელდა ადგილობრივი მმართველობის ორგანოების ლიკვიდაცია, საკომლო წიგნები დანარჩენ სალიკვიდაციო მასალებთან ერთად გადაეცა სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიულ ორგანოს.

10.2. მეორე მოპასუხემ დამატებით განმარტა, რომ მუნიციპალიტეტი არ არის იმ დროს არსებული მიწის რეფორმის კომისიების უფლებამონაცვლე, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, იგი მოკლებულია შესაძლებლობას მოახდინოს არქივში (გაარქივებული) დოკუმენტის რედაქტირება.

11. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

11.1. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

11.2. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 180-ე მუხლებით, ასევე „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობის, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ მთავრობის 22.10.92 წლის №949; საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48, 6 თებერვლის №128, 10 მარტის №290 და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 28 ივნისის №503 დადგენილებებით.

11.3. სასამართლომ იმსჯელა აღიარებითი სარჩელის ბუნებაზე, იურიდიული ინტერესის არსებობის აუცილებლობაზე და განმარტა, რომ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მემკვიდრეობის მიღება სადავო მიწის ნაკვეთზე ვერ შეფასდებოდა, როგორც ნამდვილი იურიდიული ინტერესი, რადგან საკომლო წიგნში გაკეთებული ჩანაწერის ბათილად ცნობის აღიარებით, ის შედეგი ვერ დადგებოდა, რასაც მხარე სასამართლო გადაწყვეტილების მიღებას უკავშირებდა.

11.4. გარდა ამისა, სასამართლომ შეაფასა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხი და განმარტა, რომ მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას, თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი. სასამართლომ ჩათვალა, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებათა შეფასებით, მოსარჩელეებმა ვერ შეძლეს დაკისრებული მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება და წარდგენილი სარჩელის საფუძვლიანობის დასაბუთება.

12. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

12.1. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

12.2. აპელანტების განმარტებით, სასამართლომ დაადგინა ის გარემოებები, რასაც არ აქვს მნიშვნელობა საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად, კერძოდ: სასამართლომ ძირითადად იმსჯელა მიწის რეფორმის განხორციელებაზე, როდესაც ეს დავის საგანი არ ყოფილა. სასამართლომ არ შეაფასა ლანჩხუთის რაიონის ჯ-ის სასოფლო საბჭოს 1996 წლის ე.წ. გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც პირველი მოპასუხე აღადგინეს 3 წლის წინ გაუქმებულ კომლში.

12.3. აპელანტების მოსაზრებით, სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა და არ შეაფასა თუ რა სამართლებრივი რეჟიმი ვრცელდებოდა 1996 წლის მდგომარეობით საკოლმეურნეო კომლებზე.

12.4. აპელანტები მიიჩნევენ, რომ მოპასუხეს საკოლმეურნეო კომლის წევრის სტატუსი და ამ ქონებაზე, როგორც კომლის ქონებაზე, თანასაკუთრების უფლება მოპოვებული არ ჰქონდა, ვინაიდან ეს ქონება კომლის საკუთრებას არ წარმოადგენდა. აღნიშნული ქონება ვ. და გ. მ-ების საკუთრება იყო და მასზე 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების რეჟიმი ვრცელდებოდა. უძრავი ქონების მესაკუთრეებს მოპასუხისათვის საკუთრების უფლება არ გადაუციათ, აქედან გამომდინარე, მოპასუხეს უძრავ ქონებაზე საკუთრება, კანონით დადგენილი წესით, არ მიუღია.

13. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

13.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება, აპელანტების სარჩელი მეორე მოპასუხის წინააღმდეგ არ დაკმაყოფილდა, ხოლო პირველი მოპასუხის წინააღმდეგ დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის სახელზე საკომლო წიგნში განხორციელებული ჩანაწერი.

13.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ამ განჩინების 1-7 პუნქტებში დადგენილი ფაქტები და დაეთანხმა აპელანტთა პოზიციას გ. მ-ას ყოფილ კომლში პირველი მოპასუხის რეგისტრაციის უკანონობის თაობაზე. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საკოლმეურნეო კომლი, როგორც სამართლის სუბიექტი, კოლმეურნეობის ნაწილი იყო. ამის გამო, მისი არსებობა დაკავშირებული იყო კოლმეურნეობასთან - კოლმეურნეობის გარეშე საკოლმეურნეო კომლი, ცხადია, ვერ იარსებებდა. შესაბამისად, კოლმეურნეობის ლიკვიდაციასთან ერთად საკოლმეურნეო კომლიც წყვეტდა არსებობას.

13.3. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის #949 დადგენილების საფუძველზე 1993 წლის 1 იანვრიდან საქართველოში არსებული კოლმეურნეობების ლიკვიდაცია მოხდა და ამ დღიდან, საქართველოში არსებული ყველა საკოლმეურნეო კომლი გაუქმდა. საქართველოს სამოქალაქო სამართლის 1964 წლის კოდექსის 125-ე, 128-ე, 129-ე მუხლების საფუძველზე ლიკვიდირებული საკოლმეურნეო კომლის ქონების მესაკუთრეები გახდნენ ამ კომლის წევრები, თანაბარი წილის უფლებით.

13.4. სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ საკანონმდებლო წესით გ. მ-ას კომლის გაუქმების დროისათვის, ამ კომლში რეგისტრირებულები იყვნენ, მხოლოდ გ. მ-ა და ვ. მ-ა, აქიდან გამომდინარე კი, 1993 წლიდან კომლის ქონება თანაბარწილად ეკუთვნოდათ მამკვიდრებლებს და მათი გარდაცვალების შემდეგ სამკვიდრო გაიხსნა საერთო საფუძვლებზე, აპელანტები კი მათი მემკვიდრეები არიან, შესაბამისად, მათ მოთხოვნის უფლება გააჩნიათ.

13.5. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო ქონება საჯარო რეესტრში საკომლო მეურნეობად არ დარეგისტრირებულა და მოპასუხეს მასზე უფლებები არ მოუპოვებია, შესაბამისად რეგისტრაცია მართლსაწინააღმდეგო იყო.

13.6. სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებას აღიარებითი სარჩელის შესახებ მსჯელობის ნაწილში და აღნიშნა, რომ სადავო რეგისტრაცია გ. მ-ას კუთვნილ ქონებაზე მოწინააღმდეგე მხარის საკუთრების უფლების წარმოშობის ერთერთი საფუძველია, ამ საფუძვლის შეცილების გარეშე, მოსარჩელეები გ. მ-ას ქონებაზე პრეტენზიას ვერ განაცხადებენ, ეს კი იურიდიული ინტერესის არსებობას ასაბუთებდა.

13.7. სააპელაციო სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი მოცემულ დავაში არ წარმოადგენდა სათანადო მოპასუხეს, რის გამოც სარჩელი მეორე მოპასუხის მიმართ დაუსაბუთებელი იყო და არ უნდა დაკმყოფილებული

14. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

14.1. მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება, მისი გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

14.2. კასატორის განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი და უზენაესი სასამართლოს მიერ აღიარებით სარჩელებთან დაკავშირებით დადგენილი პრაქტიკისგან განსხვავებული.

14.3. კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ თავისი ინტერპრეტაციით დაადგინა, რომ სადავო რეგისტრაცია გ. მ-ას კუთვნილ ქონებაზე მოწინააღმდეგე მხარის საკუთრების უფლების წარმოშობის ერთ -ერთი საფუძველია, ამ საფუძვლის შეცილების გარეშე, მოსარჩელეები გ. მ-ას ქონებაზე პრეტენზიას ვერ განაცხადებენ. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სარჩელში არ ჩანდა მოსარჩელეების იურიდიული ინტერესი, რაც ამ უკანასკნელთ არც საქმის ზეპირი განხილვის დროს დაუზუსტებიათ.

14.4. საკასაციო საჩივარში, ასევე, აღნიშნულია, რომ კასატორის სახელზე სადავო ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს 1995 წლის N136 მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც მოსარჩელეებს არ გაუსაჩივრებიათ და არც მის კანონიერებაზე დავობდნენ.

14.5. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს მსჯელობის მიღმა დარჩა ის ფაქტი, რომ საკომლო ჩანაწერი არასოდეს ყოფილა საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი, ასეთად მიჩნეულია მიღება-ჩაბარების აქტი, ამიტომ მოსარჩელეები საკომლო ჩანაწერის ბათილად ცნობით სადავო ქონებაზე საკუთრების უფლებას ვერ მოიპოვებენ.

14.6. კასატორი უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის (საქმე № ას-121-117-2016, 17 მარტი, 2016 წელი) განმარტებაზე და ასაბუთებს, რომ აღიარებითი სარჩელის დასაკმაყოფილებლად აუცილებელია იურიდიული ინტერესი იყოს ნამდვილი, რაც მოცმეულ შემთხვევაში დაუსაბუთებელია. ამასთან, სარჩელის დაკმაყოფილებისას, სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად მოსარჩელეები სადავო ქონებაზე საკუთრების უფლებას მაინც ვერ მოიპოვებენ.

14.7. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ გვერდი აუარა 1992-1999 წლებში მიწის პრივატიზაციის მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებს და საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, არასწორად განმარტა საკოლმეურნეო კომლის, როგორც სამართლის სუბიექტის, არსებობის შეწყვეტა, რადგან ის გარდაიქმნა ფერმერულ მეურნეობად, რომლის ძირითადი დანიშნულება სასოფლო-სამეურნეო წარმოების წარმართვა იყო.

14.8. კასატორმა მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 12 ნოემბრის (№ ას-241-566-09) მნიშვნელოვან განმარტებაზე კომლის და მეურნეობის დეფინიციის შესახებ. კასატორმა, ასევე, აღნიშნა მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 6 თებერვლის №128 დადგენილების მნიშვნელობა განსახილველ საქმესთან მიმართებით.

14.9. გარდა ამისა, კასატორს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს გაშვებული აქვს ხანდაზმულობის ვადა, რადგან მიწაზე კერძო საკუთრების უფლების მინიჭებასთან დაკავშირებული დავების განხილვისათვის ხანდაზმულობის 3-წლიანი, ხოლო საერთო ვადა - 10-წლიანია; კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ემყარება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ხოლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არსებითად განსახილველად დასაშვები და დასაბუთებულია.

15. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

15.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 დეკემბრის განჩინებით სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

15.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და როგორც გასაჩივრებული განჩინება, ისე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და სარჩელი, როგორც დაუშვებელი, განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

16. აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის, ისევე, როგორც მისი დასაბუთებულობის, საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია და აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. განსახილველ შემთხვევაში ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პირველი მოპასუხის (კასატორის) წარმომადგენელმა საქმის პირველი ინსტანციის სამართალწარმოების ეტაპზე, მოსამზადებელ სხდომაზე, წარადგინა ვრცელი მოსაზრება აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის და ამ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის მოხმობით, კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე მითითებით და იშუამდგომლა საქმის წარმოების შეწყვეტა სსსკ-ის 272-275-ე მუხლებით დადგენილი წესით (იხ.ს/ფ 108-124).

17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ - უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის ნამდვილ იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე # ას-664-635-2016, 02.03.2017 წ; შეადარეთ ასევე, სუსგ-ებს: #ას-937-887-2015, 10.11.2015წ.; # ას-17-14-2015, 01.07.2015წ.; # ას-1069-1008-2015, 16.12.2015წ.; # ას-773-730-2015, 08.09.2015წ.; # ას-181-174-2016, 06.05.2016წ.; # ას-323-308-2016, 03.06.2016წ.; #ას-407-390-2016, 10.06.2016წ; # ას-375-359-2016, 17.06.2016წ.).

18. აღსანიშნავია, რომ სარჩელის ინსტიტუტის საპროცესო კლასიფიკაცია შესაძლებელია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ანალიზით და დოქტრინაში განვითარებული შეხედულებით. სარჩელთა ძირითად სახეებად გვევლინება მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი სარჩელები. პირველი ორი ჯგუფის სარჩელების ძირითადი მახასიათებელი ნიშანი ისაა, რომ ამ ტიპის სარჩელებზე მიღებული გადაწყვეტილება რეალური, აღსრულებადი გადაწყვეტილებაა და ამიტომ მათ აღსრულებად სარჩელადაც მოიხსენიებენ. რაც შეეხება აღიარებით სარჩელს, ის ასევე დარღვეული, თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის საპროცესო საშუალებაა, თუმცა, აღიარებითი სარჩელის მიმართ საკანონმდებლო დათქმები განსხვავებულია.

19. იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის სუბიექტური ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი. სსსკ-ის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, კერძოდ: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა.

20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საკომლო წიგნში გაკეთებული ჩანაწერის ბათილად ცნობა მოსარჩელეთა დარღვეული უფლების აღდგენის წინაპირობა ვერ გახდება, ვინაიდან, სარჩელით არ არის მოთხოვნილი რაიმეს მიკუთვნება ან შესრულება, ხოლო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, საკუთარი ინიციატივით მიაკუთვნოს მხარეს ის, რაც მას არ მოუთხოვია (სსსკ-ის 248-ე მუხლი). სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა შესაძლებელი იყო. თუმცა, სხვა საკითხია რამდენად წარმატებული იქნებოდა სარჩელი, რადგანაც ის დაკმაყოფილებადი იქნებოდა კონკრეტული ნორმებით გათვალისწინებული ფაქტობრივი წინაპირობების (სამართლებრივი წინაპირობების) კანონით დადგენილი თანმიმდევრობით განხორციელებისა (შესრულების) და მოთხოვნის გამომრიცხავი, შემწყვეტი ან მისი განხორციელების ხელისშემშლელი გარემოებების არარსებობის შემთხვევაში.

21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც არ დგება ის შედეგი, რისი მიღწევაც სავარაუდოდ მოსარჩელეებს სურთ. ისინი სადავოდ ხდიან მოპასუხის საკუთრების უფლებას სამ უძრავ ქონებაზე, რომლებზეც უფლების დამდგენ დოკუმენტად მიღება-ჩაბარების აქტი #136 და 2015 წლის 2 ივლისის საარქივო ცნობაა მითითებული (იხ. ამონაწერები საჯარო რეესტრიდან, ს/ფ 18-23). საკომლო წიგნში გაკეთებული ჩანაწერის ბათილად ცნობის შემთხვევაშიც, რასაც შესაბამისი მტკიცება სჭირდება, მოსარჩელეებს არ მიეკუთვნებათ ის, რისი მიკუთვნებაც მათ არ მოუთხოვიათ. საპროცესო ეკონომიის პრინციპი კი არ აძლევს სასამართლოს შესაძლებლობას, სარჩელები, რომლებიც აუცილებლად ერთად უნდა იქნეს განხილული, ცალ-ცალკე წარადგინოს მხარემ და მათზე სხვადასხვა გადაწყვეტილება გამოვიდეს.

22. საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის თანახმად აღიარებითი სარჩელები, რომელთა ავტორები რაიმეს აღიარების იურიდიულ ინტერესს არ ასახელებენ/ასაბუთებენ და არც რაიმეს მიკუთვნებას ითხოვენ, განუხილველად რჩება (იხ. სუსგ-ები №ას-324-307-2017, 03.11.2017 წ., №ას-196-185-2017, 05.05.2017 წ., №ას-623-582-2017, 20.12.2017 წ., №ას-1151-1071-2017, 23.02.2018 წ.).

23. საკასაციო სასამართლო, განსახილველი საკითხის სიცხადის მიზნით მოიშველიებს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ ევროპულ კონვენციას, რომლის მე-6 მუხლით აღიარებულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და თავის თავში არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ - სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტიან და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა არ მოჰყვება შედეგად.

24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის იმ პრეტენზიებზე, რომელთაც საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნიათ.

25. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომელიც წინამდებარე განჩინების 13.6 ქვეპუნქტშია ასახული და განმარტავს, რომ პროცესუალური საკითხები, რომლებიც სსსკ-ით დადგენილი წესებითაა მოწესრიგებული სავალდებულოა, როგორც მხარეებისათვის, ასევე - სასამართლოსათვის. შესაბამისად, საპროცესო საკითხები (მათ შორის სარჩელის განუხილველად დატოვება) ყველა შემთხვევაში უნდა გადაწყდეს ისე, როგორც ეს საპროცესო კანონმდებლობითაა მოწესრიგებული, მისი შეცვლა სასამართლოს მიხედულებაზე არ არის დამოკიდებული და კანონით სავალდებულოა.

26. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი განუხილველად უნდა დარჩენილიყო საქმისწარმოების პირველივე ეტაპზე. შესაბამისად, არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების (რომლითაც ნაწილობრივ შეიცვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება) გაუქმების სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნტით გათვალისწინებული აბსოლუტური საფუძველი, რამდენადაც მიღებული გადაწყვეტილება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

27. საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სსსკ-ის 399-ე, 372-ე მუხლებითა და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის თანახმადაც, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმისწარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამავე კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები).

28. საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 1991-ე მუხლზე დაყრდნობით გააუქმებს რაიონული სასამართლოს მიერ გამოყენებულ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას (იხ. განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი), სარჩელის განუხილველად დატოვების გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 187.2-ე, 408.3 და 1991-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება;

3. მ. რ-ის, მ. მ-ასა და ი. მ-ას სარჩელი დარჩეს განუხილველად;

4. გაუქმდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 30 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნას ლ. გ-ის სახელზე რიცხულ: ა) მიწის ნაკვეთს ფართით - 6322.00 კვ.მ. ამ ნაკვეთზე განთავსებულ საცხოვრებელ სახლს ფართით 271.40 კვ.მ. მდებარე ლანჩხუთის რაიონი, სოფელ ჯ-ში (ბ-ი) უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #2-; ბ) მიწის ნაკვეთს ფართით - 3303.00 კვ.მ. მდებარე ლანჩხუთის რაიონი სოფელ ჯ-ში (ბ-ი) უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #2-; გ) მიწის ნაკვეთს ფართით - 1101.00 კვ.მ. მდებარე ლანჩხუთის რაიონი სოფელ ჯ-ში (ბ-ი) უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #2-;

5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე