გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-8-კს-03 29 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი,
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: გადაწყვეტილების განმარტება.
აღწერილობითი ნაწილი:
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტმა განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას და მოითხოვა სასამართლოს 2002წ. 30 ოქტომბრის ¹3ბ/ 515 გადაწყვეტილების განმარტება. განმცხადებელი ითხოვდა სასამართლოს განემარტა ე. ბ-ი აღდგენილიყო თუ არა თბილისის სპეციალური საკონსტრუქტორო ბიუროს ...ის თანამდებობაზე და რომელ კანონს ეწინაამდეგებოდა კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის 2001წ. 26 ივნისის ¹32 ბრძანება. დამატებითი განცხადებით მოითხოვა სასამართლოს განემარტა, საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ თავისი გადაწყვეტილებით გააუქმა თუ არა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სასარჩელო განცხადების 4 მოთხოვნაზე და თუ გააუქმა გადაწყვეტილებაში რატომ არ იმსჯელა აღნიშნულ მოთხოვნებზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 დეკემბრის განჩინებით უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის განცხადება სააპელაციო პალატის 2002წ. 30 ოქტომბრის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განმცხადებლის მოთხოვნა გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე სცდებოდა სსკ-ს 262-ე მუხლით დაშვებულ გადაწყვეტილების განმარტების ფარგლებს.
განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა კვების მრეწველობის სამეცნიერო კვლევითმა ინსტიტუტმა და მიუთითა, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ უთხრა უარი გადაწყვეტილების განმარტებაზე, რადგან მას არ მოუთხოვია ისეთი განმარტების მიცემა, რომელიც გამოიწვევდა გადაწყვეტილების შინაარსის შეცვლას და მისი მოთხოვნა არ ეწინააღმდეგებოდა სსკ-ს 262-ე მუხლს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 10 იანვრის განჩინებით უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა კერძო საჩივარი და საქმის მასალებთან ერთად გააგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის და კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად “გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა თხოვნით განმარტოს გადაწყვეტილება მისი შინაარსის შეუცვლელად,…თუ გადაწყვეტილება ჯერ აღსრულებული არ არის”. ამდენად, საპროცესო კოდექსი მხოლოდ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების განმარტებას ითვალისწინებს, რამაც ხელი უნდა შეუწყოს გადაწყვეტილების აღსრულებას. ამასთან, გადაწყვეტილების განმარტება დასაშვებია მისი შინაარსის შეუცვლელად.
კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 30 ოქტომბრის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე სასამართლოს მიმართა იმ დროს, როდესაც განსამარტი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ იყო შესული, რაც პროცესუალურად დაუშვებელია. სააპელაციო პალატამ სწორად მიუთითა, რომ განმცხადებლის მოთხოვნების გაზიარება არსებითად გამოიწვევდა გადაწყვეტილების შინაარსის შეცვლას. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გადაწყვეტილების განმარტების შესახებ განცხადებასა და კერძო საჩივარში ასახული დებულებები, სამართლებრივად წარმოადგენენ საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, რაც აისახა კიდეც 2002წ. 9 დეკემბერს სააპელაციო სასამართლოში შეტანილ საკასაციო საჩივარში.
აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას გადაწყვეტილების განმარტებისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 დეკემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.