Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-1449-1369-2017 20 აპრილი, 2018 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ი. მ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – რ. ვ-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. რ. ვ-ა (შემდეგში: მოსარჩელე ან დედა) და ი. მ-ი (შემდეგში: მამა, მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) 2009 წლიდან 2015 წლის დეკემბრამდე იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. მოპასუხე 1987 წლიდან ასევე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ნ. მ-ასთან (შემდეგში: მოპასუხის მეუღლე), ხოლო 1997 წლიდან - ამ უკანასკნელთან რეგისტრირებულ ქორწინებაშია.

2. მოსარჩელესა და მოპასუხეს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი - 2010 წლის 22 ივლისს დაბადებული ს. მ-ი (შემდეგში: შვილი, ბავშვი ან არასრულწლოვანი; იხ. დაბადების მოწმობა, ტ. 1, ს/ფ 16-17).

3. მოსარჩელე და მოპასუხე 2015 წლის დეკემბრის თვიდან ერთად აღარ ცხოვრობენ. სახლიდან დედის წასვლის შემდეგ, არასრულწლოვანი ცხოვრობს მამასთან მისსავე ოჯახში, მამის მეუღლესთან და მამის მშობლებთან ერთად. ბავშვი რეგისტრირებულია დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ორზმანის საჯარო სკოლის პირველ კლასში.

4. სახლიდან წასვლის შემდეგ ბავშვის დედას (მოსარჩელეს) ჰქონდა სურვილი შვილი თან წაეყვანა, მაგრამ არასრულწოვანის მამამ (მოპასუხემ) მას ამის საშუალება არ მისცა.

5. ბავშვის დედის ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილია მამის საცხოვრებელი სახლი, რომელიც ორსართულიანია. პირველ სართულზე სამი სარდაფია, ხოლო მეორე სართულზე - ოთხი ოთახი. სახლი გაყოფილია ორ ნაწილად, ორი ოთახი და სამზარეულო მოსარჩელის ძმას ეკუთვნის, რომელიც თავის მეუღლესა და სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს, ხოლო ორი ოთახი და სამზარეულო მოსარჩელის მამას და მის მეორე მეუღლეს (იხ. დასკვნა მოსარჩელის ოჯახის შესახებ, ტ. 1, ს/ფ 82-85).

6. მოსარჩელე არ არის დასაქმებული და არ გააჩნია სტაბილური შემოსავალი. მოსარჩელის მამას - ზ. ვ-ს სახლთან მიმდებარედ გააჩნია 60 მეასედი ფართის მიწის ნაკვეთი, 1 ჰა სათიბი მიწა, 25 სული ცხვარი და 10 ქათამი. ამასთან, მოსარჩელის მამა დასაქმებულია ავტობუსის მძღოლად და ყოველთვიურად აქვს შემოსავალი ხელფასის სახით 300 ლარი. გარდა ამისა, მათ მატერიალურად და ფინანსურად ეხმარებიან აზერბაიჯანში მცხოვრები მამიდა და რუსეთში მცხოვრები და (იხ. დასკვნა მოსარჩელის ოჯახის შესახებ, ტ. 1, ს/ფ 82-85).

7. მოპასუხის (ბავშვის მამის) ოჯახს მფლობელობაში გააჩნია ორი საკუთარი სახლი. სოფელ მთისძირში ხუთოთახიანი ე.წ. ,,ბელეტაჟის” ტიპის სახლი და ორსართულიანი სახლი, 6 ოთახით სოფელ ზემო ორუზმანში, რომელშიც ახლა მისი ახლობლები ცხოვრობენ. მოპასუხეს საკუთრებაში აქვს 43 ჰა მიწა (1 ჰა-ზე მოჰყავს ბოსტნეული პროდუქტი, ხოლო დანარჩენს სათიბად იყენებს), ჰყავს ორი ცხენი, ავტომანქანა ,,ნივა”, ორი ტრაქტორი, 45 სული ცხვარი, 10 მეწველი ძროხა, 25 ფრთა შინაური ფრინველი. მოპასუხის ოჯახის ძირითადი შემოსავლის წყარო შინამეურნეობაა (იხ. დასკვნა მოპასუხის ოჯახის შესახებ, ტ. 1, ს/ფ 86-89).

8. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სამხარეო ცენტრის ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგების თანახმად, ბავშვი დედასთან შეხვედრის დროს იყო კომუნიკაბელური, აქტიურად, ხალისით ჩაერთო ყველა შეთავაზებულ თამაშში და აქტივობაში, ინტერვიუში, პასუხობდა კითხვებს; საკუთარი ინიციატივით იწყებდა საუბარს, გამოხატავდა აზრებს, ემოციებს შეთავაზებულ აქტივობებთან, მშობლებთან დაკავშირებულ თემებზე. არასრულწლოვანი ბიოლოგიურ დედას უწოდებს დედიკოს, მამის მეუღლეს - დედას. ბიოლოგიურ დედასთან ურთიერთობისას ავლენდა პოზიტიურ დამოკიდებულებას (სიხარულს, სითბოს) ქცევით, თვალებით კონტაქტით, მიმართვებით, ხმის ინტონაციით, ფიზიკური შეხებით. არ აპროტესტებდა დედის ალერსს; რამდენიმე წუთის შემდეგ თვითონ იჩენდა ინიციატივას დედის საალერსო ქცევის გამოსაწვევად. ბავშვი კითხვის - ,,ვინ არის დედა?” პასუხად ცდილობს მიანიშნოს არავერბალურად, თითით ანიშნებს ბიოლოგიურ დედაზე, სურს მალულად გააკეთოს მოძრაობა თითს სწრაფად წევს დაბლა, შემდეგ ამატებს სიტყვებით, რომ დედიკოსთან, მოსარჩელესთან ერთად უნდა ცხოვრება, ასევე ბებია-ბაბუასთან (მამის მშობლები) ერთად. ფსიქოლოგიური გამოკვლევის დასკვნითი ნაწილის მიხედვით, ბავშვის განვითარება, ზოგადი ცოდნის დონე, ლექსიკური მარაგი შეესაბამება მის ასაკს; ჩვილობის ასაკიდან ბავშვზე ზრუნვაში ჩართული იყვნენ ბიოლოგიური მშობლები და მამის მეუღლე, ბავშვი ბიოლოგიური მშობლების განქორწინების შემდეგ ცხოვრობს ბიოლოგიურ მამასთან, მამის მეუღლესთან და ბებია-ბაბუასთან. ბიოლოგიურ დედასთან ურთიერთობა შეწყვეტილია. არასრულწლოვანი ავლენს ძლიერ პოზიტიურ დამოკიდებულებას ბიოლოგიური მშობლების და ბიოლოგიური მამის მეუღლის მიმართ. ინტერვიუსა და პროექციულ სავარჯიშოებში ვლინდება, რომ ბავშვი უპირატესობას ანიჭებს ბიოლოგიურ დედასთან და ბიოლოგიურ მამასთან ცხოვრებას. არასრულწლოვანი ბიოლოგიურ დედასთან დაკავშირებით თავისუფლად ვერ გამოხატავს პოზიტიურ დამოკიდებულებას. იქმნება მშობლის, მოცემულ მომენტში, დედის მიმართ გაორებული დამოკიდებულების ჩამოყალიბების რისკი. აუცილებელია ბავშვზე მზრუნველმა პირებმა ხელი შეუწყონ მშობლიური ურთიერთობის შენარჩუნებასა და გაძლიერებას, აარიდონ ბავშვი მეორე მშობელთან გაუცხოებისა და მიჯაჭვულობის რღვევას მშობლიური - პოზიტიური სანდო მიჯაჭვულობის რღვევა ძლიერ უარყოფით გავლენას მოახდენს ბავშვის ჯანმრთელობასა და ფსიქო-ემოციურ განვითარებაზე (იხ. ტ. 1, ს/ფ 99-101).

9. სარჩელის საფუძვლები

9.1. მოსარჩელემ 2016 წლის 28 მარტს სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის - დმანისის რაიონის, სოფელ იაღუფლოს განსაზღვრა მოითხოვა.

9.2. მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნა წინამდებარე განჩინების 1-8 პუნქტებში დასახელებულ გარემოებებზე დააფუძნა და განმარტა, რომ ბავშვის დაბადებამდე ყველაფერი კარგად იყო, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხის ორივე ცოლი ერთ ჭერქვეშ ცხოვრობდა, მათ შორის გაუგებრობა არ ყოფილა. ბავშვის დაბადების შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა, მოსარჩელეს მოპასუხე და მოპასუხის მეუღლე აბუჩად იგდებდნენ. მოპასუხე (ბავშვის მამა) მოსარჩელეს მძიმე სამუშაოების შესრულებას ავალებდა, ბავშვის მოვლა კი საკუთარ რეგისტრირებულ მეუღლეს მიანდო.

9.3. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ის 6 წლის განმავლობაში უძლებდა ამ მძიმე ვითარებას და მას შემდეგ, რაც მოპასუხემ მოსარჩელის ცემა დაიწყო, ეს უკანასკნელი სახლიდან წამოვიდა, თუმცა, მას შვილის წაყვანის უფლება არ მისცეს. დედა ცდილობდა მშვიდობიანი გზით დაებრუნებინა შვილი, რასაც მამა კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა.

10. მოპასუხის შესაგებელი

10.1. მოპასუხემ არ ცნო სასარჩელო მოთხოვნა და მიუთითა, რომ მოსარჩელისთვის თავიდანვე ცნობილი იყო იმის შესახებ, რომ მოპასუხე პირველ მეუღლესთან იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში და მათ შვილი არ ჰყავდათ. მოპასუხის განმარტებით, რეალობას არ შეესაბამება მოსარჩელის მტკიცება, რომ მათ შორის შვილის დაბადების შემდეგ დაიძაბა ურთიერთობა, რომ მას და მის პირველ მეუღლეს სურდათ ბავშვის დატოვება და ამ მიზნით სურდათ მოსარჩელის თავიდან მოშორება, რისთვისაც თითქოს ეძებდნენ დაპირისპირების საბაბს, რაც საბოლოო ჯამში აისახებოდა მისი ცემისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებით. მოპასუხის აზრით, მოსარჩელის მიზანია, რომ ბავშვი წაიყვანიოს თავისთან, რათა ბიოლოგიურ მამას და შვილს შორის ჩამოყალიბდეს გაუცხოებისა და დაპირისპირების ატმოსფერო, რაც საბოლოო ჯამში ეხმიანება მოსარჩელის მიზანს, რომ როგორმე ჩამოაშოროს მშობელი მამა ბავშვის აღზრდის მოვალეობას და მამას შეეზღუდოს შვილთან ურთიერთობით განცდილი ბედნიერება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე თავისი ნებით წავიდა სახლიდან და იგი არ გაუგდიათ. სახლიდან წასვლისას მას არ გამოუთქვამს ბავშვის თან წაყვანის სურვილი.

10.2. მოპასუხის განმარტებით, რამდენიმე ხნის წინ მასთან მივიდნენ დმანისის პოლიციის თანამშრომლები და მოსთხოვეს ბავშვის დედისათვის გადაცემა, რაზედაც მოპასუხემ განუცხადა კატეგორიული უარი, ვინაიდან აღნიშნული საკითხი არ იყო პოლიციის გადასაწყვეტი. ბავშვი თავიდანვე იზრდებოდა მოპასუხის პირველი მეუღლის მზრუნველობისა და მეთვალყურეობის ქვეშ, რაც ბავშვს თავიდანვე უყალიბებდა იმის შეგრძნებას, რომ სწორედ იგი იყო მისი დედა. არ არსებობდა სხვა ისეთი გარემოება, რაც ბავშვის მსოფლმხედველობას დედა-შვილურ ურთიერთობასთან დაკავშირებით შეცვლიდა მისი ბიოლოგიური დედის სასარგებლოდ, ამ ეტაპზე ბავშვი ვერ აცნობიერებს ბიოლოგიურ დედასა და მამის მეუღლეს შორის არსებულ განსხვავებას და ორივე მათგანს ეძახის დედას.

10.3. მოპასუხემ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს არ აქვს საცხოვრებელი სახლი და იგი შეკედლებულია მშობლების სახლში, არ გააჩნია დამოუკიდებელი შემოსავლები და ვერც სხვა რაიმე გზით უზრუნველყოფს ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის სათანადო პირობების შექმნას. მოპასუხეს გააჩნია ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის საჭირო საოჯახო ნივთები და მატერიალური პირობები.

11. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს და ფსიქოლოგის პოზიცია

11.1. ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისა და მისი კეთილდღეობის დაცვის მიზნით, ბავშვს უნდა ჰქონდეს ურთიერთობა ორივე მშობელთან. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს ხელი არ უნდა შეეშალოს რომელიმე მშობელთან ურთიერთობის პროცესში. მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა დედის სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ ბიოლოგიური დედის შედარებით დაბალი მატერიალური მდგომარეობა არ ნიშნავს, რომ ბავშვს დედასთან არ უნდა ჰქონდეს ურთიერთობა, მოპასუხეს ყოველთვის შეუძლია დაეხმაროს მატერიალურად თავის არასრულწლოვან შვილს, სადაც იგი იქნება.

11.2. ფსიქოლოგის განმარტებით, ბავშვის ქცევაზე გამოხატულ ემოციაზე, მიმიკასა და ჟესტიკულაციაზე დაკვირვებით ვლინდება, რომ ბავშვი ცდილობს დედასთან დაკავშირებული პოზიტიური დამოკიდებულება გადმოსცეს მალულად და არა - ვერბალურად. შეხვედრებზე ბიოლოგიური მშობლები ინტერვიუში აღნიშნავდნენ, რომ თანაცხოვრების მომენტში ბავშვთან ურთიერთობასა და ოჯახთან დაკავშირებული ფუნქცია-მოვალეობების განსაზღვრაში ბიოლოგიური დედა არ იყო თავისუფალი. აღნიშნული გარემოება ხდებოდა უფროსთა შორის კონფლიქტის მიზეზი. ოჯახში ბიოლოგიური დედის საქციელი ნეგატიურად არის შეფასებული. აღნიშნული შეფასება გავლენას ახდენს ბავშვზე. არასრულწლოვანი ბიოლოგიურ დედასთან დაკავშირებით თავისუფლად ვერ გამოხატავს პოზიტიურ დამოკიდებულებას (იხ. ამ განჩინების მე-8 პუნქტი). ამასთან, იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვს და დედას ბოლო პერიოდში არ აქვთ ურთიერთობა, მნიშვნელოვანია, რომ მათ დაუწესდეთ შესაჩვევი პერიოდი, რომლის შემდეგ ბავშვის საცხოვრებელ ადგილად უნდა განისაზღვროს დედის საცხოვრებელი ადგილი.

12. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

12.1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოსარჩელეს შვილთან ურთიერთობისათვის თავდაპირველად განესაზღვრა: პირველი 1 თვის განმავლობაში - ყოველკვირეულად შაბათი დღე - 12:00 საათიდან 16:00 საათამდე ბავშვის მამის, ან მის მიერ შერჩეული პირის თანდასწრებით; მომდევნო 2 თვის განმავლობაში - ყოველკვირეულად შაბათი და კვირა დღეები - 12:00 საათიდან 16:00 საათამდე წაყვანის უფლებით; შემდეგი სამი თვის განმავლობაში - ყოველკვირეულად პარასკევს - 17:00 საათიდან შაბათს 9:00 საათამდე თავის საცხოვრებელ ადგილას წაყვანის უფლებთ. დაწესებული რეჟიმით შვილთან ურთიერთობის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ ბავშვის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის საცხოვრებელი ადგილი.

12.2. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა „ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 1197-ე, 1198-ე, 1199-ე, 1200-ე, 1201-ე, 1202-ე მუხლებით და განმარტა, რომ, მართალია, აღიარებულია მშობლების თანაბარი უფლება-მოვალეობანი შვილების მიმართ, თუმცა, მშობლებთან შვილების ურთიერთობის საკითხში არსებითი და გადამწყვეტია ბავშვის ინტერესები.

12.3. სასამართლომ განმარტა, რომ მხოლოდ ქონებრივი მაჩვენებელი არ შეიძლება იყოს დედისა და შვილის დაშორების წინაპირობა. ასევე სასამართლომ გაიზიარა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფსიქოლოგის - მ. კ-ას დასკვნა. სასამართლო სხდომაზე ფსიქოლოგმა ასევე განმარტა, რომ მიზანშეწონილია მოსარჩელისათვის გარკვეული პერიოდის მიცემა, რათა ურთიერთობა ჰქონდეს ბავშვთან არამარტო ბავშვისთვის შეჩვეულ გარემოში, არამედ - უცხო გარემოშიც.

12.4. სასამართლომ მიიჩნია, რომ ბავშვის მამის ოჯახში დარჩენის შემთხვევაში, სადაც ბავშვი მამის მეორე მეუღლეს აღიქვამს, როგორც დედას, რასაც ასევე ხელს უწყობს ის გარემოება, რომ როგორც საქმის სასამართლო განხილვისას გამოიკვეთა მამის ოჯახის წევრები მიანიშნებენ ბავშვს, რომ მამის მეორე მეუღლე არის მისი დედა, კიდევ უფრო გაღრმავდება ბიოლოგიური დედის მიმართ ბავშვის გაუცხოების პროცესი. აღნიშნული კი არ წარმოადგენს ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესს. ხოლო რაც შეეხება დედის ოჯახში ბავშვის საცხოვრებლად გადასვლას, ეს გამოიწვევს ბავშვსა და დედას შორის დედა-შვილური ურთიერთობის აღდგენა-განმტკიცებას, მამის მშობლის უფლების შეზღუდვის გარეშე. შესაბამისად, ბავშვს შესაძლებლობა ექნება, ურთიერთობა ორივე მშობელთან ჰქონდეს.

12.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბავშვის ასაკისა და მისი უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით, დედისათვის კანონით გარანტირებული უფლებების შესაბამისად, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რეკომენდაციის, ფსიქოლოგის დასკვნისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

13. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

13.1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მოპასუხემ (ბავშვის მამამ) გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

13.2. მოპასუხემ თავის სააპელაციო საჩივარში აღნიშნა, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დმანისის რაიონული განყოფილების მიერ შედგენილს დასკვნა მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის განსაზღვრის ასპექტში და ბავშვის საცხოვრებელ ადგილად მისი ბიოლოგიური დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას ერთ-ერთ საფუძვლად დაედო მოსარჩელის მამის ქონებრივი მდგომარეობა, რაც არანაირ შემხებლობაში არ არის სამოქალაქო კანონმდებლობით განსაზღვრულ დეფინიციასთან ბავშვის მშობლების ოჯახური და მატერიალური მდგომარეობის დადგენის კონცეპტუალურ პრინციპებთან. სასამართლომ არ იმსჯელა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ერთ-ერთი გარემოებაზე, როდესაც არ გაითვალისწინა ქონებრივი მდგომარეობის სტატუსის მქონე სუბიექტების კონკურენციის საკითხი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას, ვინაიდან ბავშვის ბილოგიურ მამასთან შედარებით, სასამართლომ უპირატესობა მიანიჭა ბავშვის პაპის ქონებრივ მდგომარეობას. ამასთან, პაპის საკუთრებაში არსებული ქონება არ შეიძლება განიხილებოდეს, როგორც დედის საკუთრება.

13.3. აპელანტის განმარტებით, სსკ-ის 1197-ე მუხლის დანაწესიდან, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. სასამართლო გასცდა მსჯელობის სამართლებრივ სივრცეს და გადაწყვეტილება დააფუძნა საზოგადოებაში დამკვიდრებულ მოსაზრებაზე, რომ „მშობლების დაცილებისას ბავშვი ყველა შემთხვევაში უნდა იზრდებოდეს მის ბიოლოგიურ დედასთან“. აღნიშნული მოსაზრება ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას და საფუძველშივე მცდარია. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებზე საუბრისას, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაში კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესების კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება. ბავშვისათვის ნებისმიერი ფორმით საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, მით უმეტეს მამისგან მოცილება, სადაც ბავშვი დაბადებიდან იზრდება და ადაპტირებულია ამ გარემოში, სადაც მან შეიძინა მისთვის უსაყვარლესი ადამიანები ბებია-პაპისა და მამის მეორე მეუღლის სახით, არასრულწლოვანისათვის მატრავმირებელი და სერიოზული რისკის მატარებელი იქნება, რაც საბოლოო ჯამში ნეგატიურად აისახება მის ფსიქიკურ განვითარებაზე, რაც ეწინააღმდეგება კონვენციის მიზნებს.

14. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

14.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

14.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები და მათი სამართლებრივი შეფასება და მიუთითა მათზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).

14.3. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მსგავსი სახის დავების განხილვისას სპეციალური კვალიფიკაციისა და ცოდნის მქონე საქმის შედეგით დაინტერესებელი პირის დასკვნა შეიძლება გახდეს სარწმუნო მტკიცებულება სასამართლოსათვის, ვინაიდან იგი წარმოადგენს ორივე მხარისა და თავად ბავშვისაგან მიღებული ინფორმაციის პროფესიული და, ამასთან, ნეიტრალური ხასიათის ანალიზის შედეგს. სასამართლომ ამ განჩინების მე-8 პუნქტში დასახელებულ დასკვნაზე მითითებით დადგენილად მიიჩნია, რომ ბავშვს დედის მიმართ გააჩნია ძლიერი ემოციური მიჯაჭვულობა, სურს დედასთან ურთიერთობა და სწორედ აღნიშნული წარმოადგენს მის შეხედულებას. ამასთან, დედასთან პოზიტიური სანდო მიჯაჭვულობის რღვევა ძლიერ უარყოფით გავლენას მოახდენს ბავშვის ჯანმრთელობასა და ფსიქო-ემოციურ განვითარებაზე.

14.4. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საკასაციო პალატამ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ბავშვი დედას უნდა დაშორდეს მხოლოდ ისეთი გამონაკლისების შემთხვევაში, როდესაც ასეთი კავშირი მიმართულია ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების საწინააღმდეგოდ. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ამ შემთხვევაში ბავშვის ასაკს უდიდესი მნიშვნელობა აქვს (სუსგ №ას-1062-996-2012, 2013 წლის 22 იანვარი). საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, თუ ბავშვი არის მცირეწლოვანი, სწორედ არსებულ ეტაპზე ეყრება საფუძველი მის პიროვნულ ჩამოყალიბებას, რა დროსაც დედასთან არასაკმარისი სიახლოვე, შესაძლოა, უარყოფითად აისახოს ბავშვის, როგორც ინდივიდის, შემდგომ ფორმირებაზე (სუსგ №ას-211-204-2012, 2012 წლის 19 ივლისი; №ას-1062-996-2012, 2013 წლის 22 იანვარი).

14.5. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ არასრულწლოვანი რამდენიმე წელი იზრდებოდა დედასთან ერთად, შესაბამისად, დედასთან განრიდება წარმოადგენს ბავშვის მიერ მიღებულ სტრესს, რამაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ემოციური სირთულეები გამოიწვიოს, რაც ასევე აღნიშნულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სამხარეო ცენტრის ფსიქოლოგიურ გამოკვლევაში. ამდენად, სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის (ბავშვის მამის) მტკიცება, რომ საბოლოოდ არასრულწლოვანის საცხოვრებელ ადგილად, დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა ნეგატიურად აისახება მის ფსიქიკურ განვითარებაზე.

14.6. აპელანტის პრეტენზიასთან დაკავშირებით (იხ. ამ განჩინების 13.2 ქვეპუნქტი) სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ მხოლოდ ქონებრივი მაჩვენებელი არ შეიძლება იყოს დედის და შვილის დაშორების წინაპირობა. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ არ შეიძლება ერთ-ერთი მშობლისათვის უარის თქმა შვილის გადაცემაზე იმ მოტივით, რომ მეორე მშობელს უკეთესი მატერიალური მდგომარეობა აქვს. სსკ-ის 1198-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მართალია, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება, თუმცა, აღნიშნული ნორმა არ შეიძლება ისე იქნეს გაგებული, თითქოს ვალდებული პირის პირობების შეფასებისას სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს მხოლოდ მისი ფინანსური მდგომარეობით, მოცემულ შემთხვევაში მხედეველობაში უნდა მიღებულიყო ასევე ამ პირის პოტენციალიც, თუ რამდენად შრომისუნარიანია და აქვს თუ არა შესაძლებლობა, უზრუნველყოს შვილის მატერიალური გარემო. ამასთან, საგულისხმოა, სსკ-ის 1202-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიარებულია მშობლების ვალდებულება, არარეგისტრირებული ქორწინების მიუხედავად, იზრუნონ თავიანთ შვილებზე. შესაბამისად, მატერიალური მდგომარეობა შესაძლოა გამოსწორებადი იყოს მეორე მშობლისაგან შვილის სასარგებლოდ ალიმენტის მიღებით.

14.7. სააპელაციო სასამართლო სსკ-ის 1999-ე, 1201-ე მუხლებს, „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის კონვენციის მე-9 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებს, მე-18 მუხლს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას (ბავშვის ინტერესი არის განსაკუთრებული მნიშვნელობის [Krasiki v. Poland, no 17254/11, § 83, 15 April 2014]. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი [Gnahore v. France, n. 40031/98, § 59, ECHR 2000-IX] და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე გადაწონოს მშობლების ინტერესი Sahin v. Gernamy [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII)], საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (სუსგ #ას-53-51-2016, 06.07.2016 წ.) დაეყრდნო და დადგენილად მიიჩნია, რომ ბავშვს დედის მიმართ გააჩნია ძლიერი ემოციური მიჯაჭვულობა, სურს დედასთან ურთიერთობა და სწორედ აღნიშნული წარმოადგენს მის საკუთარ შეხედულებას. ამასთან, დედასთან მიჯაჭვულობის რღვევა [მშობლიური - პოზიტიური სანდო მიჯაჭვულობის რღვევა] ძლიერ უარყოფით გავლენას მოახდენს ბავშვის ჯანმრთელობასა და ფსიქო-ემოციურ განვითარებაზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ ბავშვისთვის დედის მზრუნველობა, მისი ასაკის გათვალისწინებით, შეუცვლელია. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ 2010 წლის 22 ივლისს დაბადებული არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესში იყო მის საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა. ამასთან, საგულისხმოა, რომ იმ საფრთხის აღმოფხვრის მიზნით, რაც მითითებულია მოპასუხის (ბავშვის მამის) სააპელაციო საჩივარში, პირველი ინსტანციის სასამართლომ დააწესა შესაჩვევი პერიოდი, რაც სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ასევე, ბავშვის ინტერესებს შეესაბამება.

15. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

15.1. ბავშვის მამამ საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ოქტომბრის განჩინება მისი გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

15.2. კასატორმა გაიმეორა სააპელაციო საჩივარში ასახული პრეტენზიები, რომლებიც ამ განჩინების 13.2-13.3 პუნქტებშია მითითებული, და დამატებით განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას ტენდენციურობა გამოიჩინა დედის მიმართ, რითაც უგულებელჰყო კონვენციის მოთხოვნა, რომ ბავშვის რჩენასა და აღზრდაში ორივე მშობელი თანასწორია.

15.3. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ფსიქოლოგის დასკვნა ორი წლის წინ იყო მომზადებული, რის გამოც, ბავშვის ასაკის გათვალისწინებით, გამართლებული იყო არასრულწლოვანის მშობლებისადმი ფსიქო-ემოციური მიჯაჭვულობის ხარისხის დადგენის შესახებ შესაბამისი დასკვნის შინაარსი.

16. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

16.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მოპასუხის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

17. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

18. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება.

19. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი შედავება არ წარმოუდგენია.

20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ დავაში მოპასუხემ სადავოდ გახადა ბავშვის საცხოვრებლად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვის ფაქტი. ბავშვის მამას მიაჩნია, რომ აღნიშნული საზიანოა მცირეწლოვანის ინტერესებისათვის.

22. საკასაციო სასამართლომ მოპასუხის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის განხილვის ეტაპზე, სსსკ-ის 354-ე მუხლით დადგენილი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იმსჯელა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობასა და კანონიერებაზე, რომელიც, უწინარესად, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარეობს („ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-3 მუხლი) და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე გამოკვლეული მტკიცებულებების, სოციალური მუშაკის დასკვნის, ფსიქოლოგების დასკვნებისა და განმარტებების, მოწმეთა ჩვენებების, მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოკვლეულია ბავშვის საუკეთესო ინტერესების დასადგენად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოს მიერ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებას და ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის დადგინდა, რომ მის საცხოვრებლად დედის საცხოვრებელი ადგილი განისაზღვრა.

23. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც, რაც ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტები თავადვე იძლევიან ჩარევის ლეგიტიმურ დეფინიციას და განსაზღვრავენ, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით, ამასთან, ჩარევის სტანდარტად გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული „ბავშვის უფლებათა კონვენციაში“. მოხმობილი საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს, ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს, აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ. მშობლები უფლებამოსილნი და ვალდებულნი არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით (სსკ-ის 1198.1 მუხლი). მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს (სსკ-ის 1199-ე მუხლი). მითითებული საკანონმდებლო დანაწესების ანალიზი იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას, უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმისი უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში (იხ. სუსგ # ას- 458-440-2016, 15.07.2016წ.).

24. სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ - Elsholz v. Germany, # 25735/94, 31.07.2000, პარ. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, # 28945/95, 10.05.2001, პარ.72) - შდრ. ასევე,სუსგ #ას-967-916-2015, 25.02.2016წ.

25. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული ოჯახური ცხოვრების პატივისცემაში იგულისხმება არა მხოლოდ ერთად მცხოვრები ოჯახის წევრების უფლებების დაცვა და პატივისცემა, არამედ, ცალ-ცალკე მცხოვრები ოჯახის წევრებს შორის კავშირის შენარჩუნებაც და ოჯახური გარემოს დაცვის ვალდებულება ისეთ შემთხვევებშიც, როგორც ეს განსახილველ საქმეშია. ეროვნული სასამართლო ვალდებულია, ხელი შეუწყოს ოჯახური კავშირის აღდგენასა და განმტკიცებას, რაც, უპირველეს ყოვლისა, ბავშვის ჭეშმარიტი და საუკეთესო ინტერესითაა განპირობებული. ოჯახის გაერთიანების ცნების ქვეშ ნაგულისხმევია არა მხოლოდ ერთ ჭერქვეშ ცხოვრება, არამედ, მშობლისა და შვილის მჭიდრო კავშირი, რასაც ყოველმხრივ უნდა შეუწყოს ხელი სასამართლომ, თუკი არ იკვეთება ბავშვის საუკეთესო ინტერესის საწინააღმდეგო წინაპირობა, რადგან მშობლისა და ბავშვის ინტერესთა ბალანსის დაცვის პროცესში, სწორედ ბავშვის ინტერესია ამოსავალი და სახელმძღვანელო სასამართლოსა და ყველა ადმინისტრაციული თუ სხვა ორგანოსათვის, რაც უმეტესწილად გადასწონის მშობლის ინტერესს.

26. საკასაციო სასამართლომ სსკ-ის 1201-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად უნდა გადაწყვიტოს დავა იმის თაობაზე თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს ბავშვი, ამისათვის საკასაციო სასამართლო დეტალურად გაეცნო საქმის მასალებს და დადგენილად მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ გამოკვეული და შეფასებული გარემოებები, რასაც მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები დაეფუძნა სრულად შეესაბამება ეროვნული და საერთაშორისო სამართლის მიერ დამკვიდრებულ პრინციპებს ბავშვის საუკეთესო ინსტერესებისათვის. დედის ქონებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, რაიონული და სააპელაციო სასამართლოების შეფასებებს ეყრდნობა და მიიჩნევს, რომ ამ მხრივ კასატორის პრეტენზია დაუსაბუთებელია და სარჩელის უარყოფის საფუძველი ვერ გახდება (იხ. ამ განჩინების 11.1, 12.3, 14.6 ქვეპუნქტები). საკასაციო სასამართლო იზიარებს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რასაც სააპელაციო სასამართლოც დაეთანხმა, დედა-შვილს შორის შესაჩვევი პერიოდის დაწესებასთან დაკავშირებით, რაც მიმართულია იმ მიზნისაკენ, რომ გადაწყვეტილება აღსრულებადი და ბავშვისათვის ნაკლებად მატრავმირებელი იყოს.

27. „როდესაც საქმე არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასა და ცალ-ცალკე მცხოვრებ მშობლებთან ურთიერთობის მოწესრიგებას ეხება, განსაკუთრებული სიფრთხილით შეფასებას მოითხოვს არასრულწლოვანთა საქმეებზე მომუშავე პირებისა თუ შესაბამისი სპეციალისტების (ფსიქოლოგის) მიერ გაკეთებული დასკვნები“ (იხ. სუსგ ას-53-51-2016, 06.07.2016წ.). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა და ფსიქოლოგთა განმარტებების საფუძველზე არ დასტურდება არც ერთი განმაპირობებელი ფაქტორი იმისა, რომ მცირეწლოვანის საცხოვრებლად უპრიანია, მამის საცხოვრებელი ადგილი განისაზღვროს. საქმეში წარმოდგენილია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლისა და ფსიქოლოგის მოსაზრებები იმის შესახებ, რომ მცირეწლოვანის საცხოვრებლად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა უმჯობესია. „ამასთან ერთად, უნდა შეჯერდეს ბავშვთან დაკავშირებული რისკები, რომლებიც ერთ შემთხვევაში, ეხება ბავშვის საცხოვრებელი ადგილისა და გარემოს შეცვლას და, მეორე შემთხვევაში, დედასთან დაშორებას. ამასთან ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისათვის აუცილებელია ისეთი კრიტერიუმების შესწავლა, როგორიცაა: ბავშვის მიჯაჭულობა ერთ-ერთ მშობელთან, ბავშვის ასაკი, მშობლების ზნეობრივი და სხვა პირადი თვისებები, ბავშვის ორივე მშობელთან ურთიერთობა, ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვის შესაბამისი პირობების შექმნის შესაძლებლობა, ცალ-ცალკე მცხოვრები მშობლების ოჯახური მდგომარეობა“... „ამდენად, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის მიჯაჭვულობას ერთ-ერთ მშობელთან. სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს ფსიქო-პედაგოგიური ექსპერტიზის მიხედვით, თუ რომელი მშობლის მიმართ განიცდის უფრო მეტ სიმპათიას ბავშვი და რომელთან დარჩენა უფრო სასარგებლო იქნება მისი ფსიქიკური განვითარებისათვის. რა თქმა უნდა, ბავშვის მშობელთან დამოკიდებულებას არ გააჩნია გადამწყვეტი მნიშვნელობა, მაგრამ აღნიშნული კრიტერიუმი სხვა კრიტერიუმებთან ერთად მოითხოვს შესაბამის კვლევას“ (იხ. სუსგ ას-1062-996-2012, 22.01.2013წ.).

28. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იმაზეც გაამახვილებს ყურადღებას, რომ არასრულწოვანის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სასამართლოს გადაწყვეტილების დროულ და ეფექტიან აღსრულებას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა, რათა დაცული იქნეს ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი და სასამართლოს მიერ დადგენილი წესით მოხდეს ბავშვის ფსიქო-ემოციური მომზადება დედის საცხოვრებელ ადგილას გადასასვლელად. კასატორს, რომელიც ბავშვის მამაა, ევალება საკუთარი შვილის უპირატესი ინტერსების გათვალისწინებით, ხელი შეუწყოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებას, რაც მშობლის ზნეობრივი მოვალეობაცაა და გამიზნულია ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარების ხელშეწყობისათვის, ამასთან, მამას არ ეზღუდება საკუთარ შვილთან ურთიერთობასა და მის აღზრდაში მონაწილეობა. სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ნებისმიერმა პროცესუალურმა დაყოვნებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს საქმის შედეგზე, რაც, უწინარესად, ბავშვის საუკეთესო ინტერესის ხელყოფას გამოიწვევს (იხ. საჰინი გერმანიის წინააღმდეგ; Sahini v. Germany; No 30943/96, 8.7.03, par. 65).

29. ზემოხსენებული მოტივაციით არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი, რაც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის საფუძველია სსსკ-ის 391.5 -ე მუხლის თანახმად.

30. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. მ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ი. მ-ს (პ/ნ 1-) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ზ. პ-ის (პ/ნ 1-) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადასახადო დავალება N0, გადახდის თარიღი 2018 წლის 15 იანვარი), 70% –210 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე