Facebook Twitter

30 ივლისი, 2018 წელი

№ას-1-1-2018 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ეკატერინე გასიტაშვილი,

ბესარიონ ალავიძე

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

თარჯიმანი - მ.ბ–ძე

კასატორი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე) – თ.ს.

წარმომადგენლები - ც.ო., ი.რ.

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე) – ს.გ.

წარმომადგენელი - თ.მ.

მესამე პირი - ს.მ.ს.

წარმომადგენელი - ლ.პ.

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგეგებული სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა (შეგებებულ სარჩელში), მშობლის უფლების შეზღუდვა, ალიმენტის გადახდის დაკისრება (სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ს.გ. (შემდეგში: მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან დედა) და თ.ს. (შემდეგში: მოპასუხე, შეგებებულ სარჩელში მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან მამა) 2014 წლის 29 დეკემბრიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. ქორწინების განმავლობაში შეეძინათ ერთი შვილი - 2015 წლის 18 მარტს დაბადებული ე.ს. (შემდეგში მოხსენიებული, როგორც ბავშვი, მოსარჩელისა და მოპასუხის შვილი ან არასრულწლოვანი (იხ. ს.ფ. 18-19) .

2. მეუღლეებს შორის ურთიერთობა გამწვავდა და ისინი 2015 წლის დეკემბრიდან ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. მოპასუხე, დროებით, შვილთან ერთად ცხოვრობს ქალაქ თბილისში, ...... შორეული ნათესავის ნაქირავებ ბინაში, სადაც ბავშვისათვის, შეძლებისდაგვარად, შექმნილია კეთილსაიმედო გარემო, დედასთან თავს გრძნობს ლაღად.

3. მოსარჩელე უმუშევარია. იგი არის სომხეთის მოქალაქე, მისი მშობლები და ძმები ცხოვრობენ სომხეთში, მისი რეგისტრაციის მისამართია: სომხეთის რესპუბლიკა, ..... .... იმავე მისამართზე ცხოვრობენ მისი ოჯახის წევრები. სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროდან გადმოგზავნილი ნორაშენის თემის ხელმძღვანელის დასკვნის თანახმად, მოსარჩელის ოჯახს შეუძლია, უზრუნველყოს ბავშვის განვითარება, შეუქმნას უსაფრთხო და მზრუნველი გარემო და დედა-შვილს როგორც მატერიალური, ისე ფსიქოლოგიური მხარდაჭერა გაუწიოს.

4. მოპასუხე მუშაობს პურის მცხობლად და მისი ყოველთვიური შემოსავალი 300 ლარია.

5. სსიპ ს.მ.ს–ს გარდაბნის რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკის 2016 წლის 28 მარტის #1127 დასკვნის თანახმად, სოციალური მუშაკის დაკვირვებით, მოპასუხეს შვილთან ურთიერთობის მაღალი მოტივაცია აქვს. საცხოვრებელი გარემოს შეფასებით დადგინდა, რომ ოჯახი ეკონომიკურად უზრუნველყოფილია და აქვს ყველანაირი პირობა ბავშვის სრულფასოვანი აღზრდისათვის.

6. არასრულწლოვნის ასაკისა, და ფსიქოემოციური მდგომარეობის შესწავლის მიზნით დანიშნული კვლევის შედეგად იკვეთება, რომ მას აქვს ასაკობრივი მიჯაჭვულობა დედასთან, თუმცა, ასევე დადებითადაა განწყობილი მამისა და ბებიის მიმართაც.

7. 2016 წლის 20 იანვარს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა მას და მოპასუხეს შორის რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა შესარიგებელი ვადის მიცემის გარეშე, არასრულწლოვნის საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, არასრულწლოვანი შვილის საზღვარგარეთ, კერძოდ, სომხეთში გაყვანისა და საზღვარგარეთის პასპორტის მიღებაზე თანხმობის გაცემის თაობაზე, მოპასუხისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის დაწესება და მოპასუხისათვის ყოველთვიურად, არასრულწლოვნის სასარგებლოდ, ალიმენტის - 300 ლარის დაკისრება.

8. მოსარჩელის განმარტებით, დაქორწინების შემდეგ მეუღლეებს შორის წარმოიშვა გარკვეული უთანხმოება, მათი შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, იგი ცხოვრობს საქართველოში, ნათესავის ბინაში დროებით, ვინაიდან იძულებული გახდა, მეუღლის ბინიდან წამოსულიყო, არ იცის ქართული ენა და საქართველოში სხვა ნათესავები არ ჰყავს. მას სურს, იცხოვროს მშობლებთან ერთად და გაზარდოს მცირეწლოვანი შვილი სომხეთში, თუმცა მოპასუხე არ არის თანახმა ბავშვის სხვა ქვეყანაში გაყვანაზე. იგი წინააღმდეგი არ არის მოპასუხემ ინახულოს შვილი, იქონიოს მასთან ურთიერთობა, 3-4 წლის ასაკიდან კი, პერიოდულად წაიყვანოს თავისთან.

9. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი განქორწინების ნაწილში ცნო, არასრულწლოვნის საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მშობლის უფლების შეზღუდვისა და ალიმენტის დაკისრების ნაწილში კი, მოთხოვნას არ დაეთანხმა.

9.1. 2016 წლის 29 თებერვალს მოპასუხემ წარადგინა შეგებებული სარჩელი, რომლითაც არასრულწლოვნის საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა მოითხოვა.

9.2. შეგებებულ სარჩელში მოსარჩელის განმარტებით, ბავშვის დედასმოსარჩელეს საქართველოში არც საცხოვრებელი ადგილი და არც შემოსავალის წყარო არ აქვს ბავშვის მოვლა-პატრონობისათვის, ამასთან, მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნა, მის საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე, ბავშვს ართმევს უფლებას, გაიზარდოს მშობლიურ გარემოში, მამის მეთვალყურეობისა და მზრუნველობის ქვეშ. მას ეზღუდება მშობლის უფლება-მოვალეობანი. არასრულწლოვნის საზღვარგარეთ გაყვანა არ შეესაბამება მის ინტერესს, ბავშვი უნდა იზრდებოდეს მასთან, რადგან მიჯაჭვულია მამის ოჯახთან.

10. ბავშვის დედამ შეგებებული სარჩელი არ ცნო.

11. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა:

1.1. მხარეთა შორის 2014 წლის 29 დეკემბერს რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი #....) შეწყდა;

1.2. არასრულწლოვნის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის საცხოვრებელი ადგილი;

1.3. მოპასუხეს არასრულწლოვნის მიმართ შეეზღუდა მშობლის შემდეგი ულებები: არასრულწლოვნის პასპორტის გაცემაზე მამის თანხმობისა და მისი საზღვარგარეთ, კერძოდ, სომხეთში გაყვანაზე მამის თანხმობის უფლება;

1.4. ბავშვის მამას არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდისათვის დაეკისრა ალიმენტის 100 ლარის გადახდა ყოველთვიურად, სარჩელის აღძვრის დროიდან - 2016 წლის 20 იანვრიდან ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე.

1.5. შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

12. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 1106-ე, 1122-ე, 1127-ე, 1197-ე, 1198-ე, 1199-ე, 1200-ე, 1201-ე, 1205-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე და 1234-ე მუხლები და “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის 27-ე მუხლი.

13. იმის გათვალისწინებით, რომ განქორწინება წარმოადგენდა ორივე მხარის სურვილს, ქორწინება კი, მხარეთა შორის ნებაყოფლობითი კავშირია, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი ქორწინების შეწყვეტის თაობაზე უნდა დაკმაყოფილებულიყო.

14. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნის, ბავშვის ასაკის გათვალისწინებით და არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესესის შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არასრულწლოვნის საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილი უნდა განისაზღვროს. შესაბამისად, მოპასუხის შეგებებული სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, მნიშვნელოვანია, მოპასუხემ გააცნობიეროს მამის განსაკუთრებული როლი ბავშვის აღზრდაში და მუდმივი კავშირი იქონიოს შვილთან.

15. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს არა აქვს საცხოვრებელი პირობები საქართველოში, სამუშაო ადგილი და იგი აპირებს არასრულწლოვანთან ერთად მისი მშობლების სახლში ცხოვრებას, კერძოდ, სომხეთის რესპუბლიკაში, ..........., მოპასუხე კი, არ არის თანახმა ბავშვის სხვა ქვეყანაში გაყვანაზე და უარს აცხადებს, გასცეს თანხმობა შვილისათვის პასპორტის აღებაზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს უნდა შეეზღუდოს არასრულწლოვნის პასპორტის გაცემაზე მამის თანხმობისა და მისი საზღვარგარეთ, კერძოდ, სომხეთში გაყვანაზე მამის თანხმობის უფლება;

16. იმის გათვალისწინებითაც, რომ ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვის რჩენა და ცხოვრებისათვის სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩნება, ბავშვის მოთხოვნილებებისა და მშობლის შემოსავალს შორის სამართლიანი და გონივრული ბალანსის დაცვის საფუძველზე, პირველი ინსტანციის სასამართლომ ალიმენტის გონივრულ და სამართლიან ოდენობად 100 ლარი მიიჩნია.

17. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით, არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვისა და ალიმენტის დაკისრების ნაწილში სარჩელის უარყოფა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

17.1. აპელანტის მითითებით, სასამართლომ, მოსარჩელის უფლების, იცხოვროს სომხეთის რესპუბლიკაში, განხორციელებით, ზიანი მიაყენა არასრულწლოვნის ინტერესს. ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეუზღუდა მშობლის კანონიერი წარმომადგენლობთი უფლება. პირველი ინსტანციის სასამართლომ ბავშვს წაართვა მამასთან რეგულარული ურთიერთობის საშუალება, მშობლიურ ენაზე, ოჯახური კავშირისა და ნათესავების გარემოცვაში აღზრდისა და მოქალაქეობის უფლება, მხოლოდ იმიტომ, რომ მოსარჩელისთვის ასე იყო ხელსაყრელი.

18. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

18.1. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება. დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს არ ჰქონდა საცხოვრებელი პირობები საქართველოში, ხოლო მოპასუხე ვერ უზრუნველყოფდა მისთვის საცხოვრებელი პირობების შექმნას საქართველოში. მოსარჩელის ოჯახს კი, შეეძლო ბავშვის განვითარებისათვის უსაფრთხო და მზრუნველი გარემოს შექმნა.

18.2. პალატამ მიუთითა, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გამოიტანა დასკვნა, რომ ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არ იყო ბავშვის საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა და მისი საცხოვრებელი დედის საცხოვრებელი ადგილი უნდა ყოფილიყო, ვინაიდან ასაკის გათვალისწინებით, დედასთან დაშორებამ შესაძლოა, ბავშვს ფსიქოემოციური ტრავმა მიაყენოს. დედასთან მცირეწლოვნის ცხოვრების ხელისშემშლელი რაიმე ობიექტური გარემოება საქმის მასალებით არ გამოვლენილა, ასეთზე არც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს არ მიუთითებია.

18.3. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხე იყო შრომისუნარიანი, მუშაობდა პურის მცხობლად და ჰქონდა ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი და დავის ამ ნაწილში სასამართლოს დასკვნები სრულად შეესაბამება კანონის მოთხოვნებს.

18.4. იმის გათვალისწინებით, რომ არასრულწლოვნის დედას არ ჰქონდა საცხოვრებელი ბინა და სამუშაო ადგილი საქართველოში, რის გამოც იგი აპირებდა შვილთან ერთად მშობლების სახლში, კერძოდ, სომხეთში ცხოვრებას, ხოლო მოპასუხე წინააღმდეგი იყო ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანაზე და მისთვის პასპორტის აღებაზე თანხმობის მიცემაზე, პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად შეუზღუდა ბავშვის მამას, მშობლის წარმომადგენლობითი უფლება მითითებულ ნაწილში.

19. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ საკასაციო საჩივარი წარადგინა, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

19.1. კასატორმა სააპელაციო საჩივრის იდენტურ პრეტენზიებზე მიუთითა და დამატებით აღნიშნა, რომ სასამართლომ დაარღვია საყოველთაოდ აღიარებული და გარანტირებული უფლება, ბავშვი ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ორივე მშობლის მზრუნველობით. დედის უფლების განხორციელებით, სასამართლომ ზიანი მიაყენა არასრულწლოვნის ინტერესს, იზრდებოდეს მშობლიურ გარემოში ორივე მშობლის აქტიური მონაწილეობით. მოსარჩელისთვის მეორეხარისხოვანია ბავშვის საქართველოში აღზრდის ინტერესი. ვერცერთმა ინსტანციის სასამართლომ ვერ შეძლო იმის დასაბუთება, თუ რატომ იყო არასრულწლოვნის ინტერესებისათვის მამის უფლებების სრულფასოვნად განხორციელების შეზღუდვა და მისი სომხეთში გაგზავნა. სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა არასრულწლოვნის სხვა ქვეყანაში წაყვანის თეორიული რისკებიც. სასამართლოს ასევე უნდა გამოეკვლია, თუ რატომ იყო შეუძლებელი მოსარჩელის საქართველოში ცხოვრება, მაშინ, როცა ის წელიწადზე მეტია ცხოვრობს დამოუკიდებლად ნათესავებისა და ახლობლების გარემოცვაში, ცოტა ქართულიც შეისწავლა და სომხეთში მცხოვრები საკუთარი ოჯახიდანაც მნიშვნელოვანი მატერიალური მხარდაჭერა აქვს. ამ პირობებში შეუძლია, იცხოვროს საქართველოში, შვილის უკეთესი მომავლისა და ინტერესის გათვალისწინებით. ბავშვის აღზრდაში თვითონაც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს და აქტიურად მიიღებს მონაწილეობას ბავშვისათვის ნორმალური პირობების შექმნაში.

20. საქართველოს უზენასი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე და დაინიშნა საქმის ზეპირი განხილვა.

21. 2018 წლის 30 ივლისს საკასაციო სასამართლოში გამართულ სასამართლო სხდომაზე მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და მოითხოვეს მისი დამტკიცება და საქმის წარმოების შეწყვეტა.

22. წარმოდგენილი მორიგების აქტის მიხედვით:

ერთის მხრივ, თ.ს. პ/ნ .....

მერეს მხრივ, ს.გ. პასპორტი .... ,

მესამე პირად საქმეში ჩართული ს.მ.ს–ს გარდაბნის რაიონული განყოფილება - წარმომადგენელი ლ.პ.

მხარეები ადასტურებენ, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის წარმოებაშია სამოქალაქო საქმე #ას-1-1-2018, ს.გ.ს პასპორტი ......, სარჩელისა გამო თ.ს. პ/ნ ..... მიმართ, არასრულწლოვანი ბავშვის, ე.ს–ის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მამის უფლების შეზღუდვისა და ალიმენტის დაკისრების თაობაზე.

მხარეები თანხმდებიან, რომ უნდა შეწყდეს სამოქალაქო საქმის #ას-1-1-2018 წარმოება და დამტკიცდეს მორიგება შემდეგი პირობებით:

1. არასრულწლოვან ე.ს–ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის, ს.გ–ს საცხოვრებელი ადგილი - სომხეთის რესპუბლიკის ... რაიონის სოფელ..;

2. არასრულწლოვანი ე.ს–ის მამას, თ.ს–ს, მიეცეს შვილთან ურთიერთობის უფლება შემდეგი პირობებით: ა) 2018 წლის 20 აგვისტოდან 20 ოქტომბრამდე (ორი თვის განმავლობაში) ბავშვი იყოს დედასთან მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო 20 ოქტომბრიდან 20 ნოემბრამდე (ერთი თვის განმავლობაში) იყოს მამასთან; იმავე თანმიმდევრობით გაგრძელდეს არასრულწლოვან ე.ს–თან მშობლების ურთიერთობა მთელი წლის განმავლობაში, სასკოლო ასაკის მიღწევამდე;

3. არასრულწლოვან ე.ს–ს დედის საცხოვრებელი ადგილიდან, სომხეთის რესპუბლიკის .....რაიონის სოფელ ....., საქართველოში წამოიყვანს მამა თ.ს. მორიგების აქტის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გრაფიკის დაცვით. მამის მხარე, ასევე, იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს ბავშვის დედასთან დაბრუნება საკუთარი ხარჯით. თუ თ.ს., ობიექტური მიზეზების გამო, ვერ შეძლებს სომხეთის რესპუბლიკიდან თავისი არასრულწლოვანი შვილის, ე.ს–ის წამოყვანასა და უკან დაბრუნებას, მხარეები თანხმდებიან, რომ ბავშვის გადაადგილება სომხეთიდან საქართველოში და პირიქით, უზრუნველყოს არასრულწლოვან ე.ს–ის ბებიამ ე.ს–მა, პ/ნ ......, საკუთარი ხარჯით. არასრულწლოვან ე.ს–ის დედასა და მამასთან ყოფნის პერიოდში, ორივე მშობელს შეუზღუდავად შეუძლია ბავშვის მონახულება;

4. თ.ს. და ს.გ. თანხმდებიან, რომ არასრულწლოვანი ე.ს. საქართველოდან გადაადგილდეს მხოლოდ სომხეთის რესპუბლიკაში;

5. ორივე მშობელი თანახმაა, არასრულწლოვან ე.ს–ის სახელზე დამზადდეს საზღვარგარეთის პასპორტი, მხოლოდ სომხეთის რესპუბლიკაში გაყვანის მიზნით;

6. არასრულწლოვან ე.ს–ის სკოლის ასაკის მიღწევის შემდეგ, მამასთან ურთიერთობა განისაზღვროს სასკოლო არდადეგების შესაბამისად, კერძოდ, სასკოლო არდადეგების ნახევარი არასრულწლოვანმა ე.ს–მა გაატაროს მამასთან;

7. მამა კისრულობს ვალდებულებას, ბავშვის საქართველოში ჩამოყვანის თაობაზე, დაუყოვნებლივ აცნობოს ს.მ.ს–ს გარდაბნის რაიონულ განყოფილებას;

8. ს.მ.ს. კისრულობს ვალდებულებას, ზედამხედველობა გაუწიოს მორიგების აქტის შესრულებას და პერიოდულად შეამოწმოს ბავშვის მდგომარეობა მამასთან ყოფნის პერიოდში, ასევე გამოითხოვოს ინფორმაცია ბავშვის შესახებ სომხეთის შესაბამისი სამსახურიდან;

9. ს.მ.ს.ს გარდაბნის რაიონული განყოფილება კისრულობს ვალდებულებას, მორიგების აქტით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მხარის მიმართვის საფუძველზე, დაუყოვნებლივ მიიღოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებები;

10. მხარეები თანხმდებიან, რომ მორიგების აქტის დამტკიცებისთანავე გაუქმდეს ალიმენტის გადახდასთან დაკავშირებული დროებითი განკარგულება და თ.ს–ს, პ/ნ ....., არასრულწლოვან ე.ს–ის რჩენა-აღზრდისათვის დაეკისროს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 100(ასი) ლარი ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე;

11. ბავშვის მამასთან ყოფნის პერიოდში (მორიგების აქტით განსაზღვრული თანმიმდევრობის შესაბამისად) თ.ს. თავისუფლდება ალიმენტის გადახდისგან;

12. საქმისწარმოების შეწყვეტასთან დაკავშირებული სამართლებრივი შედეგები მხარეთათვის ცნობილია;

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე წარმოება უნდა შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

23 სსსკ-ის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. ამავე კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ, ხოლო 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

24. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს, შესაბამისად, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქმისწარმოება უნდა შეწყდეს.

25. სსსკ-ის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

26. მოცემულ შემთხვევაში, მხარეები მორიგდნენ საქმის არსებითად განხილვამდე, შესაბამისად, კანონის ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მორიგების გამო კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

27. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, მე-3, 83-ე, 49-ე, 257.1, 272-ე, 273-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

I. დაკმაყოფილდეს მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდეს წარმოდგენილი მორიგების აქტი, შემდეგი პირობებით:

1. არასრულწლოვან ე.ს–ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის, ს.გ–ს საცხოვრებელი ადგილი - სომხეთის რესპუბლიკის ......რაიონის სოფელ ....;

2. არასრულწლოვანი ე.ს–ის მამას, თ.ს–ს, მიეცეს შვილთან ურთიერთობის უფლება შემდეგი პირობებით: ა) 2018 წლის 20 აგვისტოდან 20 ოქტომბრამდე (ორი თვის განმავლობაში) ბავშვი იყოს დედასთან მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო 20 ოქტომბრიდან 20 ნოემბრამდე (ერთი თვის განმავლობაში) იყოს მამასთან; იმავე თანმიმდევრობით გაგრძელდეს არასრულწლოვან ე.ს–თან მშობლების ურთიერთობა მთელი წლის განმავლობაში, სასკოლო ასაკის მიღწევამდე;

3. არასრულწლოვან ე.ს–ს დედის საცხოვრებელი ადგილიდან, სომხეთის რესპუბლიკის ა...... რაიონის სოფელ ........, საქართველოში წამოიყვანს მამა თ.ს. მორიგების აქტის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გრაფიკის დაცვით. მამის მხარე, ასევე, იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს ბავშვის დედასთან დაბრუნება საკუთარი ხარჯით. თუ თ.ს., ობიექტური მიზეზების გამო, ვერ შეძლებს სომხეთის რესპუბლიკიდან თავისი არასრულწლოვანი შვილის, ე.ს–ის წამოყვანასა და უკან დაბრუნებას, მხარეები თანხმდებიან, რომ ბავშვის გადაადგილება სომხეთიდან საქართველოში და პირიქით, უზრუნველყოს არასრულწლოვან ე.ს–ის ბებიამ ე.ს–მა, პ/ნ ......., საკუთარი ხარჯით. არასრულწლოვან ე.ს–ის დედასა და მამასთან ყოფნის პერიოდში, ორივე მშობელს შეუზღუდავად შეუძლია ბავშვის მონახულება;

4. თ.ს. და ს.გ. თანხმდებიან, რომ არასრულწლოვანი ე.ს. საქართველოდან გადაადგილდეს მხოლოდ სომხეთის რესპუბლიკაში;

5. ორივე მშობელი თანახმაა, არასრულწლოვან ე.ს–ის სახელზე დამზადდეს საზღვარგარეთის პასპორტი, მხოლოდ სომხეთის რესპუბლიკაში გაყვანის მიზნით;

6. არასრულწლოვან ე.ს.ის სკოლის ასაკის მიღწევის შემდეგ, მამასთან ურთიერთობა განისაზღვროს სასკოლო არდადეგების შესაბამისად, კერძოდ, სასკოლო არდადეგების ნახევარი არასრულწლოვანმა ე.ს–მა გაატაროს მამასთან;

7. მამა კისრულობს ვალდებულებას, ბავშვის საქართველოში ჩამოყვანის თაობაზე, დაუყოვნებლივ აცნობოს ს.მ.ს–ს გარდაბნის რაიონულ განყოფილებას;

8. ს.მ.ს. კისრულობს ვალდებულებას, ზედამხედველობა გაუწიოს მორიგების აქტის შესრულებას და პერიოდულად შეამოწმოს ბავშვის მდგომარეობა მამასთან ყოფნის პერიოდში, ასევე გამოითხოვოს ინფორმაცია ბავშვის შესახებ სომხეთის შესაბამისი სამსახურიდან;

9. ს.მ.ს–ს გარდაბნის რაიონული განყოფილება კისრულობს ვალდებულებას, მორიგების აქტით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მხარის მიმართვის საფუძველზე, დაუყოვნებლივ მიიღოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებები;

10. მხარეები თანხმდებიან, რომ მორიგების აქტის დამტკიცებისთანავე გაუქმდეს ალიმენტის გადახდასთან დაკავშირებული დროებითი განკარგულება და თ.ს–ს, პ/ნ ....., არასრულწლოვან ე.ს–ის რჩენა-აღზრდისათვის დაეკისროს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 100(ასი) ლარი ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე;

11. ბავშვის მამასთან ყოფნის პერიოდში (მორიგების აქტით განსაზღვრული თანმიმდევრობის შესაბამისად) თ.ს. თავისუფლდება ალიმენტის გადახდისგან;

12. საქმისწარმოების შეწყვეტასთან დაკავშირებული სამართლებრივი შედეგები მხარეთათვის ცნობილია;

II. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ნოემბრის განჩინება და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება;

III. შეწყდეს საქმისწარმოება ს.გ–ს სარჩელზე და თ.ს–ს შეგებებულ სარჩელზე;

IV. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება;

V. კასატორ თ.ს–ს (....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარი (საგადახდო დავალება #1, გადახდის თარიღი 22.01.2018);

VI. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ.ქათამაძე

მოსამართლეები: ე.გასიტაშვილი

ბ.ალავიძე